შუალედი - დან - მდე
 
 


ძაუგიდან ბერლინამდე


იწყო დახევა
მომხდურმა ჯარმა,
              ივერთა საზღვარს -
მიზღვავებული
იგი არმია
             ჰგავდა ნიაღვარს.
აწ გაჭედილა
გზები ლტოლვილით...
             შიშია, კრთოლვა:
კაცით, სურსათით,
ავტომობილით
             ირევა ლტოლვა,

როგორც რაიმე
ლანდი, ფეთება,
             კრთომა, სულგუბვა,
დანგრეულ გზებზე
დაეხეტება
             მხოლოდ დაღუპვა...
ამაოდ კვნესენ
დაჭრილნი მძიმედ,
             შუბლია ცხელი.
გარს არარაა,
სჩანდეს რაიმედ -
             შეახო ხელი.

ურთიერთ შორის
ბრმა გულგრილობა!
             არაა ჩვარი,
რომ დაუამოს
დაჭრილს ჭრილობა,
             და სატკივარი.
და დახევის ჟამს,
ვით გადამდები
             გამოდის სნება,
გამოდის მხეცი,
ბნელი თავმდები,
             და იღიმება.

იმ მხეცს სახე აქვს
მაინც ბრწყინვალე!
             ის არ ღონდება:
სულ ერთი არის:
ის ვერასდროს ვერ
             გაბატონდება.
მას ფეხ-აკრეფით
             მოჰყვება ჩრდილი,
             მკრთალი და ბნელი,
რომლის სახელი
არის შიმშილი,
             მწარე სახელი!

ამაოდ სჩანან
თეთრად ზვირთული,
             მხიბლავი ასე,
ღრუბლები, წვიმით
მთლად დატვირთული,
             მტრედისფერ ცაზე,
რათა მიმორწყონ
მინდორ-ტყეები,
             ჭალა და ქედი,
როსმე ნამდვილი
სამოთხეები
             აწ - ჯოჯოხეთი!

ამაოდ ვაშლის
ტოტი მწიფდება
             მშვენიერ ჯიშის
და ეფარება
მუხას წიფელა
             გრიგალის შიშით.
ტოტი ზღვის ქარის
მღელვარე შიშით
             გადაიხარა.
ამაოდ ოქროს
ფერადი ქვიშით,
             ცივი, ანკარა

მიდუდუნებენ
წყნარნი წყარონი
             ასე საამოთ,
გამჭვირვალენი,
ჩრდილ-საფარონი
             მცდარად, ამაოდ.
ვარდებში რანიც
ავსებენ ბაღებს,
             შხამი გაწვება,
გულს სიხარული
აღარ ალაღებს
             და აღტაცება.

დავრდომილ ტანის
სნებათა ლუქებს,
             დაღთა სიავეს,
არ დააწყნარებს,
არ ამსუბუქებს
             ქროლვა ნიავის.
მზე არ ათბობს სისხლს,
რომლის დინება
             სთვლემს, ეძინება...
თანდათან, აი,
მთლად გაცივდება,
             გაიყინება.

დაე, იყვავოს
ზაფხულმა, დეე,
             უფროდაუფრო
თრთოდენ ტოტები,
მოორხიდეო
             და მოალუბლო.
დაე, სიცოცხლემ
კვლავ ირონინოს...
             აწ დაგვაცალეთ -
დავცალეთ ჩვენი
სიცოცხლის ღვინო,
             კმარა, დავცალეთ!

ჩვენ ვკვდებით. რაში
გვეპრიანება
             ყოფნის უფლება,
ბუნების ისევ
გამზიანება,
             ან აღრუბლება.
დაე, ბორგავდენ
მოგუგუნენი!
             ჩვენთვის ურგია
ყველა მიღწევა,
ყოველი თქვენი
             მეტალურგია.

ის მეფეები
და ყეინები
             ისევ შთენილი,
ის ქვანახშირის
ბასსეინები
             თვალუწვდენელი,
რაში გვჭირდება
რკინის მადნები,
             ან რომ ხშირდება?
იმ განათლების
დიადი გზები
             რაში გვჭირდება?

როგორც მან - ისე
ყოველმა ბარტყმა
             შინა თუ გარე
იცის: ძაუგთან
პირველი დარტყმა -
             დარტყმაა მწარე.
საბედისწერო
დარტყმაა - სრულზე,
             დარტყმაა ერთზე:
მთელ გერმანიის
ჯანზე და სულზე,
             ფაშიზმზე, ღმერთზე.

მიდიან დღენი,
მიჰყვება ქროლვას,
             დღენი გარბიან,
არმიის ლანდი
განაგრძობს ბრძოლას,
             არა არმია.
ქალაქზე ქალაქს
იგი აბარებს,
             გულს ცეცხლს ვერ ივსებს,
არ იცის, თუ თავს
სად შეაფარებს,
             ვინ შეითვისებს.

ზე-აღუპყრია
მაინც მას ხელი
             და ყალბი თრთოლვით
აღტაცებული,
არის სულელი
             თავისი ბრძოლით.
გერმანელთ ბრძოლით
და სიმამაცით,
             ამბების კითხვით,
ის ჟონგლიორობს
ფრაზით ლამაზით
             და თლილი სიტყვით.

იგი როკავს და
უკანონოდ თვლის
             გადაქცეულს მტვრად,
გერმანელთ გრძნობის
და მთლიანობის
             ასე უტიფრად,
ასე უხეში
ძალით დარღვევას...
             და რას გახდება?
თვით კი ეძლევა
წინა-აღრევას -
             გაპარტახდება!

და მათ ზემო კი
გაუგონარი
             სისწრაფით ზრდილი,
თვითმფრინავების
მიდის ზონარი,
             ცას გაწვდენილი.
არტილერია
ვერ იკრებს ძალას,
             ძალას - სალავათს.
ვერც საბრძოლოდ კრებს
ძლიერ მასალას
             დაუღალავად...

