შუალედი - დან - მდე
 
 


შანშე


ვუძღვნი ძვირფასი მეგობრის
დემონის ხსოვნას

I
მეგობრულ სალამს გიძღვნი მშვიდად 
ბნელ საფლავში მყოფს,
საყვარელ დემონს ჩვენის სულის
დემონად ქცეულს.
შავი ფიქრებით, მწარე ხვედრით
დაღლილს, ავადმყოფს,
რად, რად აშფოთებ ეგრე რისხვით
ჩემს სულს იჭვნეულს?..

1
               მიჰქრიან დღენი...
              და მკაცრი სენი
სულით ობლობის აღარ მშორდება.
              ატყდება გული,
              როცა წარსული
იმედის სხივი მომაგონდება.
              აღარ იტაცებს
              გულის ფრთხილ ძაფებს
ეს უნდობელი სამსალა მწვავე.
              ზღვას, ზღვას მივმართავ
              და იქ დავმარხავ
სევდა-კაეშანს... გასწი, მენავე!

2

              ხარობს ეთერი -
              პირმშვენიერი
ცა ვარსკვლავებით შემოჭედილა.
              ოჰ, მთვარე, მთვარე,
              სხივმონარნარე,
ისიც ხომ ჩემებრ ობლად შთენილა.
              მზადა ვარ, მის გულს,
              ცივ-მინელებულს,
ეს ცივი გულიც დავუმონაო,
              აქ კი ზღვა წყნარად,
              ტკბილ ფიქრთა გვარად,
სთვლემს და მდუმარებს... შენი ვარ, ზღვაო!

3

              მიჰქრის ნიავი,
              რომ მომხიბლავი
ჰანგი თავდახრილ ყვავილს უმღეროს,
              აქ სულთქმას ვბედავ...
              ვერად ვერ ვხედავ
ტანჯვა-წამებას საბედისწეროს.
              დეე, სხვა ჟამ-დროს
              სულს კვლავ ეწვიოს
მოწყენილობა და ფიქრი მწვავე.
              დეე, დამწველი
              მფლობდეს ნაღველი,
ეხლა მე ვსტკბები... გასწი, მენავე!

ასე მღეროდა შუაღამისას
ზღვის მოსაუბრე და მოტრფიალე.
მიჰქროდა ნავი... სიმღერას ყრმისას
გულში იკრავდა ზღვა გამჭვირვალე.
თითქო გრძნობდაო, რომ დატანჯული
მასში სახავდა ბედნიერებას,
ქვეყნად ადრევე მოცილებული
სულის სიმშვიდეს და მოსვენებას.
ბევრჯერ, როდესაც ადამიანი
ქვეყნიურ ტრფობის წყურვილს მოიკლავს,
სულით ობლობა და კაეშანი
ზღვის გულში ტრფობას გამოისახავს,
ბევრჯერ, როდესაც დევნილ-კიცხული
ქვეყნად სიყვარულს ვერ ეღირსება,
განყენებული, მშფოთვარე გული
მხოლოდ ბუნებას შეეთვისება.
მიყვარს ბუნება, მხოლოდ იქ არის
მშვენიერება ხატად შექმნილი.
განდევნილია ჩრდილი სამარის,
მოკვეთილია მონობის ჩრდილი.

