შუალედი - დან - მდე
 
 


ჰიმნი მშვიდობას


ბედი ქართლისა
ახალი ქართლის
ასეთია დღეს:
მაღლა ფრიალებს
დროშა სიმართლის
და შეხარის მზეს.
მის მომავალსაც,
გარეთ თუ შიგნით,
მსვლელს იმ ნათელ გზით,
მე მივესალმე
იმ შვიდი წიგნის
გულის მთელი ხმით.
ჩემო ძვირფასო
მკითხველო! შრომის
შენ სცნობ გზას სავალს,
აღარ გიამბობ
იმ შვიდი ტომის
თავგადასავალს.

თითქმის ორმოცმა
მგზნებარე წელმა
განვლო მას შემდეგ,
რაც უმართლობის
სვლას ოქტომბერმა
შესძახა: „შესდექ!“
რომ კაპიტალმა
თავისი მტრული
შესწყვიტა ქშენა, -
ეს ხომ დიადი
ისტორიული
იყო მოვლენა!
ტანჯვა-წამების
ხანა დამთავრდა!
იძრა ქვეყანა
და მის გულიდან
ამოთავთავდა
ოქტომბრის ხანა.

გრძნობა ყოველი,
რაც ხალხს  ებადა,
შეირხა, რადგან
ჯერ არნახულთა
გამარჯვებათა
ეპოქა დადგა.
დიდებულია
ოქტომბრის მადლი,
სხივთა ნათება,
მთელი მსოფლიო
ხედავს თვალნათლივ
ამ აღტაცებას.
გვახსოვდეს მარად
ის დრო ბრწყინვალე
აქარბუქების,
წარსული, აწმყო
და მომავალი
იმ მოშუქების.

არასდროს დროშა
ჭეშმარიტების,
სიმართლე დროშის,
არ აწეულა
ისეთ დიდებით,
როგორც ჩვენს დროში.
მისით, წიგნებით,
ხარობს მოხუცი
და ხარობს ბალღი,
მისი სინათლით
ყველაზე უწინ
წინ მიდის ხალხი.
დრომ ბევრი ძველი
რწმენა გადასწვა, -
რწმენათა გროვა,
ნაცვლად ახალი
სიმართლის დაცვის
საგნები ჰპოვა.

რად გინდა თოფი,
თუკი იმ თოფმა
ვეღარ ითოფა!
არა! აწ ფუძე
არის
მშვიდობა,
მხოლოდ მშვიდობა,
მშვიდობა! - ესმის
ზღვას და მის ნაპირს -
ქუხილი ტალღის,
მშვიდობა! - ისმის
ქარის პირდაპირ
გრიალი ხალხის
და მსოფლიოში
გაისმა ხალხთა
ხმა თანაგრძნობის,
ჩვენს სამშობლოში
როს აფრიალდა
დროშა მშვიდობის!

რაც მსოფლიოში
არის სიდინჯე
და ბეჯითობა,
რაც კი ზეგარდმო
ელვარებს ნიჭი -
შენით, მშვიდობავ!
შენთვის შვიდფერად
დგას ცისარტყელად
მაღალი ტახტი.
შენ უკვდავება
გქვია სახელად
და გიცავს ხალხი.
შენ გიცავს მედგარ
მეომართ რიცხვის
მრავლობითობა!
ჭეშმარიტების გზით
წინ მიგვიძღვის
შრომის მშვიდობა!

არსად ისეთი
ბგერა არ ისმის
და ჩანგის ჟღერა,
როგორიც ჩვენში,
მხნე  ჰუმანიზმის
სუფევს სიმღერა.
ჰუმანიზმის ხმა,
ვით სულის სივრცე,
უნაპიროა,
როგორც ჰაერი
და როგორც სიბრძნე,
ის საჭიროა.
ის განწვდილია,
ვით ჰორიზონტი
და ზენიტობა.
მასზე ნაწერი
არის ოქროთი
დიდი მშვიდობა.
ეს უმისობით
იყო, რომ არეს
დაგავდა ალხი,
ამას ყოველ დროს
და ყოველ მხარეს
მოითხოვს ხალხი.
არსად არასდროს
მთელს მსოფლიოში,
მაღალ ღრუბლების
იქითაც არ ჰქრის
ჩვენებრი დროშა
თავისუფლების!
მასზე სწერია
არა სიშორე
და გულდიდობა,
არამედ ცნობა
ერთიმეორის,
რიდი, მშვიდობა.
თავისუფლების
დროშა ძლიერი,
და საგმიროა:
სხვა დროშა ქვეყნად
მის მაგიერი
რა საჭიროა!
თავისუფლების
დროშებით შრომის
ტრიალებს ჩარხი;
წინააღმდეგი
სისხლიან ომის
წინ იწევს ხალხი.