შეიძლება ამ
განავარდებით -
             დღე ისე მირჩეს -
დაიხრჩვეს კაცი
მწარე დარდებით,
             მართლა დაიხრჩვეს.
თუ ამნაირად
გაგრძელდა ომი,
             ჰკითხეთ ამ დროის
ბნელ სიღარიბეს: -
ვინაა მდომი
             ეხლა ოქროის?

რაც ევროპაში
სისხლი იღვრება
             აწ, უწინარეს,
იცით, საითკენ
გადაიხრება
             იგი მდინარე?
რაც ევროპაში
სისხლი ზღვავდება
             და მოარეობს,
იგი სულ ოქროს
შენაკადებად
             მიმდინარეობს.

მიმდინარეობს -
სანამ მიაგნებს -
             რაც ენატრება,
სადღაც, ვიღაცის
მიაგნებს ბანკებს
             და იქ დაცხრება...
მოტეხილია
და მხილებული
             ირღვევა ფრონტი,
ნაღმით საოცრად
გაწითლებული
             თრთის ჰორიზონტი!

ოდესმე კი ის
შესვამდა ღვინოს
             თავის საჯეროს;
ტფილისს იქითაც
ვინ შეაშინოს,
             ვინ შეაჩეროს?
აწ კი ძაუგთან
ვერ პოებს მსურველს
             და სტოვებს მარაგს,
აღარ ატარებს
ისევ საჭურველს:
             ჰყრის თოფ-იარაღს.

და გასაღები
ვაკსკოშის ხაზის
             იგი ძაუგი
ვერ გადალახეს,
მას სულ არ აზის
             დათმობის ლუქი.
ხომ იყო ფრონტი
შეტევით სავსე,
             და გახელების,
იყო დღეები
ძაუგის ხაზზე
             ციებ-ცხელების.

ეხლა კი არის
მთელი არმიის
             უკან დახევა,
არის ძახილი
და არის ტყვიის
             აჭახჭახება.
ის იყო თითქმის
მოიგო ომი...
             შესცვალეს ხედი:
რკინისგზა, ხიდე,
აეროდრომი
             და ესტაკედი.

დანგრეულიყო
და დალეწილი,
             და მიყრილი მტვრად,
მატარებლები
სად გახვეწილან?
             არ იციან - სად.
აფეთქდებოდნენ
სავსე მასალით
             ატყორცნილ მთებით,
დღე ივსებოდა
შხამით, სამსალით
             და გაფითრებით.

იყო გუგუნი,
ძახილი, ცეცხლი,
             ხმოვანნი, შმაგნი
სისხლით და კვამლით
გადარეცხილი
             თრთოდნენ ქალაქნი.
გამარჯვებულის
ცეცხლში და ქარში
             ხმით შემრეველი,
გამარჯვებული
ისმოდა მარში,
             მარში მძლეველი.

ო, უკრაინა!
ასეთ დღეებით
             მსგავსებად ჟინის
გადასწვა ყველა
სიმაგრეებით,
             ისე ვით ზვინი.
დანგრეულია
რკინისგზის ხაზი
             მძაფრი სიავით,
ჩვენი ხალხისთვის
ასე ძვირფასი,
             ნალოლიავი.

გადმოელახა,
შეიძლო ფონი -
             აწ ეჩეხება -
მტერმა ვერ შესძლო
კავკასიონის
             ხელის შეხება.
დასახულ ადგილს
რა მიაღწია
             როგორც ოცნებას,
ებრძოდა მათი
ავიაცია
             ყუმბარათმტყორცნებს.

და საჰაერო
ბრძოლის დროს, მძიმე,
             ცეცხლოვან ფარდათ,
მტრის თვითმფრინავი
ფრთა-მოციმციმე
             ძირს ჩამოვარდა.
გეგონებოდა:
არ დანებდება
             მწუხარე ვარსკვლავს,
სანამ სიკვდილი
არ გამეფდება,
             თავს არ შეაკლავს.

ამ კატასტროფას -
საუბრობს წყვილი,
             ნირი აქვს ძველი,
სადაც იყოო
შეცდომათ ჩრჩილი,
             უცდომლად მღრღნელი.
ის გულდაწყვეტით
განაგრძობს ბაასს:
             „იცისო ჟამმა“...
იგი იგონებს
ასსა და ათასს:
             „ყველა ჩვენგანმა

საბედისწერო
მწარე შეცდომა,
             შეცდომათ კრება
ისე დაუშვა -
არ ჰქონდა ნდომა,
             არც გაფიქრება.
გერმანელმა ვერ
შესძრა ქვეყანა,
             ყოველი მხრიდან.
ვერ შესძლო ჯარი
შემოეყვანა
             თავის ქვეყნიდან.

იმ დროს, როდესაც
ჯართა ხვეული,
             დაღლილი ძლიერ,
ფრონტი უმწეო
და გარღვეული
             არის მტრის მიერ.
სამხედრო ექსპერტს
ვინ უშლის ტრფობას?
             გერმანელთ ბურჯებს
შეუწყნარებელ
ომის განგრძობას -
             დამსხვრეულთ ურჩევს!

რაზე ამყარებს
იმედს ხვალისას?
             ფიქრში შთანთქმული,
მას ისე უყვარს
ჯარი თავისი,
             სახელგანთქმული.
და არა ერთი
ლიდერი ტყდება:
             რა უნდა სწერო -
ჩვენ დასასრული
გვიახლოვდება
             საბედისწერო.

