შუალედი - დან - მდე
 
 


ათას ცხრაას ორმოცი წელი


I
არის ცხრაას
ორმოცი წლის
ახალისა დამდეგი.
ვიწყებთ ბაასს,
ჟღერს საათი -
ომის წინააღმდეგი.

მეორე დღეც
დგება წყნარი,
შემოქმედის ხალისი!
ჩადგა ქარი,
ბობოქარი,
დღეა უბრწყინვალესი.

ო, თბილისი,
სანაპირო
სწორი,
როგორც მიზანი!
სწრაფვანი და
მიღწევანი -
მრავალ ნათელ წლისანი...

დინჯზე დინჯი
თბილისელნი
სანაპიროს მიდიან.
ცაო, ხშირ-გზის ინისლები...
დღეს კი...
რა ამინდია!

აგრიალდა
მსწრაფლ სიმღერა!
გულით მღერენ,
ვიცანი!
აქ მტკვრის ტალღა
და, აგერაც,
სულ ორმოცი წლისანი.

„ო, მამულო!
აფოთლდება
ცვარით
მსხმოიარე ზვარი!
ო, მთაწმინდა!
როგორა ჟღერს
შენი მშვენიერი ქნარი!

დღეს თავის თავს
მთლად ეყუდნის
საქართველოს
მთა და ბარი!
ჩვენ
მეოცე საუკუნის
შემოვაღეთ დიდი კარი!
და ვთქვით:
„აჰა, სიცოცხლეო,
შენს საყვარელს
ვფიცავთ სახელს,
ჯერ არ გასულ
წლებს გილოცავთ
მზიურსა და
ცამდე მაღალს -
ჩვენ გილოცავთ
საუკუნის
მზეს, მშვიდობას
ახალთ-ახალს,
ჩვენ მეოცე საუკუნის
შემოვაღეთ დიდი კარი!

„ო, მამულო
საყვარელო!
ახლა გარეთა
თუ შიგნით,
ხმალის,
გუთნის,
გრდემლის,
ჩანგის,
სულის გულთან
გადაწიგნვით -
ჩვენ მოვედით,
მშვიდობის და
შრომის დიდებული წიგნით:
ჩვენ
მეოცე საუკუნის
შემოვაღეთ დიდი კარი!“

სანაპიროს
ედება როს
შვენება
იმ ლიანების
სივრცის, დროის
შერხევით ჭექს
ხმა ორმოცი წლიანების.

სანაპიროს
ჭადრების რტოს
ეხვევიან სიონი.
სანაპიროს
ახლოს -
არ-შორს
მოჩანს კავკასიონი.

II
ერთი წუთით!
სწორედ იმ წლის
გზაზე,
ჩემო მკითხველო,
ღელვა შემხვდა
შფოთიან დღის
ერთობ გაუკითხველი!

წასვლა მსურდა
სადმე მთაში:
ბუგიეთს ან ქვადევში,
ნაცვლად კი იმ
ხანობაში
მოვხვდი ნაძალადევში.

იყო ცხრაას
ორმოცი წლის
გაზაფხულის დამლევი.
რას ჰგავდა, რას,
ღრუბელი ცის
და სერი ნაკვამლევი!

წამოვიდა
ციდან თქეში
ჩქარი, ჯერ არ ნახული,
სამახსოვროდ სიცოცხლეში
დამრჩა ის გაზაფხული!

მოჰყვა სეტყვა,
შთაისმოდა
ხევ-ხუვებში დუღილი.
მთათა ხეთქვა გაისმოდა,
იყო ჭექა-ქუხილი.

ელვის სწრაფი მიმოხვევა
ჰხევდა ქედის სიშავეს,
ღელვის ქაფი,
მიწის რღვევა
ჰგავდა ქაჯთა სიავეს.

ღამენათევს,
წარღვნით გვემულს,
უპირებდა განკვეთას,
ნაძალადევს,
მთლად მიცემულს
ავდრის სასოწარკვეთას.

ქვებზე რბოდა
ნაქუჩებზე,
ჰქუხდა და ხარხარებდა;
მე მწვდებოდა,
კვლავ ქუჩებზე
გრგვინვით მიგრიალებდა!

რისხვით რეცხდა
ქვაფენილებს,
და სარდაფებს ავსებდა,
ბობოქრობდა
და თხრილებში
ზვირთებს ვერ ათავსებდა.

უზარმაზარ ქვებს ასწევდა,
როგორც კენჭებს ფრთიანებს,
გლეჯდა სახლ-კარს,
წააქცევდა
საგნებს, ადამიანებს.

