შუალედი - დან - მდე
 
 


გაერთიანება მშენებლობისათვის


ვით არ ვადიდო
         ჩვენი ქვეყანა,
ბევრის ამტანი,
        ბევრის მხედავი!
ვით არ ვადიდო
        ქვეყანა ჩვენი,
ედემს რომა ჰგავს
        და ჰყვავის ასე!
საუკუნეთა
        მრავალთა თანა
მარად მრისხანე
        და გამბედავი
ხმალი, რის მსგავსად
        სასწაულთ მჩენი,
სხვა არ არსებობს
        დედამიწაზე!

გვირგვინო სვეტის!
        ძველ ნანგრევებში
კვლავ გინახულე
        შვენება მძლავრი;
შენ ქვა კი არა,
        ხმა ღაღადი ხარ
ჩემი დღეების
        დაუვიწყარის!
მესაიდუმლე
        ჩემი ყრმობისა,
თანამებრძოლი
        და თანამგზავრი,
დამშვიდებისა,
        დაფიქრებისა,
მოგონებისა,
        ანუ სიცხარის!

ოდესმე შენი
        მძლე სიამაყე,
აქ  აღმართული
        შენობის შუა,
მხნედ, თავისუფლად,
        ლაღად მდგომარე
და უამაყეს
        სვეტს ამშვენებდა
შენზე დაყრდნობილ
        იმ გუმბათის ცა,
სვეტის გვირგვინო,
        განა თუ ყრუა -
არ  გაიგონოს,
        რაც  ჩვენ ოდითვე
ახალ დღეთათვის
        არ გვასვენებდა.

გვირგვინო სვეტის!
        ის მშვენიერი
ჩვენს მხარეზეა
        ჩუქურთმა-ღიმით.
ვინ იტყვის, რომ მან
        ჩვენი დროისგან
მისი ლამაზი
        პირი იბრუნა...
მახსოვს, აქ ჟღერდა
        პოეტის ჩანგი
დაუბრუნებლად
        მღელვარე სიმით...
გვირგვინო სვეტის!
        შენ მაშინ ჩემი
უდარებელი
        იყავ ტრიბუნა.

ო, როგორა ვთქვა,
        რომ ის დრო გაჰქრა,
როს ოცნებები
        მეხვია ბევრი...
ისინი დღესაც,
        აქ, ამ ადგილას,
იმავ დროშებით
        ჩემთან არიან.
გვირგვინო სვეტის!
        ასე ნახევარ
საუკუნისა
        განვლიე ტევრი,
დღეებიც მორიგ
        ნახევარისა
გზის განუხრელად
        მიიჩქარიან...

ამ ნანგრევებით
        სდუმს ქუთაისი,
როს მიაყურებს
        ველებს და ქედებს,
იგონებს: როსმე
        აქ მოსულ ვეფხვებს
გული და ნება
        ჰქონდათ კლდე-სალის,
ახსოვს, ვით ერტყა
        მისადგომს მტერი,
ფიქრობდა,  აჰა,
        შეანგრევს, შეტეხს...
და  ბუტბუტებდა:
        „გამაგრდი, ციხევ,
ო, ბევრზე ბევრის
        ამტანო ვალის!“

თან ციხის მცველთა
        ბედზე ღელავდა!
ცოტანი დარჩნენ
        დამხდომნი მეტის...
„ნუ გეშინიათ,
        მზის ამოსვლასთან
მოვლენ მოყმენი,
        მათ ნიშანს მიჰყევ!
ვერც კი მოასწროს
        მომხდურმა მტერმა
დახამხამება
        უბედურ თვალის...
მოვლენ მოყმენი
        განთიადისას
გამაგრდი, ციხევ!“

მზის ამოსვლისას,
        მართლაც, ხედავდა
იმერთ, არწივებრ
        მაღლიდან მჭვრეტებს,
სამივე კუთხით
        ელვასებრ მოდგნენ -
მსგავსნი ფოლადის,
        სიმაგრე რვალის...
ერთი დასძახეს:
        „იმერნო, მედგრად!“
ახლა უყურეთ
        მომხდურთა ჟლეტას!
ომი გაჩაღდეს
        ცხარეზე ცხარე,
თოფები ჭექდეს
        დაუმცხრალ ხალისს...