თუ დახმარება
მკვიდრი ვერ ვპოვეთ,
             ჩვენ დავრჩით მარტო,
მდგომარეობა
უიმედოა
             და სახიფათო...
ან სთქვა ძაუგზე
ვინმემ უარი?
             გალაღებული,
ფორსირებული,
ვერ უტყუარი,
             ვერ აღებული.

და აგონდება
ბრესტი და ნანსი,
             წრე გაარღვიოს,
როს წინწაწეულ
ხმის რეზონანსი
             ერტყმოდა ლიონს.
ასეთი იყო
იმ დღის ფინალი
             საკმაოდ რთული,
რა დროს ნანსია
ან ესპინალი,
             ან კიდევ ტული?

რისი სტრასბურგი
და მიდის ომი
             საოცრად ჩქარი,
მაჟინოს ხაზის
აღების მდომი,
             რომ ჰქუხდა ჯარი,
უარყოფს ჰანგებს
დიდი ხანია:
             სიტყვა აუგი
ვინ მოჭორაო,
სად გერმანია
             და სად ძაუგი?

თითქო გერმანელს
აღარ ახსოვდეს -
             სუსტობს მარჯვენა,
ეხლა კი დროა -
ზავს მოითხოვდეს
             გადასარჩენად.
ძალგამოცლილი,
უღონო ტომი!
             როგორ არ გრძნობდეს,
სწორედ ძაუგთან
წააგო ომი
             და ეს ახსოვდეს.

ძაუგთან სხვაა
ღელვა, მძლეობა
             ახალი ცნობის:
ვის დარჩეს დიდი
მემკვიდრეობა
             ნადავლი ომის?
ვინ არა გზავნის
ნოტაზე ნოტას
             და როლში შედის;
ვინ ევროპისგან
მოითხოვს ცოტას:
             ის დასავლეთის.

იმ დასავლეთის
ნახევარსფეროს,
             ოცნების საგანს
არ მისცემს ნებას
გადაეწეროს
             აქედან სხვაგან.
სამფლობელონი
მეომარ მხარეთ,
             რაც აქ შთენილა,
ხელიდან ხელში
იყოს მოარედ?
             სად გაგონილა?

დაეყრდნობოდა
მერყევ ბურჯებს და
             მპოვნელი დროის -
ერთ დროს ჰიტლერი
ყველას ურჩევდა:
             "მიჰყეთ მონროეს!
მიჰყეთ მონროეს,
ახალ დოქტრინას,
             ის არის სარკე...
ნუ გაყვებიან
ქიშპსა და ჯინას:
             არაა კარგი.

სჯობს, ამერიკა
ამერიკელებს:
             ასეთი დროა!
ევროპა კიდევ -
ევროპიელებს...
             აი, მონროე.
ეს იქნებაო
იდეალური
             ზავი გულწრფელი
მთელი ქვეყნისთვის,
ვით სიხარულის
             მძლე საფუძველი.

თუ გერმანია
ისვრის ერესებს,
             სხვისთვის არვისთვის,
მიწა, უფლება
აინტერესებს
             მხოლოდ თავისთვის...
და ყოველგვარად
მომხმარე ძალთა,
             გონის და ხმალის,
ის თითქოს ებრძვის
სხვათა და სხვათა
             იმპერიალიზმს“.

გამოძახილი
ელმერ დევისის
             ზედ ენათება:
„კარგად ვიცითო
მათი დევიზი
             და მისწრაფება!“
თუ გერმანიას
აქ გაემარჯვა,
             რა ღაღადია,
სიტყვის არაა
საჭირო ხარჯვა:
             ისეც ცხადია,

ადგილებს სამხრეთ
ამერიკის კვალს
             რომ მისდევს კონცხი,
არ აშორებდა
კარგა ხნობით თვალს
             ბერლინი მორცხვი.
ტეხნიკა, შიში
არის მარადი,
             რაიც შიშინებს.
და საწარმოო
თვით აპარატი
             მათი გვაშინებს.

მაშინ ბიზნესი
ხსნის ასეთ ფრჩხილებს,
             იგი იღელვებს,
იგი შლის ხელებს,
იგი აფრთხილებს
             ამერიკელებს:
- თუ გერმანიას
ხვდა გამარჯვება,
             თუნდ ერთი ბეწვი,
მსოფლიო იმის
ხელში დარჩება -
             არაა ეჭვი.

იმდენ ნედლეულს
ის შეიმატებს,
             იქნას მფლობელი,
რამდენიც ჰქონდათ
ანუ აქვთ შტატებს
             დღეს სამყოფელი.
ავტო, მანქანა,
სხვა ინვენტარი,
             სხვა სიძლიერეც
ეხლაც ბლომად აქვთ
და ნამეტანი
             ექნებათ მერეც.

შტატთა მსოფლიო
მონოპოლიას
             ის ისე იწევს,
რომ გაუკეთებს
თავის სხოლიოს
             შეუმცდარს, მტკიცეს
და ქვეყნის შიგნით,
არავინ ფიქრობს,
             ყოველგვარ ბაზრებს
მსოფლიოს თვალწინ
ისე დაიპყრობს,
             ვერვინ მიასწრებს.

ისევ თავისთავს
მიხედოს ამ დროს:
             ავადმყოფია,
და ყოველივე
შეუთანაბროს,
             როგორც სჯობია.
უნდა დაიცვას
მხარემ თავისი
             ნება, წოდება,
ეს საღვთო ვალი
არის იმისი
             და მოწოდება.

თვით ამერიკაც,
რაც უნდა გახდეს -
             ნუ იგვიანებს,
საჩქაროდ უნდა
შეიარაღდეს,
             თორემ ინანებს.
მზად იყოს, როცა
დადგება ჟამი
             ფრთხილი, სათუთი,
გამოიყენოს
ყოველი წამი,
             ყოველი წუთი.