II
მაგრამ ეს რაა? შანშეს აკვირვებს
ყრუ და საეჭვო იდუმალება.
არსით ძახილი... შორს, ზღვის ნაპირებს
მიმოფენია ღრმა მწუხარება.
ერთი წუთი და მის ნავს ყოველ მხრით
ავაზაკები მიესევიან.
„არ გაუშვათო... დაჰკათ... დაიჭით!“
და დასაჭერად მიიწევიან.
გაშეშდა შანშე... მენავემ კრძალვით
მისკენ დახარა ამაყი თავი:
„რას მიბრძანებო...“ - მაგრამ სიმალით
იქავე გაჩნდა სულთამხუთავი,
შეჯაჭვეს მაგრად... მიჰყავთ, მაგრამ სად?
აი, გამოჩნდა კიდეც კუნძული,
მთვარის სხივებზე ბრგედ და ლამაზად
იდუმალ ხელით შემოქარგული.
შურისძიების და სიბრაზისკენ
გადაიხარა გრძნობის სასწორი.
შანშე აღგზნებდა თვალს კუნძულისკენ
და თრთოდა როგორც გლადიატორი.
„დასცხრი, - მენავემ ჩაუჩურჩულა, -
ამაო არი აქ მრისხანება,
რაკი ამგვარად გამოხატულა
ჩვენი ხვედრი და ღვთაების ნება“.

III
გამოცანაა შანშე ყველასთვის,
თავის წარსულზე არაფერს ამბობს;
ტყვე არის, მაგრამ ბატონიც არის,
თავს არვის უხრის... უფლად არვის სცნობს.
ამაყი თავის ვინაობაზე
გულჩათხრობილი კრინტსაც არა სძრავს;
საუბარს მის სულს და მის გრძნობაზე
ვერვინ ახერხებს, ვერვინ უბედავს.
ავაზაკების წრფელ ყურადღებას
უცნაურ ძალით თვისკენ იზიდავს.
რაღაც აერთებს მათ მისწრაფებას,
რაღაც მათ გრძნობას ჯაჭვს სდებს და ხიბლავს.
კითხვებზე პასუხს აძლევს ნაწყვეტად,
თუ მეტს კითხავენ, ყურს აღარ უგდებს.
გულზე რა აწევს ფიქრად და სევდად,
ვერვინ მიხვდება, ვერვინ გაუგებს.
ხალხს ეტანება, მაგრამ იქაც კი
ბუნდოვანია, გასაოცარი,
ვერც ერთი მკვლელი და ავაზაკი
ვერ გახდა მისი სწორ-მეგობარი.
თითქო მეტია ყველაფრისათვის,
მას არაფერი ქვეყნად არ ატკბობს.
ხალხს ისე უცქერს, თითქო არავის
არ მიენდობა, ფიქრს არ გაანდობს.
ძვირად შეხვდებით მხიარულ სახით,
თავდავიწყების ბურუსში ხვეულს.
ვერ მოატყვილებთ უნდობელ მახით
შანშეს გულს სასტიკს, მუდამ იჭვნეულს.
როგორც მანქანა, უცხო ღიმილი
იმის სახეზე თუ გადაირბენს,
გულის სიცხოვლე, იმედის ჩრდილი
ნაღვლიან თვალებს ნათელს ვერ მიჰფენს.
თვალთა სიღრმეში, იქ, სადაც ერთი
მეფობს საფლავი და მწუხარება,
წყვდიადსვე ებრძვის მეორე ღმერთი
მკაცრი, სასტიკი იდუმალება!..

IV
მოხიბლულია მითი ელილი,
ამური მის გულს ნაზად აწვალებს.
სევდიანია და მოწყენილი
უიმედობით ძირს ნაბავს თვალებს.
ის ყვავილია, მსუსხავ ჭინჭრებში
ბრგედ და წარმტაცად ამოკვეთილი;
სულ სხვა სხივია ავაზაკებში
ბუნების ჟინი, ტურფა ელილი.
თვალების შუქი - ცის არის ძალა,
თვით გრძნობის სიმებს ეთამაშება,
ვინც მით აღინთო და გაიმსჭვალა.
ის მონა არის, ვეღარ აღსდგება -
ქვეყნის მძლეველი და მბრძანებელი
თუ სულს ერთ მიზნად დაისახავდა,
მთლად რომ მოევლო ქვეყანა მთელი,
ვფიცავ, უკეთესს ვერვის ნახავდა.
ელილის მამა მეთაურია
ავაზაკების მრისხანე გუნდის,
მუდამ ბრძოლა და სისხლი სწყურია,
მშვიდ ნეტარებას მისთვის გაურბის.
ან რას დაეძებს, თუ ცეცხლის ალი
იმის ასულის გულში ტრიალებს?
მოვაო წამი და ქარიშხალი
ყველას მოგვსრესსო, გაგვატიალებს.