მახსოვს მეტი,
უფრო მეტი
შემხვდა უბედურება,
კაცმა, ბედით განამეტმა,
ვთქვი ბუნების მდურება.

ნიაღვარმა მიანგრია
ნაფოტებად ბჭეები.
იქაც ჰყრია,
აქაც ჰყრია
ქვა-ლოდები, ხეები.

და ღვართქაფით
შესაზარით
დაიღუპა მრავალი
კაცი, ბინად
შენაფარი,
და ან გზად მიმავალი.

წყალმა ასე
შეჰქმნა ერა,
სხვა ამბები ჩაჰკეტა
და ზრუნვაზე შეაჩერა
ფიქრი მოქალაქეთა.

დავიწყებად
იქცა წამით
თვით ევროპის ხანძარი,
მისი ვნებით,
მისი შხამით
მიწას გააქვს ზანზარი.

ახლა ნახეთ
როგორ არის:
თუ აჩნია სიჩქარის
და უნდობარ
ნიაღვარის
რამე იმ არემარეს.

იმ ადგილზე
კვლავ ააგეს
სახლი, შვების მწყებელი.
დაუბრუნდა მოქალაქეს
სარჩო-საბადებელი.

გაქრა რღვევა,
გაქრა თავსხმა,
გაქრა უამიდობა,
გაქრა ომი
და თავდასხმა,
ჩამოვარდა მშვიდობა!

III
გარდავიდა
იგი ზვავი,
ჩემგან თქმული
შაირად.
მე რისთვის ვთქვი
ეს ამბავი?
მოგახსენოთ -
აი, რად:

მუდამ ასე,
ჩვენს თბილისში
ზაფხული რომ იწყება,
ბუნებასაც,
თითქო ნისლში,
არყევს თავდავიწყება.

ხან თავსხმაში
ძალას ხარჯავს,
ხან ჰხრის ქარის დაგება.
როგორც ქვაბში,
ისე ხარშავს
სიცხე-პაპანაქება.

მიყვარს მხნე
და ქარიანი
გაზაფხულის თბილისი,
მისთა დღეთა
ცა მზიანი,
მზერა უმახვილესი.

მიყვარს ხაზთა
მისთა კრთომა
და მსუბუქი ავდარი,
მისი ნაზი შემოდგომა,
მისი რბილი ზამთარი.

მე პატივს ვცემ
მოხუც თბილისს,
აგერ ძველი კედელიც,
ის მოწმეა გარდავლილის
ომის შეუწყვეტელის.

მიყვარს შრომა,
მხნედ რომ ადგას,
რაც ახალი ნერგია,
დაუცხრომლად
რომ აღადგენს
ნება და ენერგია.

მიწა - მედგრად
შეძახების,
ერთი ქალაქთაგანი,
სახელმწიფოთ
შეჯახების
და გათიშვის საგანი.

იგი - ათას ხუთასი წლის
თვლის
გატანილ ლელოებს,
უდიადეს
სიბრძნითა ცლის
ახალ სადღეგრძელოებს.

შორს კი,
ვით  ნიაღვრის რკალი,
მძიმე დროის გასავლელს,
სისხლიანი
ქარიშხალი
მოსდებია დასავლეთს.

სურთ წაშალონ
კაცთ სამშობლო,
ჩაითრიონ მსოფლიო,
გააცალონ
საამსოფლო,
შეჰქმნან საიმსოფლიო.

დღე ცივ გრძნობას
შეხვდებოდა,
ისე, როგორც მტერი-მტერს,
ცნობას-ცნობა,
მღელვარება -
ჰავასსა და რეიტერს.

ცეცხლის მდომი იხრებოდა
ბნელი,
პირმომცინარე.
იყო ომი,
იღვრებოდა
კაცთა სისხლის მდინარე.

ესა და ეს
შეხვდა ნაღმებს
გემები და ნავები,
ესა და ეს
ჩამოაგდეს
მაღლით თვითმფრინავები,

ესა და ეს
ობიექტი
დაინგრა ან დაიწვა,
და ყოველ დღეს
თუ ვინ მეტი
გულგრილობა დაიცვა...

ვით ატალღდა
მოძრაობად
შინაური, გარეშე.
ასე იყო
მთავრობათა
ცნობა და ანგარიში.

 IV
არასოდეს
არ ყოფილა
ახალ ამბის წყურვილი,
იმნაირად
ულმობელი
და ამოუწურველი.

დახარბებულს
ახალ თქმაში
თვალს ხვდებოდა გაზეთი
რა დრო იყო,
რა ხაფანგში
მოექცა საფრანგეთი!

