შუალედი - დან - მდე
 
 


მოხევის ქალი


განვლო მაისმა. მზემ აახია
             გზებს ასფალტები;
მძვინვარებს ომი. ვინც ამ ხნიდან
            ცეცხლს ეზიარა,
კავკასიონის ეძახიან
            ლაღი კალთები -
და მინდა დედა-ქალაქიდან
            დავიძრა ჩქარა.

ჰოი, რა ზეცა, რა ზეცაა!
            ვხედავ - უავდროს.
სიალით მოსავს აღმოსავლეთს
            ცისკრის ღიმილი.
ჰაეროც უნდა, ეს-ესაა,
            დაიძრას. ამ დროს
მორიდებული ხმა მომესმის,
            ძვირფასი, ზრდილი.

მოხევის ქალი, ახალგაზრდა,
            ლამაზი ქალი,
იმის თვალებში არის ფეთქვა
            ახლის დამდეგის.
ალბათ, ამგვარი, ამაყი და
            წარმოსადეგი
შთაგონების დროს, თვალწინ ედგა
            მღელვარე ყაზბეგს.

თავდაცვის ხანა სწევს გულს და სულს.
            გრიგალთა ტეხის
წინააღდგომით ვით სთქვან მთებმა -
            რაც თავს გადახდა.
ახალგაზრდა ქალს, დახედოს, სურს
            იმ უღელტეხილს.
„დაბრძანდით ჩემთან“, - ვეუბნები, -
            ისიც დათანხმდა.

და აი, გრილი, იშვიათი
            ნათელი დილით,
მიეშურება თვითმფრინავი
            მთებზე და მთებში.
იგი მსუბუქი და ზვიადი
            ნისლს უტევს ჩრდილით
და ისე შედის, როგორც ზვავი
            ფერად ღრუბლებში.

იგი თანმიმყოლ კლდეთ ორბივით
            ღრმასა და საშიშს
გადიფრენს უფსკრულს ქვა-ლოდიანს,
            ხშირად და ხშირად.
შემდეგ მიილტვის მიმორბევით,
            ჩამოწოლილ ტყის
დაუცხრომელსა და შფოთიან
            მდინარის პირად.

თვით დასახლებულ ადგილამდე,
            ჯერეთ შორსაა,
დაჰხედავ: ტყეს და კლდეს ეხები,
            უსაზღვროდ ჩქარი,
მიილტვი, სადაც ახალ გზამდე
            მეორე გზაა,
სულ იქით რჩება საჩეხები,
            ყანა და ზვარი.

ჰორიზონტიდან ზედა, ქვედა
            ლურჯი არშია
იშლება, ჰყვავის საოცნებოდ
            ლამაზი მხარე.
მოხევის ქალმა გაიხედა,
            გზა გაარჩია -
„აი, ბრძოლათა ასპარეზი.
            ეს არე-მარე“.

ჰაერო აჰყვა, როგორც წინედ,
            შემოკლებულ ცას,
მთიურ მინდვრიდან კიდევ ბევრი
            მაღლა მავალი,
ყვავილოვანი, მობიბინე,
            მხედვი კეკლუცად,
გადავიფრინეთ მშვენიერი
            გადასავალი.

ნაბდიან სერის გამოჩნდა ფხა.
            თუმცა კიდევა
გვახშობს მანქანის რეკა გრძელი
            დაუმცხრალ ჟინად,
ქალმა ღრმა ღელვით დაიძახა:
            „რა სიმშვიდეა,
მაგრამ რა ცეცხლი იდგა მწველი
            აქ წუთის წინად.

აქ გულდაგულმა, - განაგრძო მან, -
            შრომამ იგრგვინოს,
დროშას მიმართოს, ვით საკუთარს,
            თავის საჯეროს.
კვლავ  იერთგულოს ჩვენმა გულმან,
            ვინ შეაშინოს?
გზა ახალ გრდემლებს, ახალ გუთანს!
            ვინ შეაჩეროს?