V
სევდიანი და დაფიქრებული
შანშე მზის ჩასვლას თვალს ადევნებდა.
ცის ჰორიზონტი აწითლებული
ზღვისა დასავალს მკრთალ ნათელს ჰფენდა.
მიუახლოვდა ელილი წყნარად,
ფრთხილად უცხოელს შეახო ხელი.
მობრუნდა შანშე და ცეცხლის გვარად
ერთხელ გამოკრთა თვალთგან ნათელი.
უცნაურ ძალამ მთლად დაატყვევა,
„იცი, - ელილიმ მას უთხრა გზნებით, -
ჩემი ცრემლები და ღამეთ თევა
მარტოდენ ზეცამ იცის სავსებით.
ოჰ, შენ მიყვარხარ... ნუ განრისხდები,
გთხოვ... თანაგრძნობის მომაპყრო თვალი;
ოჰ, გევედრები... შენს მონად ვხდები
თავისუფალი სეიმის ქალი.
დეე, განრისხდეს ჩემზე სეიმი,
თემმა ურცხვობის დამადოს ხუნდი,
არ შეშფოთდება გონება ჩემი,
ტანჯვა ის იყო: მე ვსწუხდი, ვსდუმდი.
მითხარი რამე... სული მიშფოთავს...
მითხარ, სანამდი უნდა ვიწვალო?
ძალა არ შემწევს, გრძნობა აღარ მაქვს,
შენს გარდა ვინმე გავითვალთვალო“...
თითქო განცხრომა და აღტაცება
ტკბილ სხივუნახავ გულს კვლავ ეწვია.
ერთი წუთი და ელილი სტკბება,
შანშე მხურვალედ გადაეხვია.

VI

როცა ტკბილის და ნაზ გრძნობის ნაცვლად
ადამიანებს ქვა გვიდევს გულში,
ვერარა გვაქცევს ადამიანად,
ამაოდ ვეძებთ ხსნას სიყვარულში.
ნაზ ტუჩებს ვკოცნით... ვეალერსებით...
წუთითაც თითქო არსება სტკბება.
მაგრამ სულის ხსნას ვერ ვეღირსებით,
სუყველაფერი სწრაფად გაჰქრება.
ადრე მობეზრდა შანშეს ელილი,
ადრე სიყვარულს ჩამოტყდა ფრთები,
სად გაჰქრა, შანშე, ოცნება ტკბილი,
სად გაჰქრნენ ლხენა და იმედები?
იგი ისევე უნდობელია,
ჯავრიანია და მოწყენილი,
მაგრამ რაც უფრო საკვირველია,
ერთ ღამეს გაჰქრა სადღაც ელილი.
ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს,
გადააჯერეს ძებნით მთა-ბარი,
ვის არ ჰკითხავდნენ... ვის არ მოსთხოვეს,
გაჰქრა ელილი... აღარსად არი...
მშობლებმა კიდეც გამოიტირეს,
სამგლოვიარო ჩაიცვეს შავი.
ცას შესანდობრად მსხვერპლი შესწირეს,
ისევ რბის ხანი დაუღალავი.
ვინ შეამჩნევდა, თუ რა სასტიკად
შანშე კრთოდა და იტანჯებოდა.
მარტო დარბოდა ველად და მინდვრად,
აღარ ჩნდებოდა... იმალებოდა.
არ იტაცებდა ავაზაკების
მისწრაფება და ლტოლვა ახალი:
„უნდა ავიღო თემი თათრების,
გავსწყვიტოთ ერთად კაცი და ქალი!“