ისწორებდა
პენსნეს ქალი,
ხელთ მარაო ტყდებოდა,
ვერ სწყდებოდა
გაზეთს თვალი,
სტრიქონს მისცეცებოდა.

შეიცნობდა
ომის ამბებს
და, ნიშნად გაბრაზების,
იტყოდა: „ეჰ,
რაღა დარჩათ?
ჰიპნოზია ფრაზების“.

მოწოდება
ფრანგთა: „დროით
ყველამ ვცადოთ საცდელი.
დიდი არის
საფრანგეთის
ტანჯვა და განსაცდელი“.

რეინო კი
გაიძახდა:
„ვერ ავცდეთ ამ საწყაულს.
გადარჩენა საფრანგეთის
ძალუძს მხოლოდ სასწაულს“.

ხალხთან, რომლის
მღელვარება
არც ღმერთსა ცნობს,
არც ხატებს,
ვინ არის, რომ
სასწაულებს
ცინიკურად აცხადებს?

სასწაული ვერ დახატე,
ბარემ სთქვი, შესაფერი -
ხარ სამშობლოს მოღალატე!
მორჩა, სხვა არაფერი!

რა უჭრიდა გერმანიას
ზღვისკენ გადასავალ გზას...
ამნაირად გაიძახდა
ზოგი რას და ზოგი რას.


V
მახსოვს: ვიდექ
ვერის ხიდზე,
ქვეშ ტალღები გრგვინავდა,
ზვირთის ზვირთზე დაჯახებით
მტკვარი შორს მიფრინავდა.

ღრუბელი მთით
მიმოსწორდა,
ჰორიზონტზე დაგროვდა.
მერცხალი ფრთით
წყალს მოშორდა
და კვლავ მიუახლოვდა.

შრიალებდა.
ახლომდგარი
მცენარეთა არშია:
ბეღურების ურცხვი ჯარი,
ხედავთ, რა ამბავშია?

ვგრძნობდი,
შორს, შორს
მეტად რთული
ბედისწერა ცურავდა.
ვერავითარ „სასწაულით“
მსხვერპლს ვერ ამოსწურავდა.

ჩადრმოსხმული შორი ქედი,
მკრთალი მთა და ჰაერი,
ჯადოსნური ვარსკვლავედი
ძვირფას ქვათა ნაირი.

საყურით და
ყელსაკიდით
ჩნდა თბილისის კალთები.
მბზინავ ზვირთთა
კიდით-კიდით
ელავდნენ ასფალტები.

მზით შეთეთრდა
გზა ყოველი
შუაგულ და კიდეზე.
შეჩერდა რა
უცხოელი
მოგზაური ჩვენს ხიდზე.

სთქვა: თუ
მდაღავს გზა ნაქები
ბრილიანტის რიდესი,
მე მინახავს ქალაქები
მცირე და უდიდესი,

ქალაქი არ შემხვედრია
ცეცხლით უმახვილესით,
იმნაირად
რომ ბრწყინავდეს,
როგორც ბრწყინავს
თბილისი!

ის, ხიდიდან, არის ახალ
ყოფნის შარავანდედი,
მტკვრის კიდიდან ადის მაღლა
მოელვარე ბადეთი

მთაწმინდაზე,
და იქიდან
სხივებს
გადმოაზღვავებს...
თან უნაზეს სიმაღლიდან
შეერევა ვარსკვლავებს!

მზერად ქმნილი
კაცი ამბობს:
ბრწყინავს დედაქალაქი!
მის მარჯვენას გაუმარჯოს,
ვინც  დაგვდო ეს ამაგი!

VI
შემდეგ მტკვარი,
მთა და ველი
შუაღამემ დაჰფერა
და მთა-ბარი
ძველისძველი
მაინც ვერ დააბერა.

ციხის შავი სილუეტი
ღამის შორ
სიბნელიდან,
უამრავთა
წელთა მკვეთი,
თითქო დევის ხვრელიდან

მცნობი დღეთა
ნამეტანი
წვისა და გულისძგერის -
მოგონებით სევდიანი
დაფიქრებით მიცქერის...

იყო ნგრევა,
სწორედ ეს ის
იყო გზაჯვარედინი -
აწ ჩვენ ვდგევართ
უკეთესის
ბედის მოიმედენი.

დაგვაკისრა ისტორიამ
ვალად ხალხის მცველობა,
რომ წარვმართოთ
სწორზე სწორი
გზით იმისი მსვლელობა.

და სიფხიზლე
გვმართებს მარად,
ვწვდეთ მტრის გავერაგებას,
გველურ სიბრძნის, -
ყოველგვარად
შევეცდებით გაგებას.

