შუალედი - დან - მდე
 
 


ქიტესა


ბუგიეთიდან,
სადაც ვიწრო
გზაა ას-მუხის,
გზაზე ურმებით
მიდიოდნენ
ჩვენებურები.
გმირის კითხვაზე:
„როგორა ხართ?“
მათ უპასუხეს:
„სულ კარგადა ვართ,
გზაც კარგია,
მზეც არ გვაწუხებს“.
დიდის ჭრიალით,
მაგრამ მაინც
მიდის ურემი!

ან ჩვენს ნიკორას
ტვირთი რაზედ
უნდა ემძიმოს?
მიდის თამამად,
ირხევიან აპეურები.
იხაროს ყანამ,
ბუდეშურიც
ვაზს შეემწიფოს.
ვაჰ! რა მოსავალს
ჩავაბარებთ
წელს სახელმწიფოს!
მიდის ურემი,
დატვირთული
მიდის ურემი.

ამბობს თუ: „რა სჯობს
მშვიდობიან
მოგზაურობას,
ვარ კოლმეურნე
და სამშობლოს
ვემსახურები.
მოშორებული
ყოველ შფოთსა
და ხმაურობას,
კომუნიზმშიაც
მალე ვნახავთ
აქაურობას,
სიმძიმისაგან,
თუმც ჭრიალა
მქვია ურემი“.

ავტომობილნი მოეგებნენ,
მათ გადიტვირთეს
კაკალი, მსხალი,
ბროწეული,
თაფლი, პურები.
ახლა ამ ურმის
სიამაყე
ვით არ მიკვირდეს:
ხე შენჯღრეულა,
მაგრამ მაინც
იჩენს სიმკვიდრეს.
ცარიელია,
ახლა მკვირცხლად
მიდის ურემი.

სად? - ქალაქისკენ.
უნდა მომკოს,
რაც დაითესა,
ჩითეულებით,
სათბურებით
იძრას, ვით გემმა.
და კვლავ ამღერდა
ჩვენებიანთ
იგი ქიტესა -
სამხედრო გზაზე,
ივლისისა
ერთსა მას დღესა,
ოცდაათ წლის წინ
რომ გაიცნო
მკითხველმა ჩემმა.

„ქიტესა, შენა?“
„ვაჰ, - გაჩერდა, -
ჭირიმე შენი!
მოდი ურემზე,
ე, რა ფეხით
მიეშურები!..
კაცო, თუ რამეს
წერ ჩემზედა,
ეს ამიხსენი...
კაცო, შეხედე
ამ ჩემს ხელებს...
ხომ შეიგრძენი?
აბა, რა კარგად
აქე მაშინ
ჩემი ურემი.

დეპუტატიც ვარ,
გამიზნული
მექნება ბიჯი,
სახელის შეცვლაც
გადავწყვიტე
მე უმტკიცესად,
რაკი ხანს შეველ
და ოცი წლის
არა ვარ ბიჭი,
ერთხმად დამარქვეს
ქრისტეფორე
ქრისტეფორიჩი...
თუმცა ქართულად
ისევ ისე
მქვია ქიტესა.

ქიტესა ჰქვია
ჩემს ბიჭსაცა.
მე  შემიტყვია,
შვილს მიგზავნიან
რომ ისწავლოს
აეროპლანი.
„ქიტესა  მართავს
აეროპლანს! -
ასე იტყვიან -
ქიტესა მიჰქრის
სივრცეებში
ისე, ვით ტყვია,
იგი ეშვება
აეროდრომს,
ბიჭებო, განი!“

დღეს სახელმწიფოს
ჩავაბარეთ
არ-არეული,
რაც მისთვის გვქონდა
საგანგებოდ
გადანახული,
ცოტა ახალი,
ცოტა ძველი
„ნაფარეული“,
ცოტა თავთუხი,
ცოტა ყველი
და დეკეული,
ცოტა „ციცკა“ და
ცოტა კიდევ
„კარდანახული!“

უნდა გენახა
შემოდგომა
ყვითელ  ხაზებში,
ვაზმა ჩვენს ქართლსაც
კახეთიდან
მაღლით დახედა
და დაინახა
შაბიამნის
მწვანე ვაზებში
უბისში, ქსანში
მცხეთაში და
ნადარბაზევში
თავდადებული
წყება ახალ
მევენახეთა.

