შუალედი - დან - მდე
 
 


ოთხი დღე


1939, 1-2 ენკენისთვე

ვით არ ვადიდო
              სიფხიზლე! ვიწყებ...
ვიწყებ ამ დღეთა
             მოთხრობათ წერას.
მხარზე გადიდო
             ზაფხულის სიცხემ
ხურჯინი. მცხეთას,
             დიდუბეს, ვერას
ჩასცდა. მის ბნედას
             ვერ დავივიწყებ!
აკლია წვდომა
             მის დამწველ მზერას,
ის უდგას კრთომას
             სიახლოვითა -
და შემოდგომაც,
             აჰა, მოვიდა!

დასავლეთიდან
             უბერავს ქარი,
არა ძლიერი,
             არამედ სუსტი.
მაღალ ქედიდან
             მოისმის წყნარი
ხმა მისმიერი:
             ახლოა, ვუცდი...
„მოჰქრი როდიდან?“ -
             კითხულობს მტკვარი.
ხმა მაგიერი
             ამბობს: „მოვხუცდი.
სამოსახლოა,
             ვარდების ნდომა,
მეტად ახლოა
             ეს შემოდგომა“.

და ქარი კვალად
             განაგრძობს: „წვიმა
თითქო ურევდა:
             და იწყო გრძნება.
არა ტკბილ ნანად
             დარეკა სიმმა,
რომ სხვათა დღეთა
             წინაა  წყება.
დანციგი შეკრთა -
             აიღო იმან,
ვინც ბობოქრებდა,
             ვინაც არ ცხრება.
დანციგი იგი -
             ამბობს ხმა ქარის -
იყო დანციგი,
             და აღარ არის!
ვიყავ - ამბობს ის -
             ქვეყანას მრავალს,
ახლა გეზი ის
             სამხრეთით მიდის,
სად სილეზიის
             მშვენიერ ჰავას,
ამ შემოდგომის
             ჰხურავს ამინდი.
იქ ღელვა არ სცდის
             მოპყრობას თავაზს,
წინანდელი დღის
             რა შერჩა სინდისს?
მთები ტიტველი,
             ალვათა ტყდომა.
რა გამყიდველი
             ხარ, შემოდგომა!

ო, შემოდგომა
             იქნება ცხარე,
მას სხვანაირი
             მოელის რთველი.
შეაკრთო ომმა
             მრავალი მხარე,
შეცვლილ ჰაერის
             წვიმებით სველი.
აატალახა
             საზღვრების არე,
და გადალახა
             საზღვრები ძველი.
„რაა საზღვარი? -
             ქაღალდთ ნაფლეთი“ -
ასე, ამგვარად
             სთვლის დასავლეთი.

ჩვენგან შორს ხდება
             ყოველივე ეს,
და ამავე დროს
             ახლოა როგორ!
გითხარ, ვით წყდება
             საკითხები დღეს,
შევიგრძენი, როს
             ან თვალი მოვკარ“ -
ასე აზუსტებს
             დღის ამბავს ქარი.
დიდხანს ყურს უგდებს
             მოხუცი მტკვარი.
მას სურს კიდევ სხვა
             ჰცნოს ბევრი რამა...
„მერე? მერე რა!
             რა, მანდედამა?“

„ის, რომ იმ დილით,
             როდესაც მთელი
ძნა მკრთალ სხივების
             ციდან გადმოდნა,
როს ქალაქს ძილით
             განშორდა ბნელი
და აცივებას
             იგრძნობდა ოდნავს,
როს ნაშენ გარსზე
             სიგრილე სველი
ურჩევდა წარსულ
             ჭირთა არცოდნას, -
რომ ბაღჩამ მისმა
             მოჰღვარა სუნი -
ცაში გაისმა
             რაღაც ზუზუნი!

რა ცივი, ცივი
             და გამყინველი
იყო ზუზუნი!
             შეკრთნენ დაბები.
ფოლადის მწკრივი
             ჰფრენდა ფრინველი,
ცივი, უსულო,
             განაძაფები.
ცით წამოვიდა
             ყუმბარათ სვრელი,
ღრუბელთ გროვიდან
             ნაკიაფები.
რა დრო დაგვიდგა!
             მიწით კი არა,
ცათა ბაგიდან
             ცვივა ყუმბარა!

ციდან ყუმბარის
             უშენდნენ ძალას,
ცეცხლის ალმურში
             ბორგავდა ბინა.
„არ ამბობ არას“ -
             ეტყოდნენ ქალაქს,
შემდეგ შიგ ყურში:
             „რა გელის წინა?
შორე და შინა,
             ფრინველი ფრინავს,
ნუთუ შენ გძინავს,
             საბრალო ბინავ?
რა დრო დაგვიდგა!
             ციდან კი არა,
ზღვიდანაც, ზღვიდან
             მოდის ყუმბარა!