ჟამი ქვეყნების
გადაკეთების
             და დაცილების,
ახალ ბაზრების
და დაკვეთების
             განაწილების,
განაწილების,
თუ მომატების,
             აწევა მაღლა,
კოლონიების
და მანდატების
             რჩევა ხელახლა.

და გავლენათა
მათ სფეროების
             გარჩევა დინჯად,
გადაკეთება
მთელი დროების
             და გადასინჯვა.
შტატები ვერ სცნობს
ვინმე გადიას,
             ის კვალად ცამდე
ისევე იცავს
დემოკრატიას,
             როგორც იცავდა.

ამერიკა ვერ,
რაც უნდა გახდეს,
             იიჭვიანებს,
საჩქაროდ უნდა
შეიარაღდეს,
             თორემ ინანებს.
ჰიტლერი არ სცნობს
შორიშორობას,
             სიტყვებით ნაფერს
ითხოვს უფლებათ
თანასწორობას
             და სხვას არაფერს.

რომელი შტატი
და რა დევიზი?
             რომელი მტერი?
კოლონიები სურს
ჰქონდეს მისი -
             სხვა არაფერი.
მსოფლიომ აბა
როგორ არ იცის
             სხვა იმის მეტი -
რას ნიშნავს აზრი
ასეთი ფიცის,
             სიტყვა ასეთი!

და გერმანია,
როგორ გგონია,
             ქვეყნის გუგუნო,
მას წართმეული
ის კოლონია
             რომ დაუბრუნო,
რა ეღირება
ეს დაბრუნება?
             მრავალის მცნობის
ევროპამ კარგად
იცის ბუნება
             ასეთ დათმობის.

მაგრამ - მიეცი
იმ ეშმაკს თითი,
             გინდ ცერი მთელი,
მთელ ხელს წაგართმევს
ურცხვი ბანდიტი
             და სისხლისმსმელი.
მიეცი მხოლოდ
ამისი ნება,
             ხელთ მიეც ძაფი -
გადგას ფესვები: -
აღმოცენება
             იქნება სწრაფი.

აღმოცენდება
რაღაცა მეტი,
             რომ გასჭრის ნისლებს,
აღმოცენდება
რაღაც ისეთი,
             რაიც შეიძლებს,
კარგად შეიძლებს,
რომ ააფეთქოს,
             ან დასცეს დამბლა
და ბრიტანეთიც
ძირს დაახეთქოს
             მაღლიდან დაბლა.

სხვად იქნებოდა
ის თავის თავის
             უგონო მტერი,
თავისთვის მართლაც
მთხრელი საფლავის -
             სხვა არაფერი.
არა! ძირშივე,
ძირფესვიანად,
             შთასული ხაროს,
არა ნაწილით -
უნდა მთლიანად
             ამოითხაროს.

უნდა მოისპოს
თანდათან მზარდი,
             მშლელი ტოტების,
აყვავებული
ია და ვარდი
             ამ ბოროტების.
თითონვე ხომ არ
უნდა შეუწყო
             მიმშველებელი
ამ გადამთიელს,
საზიზღარს, უცხო
             მოქიშპეს ხელი?

დიდი ხანია
აზრი მრავალთა,
             ეს ყველამ იცის,
ეძებს სამისო
უფლებას, რათა
             მთელ დედამიწის
მთელ დედამიწის
სფეროს ეუფლოს...
             ეს ზღაპარია?
„ვით არ არჩევენ
უმცროსს და უფროსს?
             საოცარია“.

ერთა და ხალხთა
მიადგა ჩრდილოს
             და ეტანება -
თავის ბრძანებას
დაუმორჩილოს,
             თავის ბრძანებას!
ის სახმელეთო,
იგი საზღვაო
             გულია, ჯიბე.
პირველი, არა-
სასხვადასხვაო
             რამ სახელმწიფო.

ეხლა მსოფლიო
რომ გადაიწვას
             ჭიაკოკონით,
დადგა დრო და მან
უნდა დაიცვას
             მთელი ძალღონით
მდგომარეობა,
არგანსახრელი
             მისი მძლეობა,
გამოსადეგი
და ხელსაყრელი
             მდგომარეობა.

თქვენ ნახავთ, იგი
უჩვენებს ყველას,
             მოიხსენება,
რა ელფერი აქვს
მის ცისარტყელას
             და რა შვენება.
უჩვენებს რაა,
რას ემყარება,
             რას შეუშენებს
ერის ღირსება,
თავმოყვარება -
             ყველას უჩვენებს.

თვის სარგებლობის
დარაჯად მდგომი,
             არც ისე მრუდად,
მრავალი არის
საქმეთა მდომი,
             რომელიც მუდამ
დაამყარებდა
წონასწორობას
             მისთვის საჭიროს.
ისეთ ბურუსში
ხვევდა ევროპას,
             ვინ გააჩეროს?

ის არ უშვებდა
ვით ცბიერებას
             დღის დაზუსტებას:
ერთ სახელმწიფოს
გაძლიერებას,
             სხვის დასუსტებას:
წამშივე სხვებთან
ომში ჩარევდა
             ის ფიცხ ჭაბუკებს,
ასხვაფერებდა
და გადარევდა
             სასწრაფოდ რუქებს.

ერთხელ, როდესაც
მან დაინახა
             და გულს შეაკვდა,
რომ საფრანგეთის
ერმა კინაღამ,
             სულ ცოტა აკლდა -
ბურჟუაზიის
სცნო აღმავლობა
             და გაშლა სცადა,
მეორემ სწრაფად
გზა გადაღობა
             და შეიცხადა,

შესძრა ქვეყანა:
„ევროპა, აღსდექ,
             ევროპა, ჯარი!
ნაპოლეონი
შენს წინააღმდეგ
             მოდის აფთარი“.
და, აი, როცა
მან გაიმარჯვა,
             დასტოვა სხვები,
არვის დაუთმო
და მასვე დარჩა
             გაშლილი ზღვები.