ვთქვი: მოვა დრო,
ქიშპის საგანს,
მედგრად და თავდადებით,
მოსულს საუკუნეთაგან
წარსულს გავუმკლავდებით!

მთელი კაცობრიობისა
სამართლიან ძახილით,
ჩვენი აწმყოს
შეცნობისა
და მომავლის სახელით.

გაიშალა,
აიწურა
მათი გამოგონება,
მათი ძალა
და კულტურა,
სმენა და გაგონება.

ფრენა ლაღი,
ბრუნვა ჩარხთა,
ბედზე შხამის სხურების,
იარაღი გახდა ხალხთა,
ერთა განადგურების.

ჩვენ კი შვება
გვსურდა დღისა,
უპირველეს ყოველის,
მძლე უფლება
სიცოცხლისა,
სიხარულის მთოველის!

ო, უფლება
მზიან ნების,
ყოფნის, ბედნიერების,
რაც კაცს აადამიანებს,
რაც ნატვრაა ერების!

VII
წყნარი, ოცდაცხრა
მაისის
იშვიათი საღამო.
გამოცდის დღე
ფლანდრიისა
ცხარე ომების გამო.

მოხდა რაღაც
სამარცხვინო,
ლაქა შავად სხმულია.
ნუთუ საფრანგეთის ბედი
წყდება,
გარდასულია?

მტერი მისი
სტოვებს სანგრებს,
მიდის,
სულ წინ მიიწევს.
ელვისებურ დარტყმით ანგრევს
ყოველ ციხე-სიმტკიცეს.

მიდის,
გზას სისხლითა ჰქარგავს,
ებრძვის კაცს და ბუნებას,
სიცოცხლეებს
ფერფლებრ ჰფანტავს,
თესავს განადგურებას!

თავგადაკვლით,
ერთი გზისგან
კვლავ მეორე გზისაკენ -
„დაუძინებელი
მტრისკენ“
იწევს - ინგლისისაკენ.

მიწა
დიდმა ბრიტანეთმა
ოქროს ჯაჭვით შებორკა.
და, ურიდმა, უფრო მეტმა,
ზღვები რკალით შემორგა.

მასთან შეჯახებით ცუდად
წყდება მხარე მხარეზე.
დღემდე ვერვინ შეუზღუდა
სივრცე და ასპარეზი.

ვერვინ ვერა
დააკლო-რა,
ასე რა ემართება...
მაღლით მზერა...
შორით-შორა
მიდის, მიემართება.

მთლიანობას
მისას ყმობენ,
თრთიან სახელმწიფონი,
და თითქოს მას
დარაჯობენ,
ვით სასახლეს გრიფონნი.

არა მეტად,
არა მეტის,
არა შორეულისთვის -
ცხარობს ბრიტანეთი,
მხოლოდ -
კაპიტალის გულისთვის!

ამნაირ დღეს მეორე დღე
მისდევს ისარივითა,
არც გადუხვევს
და რიგი დღეს
საფრანგეთზე მივიდა.

მოდიოდა ზვავზე ზვავი,
გრიალებდა ტყეზე ტყე;
ყველას გვახსოვს ეს ამბავი,
როგორც გუშინდელი დღე...

ჯარნი შლილნი,
ცეცხლთ-მიმტანნი,
წყდებოდნენ,
კვლავ ჩნდებოდნენ,
ჯარნი მილიონიანნი
ერთურთს ეჯახებოდნენ.

ცაზე ღვარნი
იდგნენ ავნი
და იქ მღვრიედ ღვიოდნენ,
ფრთა დამწვარნი
თვითმფრინავნი
ფოთლებივით ცვიოდნენ.

ქალაქების, ფაბრიკების,
გზების, ნავთსადგურების -
დარჩა ფერფლი,
დარჩა ძვლები,
ჩონჩხი განადგურების.

ღველფი
მღელვარებდა ხანძრის,
მძაფრის, შეუნელების -
თვით შორეულ
ადგილთ გასწვრივ -
ლანდი საშინელების.

ყოველ გზისად,
ყოველ გრძნობით,
ყოვლად ბრმა სიძულვილით,
გადაწვისა და მკვლელობის
ერთადერთი სურვილით,

ჯერ არნახულ
სამსალების
ყვითლად გამოალებით, -
გამოსჭვრეტდა დასავლეთი
უმკაცრესი თვალებით.

მოსახლეთა
ჩნდა უსაზღვრო
სასოწარკვეთილება -
მშვიდობიან
მცხოვრებთ გროვა
მშობლიურ სახლს ცილდება.