კაცო, მითხარი,
რომელია
ახლა ქართველი,
იყოს ქართველი -
არა ვინმე
წყალწაღებული, -
უქმად იდგეს და
უცქეროდეს,
როდესაც რთველი, -
მით მთა და ველი,
ახალია
თუ ძველისძველი, -
ცეცხლივითაა
გაშლილი და
გაჩაღებული!

გაიგონებდით,
ალბათ, ყურძნის
დიად მოსავალს,
გვეხმარებოდა
აგზნებული
ჩვენი ტაროსი.
როგორც შიშველი
მიისწრაფვის
შესამოსავად,
გაცხარებული
დაეძებდა
გზას გამოსავალს
იქ მშვენიერი
ლალი ღვინო
წითელწყაროსი!

თქვენ, ალბათ, იცნობთ
ახალს და ძველ
მევენახეებს,
სანამ რთველია,
იმათ ჩრდილი
არ ეჩრდილება,
როცა შეხედავთ,
ზედ ემჩნევა
იმათ სახეებს -
მევენახეებს
ისე, როგორც
ჩვენს  მებაღეებს -
ზედვე ატყვიათ
დიდზე დიდი
გამოცდილება!

ჩვენი კაცი ხომ
არსად სხვისას
არ ჩამოითხოვს,
ამიტომ უნდა
ვუთხრათ ჩვენს რთველს
ქება-დიდება,
რომ ყველგან, ყოველ
ცისმარე დღეს
და წლის ყოველ დროს,
დიდ ყურადღებას
და უფრო დიდ
გარჯას მოითხოვს
გაძლიერება
მოსავალის
და გადიდება!

ქართველები ვართ!
ქებათქება
ამ პურმარილის
იყო, დარჩა და
არასოდეს
ის არ გაქრება!
მარტო ეს რად ღირს:
მშვენიერი ჩვენი
მარნები
ახალი სახის
ელვარებით
იმინანქრება!

თან, მოგახსენოთ,
სილაღეა
თითქო არწივის,
გაფრენა რომ აქვს
ჩვენებური,
ფრთების უკვდავის...
იმ ფრთებს მაგონებს
ვენახები
ჩვენი ვარციხის,
რომელიც
წვდება
ამ თბილისსა
და ამ ქუთაისს!

თითქო ამბობდეს:
გაიგონეთ,
შემოდგომაა,
ფრთებით ამ ვაზთა
ფოთლებში ვართ,
თითქო  გავები.
რა დროს კრთომაა
და ან რა დროს
ჩრდილში დგომაა...
მომეშველენით!
მოიტანეთ,
ტევრში რომაა,
უშველებელი
ა, ის ღვინის
საქაჩავები!

სიახლე დღეთა,
სწორედ გითხრა,
ეხლა აქ დადის,
აქ არაფერი
დარჩა ძველის,
ასე მგონია,
სვლაა ძლიერი
სიმხნევისა
და სიდიადის,
ცხუმის, თელავის,
ვანისა და
გინდა ბაღდათის
მხართან საქარა,
კვლავ სვირი და
ზესტაფონია!

მე წაკითხული
არ მაქვს წიგნი
ბრძენ თუკიდიდის
და მეშინია
წიგნებისა,
ძნელ საცნაურის,
ისე  კი ვიცი,
ღვინო, როგორც
ჩვენი ზუგდიდის
ახალი დიდი
აღმავლობის
გზებით რომ მიდის,
თანატოლია
მარნევის და
ჩოხატაურის!

ვაჰ, უნდა ნახოთ
საწნახელში
მტევნის მწურავი,
მიგორ-მოგორავს
გოგორივით,
მერე როგორი!
და, უნდა გითხრათ,
საწნახლებში
არის მცურავი
წლევანდელ დიდი
მოსავალის
არ  მომდურავი
მთელი ზეგანი,
მთელი  ბახვი,
მთელი გომბორი!