მათ არა ერთი საშინელი
            მოიგეს ომი,
დღეთა ხელთ იგდეს გასაღები,
            ახალი  ხედი,
დაბა-სოფელი, ქალაქები,
            აეროდრომი,
რკინიგზა, ხიდე, გვირაბები,
            და ესტაკედი.

გაიხედეთ შორს. იგივეა,
            დალეწილ ქანდაკს
ხედავ ოდესმე ბაღს, სამკვიდროს,
            შემდეგ ქცეულს მტვრად -
მატარებლები გაჰკივლებენ
            ახალ ლიანდაგს,
ელექტროდენით ახალი დრო
            წავა უშიშრად.

აენთოს დიად შენების გზით
            ახალი ცეცხლი!
არეს სიმკვიდრე კვლავ შეერთვის
            და გზა ხმოვანი.
ხან დიდი კვამლით, ხან წმინდა ცით
            გადავერცხლილი,
ოდეს გათავდეს ომი, ჩვენთვის
            სახელოვანი.

ამთვისებელმა ამ მზიური
            მაღალი დონის,
დრომ ეს მიდამო დაუმზრალი
            ფერით შეღებოს,
ვერა, ვერ შესძლებს მშობლიური
            კავკასიონის
მტერი უნდობარ და მსახვრალი
            ხელით შეხებას!

დასახულ ადგილს, აქ, ამ ადგილს
            რომ მოაღწია,
როგორც დიდი ხნით ნანატრ დილას
            როგორც ოცნებას,
აქ ტრიალებდა მათი დიდი
            ავიაცია,
ეზიდებოდნენ ამ ადგილას
            ყუმბარათმტყორცნებს.

აი, ამ სერზე, დაბლისაკენ,
            ბრძოლის დროს მძიმე,
ხედავთ? უეცრად, სხვა, მეორე
            ცეცხლოვან ფარდად,
მტრის თვითმფრინავი, ალისაგან
            ფრთამოციმციმე,
როგორც ელვარე მეტეორი
            ძირს ჩამოვარდა.

დე, აქედანვე რღვევა იწყოს
            მომხდურთა ჯარმა,
მოზღვავებული დიდ ჭირნახულ
            ივერთა საზღვარს,
ზარდაცემული და სასირცხვო
            იგი არმია -
მთით გადადენილს, ჯერ არნახულს,
            მიჰყვეს ნიაღვარს!

დაე, სწყევლიდეს გაჩენის დღეს
            ლანდი, ფეთება,
განწირულება მეტისმეტი,
            კრთობა, სულგუბვა;
თვით მის მიერვე დანგრეულ გზებს
            ეხეტებოდეს
მხოლოდ აჩრდილი უიმედო,
            მხოლოდ დაღუპვა.

დე, უთვისტომო და უგვარო,
            მსუნთქავი მძიმედ,
რბოდეს, დამზრალი შორი გზისგან
            ვითარცა ხელი,
გარს არრა ჰქონდეს სანუკვარი,
            არ სჩნდეს რაიმე,
რომ ჩაეჭიდოს მკვლელობისგან
            გახრწნილი ხელი.

დაე, დალეწილ ბანაკიდან
            ბნელი ცახცახით,
გამოჩნდეს ლანდი სნეულების
            მსწრაფლ-გადამდები.
გამოჩნდეს მხეცი ბუნაგიდან,
            შიმშილის სახით,
ხვალინდელი დღის, საშინელ დღის
            ბნელი თავდები!

ჩვენ გავიმარჯვებთ. აწ მთის ძირის
            ყოველმა ბარტყმა,
ხელში პირველად რომ აიღო
            წიგნი მგზნებარე,
იცოდეს, ამაყ კავკასიის
            კარებთან დარტყმა -
ეს სუსხიანი დარტყმა იყო,
            უზომოდ მწარე.