ფრანგთა ჩრდილო
გავდა ქაოსს
ისეც არა მდიდარი,
სტოვებდა სახლს,
სამუშაოს
და ძონძების მზიდარი

გარბოდა შორს,
სიღრმისაკენ,
სწრაფი ტყვიის ყმობიდან -
ახალ უბედურებისკენ
ძველი უბედობიდან.

ოხვრამ მუნჯმა,
უნიათომ
და ღრმა სასოწარკვეთამ
განწირული გული მათი
ჩაჭედა და ჩაჰკეტა.

ლტოლვით რბოდა
ბედის ეტლი
და არ ჰქონდა საზღვარი...
და იძვროდა
შეუწყვეტლივ
მილიონთ ნიაღვარი.

ვინ მიხედავს
ხელგანაშვებს,
ცხოვრებაში უგეშებს,
დაობლებულ
იმათ ბავშვებს?
ბავშვებს ვინ ანუგეშებს?

ვინ მიხედავს, ვინ,
იმჟამად
ომში ხელფეხმოწყვეტილთ,
ერთხელა და
სამუდამოდ
შრომის კერას მოწყვეტილთ?

გესმის, პროლეტარიატო,
ეს ხმა სასოწარმკვეთი?
ეს კითხვაა
მარტოდ მარტო
შენი გადასაწყვეტი!

VIII
იმ წელს, მახსოვს,
პირველ ივნისს
მზე ბრწყინავდა ძლიერი.
ცა მტრედისფერ
სიხალისით
ელავდა, მშვენიერი.

განიავდა
და გათავდა
წვიმიანი მაისი.
აქეთ ნუში,
იქეთ ფშატა -
ასე უსიამესი.

თაფლოვანი
სურნელება
ქარს დაჰქონდა ხეების,
სჩანდა ალვა -
მოჩვენება
შორი ყრმობის დღეების.

გაჟრჟოლება
იყო რბილის,
ვერცხლისფერი ფოთოლის,
ასე მიჯრად
მიწყობილის,
ასე უცხოდ ტოლ-ტოლის...

ამო იყო
ხილვად მთები,
ნორჩი,
ნათელ სიმწვანის,
ფერით ჩანდნენ კიდეები
მიწის სივრცე-სიგანის.

ვგრძნობდი,
როგორ მოირთო და
მოიკაზმა თბილისი.
სამოსელი
ჰქროდა რტოთა
ნათელი, ლილისფერი.

თავისუფლად
და მსუბუქად
სუნთქავს ადამიანი,
მას სიცოცხლე
ჰსურს მზის შუქად
და არა შხამიანი.

მდინარეზე
რაოდენი
მიმოფრენდნენ მერცხლები.
მოხდენილი
ჰქონდათ ფრენა
ჰაერში ნავერცხლები.

უხაროდათ...
მერცხლებს უყვართ
მზე, თამამი თარეში,
განათლების,
გულთ სიუხვის
და მშვიდობის მხარეში.

ეჰ, მერცხლებო -
ვთქვი - ამოა
თქვენი ფრენა ხმოვანი!
გასწით, სადაც
ხმელთაშუა
ზღვაა ლაჟვარდოვანი;

სად იზრდება
უეჭველი
ხუთვა ოკეანეთი...
სად დიდება
და ნათელი
ჰქრება დიდ-ბრიტანეთის!

დაინახეთ
მის ზღვის პირებს
გაწვდენილი, ვით ლარი -
რას უპირებს,
რას უპირებს
ამერიკის დოლარი!

IX
იმ დღეს სიო
ჰქროდა გრილი,
განცხრა წვიმის ებანი.
ჰაერს წვიმით
განბანილი
სძრავდნენ აღტაცებანი.

ბალახიც კი
ჩნდა ძლიერი.
გლეხი გლეხს ეუბნება:
- წელს უხვი და
ბედნიერი
მოსავალი გვექნება.

ხეხილის ბაღს
ყვავილების
ჩამოცვივდა სურნელი,
თეთრისა და
ვარდისფერის
მოსცდა მოსაბურველი.

მალე თაღი აიშლება
მუხისა და წიფელის,
სურნელოვან
ვაშლებისა,
ატმის, ლოყაწითელის.

ნაწვიმარზე
მტკვარი ამ დროს
ისე არ ადიდდება,
რომ ნაპირებს არ ეკვეთოს
გაზაფხულის დიდება.

მხიარული
მხოლოდ მისგან,
რომ ვერ ანგრევს ნაპირებს,
მტკვარი ისევ კასპიისკენ
ტალღებს უპირდაპირებს...