სხვა ქვეყნები კი
მისი პირადი
             შეიქნა მტერი:
„ავაზაკია
ანუ პირატი
             ყოველი ერი“.
იგი იპყრობდა
ან ატყვევებდა
             უცხო ემბლემებს,
რასაც კი სადმე
მოიხელთებდა
             სავაჭრო გემებს.

ის მტერი იყო
სხვა ქვეყნის ფლოტის,
             უცხო კარავთა,
ავაზაკობას
და სიბოროტეს
             ის არც ფარავდა.
არა მარტო მტრის
ნეიტრალური
             ზვირთების კარად,
გემებისაკენ
თვალები, მგლური
             რჩებოდა მარად.

და როცა იყო
შესაძლებელი
             დრო განრისხების,
იმ გემებს სპობდა,
ვით ბელზებელი
             მსოფლიო ზღვების.
როცა საჭიროდ
დაინახავდა,
             როგორც ნალექთა
ჭუჭყს, ნავთსადგურებს
გადალახავდა
             და გადალეკდა.

გადალახავდა
სადგურებს, ვერფებს
             მედგარი ტერფი,
არ დაინდობდა
უცხოელ გერბებს
             იმ მხარის ღერბი.
ამაში ეხლაც
იმისი ძალა -
             მოტივტივეა -
არ გადუხარა,
არ შეიცვალა:
             ის იგივეა.

მასაც არ უნდა
უცხო გადია:
             თვისი ჰყავს, ჰყავდა.
შესძლებს დაიცვას
დემოკრატია,
             როგორც იცავდა.
გერმანია ვერ
დასადგურდება,
             აწ სხვა ხანია!
განადგურდება,
განადგურდება
             ის გერმანია!

პარიზის დაცლის
შვიდი დღის შემდეგ
             რა უნდა ეთქვა?
ფრანგს მოღალატემ
შესძახა: შესდექ!
             და იგიც შესდგა.
ო, ძაუგის ტყე,
მწარ მოსაგონი
             ხეების რიგი;
ტყე და ფიქრები
ძნელ-მოსაგონი,
             სწორედ იგივე.

ძაუგი ბედით
ნაცემ-ნატორი,
             ეხლა კი მშვიდი
აწ იყურება,
ისე, ვით ქორი,
             სხვაა ამინდი:
საბედისწერო
მან სულთათანად
             მწარედ ნაჩენი
მოასმინა და
გამოუტანა
             მტერს განაჩენი.

ის-ის იყო, რომ
ძაუგელებზე
             აღმართა ხელი,
რომ სამუდამოდ
მთლად დაბნელდა მზე
             მზე საყვარელი.
ეხლა თავისი
ძველი ჰანგებით
             ხსნილი ქარაგმით,
დამარცხებულნი
დგანან განგებით,
             დაღუპულ საქმით.

გრძნობენ, რას იტყვის
დღე ბედის წერის,
             ანუ რა სწადის?
მტერია, მაგრამ
ამგვარი მტერი?
             ნახეთ,  რას ჩადის!
როგორ მიენდო
ბედის პირობას:
             თავის გზა წყეულს
ის უწოდებდა
პირდაპირობას
             და არა ხვეულს.

უბრალო არა,
სიტყვა-მრავალი
             ძაუგის კითხვის
უცებ შესწყვიტა
მან შესავალი
             თავისი სიტყვის!
რომ სწორებით აქ,
შვენის ეს ველი,
             გამარჯვებით როს
მთლად გულმოკლული
სდგას გერმანელი,
             რომელიც ერთ დროს...

მაგრამ თუ ძაუგს
დაეწამება
             ვნება ურიცხვო,
თუ გერმანელი
ხალხის წამება
             ამით დაიწყო,
ვიტყვით, რომ ტანჯვა-
წამების თალხი,
             წვა ზედიზედა,
რაც შეიძლება
მიაყენო ხალხს -
             იწყო აქედან.

დიდი ქვეყნიდან,
რაც შეიძლება
             ძალთა გამოხდა,
შეურაცხყოფა
და დამცირება
             ამ ადგილს მოხდა.
დაიწყო, აი,
ამ ადგილიდან
             არა სიშორით,
ამ ძაუგიდან,
ტყის ამ ჩრდილიდან
             დაიწყო სწორედ.

და გამარჯვებათ
ჩასაბარებლად
             საამოდ ხდილით
ტყე აირჩიეს
მისაფარებლად,
             მშვენიერ ჩრდილით.
ისტორიული
ტყე, ძაუგის ტყე,
             სისხლით სოველი,
სად სხვაგვარია
თვითეული ხე,
             ბუჩქი ყოველი.

ეს არე-მარე
და ეს მიდამო
             დღის ასე ნათლის
მიმღებელია
ეს იმის გამო,
             რომე სიმართლის,
დიდი სიმართლის,
აღდგენის აქტით
             აწ არ საამოდ
მოგონებებით
განქრეს წყვდიადი
             სამარადჟამოდ.

მოგონებანი,
რომელთ დინება
             მტერს ალალ ბედათ,
უნდა ითქვას, რომ
არ ევლინება
             შარავანდედად.
ქართლის ცხოვრების
საგმირო გვერდად
             სხვაა გმირობა -
მტერთ ეს პირობა
ვერა სცნეს ერთად,
             მწარე პირობა!

ეს ხომ ძაუგის
ნელი სიოა.
             სთქვეს, რომ ეს წყობა
მძიმეა, მაგრამ
საპატიოა -
             რა გაეწყობა.
დაკმაყოფილდეს
აზრი რევანშის,
             სულ რომ ქანაობს,
დაკმაყოფილდეს
და თავის კანში
             სდგას გერმანია.

