შუალედი - დან - მდე
 
 


დიდედას სათვალეები


მთელი საათია -
ზანდუკის კიდეთა
კუთხეებს ფუსფუსით
აბრუნებს დიდედა.

გაოცებულია
და თვალებს აცეცებს.
შესდგება, ხელებს შლის
და ისევ დაეძებს.

- რას ეძებ, დიდედა? -
შეჰკადრეს ბავშვებმა.
- სათვალეს, შვილებო,
სათვალე გამებნა.

- სათვალეს?.. დიდედა,
სულ აგრე გჩვევია:
სათვალე ხომ შუბლზე
თვით აგიწევია!

- შუბლზედო? და მართლაც! -
დიდედა იფერებს:
თვალიც დაუდგესო
და ყურიც სიბერეს.

ბავშვების კისკისში
მთავარი ისაა:
დიდედა, აგერ ჰა,
ასოცი წლისაა.

და ასე ცხოვრება
ახვედრებს დრო მრავალს:
სიბერეს - მიმავალს,
და ყრმობას - მომავალს.

* * *
წინ ძველი წიგნები
დიდედამ დაიწყო,
გაშალა პირველი
და კითხვა დაიწყო:

„აჰა, ესერა
ზღვა დიდი და
ვრცელი. მას შინა
ქვეწარმავალთა
მათ ურიცხვთა
დაუდევთ ბინა.

გარნა ეგრედცა
დაბადება -
მარად იმათი
სიბრძნით რაითმე
მოსავს ბედი,
არაკვიმატი!

არს წესიერად
შემკობილი.
რამეთუ არა,
ჯერ არს, რაითამც
იშლებოდეს
მათი კამარა.

და არა გვმართებს
ხოლო თევზთა
მათთა ძაგებად,
არამედ ღირს არს
მიბაძვისად
და ქადაგებად“.

თუმც ბავშვებს სხვა ესმით
ხმა იმ ზღვის კიდეთა,
თევზებზე მოთხრობას
განაგრძობს დიდედა:

„თვითოეულმან
ნათესავმან
თევზთამან თვისნი
შემსგავსებულნი
სამყოფელნი
განიყვნენ მიზნით.

არა შეუვლენ,
ურთიერთთ შორის
არა ხვდებიან,
არამედ თვისთა
საზღვართ შინა
მუნ იქცევიან!

არა ვინა არს
მუნ ქვეყანის
მზომელთა შორის,
რომელთ განეყვნეს
სამყოფელნი
მათნი სიშორის.

არცა არიან
მიწერილნი
ზღუდეთა თანა,
არცა საზღვართა
ძეგლებია
რამე მათთანა,

არამედ თავით
თვისით მკვიდრი
და უმჯობესი
თვით განეწესა
თვითოეულს
ვიეთმე წესი -

რამეთუ ამას
უბეს შინა
და ამა ზღვასა
ერთი ნათესი
თევზთაი სძოვს
და სხვაი სხვასა.

რომელნი აქა
ნათესავნი
მრავალ იყვნიან -
სხვასა ადგილსა
იპოვნიან,
მუნ განიყვნიან.

არათუ რამე
სიმაღლენი
უშორეს მთათა,
მუნ მახვილითა
თხემთა მიერ
განყოფენ მათთა.

არცა მდინარე
რისხვით განკვეთს
უბნელეს ღამით,
მათსა განსავალს
თავისუფალს,
არა, არამედ

შჯული რაიმე
ბუნებითა
სწორად და ნათლად,
განუყოფს ყოველს
მათ სარგებელს
და საზრდელს მართლად.

ჰგიან საზღვართა
თევზნი თვისთა.
არცა ჭალაკთა
რასა ავნებენ
ზღვის პირისთა,
არცა ქალაქთა.

ესრეთ თევზთაი
ნათესავნი
თვითოეული
იყოფებიან,
კერძოდ ზღვისად,
რაც აქვთ ჩნეული!

ისე, ვითარცა
ქალაქთ რათმე
ანუ დაბათა,
ანუ მამულთა
ადრინდელთა
შინა დაბადა...

ხოლო ჩვენ, ჩვენ კი
არა ეგრეთ...
და ვითარ? მისთვის,
რამეთუ ვცვალებთ
საუკუნეთ
საზღვართა ქმნისთვის,

რომელნი დასხნეს
ჩვენთა მამათ,
და მოვკვეთთ ქვეყნით,
და შევაერთებთ
სახლს სახლთანა,
აგარაკს კვეხნით,

რათა მოყვასთა
მივიტაცოთ
რაიმე თანა,
აჰა, ესერა
არს დიდი და
ვრცელი ქვეყანა!“

გაიფიქრა დიდედამ:
„ახლა გავლა სჯობია...
აწ დროებით გადავდოთ
ძველი ფილოსოფია!“

* * *
დიდედა როცა
მოიცლის, ხშირად
ბავშვებთან ერთად
მიდის ზღვისპირად.

ერთხელ მან წყალში
შენიშნა თევზი
და მოჰყვა: - თევზი
ვერ ავა მთაზე.

მიწის რად გინდა
შენ ჟრიამული?
თევზო, წყალია
შენი მამული.

მამულიდან კი
როცა გამოხვალ,
არც დღეა შენი,
არც საღამო ხვალ.

გამოხვალ, იქვე
გაგძვრება სული,
მხოლოდ წყალია
შენი მამული.

წყალში კი უფრთო
და უნისკარტო,
ხან სხვებთან ერთად,
ხან მარტოდმარტო,

მიჰქრი-მოჰქრიხარ,
როგორც ფრინველი,
ამაო, ძნელად
დასაცინველი.

შენ ხომ ისეთი
სახლი გაქვს, რომა
ვერც ცეცხლი ანგრევს,
ვერც ქარის წყრომა.

ეს ვთქვი, რომ მეთქვა
რამ სახუმარო,
მიირთვით თევზი,
ჩემო სტუმარო!

* * *
- მგონი, სტუმარი
მოდის, დიდედა!
დიდედამ ფანჯრით
გადაიხედა.