მაინც მტკვარი
თვინიერი
ძველებურად ურჩია.
იმ ადგილს კი,
სად ძლიერი
ახალ ხიდის ბურჯია,

წამს მშვიდდება,
იბადება
ახლად,
როს მზე ეცრება:
მასში ზეცა იხატება,
შუქი გადეზეწრება.

მტკვარში იმ ცის
სილაჟვარდის
ვრცელი სიღრმე-ზღურბლებით
მიცურავენ, ფრთადიადი
დენით, დინჯი ღრუბლები.

სუფთაა და გამჭირვალი
დღენი ივანობისთვის.
ირხევიან ხეთა ტანი
მზის ქვეშ,
წყნარი გრძნობისთვის.

ყვავილებთან
სულით, გულით
კისკისებენ ბავშვები,
მათ ახალი გაზაფხული
შუქით ეთამაშება.

იქვე
მოუბარნი დინჯად
ისვენებენ უფროსნი,
სხვაგვარია
ენა, სინჯვა
მათი სასაუბროსი.

X
სასახლის და
კოტეჯების,
მშვენიერი ვილების,
ოქროს, ფარჩის,
ავეჯების,
იშვიათ ქსოვილების

მეპატრონე,
როგორც ხელი,
პარლამენტში ხმაურობს
მისთვის
დედამიწა მთელი
ვარდებით მოგზაურობს!

მთელი მხარე
მით სხვადასხვად
შექმნილია ძიებად,
რძის ფერმებად,
თუთუნის წვად,
ბამბის პლანტაციებად.

ვაჟბატონი
არც შიშშია,
არ ყოვნდება,
არ იცდის...
ცივად მოანგარიშეა
გული კაპიტალისტის!

ახალ ქვეყნებს
ყველგან ხედავს,
მიწა რბენით მოლია,
სურს ხელთ იგდოს
სიმდიდრეთა
მთელი მონოპოლია.

ანგარიშთა
მათთა ნაშთი
სულ ყოველთვის ომია.
არ იქნება მისად არ ჩნდეს,
რაც ხელმისაწვდომია.

მტრობის ალმურს
იქითკენ ძრავს,
სადაც ის ეგულება,
რაც ხელს უშლის,
რაც მის  მომსპობ
ძალებს ეერთგულება.

ვაჟბატონი
არც შიშშია,
არ ყოვნდება,
არ იცდის...
ცივად მოანგარიშეა
გული კაპიტალისტის.

 XI
კაცთა
უუბოროტესთა
აზრი ვინ არ იცოდა
იმ ხანაშიც კი,
როდესაც
რაიხსტაგი იწოდა!

აზრი საქმედ
თუმც აქციეს,
მაგრამ განა ცხადია -
ბრიტანეთის
რეაქციას
რა სურს,
ან რა სწადია?

და მეორე
საზარ ომის
ქვეყნად გამჩაღებელი,
რომელია
მისაწვდომის
კარების გამღებელი?

ან ინგლისელთ,
იმ „უბირებს“,
არა ჰყავთ მზვერავები,
არა გრძნობდენ
რას უპირებს
მათ ჰიტლერის სვავები?

და არ იცის,
თუ რა ხვდება
ამერიკის მთავრობას,
ან როდესაც ემზადება,
სად აპირებს მგზავრობას?

ან ვით ახსნი
ახლა სიზმარს
ინგლისის და სხვებისას,
თვალთმაქცობას
ამ საზიზღარ
მიეთ-მოეთებისას.

ან, იქნება, ინგლისისგან
გერმანიის წურბლები
აღმოსავლეთ
ქვეყნებისკენ
მოქმედების უფლებით

აღჭურვილან
აწ სრულიად.
და, იქნება,
ვინ იცის -
პაქტიც კი დადებულია
გერმანია-ინგლისის!

რაა ჰიტლერს
სხვა გზისაკენ
მისცეს ის მიმდევრობა,
რათა კომუნიზმისაგან
„დაიფაროს“ ევროპა!

იქნებ გზა-დაბნეულობა
უშლის ჰიტლერს
უცადოს...
და მსოფლიოს
დაუნდობლად
ომი გამოუცხადოს?

ან იქნება -
არა ხვალა,
არამედ დღეს, სწორედ დღეს
სწყვეტენ საკითხს,
კვალდაკვალა,
სად ვინ შეიარაღდეს!

და არა ხვალ,
არამედ დღეს,
შეიძლება, განკითხვის
მსოფლიოსი
დღეს გადაწყდეს
დიდი ომის საკითხი?

სად ზის
კაპიტალი ზევსად,
გულის ნაცვლად ფულია,
ხრიკი ძალად
უმაღლესად
აღიარებულია.