აგრე საშინლად
არ ესახება
             ამოდენ თუთქთან
მემორიალურ
დაფის აგება
             აქვე ძაუგთან.
დაფა - დაფაა.
წითელი დროშის,
             ვით ანარეკლი,
ძეგლი ააგონ
ამ მიდამოში,
             ასეთი ძეგლი!

მას აღაგებენ
დიად ადგილას,
             იქნას მაღალი,
რომე ძაუგის
ტყეს ყოველ დილას
             მოავლოს თვალი.
ძაუგი იგი
კვლავ შეეცდება:
             ის აღარა ბჭობს,
არ წააგებს მას
და არ შეცდება
             თუ უზრუნველჰყოფს.

შეუძლებლობას
ახალი ბრძოლის,
             არ ჩაეფლობა,
მოისპოს ცდების,
ყოველგვარ ქროლის
             შესაძლებლობა.
წარსულშიაც ხომ,
დიდი ხნის წინედ
             ასე ერთგულად
ამისვე იყო
მომეცადინე,
             მოსურნე გულით.

წვლილი გერმანელს,
თვით ამ ადგილას
             შეუტანია,
მისთვის, რომ ფეხზე
ვერასდროს დადგეს
             კვლავ გერმანია.
გერმანიამ რომ
შერცხვენის მისცა
             ძაუგს დემარში,
მისი დაცემა
რომ დაამტკიცა
             ევროპამ მაშინ.

სწორედ ძაუგთან
მრისხანემ, ავმა,
             მარჯვემ ავ-ენით,
თავისუფლების
სულთამხუთავმა
             რა გულისტკენით
წამოაძახა:
„ამ დღეს, ორმოცდა
             შვიდ წელს ველოდი...
თურმე რა ძნელი
ყოფილა მოცდა,
             როგორ ბნელოდა!“

ძაუგთან ქმნილი
მთელი ამბავი
              იყო იმისთვის,
რომ გაეჩეჩქვა
სრულიად თავი
             გერმანიისთვის!
მოხვდა თავსა და
მოხვდა ხერხემალს
             ისეთი წყრომა,
რომ ვერასოდეს
შესძლებოდა მას
             ფეხზე დადგომა!

ვერ შესძლებოდა.
დღეც გაუქრება
             და ინანებს ბევრს,
რომ ვერ შეეძლოს
კვლავ დამუქრება
             ისტორიულ მტერს.
იგი ძაუგი,
იგი ყისმათი,
             უგრეხდა სახეს,
ახსოვდეთ, სადაც
მათ მეტისმეტი
             მწარე დღე ნახეს;

რა გადამწყვეტი
დღე განიცადეს,
             მოემწყვდნენ ბადეს,
დიდხანს იგლოვეს,
ბევრი იცადეს,
             დიდხანს უცადეს.
იგლოვონ ისიც,
როგორ დაეცა,
თავს რისხვა ბედის!
იმპერიისთვის
დაბნელდა ზეცა
             ყოველ იმედის.

თვალწინ დაუდგეს
სხვა გარემოცვა
             მთელი ქვეყანის.
არმიის დიდი
ნაწილიც როცა
             ტყვედ წაიყვანეს.
და როგორ იქნა
ტყვედწაყვანილი,
             დაურიდებლად,
მთელი იმისი
ძალ-ღონე, მთელი
             ავლადიდებით...

თვალწინ დაუდგეს
მხარეს დატორილს
             დაფშვნილს ამრიგად,
ავანტიურისტ,
ბნელი ჰიტლერის
              მიერ სასტიკად.
ახსოვდეს თავის
მწუხარე ლოცვა
             ასე მგრძნობარი,
ბერლინის შიში
და გარემოცვა
             დაუნდობარი.

და როგორც მსხვერპლის
უხმო ტარიგის
             მიწაში შთარგვა,
დაკარგვა დაბა-
ქალაქთა რიგის,
             მძიმე დაკარგვა!
იმ სამწუხარო
დღეთა დინება
             ლტოლვით წყვილ-წყვილით,
მათი სირცხვილით,
დაგვირგვინება
             მწარე სირცხვილით.

იყო დრო, მათი
იმპერატორის,
             ბედმა ინება,
ვერსალის ბროლში
ვილჰელმ მეორის
             დაგვირგვინება.
დაგვირგვინება,
ეს იყო ლაქა,
             რომ იგრძნო გულმა
საფრანგეთმაც რომ
დიდხანს  ინახა
             დამარცხებულმა...

ვერსალში წინად
მეოცნებენი,
             ვით ხალხის მცველნი,
გვირგვინდებოდნენ
ფრანგთა მეფენი,
             აქ კი... ვილჰელმი!
აი, ვერსალის
ზღუდეთა ზედა
             სამფლობელოში
უნდოდათ, მხარე
რომ ჩაეჭედათ
             ჩიხში, ბნელოში.

და კოლონიად
აქცევენ მხოლოდ
             უხმოს, უენოს,
რომ გერმანიას
მოეღოს ბოლო
             და მოისვენოს,
რომლის უბადლო
მმართველად სჩანდა
             სასტიკი აზრი,
გამარჯვებული
იგი ანტანტა,
             ანტანტა მკაცრი.

როგორ დალევდა
გერმანიის სისხლს,
             როგორ მოსწყურდა;
სურდა ანტანტის
იმპერიალიზმს,
             ძლიერად სურდა.
ამაში იყო
მთელი სიძნელე,
             მთელი პათოსი,
თუნდაც ისეთის,
ვით არის სიბრძნე
             იმ კლემანსოსი.

განმეორების
სახით ერთობა
             ის ძველი შეხლა,
ბურჟუაზიის
ურთიერთობას
             შეხედეთ ეხლა!
და კომედია
ის განმეორდა,
             გუშინაც და დღეს.
მხოლოდ ერთ ადგილს
კი არ მოშორდა -
             კომპიენის ტყეს.