დაუნდობელის და მოძალის
           ურდოზე დარტყმა,
გამოზომილი, როგორც სიმზე,
           მიზანზე ერთზე,
ჩვენს წინააღმდეგ წამოსულის
           ჯანზე და სულზე,
მის დიდებაზე, მის ფაშიზმზე,
           მის რჯულზე, ღმერთზე.

დაიძრას: მერე არ ნაზობდეს
           სისწრაფით ქროლვას,
ასეთ ქროლვაში რისხვის სჩანდეს
           სად რა წარბია,
არმიის ლანდი განაგრძობდეს,
           ვითომ-და ბრძოლას,
მაგრამ იხევდეს მხოლოდ ლანდი -
           არა არმია!

ქალაქზე ქალაქს დამსხვრეული
           ის აბარებდეს,
ვერავითარი შესვენებით
           ცეცხლს ვერ ივსებდეს.
თვით არ იცოდეს თავს იგი სად
           შეაფარებდეს,
ვინ ან როგორი შეთვისებით
           შეითვისებდეს.

ჩვენ გავიმარჯვებთ. აქ მოხევის
           ყოველმა ბარტყმა,
სიყვარულით და არ სიავით
           მცქერალმა მარჯვედ,
იცის მრისხანე კავკასიის
           კარებთან დარტყმით -
ჩვენვე გვეყუდვნის ჩვენი თავი...
           ჩვენ გავიმარჯვებთ!

იყვავე, ყოველ ქედს და ღელეს,
           ზაფხულო, მარად.
ჩვენო ბაღებო, გარს სურნელი
           მოჰფინეთ უფრო.
ითრთოლე, რტოო, ჩვენს უძველეს
           ჩუქურთმის გვარად.
დე, თქვენზე კრთოდეს შუქი ნელი
           და მოალუბლო.

ყაზბეგს იქითაც ფრთა ძლიერი
           უნდა გაჰფინო,
ჭირი დავძლიოთ ბევრ-ათასი
           კვლავ შეგიძლია!
ტკბილია შენი ბედნიერი
           სიცოცხლის ღვინო,
ისევ სავსეა შენი თასი,
           არ დაგიცლია!

რა ახალ-ახალ ჟრიამულით
           მოგვეზმანები,
ადამიანის დიდებავ და
           ყოფნის უფლებავ!
ადამიანის და მამულის
           გამზიანებით,
დიდმა ოქტომბრის დღემ დაგბადა
           თავისუფლებავ!

სალამი, ველო, მოწეულო,
           ნათელთა მჩენი
შუბლისთვის მარად მტკიცე, მყარი,
           მთების ზურგია -
ყველა მიღწევავ, უჩვეულო,
           ყოველო ჩვენო
აღორძინებავ, წინგაწევავ,
           მეტალურგია!

მოგელით დროო, დღეთა ხშირი
           ჰშვენი შვენებით.
ჩვენის ხელებით ამ კლდეზე სად
           შემოფენილნი -
ის მარგანეცი, ქვანახშირის
           ბასეინები -
კვლავ ახმაურდნენ, უშორესად
           მკერდ-გაწვდენილნი.

აღსდგებით, ჩვენო რკინიგზებო,
           ჩვენო მადნებო!
განათლების და ხელოვნების
           გზნებით რომ ელტვის,
საბჭოთა მხარევ, სანეტარო
           და საოცნებო,
სიცოცხლე ერთხელ მოგვეცა ჩვენ
           და მხოლოდ შენთვის“.

მოხევის ქალი, კარგად ვგრძნობდი,
           დღის სითეთრეა,
სამშობლოსადმი სიმღერაა
           იმისი გრძნობა.
ვუსმენდი მე მას და ვფიქრობდი:
           რა კარგი დღეა -
დღეც მპასუხობდა: აი, რაა
           ახალგაზრდობა!