ასე, ვიდრე ხვალ,
             თუ ქვეყნის ერთის
საზღვრები გრიგალს
             გაუტანია.
სხვა იქნება ხვალ!
             სხვანაირ ხედის
იქნეს ზეიმი!
             ნამეტანია!
ტრაგიკოსს, ფრთხილი
             თავის ჰამლეტის,
რაღა აქ ჩრდილი
             მოუყვანია?
და, ჰა, კრიალა
             ახალმა თოფმა
დაიგრიალა:
             „ყოფნა-არყოფნა?“

სულგანაბული
             სახლების თავზე
დასცურავს მტრულად
             ჰაეროპლანი.
ის, დაძაბული
             და ბრაზით სავსე,
ფრთამედიდურად
             მოითხოვს: „განი!“
„არ შეგვიხედავს.
             არ არის ასე -
თქვას, თუ გაბედავს
             ვინმე თქვენგანი.
მტვერი დღე-ღამე
             ცათამდის ავა,
ჩემი თუ რამე
             გითქვამთ სიავე“.

მდინარის ზოლში
             აგრე ჟინიან
დამპყრობელების
             გადადის ჯარი.
წყალი თრთის ბროლში,
             ტყეს ეშინია
გრძელი ხელების -
             ფიქრობს: ვინ არი?
რა ჩურჩულია,
             რა შიშინია,
ბნელი სრულიად,
             დაუვიწყარი.
ტყეს აგონდება,
             ტყეს ესიცხება.
მხარე ღონდება:
             კიდევ, იწყება!

ოჰ, შემოდგომა
             დგება აგეთი.
ეს დასაწყისი
             მძიმეა მისი.
თვის ჯართა დგომას
             თვლის კუთხე, ერთი,
და უხალისოდ
             დგას მოხალისე.
ცად საამისო
             არაა ღმერთი.
ბჭეს ღრღნის სასხვისოდ
             რღვევის სახნისი,
იარაღდება
             გვარი და ტომი.
ბევრი წახდება,
             იწყება ომი!

ო, მთელი ღამით
             წვიმდა წუხელი,
და იქ რა ხდება,
             გესმოდეს ნეტა -
მეხთ ყოველ წამით
             ჭექა-ქუხილი,
და მშვიდობიან
             მცხოვრებთა ჟლეტა;
ცრემლებში შედის:
             მამის წუხილი,
ბავშვის და დედის
             სასოწარკვეთა!..
შენ იცი იქ, იქ,
             ახლა რა ხდება?
ქვეყანა რარიგ
             გაპარტახდება?..

იყო ცა იგი,
             და აღარ არის,
როგორც დაცინვა,
             როგორც ზღაპარი.
არც აქ, არც იქით
             ახალი კარის
ჭრიალი, გმინვა
             ისმის ნაირი.
ქვეყნები, ახლად
             დამწყობნი ჯარის
და ყოველ სახლად
             მრეკველნი ზარის,
პირისპირ დგანან
             ართანასწორი,
ორი ქვეყანა -
             მოქიშპე ორი.

შემოხლა-შეხლა...
             ეს მოხდა გუშინ.
დაიწყო ზარით,
             მაგრამ ცხადია -
ყუმბარებს ეხლავ
             თავის თავს უშენს,
ვინც გაიძახის:
             „ომი მწადია!“

3 ენკენისთვე

დიდებულია
             მოხუცი მტკვარი,
ქცეული სმენად,
             ყოველთვის დინჯი
ახსოვს სრულიად
             მოვლენათ ღვარი,
რაც ნახა ქვეყნად:
             კარგი, მახინჯი;
მემატიანე
             ჩვენი ცხოვრების
შლის მრავალ ათას
             ფურცელს - პერგამენტს.
მისი გენია
             სწორუპოვრობის
ქვეყნისას ხატავს
             კარგს და ცუდ ამინდს.
ღელვებს თუ ვინმეს
             უამბობს ქარი -
ისევ მტკვარს. ისმენს
             მოხუცი მტკვარი.

„დავცდიდი ჰავას...
             ვიგრძენ - ჩქარია.
მას ეხეთქება,
             ჩანს, თვითმფრინავი
მისწვდა ბჭეს მრავალს,
             არივ-დარია,
და აფეთქება
             ისმის მგრგვინავი.
ექვსმა ყუმბარამ
             დღე გადარია,
ძილს გაუბზარა
             სიზმრების ნავი.
ომი - ორ დღისად
             ძლივს გასწვდა ალაგს
და უკვე მისწვდა
             სატახტო ქალაქს.