- უცხო სტუმარი,
მეგი, გვეწვია.
ჩანს ახლა ზეცა
ჩვენ შეგვეწია.

გვეწვია, მეგი,
სტუმარი უცხო,
შენი რიგია -
სუფრა გაუწყო.

რაც კი რამა გვაქვს,
ვინახავთ ვისთვის? -
მხოლოდ სტუმრისთვის,
ძვირფას სტუმრისთვის,

მეგი, მთავარი
ახლა ისაა -
წინათ ამბობდენ,
რომ ის ღვთისაა.

* * *
დიდედა იდგა
ფიქრებით სავსე.
ამ დროს უეცრად
დაეცა თავზე

კარგა მოზრდილი
ნიგვზის კაკალი:
„ჰოი, მეხი შენ
და ღრიანკალი...“

გადახსნი კაკალს:
ვით ორი ხატი,
შიგ ასვენია
ლებანი მჩატე.

ციდან დავარდა.
ცად დარჩა ქუდი.
ასეთი არის
იმისი წუთი.

როდესაც ორად
კაკალს გადახსნი,
მრავალ აუხსნელ
რაიმეს ახსნი, -

სთქვა და თან სტუმარს
უთხრა ჩივილით:
- მიირთვით, სად მაქვს
მე ამის კბილი.

* * *
დიდედა ახლა
ირმებზე ჰყვება:
- ირემი მთისა
არის მშვენება.

მაღალ გორაზე
ირემი დარბის,
შიშით მომხრელი
თვალის და წარბის.

ირემი დარბის
ისე, ვით ქარი,
როგორ სძულს ცეცხლის
შუქი, ლამპარი.

თავით კი დააქვს
სათბობი შეშა.
რად შეკრთა იგი?
რამ გააშეშა?

კვლავ გაეშვება,
მირბის ვით მწყრალი
და შეშა მიაქვს
ისე, ვით ძვალი.

მიჰქრის ირემი.
მთას დადგა წყნარი,
თვალად და ტანად
ტურფა, ნარნარი.

უწყალ-უმიწოდ
ხეს ზრდის ირემი,
შეჰხარიან  ჯღას
მონადირენი.

ირემი მთიდან
გადმომზირალი,
ხანდახან ბარშიც
დადის მტირალი.

* * *
- ღამით რომ ჰკივის,
დიდედა, მწარედ,
დღისითაც რომ არ
გამოდის  გარეთ?

- ჰო, არის ქვეყნად
ერთი ფრინველი -
ბუ აბეზარი
და დამცინველი.

შეხედავ: მართლაც
რომ ფრინველია,
ეს კია - რაღაც
ძველისძველია.

დაჯდება - იტყვი,
თუ ჰაი, ხათა,
საიდან გაჩნდა
აქ ჩვენი კატა?!

* * *
დიდედას ცხვირზე
დააჯდა ბუზი,
ბუზს როდის ჰქონდა
სირცხვილ-ნამუსი?

დიდედას ცხვირი
დააცემინა,
იმ ბუზმა ჭერზე
იპოვა ბინა.

ბუზი აწ ჭერზე
დადის თავდაღმა,
თავისუფალი,
გამოღმა-გაღმა.

თავდაღმა ყოფნა
მისი ჟინია,
მას გადმოვარდნის
არ ეშინია.

* * *
გავარდა ბურთი!
და, შორით-შორი,
დიდედა ამბობს:
რას ჰგავს მინდორი?

რომ ბურთსა სცემენ -
ეს პირველია?
რომ სისხლი არ სდის -
საკვირველია!

დაჰქრის მინდორზე
ბურთი ჩიტივით,
ქარივით დარბის,
დარბის ტივტივით.

ცოლიანები
ერთ მხარეს დგანან,
უცოლოები
დგანან გან-განა.

მაგრამ, როდესაც
ბურთი გავარდა,
სუ ყველამ მისკენ
გაინავარდა.

გავარდა ბურთი,
გავარდა ბურთი,
გუგუნას და შვილს
უყვართ ერთურთი.

მარად სიწყნარით
და უკაწრავად,
მარამა დღეს კი...
დღეს უკაცრავად!

* * *
ზამთარი არის,
მაგრამ არა თოვს,
დიდედა ბუხრის
წინა ზის და ქსოვს.

დიდედამ ისევ
ფიქრს მისცა თავი...
თან წყნარად ამბობს:
- ბუხარი შავი,

ბუხარი შავი,
ბაჯი-ბაჯულა,
შეხე, დათვივით
არ გალაჯულა?

ბუხარი შავი,
ბაჯი-ბაჯულა,
გადაქცეულა
დღეს კრიმანჭულად.

სხვანაირი აქვს
დღეს ბუხარს მზერა:
გაისმის: რე-რა,
ორერა, რერა!

ღველფით ოქროსი
ბრწყინავს მარცვალი,
როსმე დასცქერდა
მას პატარძალი.

წარვიდა, გაქრა
ხსოვნა იმ დღეთა,
ის პატარძალი
გახდა დიდედა.

* * *
ნუ გეწყინება,
კარგო დიდედა,
თუ კითხვებს გაძლევთ
ჩვენ ზედიზედა:

- ნეტა, რა უფრო
მშვენიერია?
- დღე გაზაფხულის,
ვარდი, ფერია.

- ნეტა, რა უფრო
ღონიერია?
- მზე შემოდგომის...
ის ძლიერია.

- ნეტა, ქვეყნად რა
უფრო მალია?
- ყველაზე მალი
კაცის თვალია.

* * *
- ბავშვებო, - ამბობს
დიდედა ჩემი, -
აბა შეხედეთ,
რასა ჰგავს გემი!

დადგება გემი.
აბა უყურეთ,
თავი არა აქვს,
არა აქვს ყური.

მოუბრუნდები -
კუდი არა აქვს,
რასაც აჰკიდებ,
წაიღებს, გააქვს.

საკვირველია
იმისი თმენა.
რა ქნას? - არა აქვს
სათქმელი ენა.

* * *
ბავშვები თოკზე
გზად ხტოდნენ, როცა
დიდედამ ბევრი
ხტუნვა  იოცა:

- ვინც თოკა, თოკა
და ვერ ათოკა
გზა, ვერცა გახსნა,
ვერც აატოკა.

