შუალედი - დან - მდე
 
 


*** ისარივით ბასრ იდეას...


ისარივით ბასრ იდეას საქართველოს ახალ ხანის
ჰგავდა რკინის ნებისყოფა თვითეული ჩვენთაგანის!

არწივივით გავაქანოთ დღე მაღალი, დღე ფრთა-მალი,
რომ არ დარჩეს საბოლოოდ უკმარობის ნატამალი.

იყო წარღვნა, კიდობანი, ყაზბეგი და არარატი.
რაც გადარჩა ყველაფერით, ხალხი დარჩა არარათი.

იყო ბაგრატიონთ გვარი. სპარსთა ჯარი, მეფე კიროს,
ანაცრებდა უნდობარი ძველ კოლხიდის სანაპიროს.

ეხლა ნახეთ ის კოლხიდა როგორ ფეთქს და როგორ ჰყვავის,
ნიშანიც კი ერთი იყო მწუხარების უამრავის.

ახსოვს: მეფე ფარნაოზი იგონებდა ქართულ ანბანს,
ნირვანიდან დაიწყებდა ნებროთიანთ გვარის ამბავს.

და ეხლა კი თქვენ შეხედეთ, თვითეული სახლი იგნებს -
არა ანბანს, არამედ დიდს ფოლიანტებს, ქართულ წიგნებს.

და პომპეა, რომაელი ოდიშს რომ მოადგა ომით,
და რიონის სათავემდე ქართლი ნაწილია რომის.

აფხაზეთზე, სამეგრელოს, მესხეთზეა მოდებული,
აქეთ სიმონ კანანელი, იქით - პირველ-წოდებული.

ყველა ერთად გაოცდება, უნებლიედ დასწვავთ შური,
რა ყოფილა რელიგია ჩვენი, სოციალისტური.

მირიანის მეფობის დროს იყო ნინო მშვენიერი,
ქრისტეს რწმენით, ვაზის ჯვარით მან მონათლა ჩვენი ერი.

ეს ამბავი ძველად იყო, მართლაც იყო. მაგრამ მართლა
ჩვენი ერი მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ეხლა მოინათლა.

აგროვებდენ კირს და რიყეს, ტფილისს უშენებდენ მეტეხს.

უწიგნოთ და უდავითნოდ ეკლესიას გული უწუხს,
მღვდლისათვის და დიაკვნისთვის ანბანს იგონებენ - ხუცურს.

ააშენეს ციხის სერი და მარტყოფის მონასტერი.

ტახტზე, როგორც ითხოვს პლანი, ადის ვახტანგ გორგასლანი.

გორგასლანი აგებს მცხეთას და შემდეგში, რა კარგია,
დაფუძნდება მღვდლებისათვის საქართველოს ეპარქია.

გორგასლანი, როგორც ბეგებს, არბევს ოსებს, პეჩენეგებს.

აჩვენა რა ქვეყნებს ძალა, დამშვიდებით მიიცვალა.

აწ ვარსმანის ხეობაში, სად სვიმეონს ედგა სვეტი,
შორეული სირიიდან მოდის მამა ათორმეტი.

აწ მეფობას მძლავრად მყარი იწყებს ბაგრატოვანთ გვარი.

და აკუთვნებს პირველ ხალათს მეფედ დავით კუროპალატს.

მაჰმადიანთ რჯულის მომგონს, მაჰმადს ცრემლი დაედინა,
გარბის, სტოვებს თავის მეკკას და აფარებს თავს მედინას.

გაჰქრა ხსოვნა ჟამის ტკბილის, ბიზანტია იბყრობს ტფილისს.

დასდგეს მონასტერი ჯვარის, ეხლაც მცხეთის წინ რომ არის.

საქართველოს არ შორდება ომის დავიდარაბები,
ეხლაც შემოჩენილივით თავს დაესხნენ არაბები.

წამოვიდა მურვან ყრუ და ღვარი დადგა სისხლის რუთა.

ოსებმა სთქვეს: რა წესია, ოსს რად უნდა ეკლესია.

ჯვარს არ მისცეს გახარება, დაჰგმეს ქრისტეს სახარება.

აქ თორნიკე ერისთავმა ბერძნებს მოაშორა მტერი
და ათონზე ააშენა - ივერიის მონასტერი.

ამ წელსავე ექვთიმემაც წვერზე გადაისვა ხელი,
გადმოთარგმნა აღთქმა ძველი.