ყუმბარათმტყორცნი
             ძირს დაექანა,
და ცეცხლწამკიდთა
             ზღვა ჩამოყარა.
რა საოცრებად,
             იქცა ქვეყანა!
ვერა რა რიდმა
             ის ვერ მოჰხარა!
და ორმოცდაერთ
             თვითმფრინავს, განად,
ირიბადა სჭვრეტს
             ქალაქის შარა:
აქვს საზენიტო
             არტილერია!
სუსტია, ვითომ?
             არც ძლიერია...

ზეცა გაიყო,
             ატყდა განგაში,
ცა ჩნდა მბრწყინავ და
             მოქნეულ ზოლად:
ვარშავა იყო
             შიშში, კანკალში -
ცაზე თვითმფრინავთ
             ამჩნევდა მხოლოდ...
ასე უმზეოდ,
             განგაშის რკალში,
იდგა უმწეოდ,
             უხმოდ, უტოლოდ.
ლაჟვარდი ციდან
             ეხურა ფართო,
მიწაზე იდგა
             ის მარტოდმარტო.

მაგრამ სხვა ჟრჟოლა
             ეტყობა ინგლისს,
ის დროს საომარ
             დროთ იდღეისებს,
სწყვეტს რადიოლათ
             რადიო-მიტინგს,
და ცურვად მდომარ
             გემთა რეისებს...
რომ ხვალის დღისთვის
             დაიცვას მხარე,
კვლავ დალადიე
             იწვევს თათბირებს -
„საფრანგეთისთვის
             დღე დგება მწარე“.

და შორი კიდით
             გადმოენათა
შვეიცარია,
             სად მონ-ბლანია.
ნეიტრალობის
             ზონაზე დაშთა,
ვის ომით ვერრა
             გაუტანია.
მხოლოდ კანცლერის
             გზა მოარიდეთ
ასეთი ფერის
             ნეიტრალიტეტს.

...ზეთისხილით ხელთ
             ბაგე აღაღო:
„ამ რტოს მძლეობა
             აქვს პირდაპირი,
მოარიდეთო
             სამოქალაქო
მოსახლეობას
             ყუმბარა ხშირი.
ინგლისო, ცეტო,
             უკელ მხნეობას,
შენც, საფრანგეთო,
             არა ხარ გმირი.
პოლონეთო, გრჯის
             რა მეტანია?
თავს ნუ გაგიდის
             შენც, გერმანია!“

შეიგონებენ
             თუ არა, ვნახოთ,
არგებთ თუ არა
             რტო ზეთისხილის,
ახლა კი სნებად
             და სავაგლახოდ,
შთენილა შარა
             ჩონჩხიან ჩრდილის.
ის მთლიან სახეს
             გახდის უსახოდ,
იგია მახე
             საღამო-დილის.
ქალაქი, სადღაც
             დაბა-სოფელი
შიშობს, თავს ადგას
             დამამხობელი.

ქალაქთა რაა
             შავი ზეწარი,
დღეები კრული
             რომ შეჰფენია...
არა, არაა
             ეს - უეცარი
გამწარებული
             ომის გენია.
დიდი ხანია,
             რაც ალმაცერი
თვალით განიერ
             გზებს შესჩენია,
და, აი, კიდეც
             აუხდა ნდომა -
ევროპის კიდეს
             იფეთქა ომმა.

და ყველაფერი
             ეს მოხდა გუშინ...
გუშინ პირველი
             ყუმბარათმტყორცნის
ჩრდილი შავფერი,
             ჩრდილი პირქუში,
კაცთ გამწირველი
             სულის და ხორცის,
დათარეშობდა
             ქალაქის გულში,
ანგარიშობდა
             სხეულთა ბორცვებს...
შემოხლა-შეხლა...
             ეს მოხდა გუშინ.
დაიწყო ზარით,
             მაგრამ ცხადია -
ყუმბარებს ეხლავ
             თავის თავს უშენს,
ვინც გაიძახის:
             „ომი მწადია!“

4 ენკენისთვე

მიდის, მიღელავს
             მოხუცი მტკვარი,
თითქო სვლა ნელი
             არჩია ლომმა.
ზვირთებზე ელავს
             მზიანი დარი,
ცა, კორდი, ველი
             და შემოდგომა.
ისეთი არის
             ეს ნაპირები,
ვით მეომარმა,
             ხმალი დაჰპიროს.
ძვირფას მდინარეს
             რაღაც ირიბი
უხდება წარბი
             ჩვენს სანაპიროს.
გულში ნაგუბარს,
             თანაზიარი,
მასთან საუბარს
             განაგრძობს ქარი.

