შუალედი - დან - მდე
 
 


ბარიკადებზე იბრძოდა ქალი


ხვალ მაისია. წითელ დროშებით
და ყვავილებით გამოვა მასა,
ის ღირსი იყო გამარჯვებისა,
მაისმა გრძნობა გაუალმასა.
გახსოვთ? რა ქარმა გადაიარა
ველი ბრძოლისა მძლავრად, ფარახდით.
რა სიძლიერით ყოველმა მხარემ
დაიგრიალა: შეიარაღდით!
თითქო საზღვრები გადაიშალა.
ორი ქვეყანა გიგანტის ტოლა
გაიყო ორად და გაიშალა
ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა.
მახსოვს ბრძოლისგან ნანთები სახე
და ავარდნილი ზეცამდე ალი,
მწარედ დაჭრილმა მე თვითონ ვნახე
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
ვინ იფიქრებდა იმნაირ დროში:
ყინვა, ქარბუქი და ცეცხლის ალი...
რიგებში ხელში წითელი დროშით
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.

გადიშალეს ცეცხლის ზოლთა
ჟამი ბრძოლით შელახული,
სიმტკიცე და სვე მებრძოლთა
ჩვენს გულშია შენახული.
გულს თუ კარი დარაზოდეს,
გადაქცეულს ბრძოლის ხმადა,
არ მსმენია არასოდეს
მე იმგვარი კანონადა.
ასე გასჭრას ჩვენმა ბედმა,
თუ არ არის ძველებური,
დაიმღეროს კიდევ გედმა
ცეცხლი გადაჭენებული.
რაღა დარჩა ძველ სამყაროს,
მეგობრად რომ მოაქვს თავი
და სურს ჩუმად გაგვითხაროს
ფეხქვეშ მიწა და საფლავი?
ო, სირცხვილო, თუ მონებად
შევუქმნივართ ჩვენს წინაპრებს,
განა კი ღირს მოგონებად,
თუ დავუშვებთ ბრძოლის აფრებს?
კარგო ქალო, ხსოვნა შენი
სხეულთან არ დამარხულა,
საგმიროთა საქმეთ მჩენი
ხალხის გულში შენახულა.
ვინც გიგონებს, ასე ამბობს:
გამარჯვება დარჩა გულსო,
იგი გვანთებს, იგი გვათბობს
ქარიშხლებით დაღალულსო.
შენ მუდამ ხარ და და დედა,
ახლა აღარ შეწუხდები,
თუ ქვეყანას გადახედავ
და ახალი გესმის ხმები.
ქალებს ახლა იგივე აქვთ
საამაყო მზის მშვენება,
ის გმირობა კიდევა სწამთ
და იგივე ძლიერება.
მათაც შერჩათ ის, რაც ძველად
გიტაცებდათ, ცეცხლში გხვევდათ.
ჩვენი დროის საფუძველად
მუდამ გგრძნობთ და მუდამ გხედავთ.
ის, ქარხნის, შრომის ერთგული შვილი
ხალხისთვის გულსაც კი გაიპობდა
და მანქანების გრიალი ტკბილი
ქალის ფიქრებთან მუსაიფობდა.
თითქოს მუსიკის ჰანგების შრიალს
მოტორი მხრებზე გადაიფენდა,
ღვედების რბენას, ბორბლების ტრიალს
უსმენდა და ჰანგს მშობლურს ისმენდა.
მაგრამ ელვარე ხმალმა გალესა
შვილის და ყველა შვილების ბედი:
უცებ გაისმა ხმა გრიგალისა -
ქარხნებს მიაწყდა ცხრაას ჩვიდმეტი.
„გასწიე, წადი, - ისტუმრებს ის შვილს -
მტერს ნურასდროს ნუ შეუშინდები,
და უნანებლად იდექ იმ ადგილს,
სად შენი ძმების გაისმის ხმები.