ახალგაზრდაა და ჯანმრთელი
           ჩქარი, ზვირთული
თვითმფრინავები, მქროლნი სვრელად
           მტრედისფერ ცაზე,
ახალგაზრდაა ის ღრუბლებიც,
           მზით დატვირთული,
იქ, ჰორიზონტთან, მიმზიდველად
           შემდგარი - ასე.

ახალგაზრდაა გულგაშლილი
           მინდორ-ტყეები,
უნაზესი ხმით მოუბარი
           ჭალა და ქედი,
მკვიდრთათვის ვრცელი და ნამდვილი
           სამოთხეები -
მომხდურისათვის მხოლოდ კუპრი
           და ჯოჯოხეთი.

ახალგაზრდაა,  აქ ნამყენი
           რტო რომ მწიფდება,
ახალგაზრდაა - მაღლიდან რომ
           რბიან წყარონი,
დაიზრდებიან მდინარენი
           მქუხარე ზღვებად,
აზვირთდებიან აქ მუხნარნი,
           ჩრდილ-საფარონი.

ახალგაზრდაა - საუკუნის,
           კაცთა ეს ჯიში,
მკვიდრთათვის შვებად, მომხდურთათვის
           შხამი და სნება,
თუ თავი ჩვენი ჩვენ გვეყუდვნის,
           რისაა შიში?
წყევლა და კრულვა დამპყრობის გზას...
           მტერს ზარ-დაცემა!

უდიდეს მიზანს ცოცხალ თავით
           რომ არ ეშვება,
ახალგაზრდაა, გართულია
           დიადი შრომით.
მოვედით კიდეც. თვითმფრინავი
           დაბლა ეშვება.
ვარდ-ყვავილებით მორთულია
           აეროდრომი.

მოხევის ქალი აქ პირველი
           შრომობს. ასი წლის
მოხუცს ესმოდა, ყმაწვილმაც ხომ
           კარგად იცოდა -
თუ რა მოჰქონდა ბრძოლის ველით
           დაბრუნებულის
გზას, შენებისთვის ხალხის ხმამ რომ
           გამოიწოდა.

მთა აფუსფუსდა, ეს საბარგო
           ავტო-მანქანათ
პირველმა წყებამ ხშირი მთები
           გააპო მწკრივად,
ზღვა მასალებით, საარაკოდ,
           არ ხანის-ხანად,
მიგრიალებდენ საზიდები.
           ღელავდა თივა.

ნაჯახთ ხმაური, ხე-ტყის ცურვა,
           ხრიალი ხერხთა,
სტეფანწმინდელი დურგლის „ხერხე“
           ხალისიანი,
შემოქმედებას ქებას ეტყვის,
           რომ ძმობას შეხვდა,
რომ უკეთესი სდგას ყოფნის ხე,
           უფრო მზიანი...

კვლავ არე-მარეს აქ ატყვია:
           მოეშვას ვნება.
მალე ელექტრონს ნათელ სხივით
           დაშვენდეს ნერგი,
კავკასიონზე მკათათვეა,
           იქ თოვლი დნება,
მოდიდებულა და ვეფხვივით
           განგაშებს თერგი.

დღე ხვალინდელი იმა სხივით
           იქნეს ბრწყინვალე,
გზა გაიკვალოს უკვალავი,
           მანქანა-გუთნის,
ქებათა-ქება ყოველივეს,
           მოხევის ქალო!
ახალგაზრდებო! ჩვენი თავი
           ჩვენვე გვეყუდვნის!

დღე ხვალინდელი ოქროს ძნებად
           ამოენთება,
დღე ქართველ ერის გამრავლების,
           ნიჭის და სწავლის.
ქებათა-ქება გამარჯვებას,
           რაც აქ შენდება.
ქებათა-ქება შეერთებას,
           სინათლეს, სტალინს!
           
1948 წლის აგვისტო