გზას ხომ მას საბლად
აძლევდა ზეცა,
ვინც კეცა, კეცა
და ვერ დაკეცა.

გზად მგზავრს რაისთვის
გაუტყდა კოკა?
ან გზა რად თოკა
და ვერ მოთოკა?

რას ეძებს, ვიცით
შენცა და მეცა,
ვინც კეცა, კეცა
და ვერ დაკეცა.

ამ გზას ისეთგვარ
სარტყელს ადარებს,
უსაზღვრობის სულს
თან რომ ატარებს.

სულ თოკა, თოკა.
სულ კეცა, კეცა,
ამასობაში თვით
ჩაიკეცა.

და უცნობ გზაზე
აღმოხდა სული,
მოხეტიალე
და მოქანცული.

არვინ ამქვეყნად
არ არის სწორი:
დაფუძნდი ერთგან,
გზა ნუ გსურს შორი.

თუმცა მოისპო,
მაგრამ მეტია...
სწორ გზაზე ვინაც
ვერ გაეტია.

რად გინდა ხტუნვა,
რად გინდა ომი,
მარად მშვიდობის
იყავი მდომი.

* * *
დიდედა როცა
ცრიდა საცერით,
მზერით გახედა
ბავშვთ ალმაცერად.

სთქვა: - გობი მცირე
მინდორი არის,
პატარა ზეცა
მაღლით დაჰხარის,

და იმ მინდორზე
სულ თოვს და სულ თოვს,
მაგრამა სითბოს
ის არვისა სთხოვს.

ამ მინდორს მაინც
ხომ გობი ჰქვიან,
გობი, რომელზეც
თეთრ ფქვილსა ცრიან.

* * *
დიდედას ჰკითხეს:
- ეს თავ-კისერი
გოგრას თვისი აქვს
თუ ნასხვისარი?

- გოგრას რად უნდა,
ვაჰ, სხვისი თავი?
ვის მოუვიდა
აზრად ნეტავი?

გაჩუმდი, ყური
არავინ მოჰკრას:
ვაჰ! სხვისი თავი
რად უნდა გოგრას?

ეგ ენა ადრე
რად არ დადუმდა -
სხვისი თავი, ვაჰ,
გოგრას რად უნდა?

* * *
დიდედა მუდამ
ფიქრშია. იმ დღეს -
„სთქვი, რა გახსოვსო“, -
დიდედას ჰკითხეს.

ახსოვს თუ ვინმეს
დღე დაბადების,
გარე სხვა დღეთა
ანდამატების?

და სიკვდილის დღე
თუ ვინმემ იცის -
ეს ორი დღეა
ჩარჩო მიწა-ცის.

და დედამიწა
არის ის დედა,
რომელიც შვილებს
ზრდის ზედიზედა,

დაზრდის, დაჯდება,
თვითონვე დასჭამს,
ვით სხვა მშიერი
ქვაბებს, განა ჯამს?

ასეთი არის
წუთწამიანი
დედამიწა და
ადამიანი.

მისი არ არის
ან გამრავლება -
სიკვდილის ერთი
ცელის გავლება.

მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ
ამ მიწის კალთით!
უნდა გავმრავლდეთ,
უნდა გავმრავლდეთ!

* * *
დიდედას ჰკითხეს
ერთხელ ბავშვებმა:
- საიდან არსო
ეს სიტყვა: შებმა?

ხალისიანმა
ბავშვების ხმაზე
ეს სიტყვა მოკლედ
განმარტა ასე:

- მოზვერნი ორნი
შეიბნენ ავნი -
ერთი თეთრი და
მეორე შავი.

მარად ვართ მათი
შებმის მოწამე:
ერთი დღე არის,
მეორე - ღამე.

აჰანდე! სძლია
ეს ღამე დღემა -
თენდება. ასე
სცნო გულმა ჩემმა.

ახლა კი, როს მთის
წითლდება წვერი,
ფეთებით გარბის
შავი მოზვერი.

მაგრამ შებმის რომ
განიგრძოს ძაფი,
დილით შაიბნენ
შაშვი-კაკაბი.

* * *
პატარას, ვინაც
აიკლო ეზო,
უცებ ეკალი
ფეხში შეესო.

ცალფეხზე ბრუნავს,
და მისი აჯა
ბრძენმა დიდედამ
ასე განსაჯა:

- სულ ფეხშიშველას
გული ეხშობა,
ფეხში ეკალი
რომ შეერჭობა.

სულ პატარა და
სულ უი, უი,
ამას შეხედეთ,
აბა, თუ ვტყუი!

სულ უი-უის,
სულ ვაი-ვაის
ხმაზე ხტუნაობს
აპრილს და მაისს.

* * *
დიდედამ ერთხელ
ახალ ახოზე
ცხენს თვალი მოჰკრა
საბალახოზე.

სთქვა: - ყელს შეაბეს
მერანს ეჟვანი -
აწ დადის როგორც
გარდანქეშანი.

ეჟვანი ჰკივის,
ეჟვანი ჟივის,
ეჟვანი მუდამ
რაღაცას ჩივის.

სახლი უდგია
მწვანედ ნაღები,
სახლს კარი არ აქვს,
არც გასაღები.

* * *
ამბობს დიდედა:
- შეხედეთ, ვაზი!..
რა არის ქვეყნად
მასზედ ძვირფასი?

მისაებრ მრუდი
ვაზს დედა ჰყავდა.
შეყვარებული
იყო მზეზედა.

და ძმა ეყოლა ვაზს
ფალავანდი,
კაცს ამარცხებდა
იმისი ლანდი.

ვაზი - ხე მრუდი
და ხე მართალი,
მეფეთა ეშხი
და სამართალი.

ხელმწიფედ მხვედრი
და მასპინძელი,
ის ბრძნულად ამბობს:
„იყავ დღეგრძელი“.

ვაზი - ამ სოფლის
დიდი სალხინო,
საიქიოსაც -
სამოთხე, ღვინო.