მოტეხას ჰგავდა
        მრისხანე ცისას
იმავე ცისკენ
        ავარდნა ალის...
ხმა გამოისმა
        ამა დროს ერთის:
„იმერნო, მტერი,
        შეხედეთ, იხევს...
აწ რაღად გვინდა,
        ტოლებო, თოფი...
ხმალი, იმერნო,
        იმერნო, ხმალი!“
და გარდაეშვნენ
        მრისხანე ორბნი...
„გამაგრდი, ციხევ,
        ო, ჩვენო ციხევ!“

ეს მოხუცებსაც
        მოესმათ შიგნით...
თქვეს: მოვეშვათო
        კლდეებს და სვეტებს.
ზოგნი დატოვეს
        მოხუცნი ზევით,
სხვები ხმლებს მისწვდნენ
        ელვასებრ ნალესს.
ჰაა, განილტვნენ
        ციხის კარებით.

სისხლით შეღებეს
        ციხის ფერდობი
და მისადგომი
        მღელვარე წყალის,
ასმა მრავალმა,
        მოსულმა ერთზე,
დღე ვერ იხილა
        ბედნიერ ხვალის,
ამბის მიმტანიც
        კი ვერ გადარჩა,
გამარჯვება კი
        სიხარულს იხვევს:
ვისაც მოუკლავს
        მასზე მღეროდა,
მღეროდა ლილეს,
        მღეროდა ლალეს...
მღერდა ჭაბუკი
        და მღერდა ბერი:
„იდიდე, ციხევ,
        ო, ჩვენო ციხევ!“

ასე, ქართველი
        ჭაბუკი დღესაც
დამცველი არის
        წარსულის კვალის
მიმშველებელი,
        მოვალეობის
მგრძნობი ყოველთვის
        კიდევ და კიდევ!
ქართველ მეომრის,
        ქართველი მგოსნის,
ქართველ მშენებლის,
        მებრძოლი ძალის
ერთი სიმღერა
        ქუხდეს მარად დღე:
„გამაგრდი, ციხევ,
        ჰო, ჩვენო ციხევ!“

ვით არ ვადიდო
        ჩვენი ქვეყანა,
ბევრის ამტანი,
        ბევრის მხედავი!
ვით არ ვადიდო
        ქვეყანა ჩვენი,
ედემს რომა ჰგავს
        და ჰყვავის ასე!
საუკუნეთა
        ზღუდეთა თანა
ომში მრისხანე
        და გამბედავი
ხმალი, რის მსგავსად
        სასწაულთ მჩენი,
სხვა რომ არ არის
        დედამიწაზე!

ეხლაც ვადიდო
        ოდითი ოდით
მონაპოვარის
        დაცვა დღე-ღამით.
მორჩენილ წყლულებს
        მზე დაადგება,
დღე გამოჩნდება
        ახალ იერით!
არ დაფიქრდება
        თუნდაც იოტით,
გზას არ გადუხვევს
        არც ერთი წამით,
როს ომის შემდეგ
        ისევ აღსდგება
მთელის დიდებით
        და სიძლიერით!

სამამულო ომს
        ჩვენ შევხვდით გზნებით,
ქართველი ხალხის
        გმირულ ბუნებით.
გვირგვინო სვეტის!
        გარდახდა ძნელის
შეხვდა  ჩვენს ნორჩთა
        სიცოცხლეთ გროვას,
მათ მიერ ნაპოვნ
        თავისუფლებით
ერი წინ მიდის
        დღეს დარწმუნებით,
თან ახალ ომთა
        გამჩაღებლების
შეტევად ერთსა
        და იმავე დროს!