რა საჭიროა! მდიდრის ქადებზე
არ გაიცვლება თავისუფლება -
ყოველი გმირი ბარიკადებზე,
ყოველი გმირი დროშასთან კვდება“.
ქუჩაზე იდგა... თოვლის ფენობებს
ხმაური სდევდა მძაფრი და მრღვევი,
სულ ახლო ცეცხლი ედო შენობებს
და კაკანებდა იქ ტყვიამფრქვევი.
ქალის სახეზე იყო შთენილი
იმ ქარიშხალთა ძლიერი ბრუნვა,
ფიქრი მის შუბლზე გადაფენილი
და ერთადერთი საქვეყნო ზრუნვა.
მეხუთე დღეა, რაც განცდის შუქში
მებრძოლი შვილის სახე ტრიალებს,
უმაგალითო ბრძოლის ქარბუქში
სხვათ მისწრაფებებს ის იზიარებს.
ვინ იცის, იქნებ, სასირცხოდ შვილი
გასაჭირს ასცდა და მიიმალა?
როდესაც მის წინ იდგა სიკვდილი,
იქნებ ლაჩრულად დაკარგა ძალა?
არა და არა... მტერთან ბრძოლაში
არ შეშინდება იმ დედის შვილი -
იგი მუშაა, ქურების ალში
ჭირნახული და გამოწრთობილი.
რა არის მასთან სხვა ძლიერება,
თუნდაც ვაება, თუნდაც სიკვდილი?
სულის სიმტკიცე და სრული ნება
სიყრმიდანვე აქვს თანდაყოლილი.
ასე ფიქრობდა ქალი, როს ფერთა
შემოიხვია საღამომ ჩრდილი,
სახლთან საკაცით უცებ გაჩერდა
ძველი, საბარგო ავტომობილი.
დედას საკაცე სისხლში მოსვრილი
შვილის სიკვდილზე ეუბნებოდა,
ბარიკადებზე დაეცა შვილი:
იცოდა, ასე რომ მოხდებოდა.
ქალი იგონებს გულგანგმირულ შვილს:
არ სტირის, გული განაგრძობს დაგვას,
ო, როგორ მწარედ გრძნობს იმის სიკვდილს,
ო, როგორ მწარედ გრძნობს ამ დაკარგვას!..
გრძნობამ, რომ იყო ის ღირსეული,
დედის თვალთაგან გაფანტა ნისლი.
არ წყდება ბრძოლა ცეცხლმოდებული,
ბარიკადებზე იღვრება სისხლი.
პირველად, როცა მოგვისწრო მტერმა,
და ქარიშხალი დაატრიალა,
ჩვენი სიმტკიცე რომ იგრძნო ბევრმა,
თითქო, ასე ჩნდა, დაკარგა ძალა.
მაგრამ, როდესაც მან შეამჩნია
ჩვენი სიმცირე და სიცოტავე,
მოკრიბა ძალა, რაც კი გააჩნდა,
და ცეცხლი ისევ გაჩაღდა მწვავე.
რაღას ვიზამდით - ოცი ერთ მუშას
მოპირდაპირე ხვდებოდა მტერი,
რას დააკლებდა მტერი ამ გროვას,
თუნდ უმტკიცესი, თუნდაც ძლიერი.
მებმება ენა... მას, ერთგულ გუშაგს,
არ ასცდებოდა ტყვია, ცხადია,
რადგან ის იყო ნამდვილი მუშა,
მუშის მიზანი კი დიადია.
ვერ-რა გავაწყეთ... როგორც აფთარი,
მძიმედ დაჭრილი თვალს აცეცებდა,
ბევრს უიმედოდ დასცა თავზარი,
თავს არ ზოგავდა, ხსნას არ ეძებდა.
ბარიკადებზე ჩვენი ამალა
დგას ამ ცეცხლებში და კარგავს იმედს,
ელევა საზრდო, ტყვია-წამალი,
პირდაპირ უცქერს აუცდენელ ბედს.