არ აწეულა
არსად დიდ გრძნობის
მცნება ახალი
ხალხთა ძმობისა
და მეგობრობის
დროშა მაღალი,
ვით ჩვენში. მძლეა
ეს მეგობრობა,
ძმობაც მჭიდროა...
რა სჯობნის ძმობას?
შური და მტრობა
რა საჭიროა?
ბრწყინავდეს ძმობა,
ვით მაგალითთა
მაგალითობა,
ადამიანი
მიზნისკენ მიდის
და სურს მშვიდობა.
ადამიანთა
მაღალი, სადა
და მშვენიერი
გამომუშავდა
გზა თვისებათა
დენა ძლიერი.
თვისებათ მათთა
პირველი მცნება
არის გმირობა,
როგორც ხვალინდელ
დღის გამიზნება,
როგორც პირობა.
მას სურს გამოთქვას
გრძნობა მახვილი
ნაგრძნობ-ნანახი,
თვისება ხალხის,
ოცნება ხალხის
და თვითონ ხალხი!
ჩანს საფეხური
ახალი სრულად,
დადგა მხატვარი,
ტილო გაშალა,
სად დიდებულად
უდგას მხარს მხარი.
ახალი სიტყვა,
ახალი ფერი,
მუყაითობა,
სიცოცხლის სუნთქვა
და ყველაფერი
არის მშვიდობა.
ხედავთ: მხატვრულთა
აზრთ სიდიადის
პირველი სახე -
იყო, არის და
იქნეს მარადის
მგზნებარე ხალხი.

ბრწყინავს სინათლე
შენი, იდეა!
იქ, სადაც ფარად
მიზნის სისწორე
და სიწმინდეა
უკვდავი მარად,
დღეს არვის მართებს, -
სულმოკლეობა
სამარცხვინოა,
ვის რას შემატებს,
უიდეობა
რა საჭიროა?
იდეა კი ზრდა,
სიდიდეა
და ბეჯითობა.
მუდამ ყველაზე
დიდი იდეა
არის მშვიდობა.
სახეც იცვლება,
დრონი მიდიან,
მაგრამ ფრთალაღი,
დიდ იდეათა
დღეს ზე იდეა -
ესაა ხალხი.
ვინ შექმნა რამე
თქმით: „ხელოვნება
ხელოვნებისთვის?“
დახელოვნება
და გემოვნება
გვსურს მშრომელისთვის.
სხვა ინტერესი
არავითარი
ინტერესთ გარდა,
რომლითაც ხალხი
ასე მდიდარი
გზით წარემართა.
ესაა რწმენა
უგულწრფელესი
ყოველ სიახლის,
რომ შეეწიროს
სხვა ინტერესი
ინტერესს ხალხის!
მრავალ ომებში
აღზრდილ-ნაწრთობის
გამოცდილთ გზანი
და სწორი აღზრდა
ახალგაზრდობის -
აი მიზანი!
გახედავ სხვაგან:
ახალგაზრდობა
უმზიუროა,
და ხშირად ამბობს:
„ცხოვრება, გრძნობა
რა საჭიროა“.
ჰა, საჭიროა
და მერე როგორ:
სიცოცხლის გრძნობა
უნდა თავისად
იცნო, დაზოგო,
როგორც მშვიდობა.

და არა მარტო
დღეისის ხელი,
მრავალთ მრავალი
წიგნებში მოჩანს
დღე ხვალინდელი,
გზა წინ მავალი.
და აქაც, როგორც
მიღწევა დიდი
და დიდი წრთობა,
შემოქმედების
ჩანს შრომა მშვიდი
და ჩანს მშვიდობა.