თუმც ბევრზე ბევრი
        ამოწყდა მცველი,
სახლის არც ეზო,
        არც კარებია.
თუმცა დაშლილა
        სვეტი პირველი,
როგორც დამსხვრევა
        მთლიანი  თასის,
მაგრამ კვლავ სდგება
        ხელახლა ძველი,
რასც ცეცხლის ცელი
        გაჰკარებია,
რასც მოხვდა დარტყმა
        და გამწირველი
დანამცეცება
        მრავალ ათასის.
................................
საქართველოსთან
        რა დიდმა ბრძოლამ
გადაიარა -
        ხედავს იმერი.

ტყე, უსაზღვრო ტყე...
        მიჰქრიან ხენი,
სადგომნი, მსგავსნი
        დამწვარ კოლოფთა,
ნივთებით, რომელთ
        ისვრის ვეშაპი,
ტრიალით, რასაც
        ვერ ასწრებს მზერა
თვალგადუწვდენელ
        სივრცეზე ხელი
მომხდურის ფეთქდა
        და გორგოლობდა.
დგას ქარი, მთები,
        ტყეები, შამბი,
ხიდი, ღრუბელი...
        მიჰქრის იმერი.

გაუგონარი
        გულს  უდუღს ღელვა,
და მოწყვეტილი
        მიჰქრის მხედარი.
რა შურისგებას
        სჭედს წინაგრძნობა
აუცილებელს,
        პირდაპირს, სწორეს...
ადამიანი
        კი არა, ელვა!
მგზავრი კი არა,
        ხმლისმიმხედვარი,
სხვა გაფიქრებას
        ვერ ბედავს ცნობა,
ვერც უბრუნდება
        განცდას მეორეს!

მიჰქრის მერანი!
        ირღვევა ნისლი,
მერანი მიჰქრის
        ქარიშხლის გვარად.
გადმოარღვია
        აქ, ფაზისამდის,
სიშორეები
        მხარეთ მთიანთა.
და „ცოცხალი ხართ?“ -
        გაისმის მისი
აღელვებული
        ხმა მთა და ბარად...
პასუხად ხალხი
        მოზღვავდა ადგილს,
და საშენებლად
        გაერთიანდა.

პასუხად დადგა
        ხუროთმოძღვარი,
ჩუქურთმისმჭრელი,
        მჭედი, დურგალი -
უშენ ადგილას
        გაჩნდა ქარხანა
ასფუთიანი
        ჩაქუჩის გრგვინვით.
ოქრო და ვერცხლად
        ელექტროღვარი
აქ გაიცემა, სახელგანთქმული.
პასუხად ისმის
        დიადი ენა -
ასე ლამაზი,
        ასე ქართული.

პასუხად აღსდგა
        ახალგაზრდობა,
რომ შეიშვენოს
        ნათელი სიბრძნის.
„განათლდი, მხარევ!“ -
        გაისმის ჟღერა -
ნიშანი შრომის
        და უვნებლობის.
პასუხად მხარის
        ყოვლი ფართობი
დიდი მოსავლის
        გვირგვინით იბრძვის,
მთის სიმაღლეზე
        მოჩანს მერანი -
მერანი ახალ
        აღმშენებლობის!

პასუხად მაღალ,
        უძლეველ მუხად
აქ ხელოვნების
        დგება ტაძარი -
პასუხად, როგორც
        ერთად შეკრება,
ჩუქურთმის შლილის
        და გრძნობის მეტის...
აქ „ცოცხალი ვართ!“ -
        ისმის პასუხად
აღელვებული
        ხმა მთა და ბარად.
ერთიანობის
        დიდის პასუხად
ჩნდეს სიყვარული,
        გვირგვინო სვეტის!

ვით არ ვადიდო
        ბევრის ამტანი,
ბევრის მჭვრეტელი,
        ბევრის მხედავი,
ვით არ ვადიდო
        ქვეყანა ჩვენი,
ედემს რომა ჰგავს
        და ჰყვავის ასე...
არსებობისთვის,
        ვით ამირანი,
მარად მრისხანე
        და გამბედავი,
გული, რის მსგავსად
        სასწაულთ მჩენი,
სხვა არ არსებობს
        დედამიწაზე!
               
1947