VII
„ვინ არ იცის, რა სასტიკად
გვემუქრება ულუმ-ხანი,
ძმებო... სევდა მაწევს ფიქრად,
ძლიერი მაქვს კაეშანი,
მოგვდგებიან თათრები და
ამოგვწყვეტენ... ამოგვსრესენ,
თქვენთვის ცუდი მე არ მინდა,
მფარველი ვარ თქვენი ესდენ.
მისთვის ვამბობ: რომ დავასწროთ,
ის სჯობია, გეფიცებით,
დავეცეთ და ავაოხროთ,
დავდნებით და დავიწვებით...
ჩვენი ბედი ბრძოლა არის,
სიკვდილია განსვენება.
გამომყევით, ვისაც კაცის
სიცოცხლე არ ენანება“, -
ეუბნებოდა ერთხელ სეიმი
მის ავაზაკებს, განწირულ ჯავართ,
ბრბოს იტაცებდა ბრძოლის ციმციმი,
„გაგვიძეღ, სეიმ, ჩვენც, ჩვენც შენთან ვართ!“

VIII
აფრა აშალეს... ზღვა წყნარად სთვლემდა,
შორს მიფრინავდა ყივილით გედი;
უფრო შორს კიდევ კაცთ მუნ იწვევდა
ახალი სხივი, ახალი ბედი.
იქ უშრეტელი შფოთავს ქარცეცხლი,
იქ კვლავ ისმიან ბრძოლისა ხმები;
ზღვაზე გაისმა რისხვის აღმძვრელი
ხმა... იმღეროდნენ ავაზაკები:

1

მიჰქრის ნავი,
მომხიბლავი
         კამარა კრთის
ზღვის სივრცეზე,
ამაყ-ცელქზე
        მზის სხივი თრთის!

2
ჩვენ კი მარად
უღალავად
        ბრძოლას ვეძებთ
და მით გრძნობას
კვლავ აღდგომას
        ვაიმედებთ.

3

სულს მოსწყინდა
სივრცე წმიდა,
        ერთფერობა.
ახალ იმედს,
ახალ ტკბილ ბედს
        ეძებს გრძნობა.

4

იმ დროს ველით,
როცა ცეცხლით
        დაჰკრავს ალი,
წარიტაცებს
მოკვდავ კაცებს
        ქარიშხალი.

5

ვინ უწყს, რამდენს
სისხლს დაადენს
        მკაცრი ბრძოლა.
შორს წუხილი,
ტანჯვის ჩრჩილი,
        შიში, ძრწოლა...

6
დაგვაღონებს,
დაგვამონებს
        სევდა წამით
და მოვასწრობთ,
რომ გავაქროთ
        ბრძოლის შხამით!

7
წუთი არი
და სიზმარი
        ეს ცხოვრება,
როგორც მკრთალი
ცისა რკალი
        ნელ-ნელ ჰქრება.

8           
მაგრამ გაჰქრეს
მკაცრ ბრძოლის დღეს
        ამაყურად
და ჩვენ მოვკვდეთ
ბრძოლის ველზე
        ვაჟკაცურად!

მისწყდა სიმღერა და ავაზაკთა
ურიცხვი გუნდი კლდეს მიეფარა,
აღარსად სჩანდნენ... ნაცვლად ზღვის წყალთა
მკრთალი სიბნელე შემოეპარა.
დაცალიერდა უცებ კუნძული,
ადამიანთა მისწყდა ძახილი;
მხოლოდ აქა-იქ გადაჩადრული
ჯაგებში კრთოდა ქალების ჩრდილი.