არ არის არსად
სიტყვათა მოდგმა,
რაც ქვეყნად ითქვა
უფრო ძლიერი,
ვინემ გამოთქმა:
ახალი სიტყვა.
ახალი სიტყვით
ჩნდება მახვილი
ნაგრძნობ-ნანახი,
თვისება ხალხის,
ოცნება ხალხის,
გენია ხალხის!
არ არის არსად
სხივთ აღმატება
თვით ცის წიაღის,
უფრო ნათელი,
ვინემ ხატება
ახალის სახის.

ახალი სახე,
ახალი სახე,
ახალი სახე,
თვისება ხალხის,
ოცნება ხალხის
და თვითონ ხალხი!
არ არის არსად
ამ ახალ სახეთ
უფრო ძლიერი
რამე წარმტაცი,
ვინემ ჩვენთა დღეთ
ახალი ფერი.

ახალო ფერო,
შენ სამშობლოის
ხარ ახალი ხმა,
შენ სიხარული
ხარ ჩვენი დროის,
მისი გულისთქმა.
არა, არ არის
შემცველი ჟანგის
მგოსანთა კერა,
მძლავრად გაისმის
ახალი ჩანგის
ახალი ჟღერა!

უძლეველია
დროშა სიახლის,
ვისთვის და რისთვის?
ყველაფერი ხალხს,
სიცოცხლეც ხალხის
სიკეთისათვის!
განა დრო არის
მუხლებზე ჩოქვის?
მიჰყევ, გაასწრე!
აი, დიადი ჩვენი ეპოქის
ღრმა დედააზრი.

არა უსაგნო
ოცნების ჰანგით
ჟღერს ხელოვნება -
დიდი ცხოვრების
სიმართლის ჩანგით
მიდის ცხოვრება.
წარსულში კარგი
არწარსულია,
სვეა გულების,
სიუხვით მქმნელი
მაღალსულიერ
ღირებულების.
არის ქვეყანა,
სად ვერვინ იტყვის,
რომ შვებას იტევ.
დღე იყო სისხლის
და არ განკითხვის
შენი, ეგვიპტე!
იყო სისხლის ღვრა,
და იყო ფერფლი,
და იყო ნისლი...
ნუთუ არ კმარა
ამდენი მსხვერპლი,
ამდენი სისხლი?

და ვამბობთ მაშინ:
დაიდოს ზავი,
დროა გადაწყდეს,
და შემოსეულ
ჯარების ზვავი
ეგვიპტეს გასცდეს.
იარაღასხმულ
ჯართ შემცირება
როცა მოხდება,
შემსუბუქება
არამცირედად
გულთ აღმოხდება.
აი, საითკენ
მიისწრაფვი, სვევ,
საითკენა სწევ,
ჩვენო მეოცე
საუკუნის მზევ,
საყვარელო მზევ!
არე-მიდამოს
სინათლეში ხვევ
და ვარდებით რთავ...
გვინათე, ჩვენო
საყვარელო მზევ,
საყვარელო ცავ!
ჰიმნი მომავალს!
ვაშუქებთ ხევებს
თუ გაგვყავს არხი,
ახალს და ახალს
ითვლის მიღწევებს
საბჭოთა ხალხი.
ვოლგა-დონისა
და თბილისის ზღვას
წაშლია ზღვარი,
ძმობა-ერთობა
აღარა სდებს ზღვარს,
ერთია ქნარი!

ოდეს შეიჭრა
ის დიდი დილა
სიელვარეში,
ისე გზა წინსვლის
არსად გაშლილა -
ვით ჩვენს მხარეში.
ჩვენი მეოცე
საუკუნის ხმა,
კიდით კიდობა,
უძლეველია,
მან ხმამაღლა თქვა:
- იყოს მშვიდობა!
შრომამ იმ დღიდან
მოიტანია
ქვეშ ძველი თალხი,
მშვიდობისაკენ
დიდი ხანია
დაიძრა ხალხი!

არასდროს დიდი
დროშა გონების
ამგვარად მაღლა
არ აწეულა,
გამოგონების,
ხანაა ახლა.
გონების დროშის
წვა, გადანახვა,
სასაცილოა...
რა საჭიროა
მის არ დანახვა,
რა საჭიროა.
ავწიოთ მაღლა,
კვლავ უფრო მაღლა,
ამ დროშათ ნდობა,
თუ რწმენათ რწმენის
დიადი ტალღა
არის მშვიდობა!