როცა მასპინძელს
ხედავ მხიარულს,
აქ სხვაგვარ ზრუნვას
რა უნდა ფარულს?

ვაზი მრუდია,
და მასზე სწორი
ქვეყნად არაა
რამე სასწორი.

* * *
ერთხელ დიდედამ
სიტყვა გვიხსენა
მის შესახებ, თუ
რა არის ენა.

- ენა ისეთი
ხელსახოცია,
რომლითაც ყველა
განაოცია.

ის ხელსახოცი
რა არის, მაშ, რომ
სულ აშრო, აშრო,
და ვერ გააშრო.

მცნობი ამბების,
ავის და კაის,
ზოგს ზამთარს აწვდის
და ზოგს კი - მაისს.

ზოგან ჭირია
და ზოგან ლხენა.
რა სჩადის ამას? -
მარტოდენ ენა.

* * *
დათვს დაეწერა
დიდი წერილი -
თაფლი ღვთისგანო
არს გაჩენილი.

ვისაც სურს გახდეს
ბრძენი, ჭკვიანი,
უნდა იგემოს
სკა თაფლიანი.

დათვმა დაჰკეცა
ბრძნული წერილი,
ქვემორე დათვურ
ხელმოწერილი.

და გაუგზავნა
ბრძენს, ნამდვილს, ვისაც
ცისაც ესმოდა,
მიწის, თაფლისაც.

წიგნთან ბრძენს ენთო
თაფლის სანთელი.
სთქვა: ამბავია
არდღევანდელი.

სუსხი იანვრის,
სიცხე მკათათვის,
სინათლე ბრძენის,
თაფლი კი - დათვის.

* * *
აქ მინდორ-მინდორ
ბატი ყიალებს.
დიდედა ფრთხილად
გარს უტრიალებს.

ფრთა გამოგლიჯა.
ჰკითხეს: რად გინდა?
მან უპასუხა:
- ძლიერ მომინდა

ფრთას ცოტაოდნად
წავაჭრა თავი.
აწ კარგად ვიცი
ამის ამბავი.

თავს მოვჭრი, მერე
გულს ამოვიღებ,
სამაგიეროდ
თქვენს გულს მოვიგებ.

სასმელს მივსცემ და
ილაპარაკებს
ანდაზებს, ზღაპრებს,
ლექსებს, არაკებს.

უთხრეს ბავშვებმა:
- აბა, დიდედა,
რაებსა ამბობ,
ვერ გაგიგეთო.

ფრთის ტყვილად ხელში
გიყვარს დაჭერა,
და ჩვენც გვატყუებ:
არა, არ გვჯერა!

- აბა, კარგიო, -
თქვა ბებომ მაშინ
(გარშემო მყისვე
შეწყდა თამაში).

ბებომ ქაღალდი
გაშალა ალმად,
დანით ბატის ფრთა
გამოსჭრა კალმად.

ჩაუწო მელანს
და ეს დაწერა:
„არა გჯეროდა,
ეხლა ხომ გჯერა?“

- აჰაო, - ატყდა
მსწრაფლ ჟრიამული,
ფრთას თავი მოსჭრეს,
ამოჭრეს გული.

მაგრამ სასმელი
რამე დალია
და იმ სასმელმა
თუ გადარია.

თორემ, ვაჰ, როგორ
ალაპარაკდა,
ბრძენად გადიქცა -
ცოტა არ აკლდა?!

- ბებო! ეგ საქმე
შენი ფერია.
და გვჯერა? აბა
როგორ არ გვჯერა?

შემდეგ დიდედა
ამბობს: - ასეა,
კალამი ჩვენი
მობაასეა.

რომ არ გჯეროდა,
ახლა იგრძენი?
ფრთა ჩემი ბრძენობს,
ვით ყველა ბრძენი.

რუსთველის წიგნიც,
არალმაცერი,
სულ ამ ბატის ფრთით
არის ნაწერი.

და შოთას ქუდზეც,
როგორც ალამი,
აღმართულია
ამ ფრთის კალამი!

* * *
ბაყაყი მორზე
დასკუპდა ურგი,
მწვანე მაისს რომ
წაუჰგავს ზურგი:

როცა მიუშვერს
საბერველს - მუცელს,
რომელიცა ჰგავს
თვით რუმბს დაუცლელს.

და ძეგლს, ჭაობში
ჩავარდნილ შეშის,
აჰ, როგორ შვენის
ფეხები მეშის!

ვით შვენის ხახა,
მთხოვი მურაბის,
შვენის იერი
და ხმა ზურაბის.

ხტომა დევისა,
გახტომა ლომის,
ეს იერია
ბუზებთან ომის.

კვლავ მოიმარჯვა
ფეხები ღვედის,
თვალგადმოკარკლულთ
დიდი იმედის

მქონე წყალში რა
ყარყალობს ყორყი,
დიდედა ამბობს:
„წმიდა გიორგი,

ამ ყიჟინისგან
შენ დაგვიცავი!
წაიღეს სმენა,
წაიღეს თავი!“

* * *
დიდედა ამბობს:
- დროზე მოწეულს,
რა წითელი აქვს
სისხლი ბროწეულს.

სისხლი აქვს, მაგრამ
არა აქვს სული,
გარეთ ატლასის
რთავს ფარჩეული.

რა ლამაზია
და რა ყირმიზი,
მგზნებარე მახსოვს
ის საირმეზე.

ფასუდებელი
სალარო მთელი,
ათასთაც ბრწყინვა
ფასუდებელი.

მეგი, ძვირფასო,
მიბოძე თასი.
იქ, სად ლალია
ათას-ათასი,

ბაღჩას შევედი,
ვნახე კავილი,
გარს ევლო ზღუდე,
აქ გადავლილი.

იძროდა ფერი -
წითელთ ფარჩები...
მეგი! არ ძალმიძს...
მე აქ დავრჩები!

* * *
სულ ფიქრებშია
დიდედა მუდამ.
ახლა გაართო
ის აბლაბუდამ.

ფიქრობს: უკიბოდ
ზეცას ავალო.
აქვს აბლაბუდას
გზა სავალალო,

უშიშრად აგებს
ეშმაკის მახეს,
საზღვარი არ აქვს
მის სიამაყეს.