ჩვენი გზა კი
ამა ხანად
დარია, არ ავდარი,
რამაც მტერსა
და მუხანათს
აურია დავთარი!

არეული ის საქმენი
შიშით მოცულ პარიზის,
ყველაფერში
გამოქნილმა
დელადიემ არ იცის?

XII
მთა სიმკაცრით
საამოთი,
ყაზბეგი სიმშვიდითა
თვალს იტაცებს
საღამოთი
ვერის ძველი ხიდიდან.

ფერთ ცვალებას
იგრძნობდა ხე,
შებინდების ნაირი,
აჰა, შეკრთა ნათელი დღე
და შეირხა ჰაერი.

ამოვარდა ისევ ქარი,
გუგუნით
და გრიალით,
შეარყია არემარე,
ხეთა ორომტრიალით.

ქარი, ქარი!..
გაიძაფა
მტკვარი ხვეულ ზვირთებით,
შიშით მიწას გაენაბა
ბალახები, კვირტები...

თვალწინ ლანდი
აღიმართა
მეომრის უშორესის.
ბევრ მეომრის
სპეტაკის და
დიადის უსწორესის -

მეომარის,
ვისაც წმინდა
შუქი ანთებს მთიების,
მეომარის,
მოკლულის და
ჯერაც შურ უძიების.

მოვუწოდებ
ცოცხალთ: „აღსდეგ,
მხარე ავამოქმედოთ,
იმ ვეშაპის წინააღმდეგ,
ჰორიზონტს რომ მოედო!

იგი ბორგავს,
ის წინ გვისწრებს,
თვალთ კვდომა არ უქრება.
ჩვენ დავამსხვრევთ
მეხთა ისრებს,
ციდან რომ გვემუქრება.

რომ ზემსვლელი
დავსცეთ კორდით
ომის საშინელება,
რომ ომითვე
გავუსწორდეთ
ომის ციებ-ცხელებას.

ჩვენ დავხვდებით,
ჩვენი ფრონტი
საზღვრებს მაგრად
ჩაჰკეტავს,
როგორც კი ჩვენ ჰორიზონტზე
გამოჩენას გაბედავს“.

„არის რწმენა!
ყველა ჩვენი
ცოცხლობს იდეალები,
ომმა ის ვერ ჩაასვენა,
ვერ ამოსწვა თვალები!

ქარი ჩადგა,
ღრუბელთ გროვა
მაღლა-მაღლა მიჰქანდა
და ლივლივით
ლაჟვარდოვან
ცაზე მიმოიფანტა.

ვჭვრეტდი არეს,
სად ვარდებით
დასავლეთი ღვიოდა,
აფეთქების ფერადებით
მთებში მზე ჩადიოდა.

და მის სხივთა
ანარეკლით,
მეწამული ნათელით,
იდგა მტკვრის პირს
თეთრი ძეგლი,
შუქთა კორიანტელით.

სახე მშვიდობისა,
ძალის, სიმტკიცის,
ძლიერების,
ჩვენი დიდი მომავალის,
რწმენის,  გულდაჯერების.

და ეს რწმენა
მაღალთ მაღლის,
იდეების ჟინია,
როს ვეფხვი ხარ
და მომავლის,
გჯერა, არ გეშინია.

XIII
ჟღერს საათი,
იწყებს ბაასს
ხმა მგზნებარე და მძლევი:
მოვა ცხრაას ორმოცდაათ
წლის მგზნებარე დამლევი!

ველი: გაჩნდეს ამიერით
ხმა ძლიერზე ძლიერი,
მაისის ხმა, მშვენიერი,
ხმა მსოფლიოს მიერი!

ის ისმოდეს
მთელ მილეთის
ღამეებში თუ დღეში,
ის ისმოდეს ამ პლანეტის
ყველაზე შორ კუთხეში!

იქნებ იგი,
ხმა ძმობისა
და სიმტკიცის მსახველი,
გავარდეს შორს,
ვით მშვიდობის
მომხრეების ძახილი.

სწორისათვის
გმირთა თანა,
ერთიან მზის ქროლვისთვის
წინ იწევდეს ეს ქვეყანა
დიდ მშვიდობის
ბრძოლისთვის!

მუშის მკლავს და
გრდემლს არ სძინავს,
არტისტი თუ მწერალი
იქ მიილტვის,
სადაც ბრწყინავს
სამშვიდობო მწვერვალი!

მე იმ ქვეყნის
მხნე ვარ შვილი,
ვინც საბჭოთა იერის
მარად გმირულ
და ბედნიერ
მღელვარებით იმღერის!