„რეკავს გლოვის ზარს!
             დღე მოსავსავებს,
გზა მისდევს სივრცეს
             უშორეს ბლონდით.
გერმანიის ჯარს
             ვერრა აკავებს -
ის წინ მიიწევს
             მთლიანი ფრონტით.
სილეზიისას
             ხედავს თავთავებს,
შემკულის მისის
             მთითა და კორდით.
ყოველგვარ ნიშით
             მდინარე ბრახა,
სწრაფ იერიშით
             გადაილახა.
ჯარი თანდათან
             მიადგა ვისლას,
პოლონეთს აწი
             გზა გადაუჭრა,
პრასნიშისაკენ
             განაგრძობს წინსვლას,
ჩაჰკეტა რა წინ
             ხეობა ურჩად.
ხეობებში წვიმს,
             ხევებში ნისლავს
ყოველს, ჯარს უწინ
             რაც გადაურჩა.
მიარღვევს წვიმას,
             და მიარღვევს ქარს -
ვერრა აკავებს
             ფაშისტების ჯარს.

ყუმბარებს - განი!
             კრაკოვი, გდინა,
ბრესტი, რადომი,
             ლუცკი, ვარშავა,
ისე პოზნანი,
             ისე ლუბლინი
ჰაერომ წყრომით
             კვლავ დააშავა.
დემბლინს არ სძინავს,
             შეუკრთა ბინა.
ოვეცე გმინავს,
             მაგრამ სად წავა?
ჰაეროები
             ყუმბარით ავსებს
მიდამოების
             რკინიგზის ხაზებს.

ხშირად და ხშირად
             იძვრის ტანკები,
დღეს ოცი ჰქროდა
             აქ თვითმფრინავი.
კარპატის პირად
             როსმე მხნე ჩანგი,
ახლა ყვიროდა
             გულგამგმირავად,
ოცდათხუთმეტი
             წლის წინა ჟანგი,
კვლავ შხამით მქმედი
             და გამწირავი...

„თუ რომ ბერლინი, -
             ამბობს ინგლისი, -
დღესვე არ დახევს
             ჯარს პოლონეთით,
ცხადია, ჟინი
             ჩვენი და მისი,
ომით გადაწყდეს
             ორთავეს ბედი“.
მაგრამ ბერლინში:
             „არა, მაგისი
უკან დახევის
             ნუ გაქვთ იმედი!“
ინგლისმა ცნობა
             ეს იუწყა და
გერმანელთ ომი
             გამოუცხადა.

„თუ რომ ბერლინი, -
             ამბობს პარიზი, -
დღესვე არ დახევს
             პოლონეთით ჯარს,
მაშინ, ესდენი
             ჩვენი და მისი,
დავა გადაწყდეს
             ომით - ესე არს“.
რიბენტროპმა კი
             პარიზს ამისი
უცებ წაართვა
             ყველა იმედი.
პარიზმა ცნობა
             ეს იუწყა და
გერმანელთ ომი
             გამოუცხადა.

და ამერიკის
             სამხედრო გემებს,
მოწყვეტილთ ჟამით
             მშობლიურ ხმელეთს,
ნიუ-იორკით
             ესმისთ: „სხვა თემებს
ომი აქვთ, ამით
             იხელმძღვანელეთ!“
და ინდოელი
             ასი ათასი
მიჰყავთ ეგვიპტეს,
             მიიჩქარიან.
დიდ ძვრას მოელის
             უზვიადესი,
ვისიც ხვალ ბედი -
             ხის ფიცარია.
დაშთნენ ველები
             ნახნავ-ნათესი,
ისინი ძვლების
             საფიცარია.
კვლავ მრავალია
             ისეთი ტომი,
ნეიტრალია -
             არ უნდა ომი.

ჩვენგან შორს ხდება
             ყოველივე ეს,
და ამავე დროს
             როგორ ახლოა!..
იქ ასე წყდება
             საკითხები დღეს.
რა სანანია,
             რა სანაღვლოა!
გამოღმა-გაღმა
             გავარდა მეხი,
ევროპას დაღმა
             დაუცდა ფეხი!
„მერე? მერე რა!“
             დუდუნებს მტკვარი -
როს შეწყდა ბგერა
             და ჩადგა ქარი.
შემოხლა-შეხლა...
             ეს მოხდა გუშინ...
დაიწყო ზახით...
             მაგრამ ცხადია -
ყუმბარებს ეხლავ
             თავის თავს უშენს,
ვინც გაიძახის:
             „ომი მწადია!“
  
1939, 5 სექტემბერი
საგურამო