მაინც სახელად
ჰქვია ობობა -
სისხლისმსმელობა,
უნაყოფობა.

დღე ლაჟვარდია.
ჰაერი ბრწყინავს,
და აბლაბუდა
მიჰქრის, მიფრინავს!

* * *
ჭიამაც ქსელი
ცაზე ააბა,
დიდედამა სთქვა:
- შეხედე, აბა!

შენ აბრეშუმის
შეხედე ჭიას,
მშვენიერ ჭიას,
პატარას, ჩიას.

რა სუფთად, ტურფად
იღერებს ყელსა,
და უკუდგებად
წყვდიადსა ბნელსა,

თვის სასიკვდილო
სახლს თუმც აშენებს,
მაგრამ სიკვდილიც
ვერ შეაშინებს.

შედის იმ სახლში
გულუშიშარი
და არ იძახის:
გამიღეთ კარი.

ნათელა, თუ არ
იმ ჭიამ, აბა,
შენ აბრეშუმის
ვინ მოგცა კაბა?

* * *
დიდედა ზღვის პირს
კვლავ დადის ხშირად,
გადაქცეული
ტალღათა გზირად.

- აჰ, გამახსენდა!
ბავშვობის ხანას
მეუბნებოდნენ
ერთს გამოცანას:

ის რაა, ოთხით
რომ დადის დილით,
შუადღისას კი -
ორით? მანძილით

სცდება, საღამოს
როს დადის სამით,
მის სისწორეში
დავრწმუნდი ამით -

აგერ ხის ძირში
მიმოდის ფორთხვით
მხნე შვილიშვილი,
მავალი ოთხით.

აჰა, ეს არის
ცხოვრების დილა,
შვილი კი, შეხე,
როგორ გაზრდილა.

ორივე ფეხით
მშობელ მიწაზე
ამაყად მდგარი,
ოცნებობს ცაზე.

ეს ხომ ცხოვრების
არის შუადღე -
ხომ სწორი არის?
როგორ შეატყვე?

ახლა შეხედე
გუგუნას, პაპას.
თუმც იგი სულს არ
უბერავს ფაფას,

სახით მღიმარე
არა უკმეხით,
ის მიწაზე დგას
აწ სამი ფეხით:

თვისი ორით და
მესამით - ჯოხით,
მრავალჟამიერს
კი ამბობს ბოხით!

* * *
თუმც გულს არიდებს
მწუხარე ზრახვებს,
დიდედა იტყვის:
- ნუ დამანახვებს

ნურავინ ამ სერს -
იყო ასეთი
უხასიათო,
დამრბევი ერთი.

გარეთ მოჭედილ
ხმალს დაიკიდებს
და მიენდობა
სულს არაკეთილს.

ერთხელ იმარჯვა
მან მაჭახელა
და ერთმანეთზე
წააწყო ყველა.

გამარჯვებული
შინ რომ ბრუნდება,
ციხესთან წყალის
სმა მოუნდება.

სიმამრი ამ დროს
ზის ციხის თავზე
ასეთნაირი
ფიქრებით სავსე:

წუთისოფელი,
ეჰა, ველია...
ვინ დარჩეს? - ყველა
წასასვლელია.

მაგრამ ნურც უცხო,
ნურც ახლობელი,
ნუ გინდა ქვეყნის
დამამხობელი.

- დადუ! - ჩასძახა -
ძვირფასო სიძევ,
აქ გამომხედე,
სულ წინ რომ იწევ,

და შემახედე
მაგ შენი თეთრი
შუბლისთვის, შუქი
რომ ანთებს მკვეთრი.

შეჩერდა დადუ
და მოიხედა:
აღმართულია
ციხე-ციხეთა.

იჭექა თოფმა
და დადუს ღია
შუბლს მოხვდა ციხით
ნასროლი ტყვია:

მიზეზი? - ეჰა,
ძველისძველია.
ვინ დარჩეს? - ყველა
წასასვლელია!

მაგრამ ნურც უცხო,
ნურც ახლობელი,
ნუ გინდა ქვეყნის
დამამხობელი!

* * *
გოლვიან დღეს,
ხევის პირად,
კიდევ უფრო დაბლა
ორი ხარი
მიდიოდა -
ნიკორა და წაბლა.

წაბლა ამჩნევს,
იქვე ახლო
რომ იონჯა ჰყვავის,
მაგრამ არ აქვს
დღეს იმედი
მას თავისი თავის.

მაშინ წაბლამ
გადაწყვიტა
მოიხმაროს ხრიკი,
ალერსის და
პირფერობის
გზას დაადგა იგი -

რომ ნიკორა
გაიტყუოს
იონჯიდან შორად,
აბრეშუმად
გადაიქცა
უფრო ერთი-ორად.

ღონე
მოპირდაპირისა
მოიხსენა ქებით,
შუბლით შუბლი
გაუსინჯა
მოალერსე რქებით.

მაგრამ ხრიკი
ნიკორამა
მას შეუტყო მალე,
ალერსითვე
უპასუხა:
- რა ვქნა, გენაცვალე,

ნოყიერი
იმ იონჯის
რომ სუნი მეც მეცა
და რომ მას არ
დაგანებებ,
მოწამეა ზეცა.

და უეცარ
დაჯახებით
შორს გასტყორცნა რქებით,
იმავ სიტყვით
და ალერსით,
იმგვარივე ქებით.

ამ არაკით
მე მინდა ვთქვა,
რაც არ უნდა წიროს,
თუ უნდობმა
მეგობარმა
პირფერ დაგიპიროს,

მოიხმაროს
ენა თბილი,
ხმა დიდი თუ მცირე, -
ცბიერებას
ცოტა ძალა
დაუპირისპირე!

ასეთ აზრით
ამთავრებდა
დიდედა თვის არაკს,
უსათუოდ
ინახავდა
კვლავ უფრო მეტს მარაგს.

* * *
თვემ გაიარა,
დაჰკრა საათმა,
თვემ გაიარა -
მაშ ოცდაათმა.