IX
„ჩქარა, მენავე! - შანშე ამბობდა, -
მოაცურევი სისწრაფით ნავი...
გული გასკდომას ტანჯვით ლამობდა,
მტანჯავდა ფიქრი სულთამხუთავი.
დრო ჩვენს ხელთ არის... ვერვინ შეგვამჩნევს,
ეხლავე ჩუმად მოვსცილდეთ კუნძულს.
ოჰ, რად ცახცახობ... რა ფერი გადევს,
ვერვინ გაგვიგებს ლტოლვას დაფარულს“.
მაგრამ სასტიკად დაშინებული
მენავე გადგა კანკალით განზე;
შეაცვლევინეს ავაზაკთ გული
გამბედაობა - ერთგულებაზე.
„მაშ, არ მოდიხარ? - შანშემ შეჰყვირა,
- მენავე იდგა გაშეშებული -
მონავ! სჩანს ურცხვად გადაიბირა
ავაზაკთ რიცხვმა ეგ შენი სული“, -
სთქვა და უბიდან საშინელ რისხვით
ამოაცურა ბასრი ხანჯალი
და წუთის უმალ მჩქეფარე სისხლით
შემოიღება მონა საწყალი.
მკვდარი დაეცა... შანშე ყელში სწვდა
და ზღვის სიღრმისკენ გადაისროლა...
ერთის ნახტომით ის ნავთან გაჩნდა,
კიდე შეაკრთო და აათრთოლა.
საჭე მოზიდა... და ნაპირიდან
ნავი ნაპრალებს გადააცილა,
მოუსო ნიჩაბს... ერთხელ შვა წყლიდან
კუნძულს შეხედა და მიიმალა.

X
რა წარმტაცია თვალუწვდენელი
ზღვის სივრცე შორი განთიადის ჟამს,
როდესაც მთვარე, სხივთა მფრქვეველი,
ღიმილით დასცქერს მომხიბლავ კამკამს.
როცა მსუბუქი, შეტოკებული
ფერს იცვლის წყნარად ვარსკვლავთა კრება.
და ცის ბრწყინვალედ მორთული გული
ზღვის შორ ლაჟვარდში უებრად კრთება.
თითქო ჰანგს სძღვნიან განთიადისას
შემაერთებელ ფრთაშესხმულ კავშირს
და იქარვებენ ტანჯვას გულისას,
მარხვენ თან მიმსრბოლ კვნესა-გასაჭირს,
არც ზღვა ნეტარი, არც ცა მორთული
არ ემონება გულისთქმას ვიწროს.
და საიდუმლოდ ათრთოლებული
იქ სული ხარობს... მიყვარს ზღვა ამ დროს...
მაშინაც, როცა აღშფოთებული
ტალღა ტალღაზე ჰქუხს და გრიალებს
და ფრთაშესხმულად აგორებული
ნაპირებს წალეკს, გაატიალებს,
როცა ქაფს იყრის და მრისხანებით
ვით ცეცხლის მარცვლებს ჰაერში აბნევს.
და ველურ ხმებით, საზარელ ხმებით
შიშში შთაგდებულ მიდამოს არყევს,
როდესაც ანძა ხომალდთ ქარავნის
გადახეული მიმოფრიალებს,
როცა წყლის ქაჯი განგაშებს... დაძრწის...
როცა დემონი ცაში ხრიალებს,
თითქო ვერ ითმენს სასტიკ მონობას,
სამარცხვინოს და საბედისწეროს,
და შხამ-ნაღველში ილესავს გრძნობას...
ომობს, თავხედობს... მიყვარს ზღვა ამ დროს...

ერთხელ, როდესაც აღტაცებული
გადავსცქეროდი ზღვის ამაყ ტალღებს,
ნავი შევნიშნე, მთლად დამსხვრეული
ძლივსღა იჭერდა დაფლეთილ კალთებს.
მე მომაგონდა ობოლი სული,
ქარიშხლის ცეცხლში ობლად მფრინავი.
დავაკვირდი და მიტოვებული
მაშინვე შანშეს ვიცანი ნავი.