სამშობლოსთან,
დღეს ხელახლა
დიდ შრომაში ჩაბმულთან,
ერთად მე ხმას ავიმაღლებ,
რომ ძველი გზა
დასრულდა!

საქართველოც მგზნებარებით
ძმურ ერებთან მსვლელია,
მშვენიერი მისი ღერბი
პირველთ შორის სწერია.

დიად გრძნობას
დღეს იცავს ის,
იგი იცავს
ხალხთ ძმობას.
სულ საერთო საქმისათვის -
სიცოცხლეს და მშვიდობას!

დიდ მშვიდობას
სივრცით, რიცხვით,
ჩვენ ვიცავდით ზიარად -
ოქტომბერში
ოდეს რისხვით
ხელთ ვიღებდით იარაღს!

მძლედ შემხვედრნი
ქვეყნის მტერთა
(ყოველ მხარეს უწყოდნენ)
თვით ლენინი
და სტალინი
ჩვენს არმიას უძღოდნენ.

რაღა დარჩა
იმა მტრისგან!
დიდი არის ეს გარჯა!
ძველი დროის მონობისგან
საქართველოც გადარჩა.

აღმოსავლით
შუქი ალობს,
გაქრა ღამის წყვდიადი,
და იშლება გენიალურ
გეგმების გზა დიადი.

იქ დამდგარა
წყობისათვის
ქალაქი და სოფელი -
სადაცა დგას
ახალ ქვეყნის
ფოლადის მხნე მწრთობელი.

ჭაბუკი თუ ასულია -
შეედრება რომელი,
როცა ველად გასულია
კოლმეურნე, მშრომელი.

და ვამაყობთ
იმ შეგნებით -
მარად ფარად ვექნებით,
მშენებლობის დიადი და
უბრწყინვალეს გეგმებით!

და იქნება
მხარის ჩვენის,
ქარხნებისა და ზვრების,
მტერმა უცხომ
ხელუხლების
დარღვევა სთქვას საზღვრების.

მომხვდურს ჭკუა შეასწავლონ:
ბევრი მტერი დასძალეს.
ეს ახსოვდეს
აღმოსავლეთს,
სამხრეთსა და
დასავლეთს!

XIV
კვლავ დავიცავთ
კიდით კიდე,
სიკვდილამდე საფიცარს,
ჩვენს მშობლიურს,
ჩვენს უწმინდესს
და საყვარელ ჩვენს მიწას!

რა ძალნი არ
მიილიონ,
მაინც მრავალ მილიონ
კაცთა აზრი
ვერა სძლიონ,
ძალა ვერ დაგვილიონ!

ვით ზღაპრული შემოქმედი,
ტიტანი და იმედი,
გამაგრდება,
ამაღლდება,
აყვავდება ჩინეთი!

მე შორს ვხედავ -
რა ძვრებია,
რა ძალაა,
რა ხმები!
ეს - ახალი ქვეყნებია,
ბედნიერი ქვეყნები!
მშვიდობის მზეს,
ვისაცა სწამს,
ყოველ წუთს და ყოველ წამს
გმირთა გმირი
კვლავ დაიცავს,
ვით იცავდა მარადჟამს!
აწ ხანაა
სხვა გზებისა,
ახალ დროის მოგების,
აქ დარაჯად დადგებიან
მშრომელები დოკების!
გაუჩენენ უნდობარებს
მწვავე ცეცხლს და იარას,
ზღვის უფსკრული გადაფარავს
აგრესორთა იარაღს!
მთელ ქვეყანას
სავაგლახო
ხმა მოედოს დედების,
მათ არა სურთ თვალით ნახონ
შვილთა მათთა ცხედრები!
სამშვიდობო იწევს გემი,
აქ სიფხიზლით დგას ჩემი
მზე ქვეყანა,
მზე სხივთმცემი,
მზე სამშობლო,
ედემი!

უძლეველი,
უანგარო,
ურყევი და
გზა ხშირი,
სულით მძლავრი,
მკერდმაგარი
დგას საბჭოთა კავშირი!

მე თავისთავს
საქართველოს
მგოსნად ვით არ ვრაცხვიდე?
მე შვილი ვარ საბჭოეთის
და ხმამაღლა ვაცხადებ:

რომ ერთობით,
სიმტკიცითა,
ერთის ხმითა და ფიცით
ყაჩაღების
ბნელ ურდოებს
რბევის ნებას არ მივცემთ!

ჩვენ არ მივცემთ
თავის დღეში
ნებას,
ვიდრე გვაქვს გრძნობა,
ახალ ომის უფსკრულებში
ჩასჭრან კაცობრიობა!
                        
1940