ჩიტუნამ ერთი
ძლივს დასდო კვერცხი:
რა ამაოა
ოქრო და ვერცხლი.

რამდენი სისხლი
აცხია ზედა -
და, რა უბრალო -
ოხრავს დიდედა.

* * *
უსაქმოდ ვერ სძლებს,
თუნდ სარეცელში!
ან კერიის წინ,
დიდედას ხელში

რბის თითისტარი,
როგორც ბაჭია,
თან იბერება,
დიდ ამბავშია.

ასე პატარა
ეს დედაბერი
თვისი კერიის
არს შესაფერი.

ვინ იტყვის, რომ ის
კერიას სძულდა?
იმ კერიის პირს
ის გადიდგულდა.

უიმკერიოდ
არ დარობს დარი...
როგორც ბაჭია,
რბის თითისტარი.

* * *
დიდედას სცივა,
გააქვს კანკალი:
ჰოი, სიბერეს
დაუდგეს თვალი.

მოვა თოვლი, ვით
აჯია-ქაჯი,
ის მაღალია,
დიდი აქვს ლაჯი.

როგორც მეფე, წინ
იგი დაჯდება,
შუბლს ნაოჭიც კი
არ დააჩნდება.

გადმოდგებოდა,
გეჩვენებოდა,
არ გეგონა, რომ
გესტუმრებოდა?

და არემარედ
თეთრი ბელადი
მიმოდის ფეხით
ბურბუშელათი.

დაჯდა, მიდამოს
გახედა წყენით
და მან უსულომ
გაქუსლა ცხენით.

* * *
- რას იხედება,
ბებო, ნეტავი?
სად მიაქვს წვერებ-
ცანცარა თავი?
 
თხა მიდის, მიდის,
მიეხეტება,
უკან იმისი
რქა იხედება.

რას იხედება
ის რქა, ნეტავი?
მგელი ხომ არ ჩანს
სულჩამკეტავი?

თხას არაფერი
მეტი არ უნდა -
ჩაკნატუნება
ნეკრის მოუნდა.

გულს კი უშიშარს
ეიმედება,
უკან მისი რქა
რომ იხედება.

* * *
დიდედა გზნებით
უყურებს ზეცას,
როდესაც ღამე
ჩრდილს ჩამოკეცავს.

ცა სიმაღლეა
უმაღლეს ციხის
და ვარსკვლავებით,
ვით ქვებით რიყის,

გადაჭედილა
ლამაზ კენჭებით,
ღრუბელნი სჭვრეტენ
გამოლენჩებით.

აქ მთელი ზღვაა
მოვერცხლილ ვაშლის:
მათ ვერვინ აშლის,
ვერც ვერვინ დაშლის.

ის არც იჭმევა,
და არც ისმევა,
არც ერთი ვაშლი
არ გადისმება.

არც ერთი ვაშლი
არ გაიცვლება,
ხიდიც არა ჩანს:
არ გაისვლება.

ცა ახლა წაჰგავს
მშვენიერ ბოსტანს,
რომელსაც მწვანე
სიუხვე მოსავს.

კენჭები ყრია
იქ, როგორც ჩენჩა,
კენჭეს, კენჭეს და
ვერ მოიკენჭა.

ცა ახლა კალოს
ჰგავს რგოლადკვეთილს,
სულ ვარსკვლავებით
სივრცემოჭედილს.

ცა მოიწმინდა,
მოიკაჭკაჭა,
ამოფოფინდა
მთვარე კაშკაშა.

რა უთვალავი
ჯარი ჰყავს მთვარეს,
ცად რა ტახტი აქვს
ნაზად მთვლემარეს.

ახალგაზრდობას
მზე შეიფერებს,
მთვარე კი ხშირად
სჩივის სიბერეს.

* * *
ათას ცხრაას წელს
მჭდედ, განიგანად,
უნივერსიტეტს
იქით - იმ ხანად -

სახლი სულ იდგა
ერთი, ან ორი.
ერთობ ტიალი
იყო მინდორი,

მინდორი ვრცელი,
ფართოდ გაშლილი,
(იქ ჭიდაობდა
აგიაშვილი).

ნაწვიმარ გზაზე
დიდედა მიდის,
უკმაყოფილო
ცუდი ამინდის.

დიდედა მიდის
ვიწრო ბილიკით:
უშველებელი
წუმპეა იქით.

უეცრად მის წინ
დიდყურა ერთი
დადგა ამაყად -
დასწყევლის ღმერთი!

რა ქნას დიდედამ?
რა ქნას არ იცის,
არადა, სამგლე
ფეხსაც არ იცვლის.

განა შეიგნებს
დიდყურაანთი,
სთქვას: უფროსი ხარ
და, ჰა, მიბრძანდი!

ვირი თავითვე
არს ესე გვარი:
არა შობს: არის
მრჩობლ შუბლმაგარი.

რომ დაიბადოს,
არც დამშვენდება,
მაგრამ არც ოდეს
გადაშენდება.

ამით ამაყობს
ეს ზურგშიშველა,
თავკვანტრიშელა,
ფეხკვინტრიშელა?

ჰგონია შველის,
რომ იწერს პირჯვარს:
ეს იმ თავითვე
მოსდგამს იმის გვარს.

სადაც ასეთი
იყო ალაგი,
აწ სტუდენტების
არის ქალაქი.

ქალაქთან ცოდნის,
გონების, ფიქრის
ასფალტის გზაზე
აწ ავტო მიჰქრის.

* * *
დააგვიანდა
ამ წელსო ზამთარს,
დიდედამა სთქვა: -
არ შეშლის დავთარს.

ზამთარი მოსვლას
არ დახანდება
და კი არ მოდის
ის, მობრძანდება.

და მობრძანდება
ის, როგორც ბეგი,
და დინჯად, თეთრად,
როგორც ყაზბეგი.

ის მობრძანდება,
თეთრი სიმაღლე!
და... წაეთრევა,
ვით შავი ძაღლი!

* * *
- რა ლამაზია, -
იტყვის დიდედა, -
ზაფხული კარზე
მოგვადგა ზედა.