გზა არ თავდება
მსოფლიო ომის
             კიდითი კიდის,
ვით ისტორია
კაცობრიობის,
              უცდენლად მიდის.
ის ათასი წლით
მიმდინარეობს,
             იგი არ ცხრება.
შეხედავ - თითქო
მხარე მხარეობს
             და უცებ ჰქრება.

ნილოსის, ტიგრის,
ეფრატის ძირად,
             მის შემოგარეს,
ხმელთაშუა და
შავი ზღვის პირად
             მდებარე არეს,
აზიისა და
ევროპის ოდენ
             ლაღნი, ძლიერნი
ქვეყნად სდგებოდენ
და ეცემოდნენ
             ხალხნი და ერნი.

სახელმწიფოთა
დრონი ნაქებნი
             მიიჩქარიან.
იგი დაბები,
ის ქალაქები,
             აწ სად არიან?
ის ქალაქები,
რომლებიც იდგენ
             ლამაზი შიგნით,
კაცობრიობის
წარმოშობიდან
             კიდევ დიდი ხნით.

ამ წარმოშობის
სისხლიან გზაზე
             არ იხსენება,
სადაა მათი
ფერ-სილამაზე,
             მათი შვენება?
მხარით მხარეზე
ძარცვების გავლით,
             მონური შრომით,
კონტრიბუციით,
მრავალ ნადავლით
             სიმდიდრე-ომით

გადარჩა მოგვთა
და ფარაონთა,
             რომელი ჩარჩო?
იმ ქალაქთაგან,
ნეტა რა მოხდა,
             რომ არრა დარჩა?
სადღაა თუნდაც
აჩრდილი მისი,
             წარსულის მცველი,
ნეტავ სადაა
იგი მემფისი,
             მემფისი ძველი?

აუწერელი
მისი დიდება
             იარაღებით
სადაა, რისთვის
არ იჭვრიტება
             ძველი თაღებით?
უმშვენიერეს
იმის ნანგრევებს
             (სივრცეა ფართო)
ამაოდ ეძებთ...
კორდებს და ხევებს
             იპოვით მარტო.

მხოლოდ აქა-იქ
იზრდება პალმა
             კვლავ სამაისოდ,
დრო იმ ადგილებს
გამოესალმა -
             სამარადისოდ.
იმ სასახლეებს,
დიდებულ ტაძრებს,
             აგებულთ ბრწყინვად
ხსოვნა ვერასგზით
ვერ მოისაზრებს,
             რა იყო წინად.

იმ ბაბილონის
მიუდგომელი
             კედლების რიგით
დარჩა კედელი
ქვეყნად რომელი?
             სადაა იგი?
რა დარჩა ამ დიდ
ქალაქთა მკვიდრის
             შეხედვის ღირსად,
უანგარიშო,
ულევ სიმდიდრის
             და სიუხვისა?

მხოლოდ ზღაპრები.
არაბულ ზღაპრებს
             იკრებს მთა-ბარი,
კიდევ მრავალი
დრო მოისაფრებს -
             დარჩა ზღაპარი.
იქ, სად ყვაოდა
სიბრძნე უკვდავი
             გატაცებებით,
სად სჩქებდა ქვეყნის
სიცოცხლე-ზვავი
             მისი ვნებებით.

მისი ვნებებით
და მისწრაფებით,
             როგორც იარა,
აჩქარებითა
და აღქაფებით
             გადაიარა.
სადაც სიბრმავემ
ზე აიყვანა
             მთელი ვაება,
დაბეჩავება,
ჩაგვრის ქვეყანა,
             დამონავება,

მეფეთ სიხარბე
და უგონობა,
             სისხლის წყურვილი,
ისევ სიმდიდრე,
ისევ მონობა,
             ჟლეტის სურვილი.
იქ ეხლა შავი
მოსჩანს ხევები
             და უამურად
ქოხ-მახებია
და ნანგრევები
             მტვერი... ღამურა.

გამარჯვებულებს
მსვლელთ აგრე მარდად,
             მეუფეთ, წმინდანთ
რომ არა სჩანან,
რა დაემართათ,
             რა მოუვიდათ?
ვის ვასალებად
არიან ეხლა
             ქცეულნი ჩალად
ისინი, რომელთ
ომი და შეხლა
             ეწერათ ვალად?

რად არის დროთა
გამქრალი ვადა
             ჩადრით ფარული,
იგი შვენება,
იგი ტროადა
             ლეგენდარული?
რომელმაც თავის
შემდეგ დასტოვა
             მოთხრობათ ღვარი,
მოგონებანი
დიდნი და ხსოვნა
             გასაოცარი.

რა მოუვიდა
თუნდ ერთ კართაგანს -
             ძლიერს და ზვიადს,
რომის მოქიშპეს -
ამაყ კართაგენს?
             რომს, ბიზანტიას?
კვლავ იგი რომი
და ბიზანტია,
             დამცხრალი ლომი,
კაცთა ლამპარად
რად არ ანთია,
             სადაა რომი?

აღმოსავლეთს რომ
უძღვნიდა სალამს
             ამაყს, უდიერს,
რა მოუვიდა
იერუსალიმს,
             ოდესმე ძლიერს?
მოგონებები!
რამდენი მერე!
             გაჰქრა ხსოვნება,
სადღაა მხარეთ
სიმშვენიერე
             და აზროვნება?