XI
შორს კი, იქ, სადაც მოულოდნელად
შეშფოთდა ერი და ულუმ-ხანი
და კარ-მიდამოს დამწველ-მდაგველად
გადაეფინა სევდის საბანი,
ომობს სეიმი, თვალებში უკრთის
განწირულება და მრისხანება;
ის გამარჯვებას სულაც არ უცდის,
მაგრამ სიცოცხლეც არ ენანება.
აღფრთოვნებულნი მისი სიტყვებით
წინ ისწრაფვიან ავაზაკები;
ვერც ჯართა რიცხვით, ვერც ძლიერებით
ვერას გამხდარან იმათთან მტრები,
ცეცხლის ალმურში ინათლებიან,
ფრთაშესხმულ ძალას ბრძოლით იჩენენ,
სიკვდილს უშიშრად ეგებებიან
და ძლევის ნათელს მიდამოს ფენენ.

საღამოვდება... აგერ დიდებით
მნათობი მთებში გადაესვენა.
ტკბილმა სიმღერამ ტკბილის იმედით
სეიმის მებრძოლთ აღუძრა ლხენა.
ესეც მიწყნარდა და მდუმარებამ
სისხლით მოსვრილი მოიცვა არე;
კაშკაში იწყო ვარსკვლავთა კრებამ
და მთას გვირგვინად დაადგა მთვარე.
ხის ძირში სძინავს სეიმს მოქანცულს,
მთვარის ნათელი მის შუბლს ძლივს ხვდება
და არემარეს, ღრმად ძილში შთანთქმულს,
ნელი ნიავი ეთამაშება.
დროგამოშვებით სადმე ბულბული
დაუსტვენს ნაზად და სევდის ხმაზე,
რომ გამოხატოს ამ ღამის სრული
მშვენიერება და სილამაზე.
დროგამოშვებით ნაკადი წყნარი
ნაღველს შესცინებს, ჩაიბუტბუტებს
და ღამის ჩრდილი, გაუგებარი,
მთის ობოლ ყვავილს გულში იხუტებს.

სძინავს მოქანცულს სეიმს და ძილში
სიზმრებსა ხედავს გამარჯვებაზე,
მაგრამ ვინ მოსჩანს, აგერ ხის ძირში
მძინარ სეიმს რომ წაადგა თავზე?
შეკრთა სეიმი... წამოდგა ზეზე,
უცნაურ ძილ-ქვეშ კრთოდა და თრთოდა,
უცნობს მიაპყრო თვალნი სახეზე
და მრისხანედ სთქვა: „აქ რა გინდოდა?
შანშე შენ ტყვე ხარ!..“ მაგრამ მოსულმა
მსწრაფლ დააფარა ტუჩებზე ხელი:
„ჩუმად... ოჰ, ჩუმად! ვერ შესძლო გულმა,
სააღსარებოდ შენთან მოველი,
დამიგდე ყური... ბედკრულს აღარ მაქვს
მშვიდობიანი ცხადი და ძილი,
ეს მოგონება ჩემს გრძნობას სწამლავს,
მე, მე მოვკალი შენი ელილი.
ნუ მკითხავ, რისთვის... მე ასე მსურდა...
და პირველია ელილი განა?
ჩემი ნაზი მზე როცა შეშურდა,
მეც სისხლით მოვრწყე მთელი ქვეყანა“.

მუხლთ მოეკეცა სეიმს... ამაოდ
ხმლისკენ მარჯვენის წაღება სცადა,
გრძნობა დაჰკარგა... მოკვდა საბრალოდ,
წუთი და შანშე აღარსად სჩანდა.
მოულოდნელი უბედურება
მკვეთრად, ძლიერად გამოიხატა:
ავაზაკთ გუნდი, ეს გულქვათ კრება,
დამარცხდა... გაჰქრა... მიმოიფანტა.

მოშორებული ზრახვას ქვეყნიურს
სიკეთეს, ლხენას, ქება-დიდებას
შანშე არ ეძებს მშვენებას ციურს,
ის ეძებს მხოლოდ თავდავიწყებას.
კვლავ მღერის, როცა მსხვერპლი ესდენი
დროს სვლასთან ერთად მოაგონდება,
„მიჰქრიან დღენი... და მკაცრი სენი
სულით ობლობის აღარ მშორდება!“

[1910]