ზაფხულს შეშვენის
თავი ოქროის,
ზამთარს - სარტყელი
ვერცხლის ბოლოის,

შემოდგომას კი -
რკინის წვა ცხელი,
მგზნებარე შუბლი
და შუაწელი.

თავი ოქროის
შეშვენის ზაფხულს,
ზურმუხტისა კი -
ტურფა გაზაფხულს.

* * *
როს გალიის ახლო კატას
მოხვდა რკინა უხეში,
გაუფრინდა ჩიტი ბათას -
ერთადერთი ნუგეში.

მოხდა საქმე საკვირველი,
რკინის კარის გაღება
ერთი იყო და ფრინველის
ლაღად აჭახჭახება.

დაღონებით არის ბათა,
კარები ჩაიკეტა.
- მოწყენილხარ, შვილო, რათა? -
ეუბნება დიდედა.

ნურავის ნუ ეგონება
გალიის ბჭე სვიანი,
ვით ფრინველის დამონება -
ისე ადამიანის!

* * *
დიდედა ითვლის
თვის წლებს, ღონდება,
ხედავს სამრეკლოს
და აგონდება:

აჰა, გუგუნა
მიჰყვება კიბეს.
კიბის ფიცრებმა
მწკრივი გაიბეს.

და ყაფლანიანთ
ციხის მსგავსება
სამრეკლოს ბნელი
ცით იხავსება.

ზედ არწივივით
არის შემჯდარი
დაბადების და
სიკვდილის ზარი.

ზარი საქვეყნო
გამოძახების,
უბედურების
ან განახლების,

დაიგუგუნებს,
და დაზრდილები
მოეხვევიან
ირგვლივ შვილები.

გაზრდილი მისით
ერთიც არაა:
ზარი - ზარია,
ზარა - ზარაა.

* * *
ვიდექით წყნარად
ჩვენ და დიდედა,
უეცრად თითქოს
შეიქნა წყვეტა.

შეშინებულმა
მთამ შექნა დრეკა,
გარეთ იელვა,
შიგნით იჭექა.

მიმოიარე,
ხმავ, არემარედ:
შიგნით ჭექაა
და ელვა გარედ.

ამიტომ მიყვარს
მე მაჭახელა:
ჭექაა შიგნით
და გარეთ ელვა.

ამიტომ მე მას
ვახსენებ ქებით.
ჩამოეკიდა
ჯიხვი კლდეს რქებით.

* * *
თითქო ფეხი დაუცდა,
ხიდან რაღაც დაეცა.
მეგი მეტად გაოცდა,
დიდედამ სთქვა: - დაიცა.
არის მსხვილი მუხლუხო,
ფირუზისფერ-თვლიანი,
ესმის ქარის ლუღლუღი,
იცის მისი ზიანი.
კაკლის ხის და ალუბლის
ფოთლებიდან ვარდება,
როცა ქარის და ღრუბლის
რისხვა ამოვარდება,
შხამიანი არის ის,
ცივი და უკამარო,
მაგრამ კმარა, კაკლის ხის
ცხრა ფოთლით რომ დაჰფარო.
უვნებელი გახდება,
ვით მაისის ჰაერი,
და ვერაფერს გახდება
სნება ვერრანაირი.
და წელს მაინც კაკლის ხე
უხმობს ნაყოფმრავალი:
მეგი! ჩქარა, აბა, ჰე!
მოვიდა მოსავალი.
უთხრა ფუტკარს დიდედამ: -
საიდან მოეხეტე?
გამეცალე მანდედამ...
მეგი, აბა შეხედე!..
მთვრალს ყვავილითა და მზით,
- აწ მომცილდი, - ვუთხარი.
კიდევ მაინც არასგზით
არ მშორდება ფუტკარი.
ფუტკარი ფრთანაღალი,
ჩემს მხრებამდე მოსული,
ნიშნავს ახალთახალი
მელის შესამოსელი.
ფუტკრის, ამის ჩამდენის
უხვი არის ალაფი.
იგი ზომავს: რამდენი
მომინდება ალაბი.
ახლის მოიმედესაც
ახალი გზა ვუსახე:
მეგი! საუკეთესო
მკერავს გამოუძახე!

* * *
თუთის ლამაზ ფოთლიდან
ბობოლმა გზა მოლია,
უალერსებს დიდედა:
რა კარგი ბობოლია!
თუ ახალ  წელს ობოლი
წუხს  შარშანდელი ყანა,
და ქალმა კი ბობოლი
ხელით არ აიყვანა -
მთელ წელიწადს ქადები
ექნება თმის ღერებით,
სტუმრებს ვერ ენათები
ეგრე ყელმოღერებით.
მეგი, ამ გახუმრების
სხვა არის მითითება,
რადგან უცხო სტუმრების,
ვიცი, რომ გერიდება!

* * *
კედელზე ზის კალია,
არ მოძრაობს, არ ხტება.
დიდედა მართალია -
ბჭე მდიდარი გახდება.
მეგი, არავითარი
ხიფათი არ დაგხვდება -
მომავალი მდიდარი,
ხვავიანი გახდება.
შეხედე, რა მტვერია,
რასა ჰგავს საკიდარი?
მაგრამ არაფერია:
გულით ხომ ვართ მდიდარი.

* * *
ეს ბუზი იკბინება,
კბენა მეტად მწარდება,
დიდედამ სთქვა: - ბუნება
ტყდება, გაავდარდება.
მეგი, აწ შენ იცი და
კიდევ შენმა ქალობამ,
შეშა ვინ მოგიზიდა? -
ჩემი მხრების ძალობამ.
მტაცებელთა, აფთართა
ხროვის არ მეშინია.
გარეთ თუ გაავდარდა,
შინ ცეხცლის შიშინია.

* * *
კოღოები გუნდ-გუნდად
შეჰყვნენ დროისტარებას,
დიდედამ თქვა: - ეს უნდა
ნიშნავდეს მოდარებას.
მეგი! თუ გამოდარდა,
რა კარგი, საცნაური
მდინარეთა მშფოთვართა
შეიქნება ხმაური.
ხავერდოვან ვარდებად
მიდის ფიქრთა დინება.
მეგი, გამოდარდება!
მეგი, რას გეცინება!