თუ იქნა ძველი
ქვეყნის დაკრძალვა,
ვინ დაღონდება,
თუ ატომური
ძალის აკრძალვა
დაკანონდება,
მხარეთა შორის
სიტყვა მშვიდობის
თუ დაიდება.
რა გვეთქმის თუ არ
მშვიდობის ცნობის
ქება-დიდება.
ხელი ხელს მივცეთ,
ერთად ვიაროთ,
ნუ ითუთქებით,
ჭირი და ლხინი
გავიზიაროთ,
როს გზას ვუდგებით.
ახალ-ახალი
ფერი რომ მოდის,
მშვიდობას ხატავს,
ყველას ახარებს,
ქვეყანას ოდეს
მხატვარი მართავს.
მაგრამ რას ნიშნავს,
სულ სხვაგვარ წონის
ხშირი ბაზებით
რომ მოისწრაფვის
ვაჟბატონი ის
გაკაპასებით
და, ჰა, ბაზების
ტბები ამგვარი
ჯაჭვით და ჯავშნით
ლამობს მოაწყდეს,
ვით ნიაღვარი,
საბჭოთა კავშირს.
რა მიზანი აქვთ
ამნაირ ბაზებს
თუ არა ხოცვა,
რას ჟღერს ევროპის,
გინდა აზიის
ეს გარემოცვა?
ჩრდილოეთიდან
სკანდინავიის
ქვეყნების რიგით,
თუ არ სწყურია
კაცთა სიავე,
რად თელავს იგი?!
სამხრეთიდანაც
ან ოსმალეთის
და საბერძნეთის
ბაზებით რად სურთ
გამოცდა ბედის,
განწირულ ბედის?
დასავლეთიდან
კიდევ დასავლეთ
ევროპის მხარეს
დახმარებითა
და რჩევა-სწავლით
რად იწევს ცხარედ.
აწ დასაბამით
აგერა დღემდის
გუნდად და გუნდად
როდემდის კვნესდეს
ხალხი? როდემდის
იტანჯოს უნდა?
მაგრამ მწვერვალს დგას
მშვიდობის ზარი.
ლოდინის ჟამით
ის დიდხანს, დიდხანს
იყო მდუმარე.

დიდი ლენინით
ზარის ენისა
ჰპოვეს ბაწარი -
უხმეს სიმშვიდეს,
მოსწიეს, მძლავრად
დარეკეს ზარი,
კიდევ და კიდევ.
და, ჰა, დუმილმა
მოიხსნა რიდე,
შვების მდომელი.
აწ გრგვინავს ზარის
ძალა, სიდიდე,
დაუცხრომელი.
განუზომელთა
მოედო არეს,
შესძრა, გასწყვიტა
წყვდიადის ბადე,
ასე მთვლემარე.

გადალახა რა
ყველა საზღვარი,
მანამდე მყარი,
გვეძახის ზარი,
გუგუნებს ზარი,
გრიალებს ზარი,
რომ ჩვენ აქ ვშრომობთ,
რომ ანთებს ხევებს,
თუ გაჰყავს არხი,
ახალს და ახალს
ითვლის მიღწევებს
საბჭოთა ხალხი;
რომ აქ ბუნების
გარდაქმნის მოწმეს,
ბუნების ფაზებს,
ჰპოვებს მსოფლიო
ახალ სიცოცხლეს
და სილამაზეს,
რომ თითქმის ორმოც
წლის გზამ ძლიერმა
განვლო მას შემდეგ,
რაც უმართლობის
სვლას ოქტომბერმა
შესძახა: „შესდექ!“
რომ კომუნიზმში
გადამსვლელთ ტომებს
სწყურისთ მშვიდობა,
რომ დროა, დროა
შეირყეს ომის
უამიდობა,
აჰყავდეს დრო ჩვენს
მებრძოლ თაობას -
მზემდის ავლენილს.
ვაშა მშვიდობის
ყოველ მედროშეს!
დიდება ლენინს!

[1952-1957]