აქა-იქ, თუმცა
სეტყვა იყო,
იყო და მორჩა!
ის სეტყვაც გაქრა,
ის ღრუბელიც
გადაიკარგა.
სიღნაღმა თავი
ისახელა,
განა ჩამორჩა?
ძველი სიღნაღი
პატარძალი
არის აწ ნორჩი!
როგორც ბოლნისმა,
გურჯაანმაც
მართლაც ივარგა!

რა საამური
იყო ჩვენში
ტკბილის დუღილი!
თითქო ჯერ რაღაც
ბუბუნებდა
უცხოდ ხმოვანი,
მერე ავარდა
ისე, როგორც
ჭექა-ქუხილი.
რა საამური
იყო ჩვენში
ტკბილის დუღილი!
ჩანდა: გველოდა
ღვინო მაღალ-
ხარისხოვანი!

მე დაცდილი მაქვს,
დე, ნურავინ
ნუღარ აურევს -
თავ-თავის ადგილს,
იცნონ ვაზი
შემონაჯარი.
უკეთესია ვენახები
ამბროლაურის,
მისი მაჭარი
დამცხრობია
აურზაურის...
ცაგერს?
ვინ იტყვის!
იმ ცაგერის
სხვაა მაჭარი!

არის შეცდომა,
არის დიდი დანაშაული,
არ იგრძნო ქვეყნად
მიწიერმა
ეს სასწაული:
„ქინძმარაული!“
ვაჰ, რა არის
„ქინძმარაული!..“
რაა ოქროსთან,
მაგალითად,
თითბრის შაური?
არ გიგემნიათ? -
მაშ არ იცით
„გუნაშაური?“

და ამოძრავებს
მტევნებს ისე,
როგორც ხელეურს,
შემოდგომების
მძაფრი ქარი
უფრო ჩქარ-ჩქარა.
ვერას დააკლებს
ვერაფერი
„უსახელაურს!“
თითქო მხედარი
მიაჭენებს
სწრაფად ბედაურს -
მხარის დამჭერად
„ოჯალეშის“
მოდის „ხვანჭკარა!“

საიქიოშიც
კი გვეყოფა
გულხელდაკრეფა!
სულ ვეუბნები
მეზობლებსა
და შინაურებს:
ამ უხვ მოსავალს
თავის დროზე
უნდა აკრეფა!
სანთელიც უნდა
გვინათებდეს,
სანამ ჩაქრება.
არ მიყვარს, საქმეს
ზოგ-ზოგი რომ
აჭიანურებს.

ეს საქართველო
იმ თასივით
უნდა დავქარგოთ,
ისტორიაში
რომ ხატავენ...
ჩვენი ვალია:
გვექნეს ის თასი
სულ პირსავსედ,
საძმოდ, საკარგოდ.
მეღვინეებმა
მოგვცენ ღვინო
უდანაკარგოდ!
ხალხსვე მოხმარდეს,
ქვეყნად რაც კი
მოსავალია!

ბოდიშს მოვიხდი,
მე ვიცოდი,
რომ თქვენ გახსოვდით.
აი, სოფელიც,
ძველად ასე
ყბადაღებული.
ბნელოდა ისე,
სულს გასცხებდით,
ქვას რომ დახლოდით.
აჰანდე, ცენტრში,
ვერა ხედავთ?
მომიახლოვდით! -
ჩემი სახლია
ელექტრონით
გაჩაღებული!“

ასაღამოვდა,
სანამ  ისრეთს
გადავარღვევდით,
ვარსკვლავნი დასხდნენ
შორი მთების
კიდით კიდესა,
თავისუფლების
სუფთა ჰაერს
ვსუნთქავდით მკერდით.
მაშინ ჩვენ, სამნი,
სულ ძველები,
ისევ ავმღერდით.
ერთად ვმღეროდით:
თვით ურემი,
მე და ქიტესა.

[1950 წლის 6 დეკემბერი]