* * *
დიდედას ხომ თვლა არ აქვს
ანდაზის და ზღაპარის.
აწ ჩონგურს დაამღერა
ბედი ანდუყაფარის:
„ანდუყაფარ სანადიროდ
საქართველო შეჰყარა.
შველიც მოჰკლა, ირემიცა,
რაც გზად შემოეყარა.
შველიც მოჰკლა, ირემიცა,
კურდღელმა კი დასცარა,
ანდუყაფარს წინაგრძნობამ
შვება მთლად წაამწარა.
დააჯახა მოყმემ ცხენი -
ცხენით ცხენი დაღალა,
გადმოვარდა ანდუყაფარ
და თავი ქვას ახალა.
დადგა ცხენი. აჭიხვინდა,
ჩამოჰყარა ფაფარი.
აღარა ჰყავს აწ პატრონი -
გმირი ანდუყაფარი“.

* * *
მგელი ბატკანს
შეხვდა ნავსად.
შეკრთა,
დაიბანდა...
ცად კი ერთი
კასრის მსგავსად
მთვარის დისკო
ჩანდა.

მგელმა ბატკანს
ჰკითხა: კასრის
მსგავსი რაა
გარეთ?
ბატკანმა სთქვა:
ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს
მთვარე...

მგელმა ბატკანს
(რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი
ბასრი:
- როგორ ბედავ
იქონიო
საკუთარი
აზრი!..

* * *
დიდედა თვისას
უჩივის თვალებს,
ამბობს: - სიბერე
მიკარგავს ძალებს.

ყოფნის სარკეა
თვალები კაცის,
ამაჟრჟოლია
ოცნების აწ ის.

თუნდა დაჰკეცო
ოდენა ფარის,
ქვეყნის ოდენად
გაშლას იჩქარის.

როგორც სინათლე
კლდეზე, ანთია:
მისი სინათლე
ანდამატია.

ამბობენ: დავწვეთ,
არ გავიცინოთ,
ერთად დავწვეთო
და დავიძინოთ.

წამწამნი: ნანა
და ნანა ვქნათო -
ბანჯგვლიანები
ერთმანეთს ვკრათო.

ძილი დალოცავს
ბედნიერ ამ წამს,
ეალერსება
წამწამი წამწამს.

ასე: პატარა
ორი მარცვალი
სდევენ ერთმანეთს,
ვერშენაცვალი.

ამ წამას, აი,
აგერ ჩნდებიან,
იმ წამას სადმე
გაფრინდებიან.

მოგიყვებიან
ამბებს ქვეყნისას,
ვარსკვლავებისას,
მიწისას, ზღვისას,

მაგრამ თვისას კი
ვერა ხვდებიან,
რადგან ერთმანეთს
ვერ შეხვდებიან.

ახლოს არიან
თითქო მეზობლად
(მათ გამიმწარეს
ყოფნა მე სოფლად),

კვლავ არის მზერა
რამ გამყინველი:
ხიდან ვარდება
მზერით ფრინველი.

რამდენი წლის ვარ,
აბა, დათვალე?
თუმც ცოტას კიდევ
მშველის სათვალე.

* * *
ელვისებური ბილიკი,
ნადირის მიერ ნათელი,
მთას იქით არ გადასულა
აგვისტოის დღე ნათელი.

მოფენილია მიდამო
მერნებით, ჭრელი ხარებით.
ველი სიამით ბიბინებს
გაზაფხულისა ხარებით.

ნუ ჩახვალ, მზეო, მთას იქით.
ცით არ წვიმს. ქარი არ წივის.
შეხედე მაინც, ვით შვენის
მძლავრი გაფრენა არწივის.

ის სულ არ ფიქრობს იმაზე,
სად მიდის ქვეყნიერება,
თუმცა დიდედას ამბებზე
სხვას იტყვის მეცნიერება.

* * *
დიდედა გააოცა
ხმებმა უახლოესმა:
ძლიერ, ძლიერ ნაცნობი
მას სიმღერა მოესმა,
დრო იყო ფერად-ფერად
შაირების, ლექსების,
შეყრილიყვენ ტყის პირად
და მღეროდენ მწყემსები:

„ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!
მსურდა შემომეთვალა,
რომ გეჯიბრები მუდამ!
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!
მუდამ შენ გენაცვალოს
შენი მონა ელგუჯა.

მე ვერ ვიტყვი იმას, რომ
აწ სხვა ქალმა გამთვალა -
ერთი არის ჭრელთვალა,
და მეორე შავთვალა.
ჰეი, ჰეი, შავთვალა!
ჰეი, ჰეი, შავქუდა!
მუდამ შენ გენაცვალოს
შენი მონა ელგუჯა.

ასე ვეუბნებოდი
ზღვის პირს შეხვედრების დროს:
- ჰეი, ჰეი, შავთვალავ,
ჭრელთვალამ არ გაჯობოს.
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.
ჰეი, ჰეი, სიმღერავ,
შენი მონა ვარ მუდამ!

ახლა ვეღარ გავიგე,
რომლის სჯობნის სინაზე...
შავთვალავ, მომეხვიე
იმ ჭრელთვალას ჯინაზე!
მაგრამ, ვხედავ, ჭრელთვალამ
შეგიტყო, თუ რა გსურდა...
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!“

დიდედა რამ შეშალა,
გულში რამ გაუარა?
მსწრაფლ ხელები გაშალა
და ცეკვა დაუარა!
სხვაა იმისი ცეკვა:
განდგეს, დაწინაურდეს...
და მწყემსებმა კი მეტის
სიხალისით დაურთეს:
„ჰეი, ჰეი, დიდედა,
ჰეი, ჰეი, დიდედა,
მეტი არა გვინდა-რა:
შენი ხნის ვიყოთ ნეტა!“

ცეკვის კორიანტელში
ყველა ერთად შეცურდა:
მწყემსი, ცხვარი, დიდედა,
ჭრელთვალა და ჭრელქუდა.

[1953 წლამდე]