მტერს, რა თქმა უნდა, ის ვეღარ დასძლევს,
თვით დაიძლევა ის, ვალმოხდილი,
ის გამარჯვებას სიცოცხლეს აძლევს,
მაგრამ სილაჩრეს არ აქვს ადგილი.
ბარიკადებზე ბრძოლაა რთული,
გაცხარებული, ალამსახველი,
ცეცხლს ეტანება სიცოცხლე, გული,
ცეცხლში ტრიალებს ტყვია, მახვილი.
გზიდან ყუმბარამ გადისრიალა,
სახლების თავზე გაინავარდა,
ცაზე ძლიერი ზოლი გაშალა
და შუა რაზმში მძიმედ ჩავარდა.
ხმლები ეხვევა სისხლიან ალმებს,
სისხლში მრავალჯერ ამოვლებული,
ბევრს წუთისოფელს გამოასალმებს,
საბოლოოდ სცემს მომაკვდავთ გული.
ბრძოლაა... შორით გამოჩნდა ცხენი,
მტრის რაზმს, ზღვადქცეულს, შუაზე აპობს,
ხან თოფის კვამლის ედება ფენი,
ხან ყუმბარების ალში კიაფობს.
ხან მიაწყდება, რომ მოდებული
გადაარღვიოს ალყათა რკალი -
დაუზოგველი, თავდადებული
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
იქიდან რაზმმა დაიგრიალა:
ჩვენია - იცნეს მხედარი ქალი...
„მიეშველენით! - მოსწყდნენ ადგილებს -
გადაერიეთ, ჰკა მაგათ ხმალი!“
აღფრთოვნებულნი, ხმალთა ვადიდან,
მებრძოლნი წამის დაკარგვის შიშით,
გადავარდნილი ბარიკადიდან
მტერზე მიდიან აწ იერიშით.
რა დაიკავებს შეტევას ძლიერს,
თავს დაატეხენ მეხს და სიავეს,
ბარიკადს იქით გამაგრებულ მტერს
ეკვეთნენ, მოსპეს, გაანიავეს.
შებინდებისას დაჰქროლა ქარმა
და დაიღვარა სუნთქვა შვებისა,
სიმართლისათვის მებრძოლმა ჯარმა
გაშალა დროშა გამარჯვებისა.
აღმოხდა შუქი და გაანათა
უსწორო ბრძოლით განვლილი კვალი.
დაცლილი იყო ადგილი, სადაც
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
თოვლმა  და ქარმა თხრილი დასილა
და აირია ქვიშა  სადები.
შუაღამეა. თოვლით ავსილა
მიტოვებული ბარიკადები.
ეძებენ დაჭრილთ ამხანაგები
საკაცეებით, ვრცელი ჩრდილებით,
სავსეა თხრილი და ბანაკები
დაჭრილებით და დახოცილებით.
ღონემიხდილი, დაჭრილი ქალი
თხრილებისაკენ კვლავ მიდის ნელა,
უკანასკნელი მას აწევს ვალი,
თუ კიდევ ძალუძს ვისიმე შველა.
და შეიძლება იპოვოს შვილიც,
უკანასკნელად მიიკრას გულზე,
ის არ ინანებს, სიტყვისუთქმელად
მოკვდეს ამ ბედზე და გაზაფხულზე.
აგერ იპოვა კიდეც ის. ხელებს
მაგრად უჭერდა იარაღს მკვდარი,
სახეზე აჩნდა საშინელ ბრძოლის
იარა, სისხლი და ნატყვიარი...
აწითლდა შორით აღმოსავლეთი,
დაჰკრა საყვირმა განთიადისამ,
ქარხნებმა ცისკენ აუშვეს სვეტი
და განახლება კვლავ იგრძნო მიწამ,
ბევრმა დალია სული გმირივით,
ახლა ქალაქებს ეალუბლება,
ამდენი მსხვერპლით და თავგანწირვით
მოპოვებული თავისუფლება.