და ტრაგედია
მიმდგარი წარსულს
             ან იმის ჩეროს
უახლოვდება
თავის დასასრულს
             საბედისწეროს.
მსოფლიო, ასე
ნაგები წყრომით
             მჭვრეტ წამწამებით,
ღარიბ-ღატაკთა
მონური შრომით
             და გაწამებით,

მდიდართა ქიშპით
და შეჯახებით
             ქვეყნად ნაგები,
ისევ ინგრევა
აცახცახებით
             ის ქალაქები.
კვლავ საშინელი
იმ აფეთქების
             ის ძველი ჟანგი,
ცეცხლის და სისხლის
ქებათა-ქებით
             მოისმის ჩანგი.

შეჯახების დროს,
რომელიც ვით ზიზღს,
             სულისკვეთებას
ხედავს მსოფლიო
იმპერიალიზმს,
             გათავხედებას,
ბურჟუაზიულ
წინსვლის სახელით
             უფრო მწარდება,
ომით, ნაცადით
და ხელდახელით
             მიემართება.

ძირს განერთხმება
ერთი მათგანი
             არა ძლიერი,
მას ქვეშ მოიტანს
ნგრევის ხათქანი
             და ნგრევის მტვერი.
და დაიკვლება
დანგრევის ხმაზე,
             როგორც ბატკანი,
ამ საკუთრების
მსვლელობის გზაზე
             ერთი მათგანი.

დღეს ვინ არ ამბობს,
რომ გერმანია
             არის ეს მხარე,
განწირულ იყო
დიდიხანია,
             მისი სიჩქარე.
ჰიტლერი ბჭობდა,
რომ ერთადერთი
             ხმა-შემპარავი,
განადგურდება
აქ საბჭოეთი
             და სხვა არავინ.

და გაუგონარ
ამ ომისაგან
             გადახრულ მთა-ველს
მხოლოდ სიმართლე
უჩვენებს მიზანს
             და გამოსავალს.
და ნორდკაპიდან
ვიდრე ესპანეთს
             გამოყოფილი
საზღვრამდე სივრცე
ექნეს სიმართლეს
             აწ დაპყრობილი.

მაგრამ თუ სხვა მტრის
სცემს გულის ცემა
             ისევე ფრთხილად,
და სულით მაინც
ის არ ეცემა
             ეგრე ადვილად,
ძველს პირატს,
მნახველს ბევრი დროების,
             და ბევრი ქარის,
თუ არ ეშინის
საშიშროების
             არავითარის.

ჩვენ არასოდეს
არ დავნებდებით
             ჩვენის ბუნებით,
ვიქნებით მარად
ამაყი გზნებით
             და დარწმუნებით.
და ვაღვიძებთ რა
სიცოცხლის ზოდებს,
             სიცოცხლეთ გროვას,
გამარჯვებისკენ
ჩვენ მოვუწოდებთ
             ერთ-იმავე დროს...

ჩვენ გულწრფელნი ვართ
ბოლომდის ასე
             კუნძულის იქით,
ოკეანეზე,
მიწაზე, ზღვაზე
             ყოველი რიგით.
მეგობრობისთვის
გვსურს თანასწორი
             მშვიდობის  დრონი,
რა კი არსებობს -
ქუჩა, მინდორი,
             აეროდრომი.

ზღვის ნაპირებით
და მთის ქედებით,
             ვრცელი ქედებით
ვეძახით მოძმეთ
თავგამეტებით,
             დაიმედებით.
ეს საყვარელი
ჩვენი ქვეყანა
             ბევრის მხედავი,
მუდამ ძლიერი
არ იყო განა
             და გამბედავი?

ქვეყანა ჩვენი
ჰგავს მიუდგომ კლდეს -
             დარჩება ასე,
მსგავსი რომლისა
არ არსებობს დღეს,
             დედამიწაზე.
განაგრძობს წინსვლას
დაცული ოდით,
             დღითა და ღამით,
არ დაფიქრდება
თუნდაც იოტით,
             თუნდ ერთი წამით.

მორჩენილ წყლულებს
მზე დაადგება
             ახალ იერით,
როცა ახალი
მხარე აღსდგება
             თვის სიძლიერით.
ის გაიმარჯვებს?
მას ეფერება
             ჟამი მედროვე,
სამართალი და
გონიერება
             თანამედროვე?

სამართლიანი
კაცთა გონება,
             საჭიროს, ვარგის,
გზით გაიმარჯვებს,
როს მოგონება
             რაიმე კარგის,
კი არ დარჩება,
პირ-სისხლიანი
             თანამგზავრებით,
დაუსრულებელ
და ეკლიანი
             ომთა ჯავრებით,

შიმშილებითა
და კრიზისებით
             კი ვერ ხსნის ჯაჭვებს,
უუფლებობით,
ერთზე მისევით
             კი არ იმარჯვებს,
ხალხთა ჩაგვრითა
და ერთა მტრობით
             კი არ აქვს ძალა,
იმპერიალიზმს,
აღსავსეს ომით
             მხარი ეცვალა.

საზიზღარ ფაშიზმს
მის დასასრული
             მალე გაუგეს,
მას ააფეთქებს,
ასე თავგასულს,
             გული ძაუგის,
ხალხთ მეგობრობის
და მშვიდობიან
             ზეცის და მიწის
შრომის სახელით,
ვინც კი მგრძნობია,
             ყოველმა იცის

ყველაფრით, რასაც
გვიქადის შრომის
             ჩვენის სიალე,
აფეთქებული,
იქნება ომი
             დღეს ანუ ხვალე.

ჩვენ ვდგევართ დროთა
გზაჯვარედინზე,
             არ ვტოვებთ ხალისს
და იმედით ვჭვრეტთ,
იმ მტრების ჯინზე,
             ბრწყინვალე ხვალეს.
თვალებში ვუცქერთ
მრავალზე მრავალს
             დიდებით მავალს
მშვენიერს, დიადს,
ნათელ მომავალს,
             იმ კარგ მომავალს!

[1941-1945]