ბაგრატ დიდი უზარმაზარს ქუთაისში აგებს ტაძარს,

ოსმალეთი იბყრობს ტფილისს, ტფილისს დღე დაუდგა ბნელი.
გადის დრო და ოსმალეთს სძლევს დავით აღმაშენებელი.

ჩვენში მიწის ძვრა რომ მოხდა და დაიძრა შიშის ლანდი,
მეფის სიტყვით ჩვენმა ჯარმა ააოხრა დარუბანდი.

რკინის კარი მოხსნეს ხელად, წამოიღეს, დასდვეს გელათს.

თამარ მეფე არბევს სომხეთს, ოსმალეთს და მთების ფენას,
იმორჩილებს შინ და გარედ, ძალით ახვევს ქრისტეს რწმენას.

და აარსებს ის ფერია ტრაპიზონის იმპერიას.

ტფილისს, სიონს მოდგა ტახი, ჯალალ-ედინ, ხორეზმ-შაჰი.

იმერეთი განუდგა ქართლს, საკუთარი სურს სამეფო.
აქ დიმიტრი მეფე მიდის, რომ მიიღოს გაწამება.

ოდიშს - ამბობს მატიანე - მთავრად ხდება დადიანი.

წამოვიდა თემურ ლანგი, მოიწმინდა გულის ჟანგი,
ააოხრა მონასტრები, ეკლესიას მოსდო ჭვანგი.

თემურ ლანგი აღრჩობს არეს, მეექვსეჯერ იკლებს მხარეს.

შემდეგ მეფე ალექსანდრე საქართველოს უყოფს შვილებს,
ორმეფობას დაამკვიდრებს, არავის არ გააწბილებს.

ამის შემდეგ... ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი,
ქართლს დაეცა თურქმენელი ერთი უზან-ჰასან-ხანი.

იმერეთი ცალკე არის, ტფილისიცა მარტო ხელობს.
დადიანი დადიანობს, გურიელი გურიელობს.

კახთა მეფე, ალექსანდრე, ელჩებს გზავნის, უთვლის ძმობას,
რუს ხელმწიფეს იოანეს ევედრება მფარველობას.

ისმაილ სეფს და შაჰ-თოჰმას რა დაუცხრობს გულის ბოღმას,
კვლავ ანგრევენ საქართველოს, ძრწიან გაღმა და გამოღმას.

ოსმალეთი და სპარსეთი თვით იყოფენ ქართველთ არეს,
ფლობენ ტფილისს, აშენებენ ზღვაზე ფოთს და სუხუმ-კალეს.

კვლავ კახთ მეფეს, ალექსანდრეს, ელჩებით სურს რუსის ნდობა,
მფარველობას ითხოვს მისგან და არსად სჩანს მფარველობა.

შაჰ-აბასმა ოსმალეთი ივერიით გადარეკა,
მერე კახეთს შეესია, აიკლო და გადალეკა.

თეიმურაზ მეფე დიდიც ტფილისს სტოვებს, რუსეთს მიდის.

ვახტანგ მეფეც ფიცს ასრულებს, მატიანეს სწერს და სჯულებს,

ბეჭდავს წიგნებს, მაგრამ ბედი... არ ასვენებს ოსმალეთი.

ოსმალები სწვავენ ტფილისს. ვახტანგი რომ ვერას გახდა,
შეკრა თავის კანონები და რუსეთში გადასახლდა.

კვლავ ცოტა დრო რომ გაივლის, ნადირ-შაჰი იბყრობს ტფილისს.

თათრებს მისწვდა ნადირ-შაჰი და გასწმინდა ქართლი, კახი.

აქ ერეკლე ერევანთან ანადგურებს სპარსთა ჯარებს,
ის ქვას არ დასტოვებს ქვასთან.

იგი იბრძვის როგორც ლომი, მაგრამ მალე სტეხავს ომი.

მოდის აღა-მაჰმად-ხანი,  ტფილისს მოსდო ცეცხლის ალი,
ყმაწვილების ლეწა კალო, ამოსწყვიტა კაცი, ქალი.

და შემდეგ კი

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო
შეუერთდა მალე რუსეთს...

მოჰყვა ძალა დიდმპყრობელი, საშინელი, ულმობელი,
ციციშვილი, გუდოვიჩი, ერმოლოვი, ვორონცოვი და სხვა.

[1920-1940-იანი წლები]