ვინ არის მთვლელი მათი ამაგის,
შემქმნელის დიდი მომავალისა,
რწმენის, სიმტკიცის და სიამაყის,
გრძნობას მარადის რომ ახალისებს?
პროლეტარიატს თუ აფოლადებს
და ერთის რწმენით უფეთქავს გული
და წინ მიიწევს, ისევ მხოლოდ ეს -
თვის კლასისადმი მძლე სიყვარული.
ბრძოლა მარადი, ბრძოლა მზადებით.
სად კი ქალაქი და ხევებია,
თუმცა არ არის ბარიკადები
და მხოლოდ მათი ნანგრევებია.
და იქ, სად ტყვიით გულალმაცერად
გაპობილია  რკინა და  რვალი,
ამართულია ძეგლი წარწერით:
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.

რევოლუცია! ვინ მოსთვლის რამდენს
შენთვის გულიდან სისხლი უღვრია.
პროლეტარიატს ამ ახალ გზაზე
არასდროს ქედი არ მოუხრია.
ცხრაას ხუთიდან ჰანგებს ეძებდა
დროის შესაფერს მებრძოლი ქნარი,
მაგრამ არასდროს ის არ ყოფილა
მხდალი, უძლური და მოშიშარი.
რამდენჯერ ბრძოლით დასუსტებული
იდგა მებრძოლი გულდამაშვრალი.
და ამ დროს, როგორც ზეშთაგონება,
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
ახლა მოვიდა დრო განახლების,
კვლავ ძალა დასცემს მოსეულ ძალებს,
მაგრამ აღდგენილ თავისუფლების
დროშა იქნება და იფრიალებს.
ძალას ვპოულობთ ქარიან ხმებში,
ჰანგი სულს ხიბლავს და გულს იმონებს,
და გვიყვარს, როცა ჩაქუჩით ხელში,
მებრძოლი წარსულ დღეებს იგონებს.
გმირული სული ცხრაას ჩვიდმეტის
რომელ ტილოზე არ დახატულა?
გაუმარჯვნია აღფრთოვანებას,
სასოწარკვეთა ბნელში შთანთქმულა.
დაფიქრებული ამბობს მოხუცი:
რას ფიქრობთ, მე კი არა ვგრძნობ განა,
რამდენი ახალ გამარჯვებისთვის
გამოიცვალა ზნე და ქვეყანა?
გვინდა ეს შუქი და არემარე,
გვინდა ცხოვრება, გვინდა ბუნება,
რაკი ხუნდები დამსხვრეულია,
და მომავალი გვესალბუნება.
გვინდა მარადი ძმობა-ერთობის
ჰაერში დროშა დაფრიალებდეს,
გვინდა სიმტკიცის და სიამაყის
უკვდავი სული მხარეს აგზნებდეს.
იქ, სადაც ერთხელ უმეტესობას
ერთი დიადი რწმენის აქვს გული,
აფოლადებდეს სულსა და გრძნობას
მომავლისადმი მძლე სიყვარული.
სადაც ერთხელვე ბრძოლა და შრომა
ემბლემად მშრომელ მასას რგებია,
არვინ არ ნანობს, წმიდა ტაძრების
ნაცვლად თუ მხოლოდ ნანგრევებია.
მამაკაცებო, დედაკაცებო!
მზემ გააშუქა, ასწიეთ თავი!
მზემ გააშუქა, წინათ რომ რისხვით
ეფარებოდა სულთამხუთავი.
გვინდა ეს გრძნობა და გულის  ძგერა
იყოს ახალი, იყოს უმანკო,
იმღერეთ, ხალხო, ეს ბედისწერა,
სასიხარულოდ აჟღერდი, ჩანგო!

1927