შუალედი - დან - მდე
 
 


გასვენება


- ო, როგორ მძიმეა ყოველივე ეს...
- ო, როგორ მინდა, განვთავისუფლდე ამ სიმძიმისაგან.

[გასვენება]
მოქმედება პირველი

- ნეტავი ვის მარხავენ?
I ქალი: ([ჩუმად] მიუახლოვდება მეორე მანდილოსანს და მისგან შეუმჩნევლად შინჯავს კავერკოტის პალტოს. შემდეგ მეორე ქალი) იიი. სულ ერთი პესნისაა, ესეცა და ისიც... სულ ერთი პესნისაა.
- უკაცრავად, მე მანეკენი არა ვარ [მაღაზიისა]. ასე მხოლოდ მაღაზიებში შინჯავენ მატერიებს (უკმაყოფილოდ [სცილდება მათ] იყურება ალაყაფის კარებისაკენ).
I ქალი: გადირია ხალხი, სწორედ გადირია! „ჯან" ღვთის წყრომად ეყურებათ, ქა...
II ქალი: [მერე, როგორ] თავს გაუვიდა, ყოველ სიტყვაზე გაებერა ის წითელი ნესტოები! არა, მართლა, ნეტავი ვის ასვენებენ ასე დიდის ამბითა, ა? ამ გაზეთში კი (შლის გაზეთ „საქართველო“-ს) არც ერთი სამგლოვიარო განცხადება არაა.
I ქალი: აი, დღეც ასეთი უნდა. მაშ, არავინა [არ] მომკვდარა [ქა] რაღა! მაშ, ეს ბალდახინი... [აღარაფერი მესმის!] რაღას უდგას აქა?
II ქ.: ეე. არავინა მომკვდარაო! დღეს რაღაც დღესასწაულია და იმის გამოა. ხვალინდელი გაზეთი ნახე შენა. რომა სუ[ლ] ერთად გამოცხადდებიან გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი მკვდრები. (მათხოვარს) რამ გაგამწარათ ამ შუადღეზე? დაგიჭერიათ ბავშები და დადიხართ. კარგი, დაიკო, გაიარ-გამოიარა და მერე მოდი! (პირველ ქალს) დაჩვეულნი არიან მათხოვრობასა. გაიარე, მაგალითად, დუქანთან, სადაც ოდესმე ლიმონათი დაგილევია, შენ უსათუოდ შეჩერდები და მოისურვებ კიდევ დალიო. (მეორე მათხოვარ ქალს) იჰ, გამეცა იქითა! არა მაქვს! გაიარ-გამოიარე და მერე მოდი. თქვენი პარტია არ არის, რომ იძახის ღარიბ მუშასა და გლეხს გაუმარჯოსო. წადი და შენაც იმათ მიმართე, რაღა მე ჩამაცივდი. (პირველ ქალს) ჰო და იმას მოგახსენებდით... (გაოცებით) უი, ქაა, დამიდგეს თვალები... ეს ჩემი ქმარი როგორ გალეშილა, ფეხებზე ძლივას არა დგას...
ქმარი: (ზარხოშად ცოლს) კაი კამპანიაში ათ ლიტრასა დავლევ. ღმერთმანი.
II ქ.: დაიცა ერთი, დაიცა პატარა ხანს.
ქმარი: რაო? პატარა? რა მერე, რომ ტანით პატარა ვარ, ნაპოლეონი და კუტუზოვი თუ დაბალი კაცები იყვენ, ვერ იყვენ რაღა!
II ქ.: სად გაილეშე ასე უღმერთოდ, ა?
ქმარი: [უღმერთოდო?] ღმერთი, ააა! ღმერთი მე მწამს, სხვაზე ვილაპარაკოთ. გაუმარჯოს, გაუმარჯოს. იცოცხლე, გაგიმარჯოს. იგი[ც] ძმაა ჩვენი. იგი ისეთივე ძმაა. შენც ჩვენი ძმა ხარ. იცოცხლე, გმადლობ, გაცოცხლოს; დალიე, მხეცი კი არავინ არის აქ. [სევდიანად დაბალი მღერა. ცოცხალი ვარ, მე კი არა მჯერა]. [მაღალ გორაზე დაუთოვია]. (ახალგაზრდა კაცს, რომელიც შეჩერდება) არა, რას მიყურებ, ბიძია.
ახ. კაცი: მე როდის გიყურებთ.
ქმარი: არა, რას მიყურებ, ბიძია. თუ ჩემს წვერებს ითვლი, მე გეტყვი: სულ არის თორმეტი ღერი. დათვლილი მაქვს შენმა მზემ.
ახ. კაცი: ვა, მე როდის გიყურებთ.
ქმარი: და თუ ბალშევიკი ხარ, ბიძია, ამასაც გეტყვი: პარტია, რომელმაც განიცადა დამარცხება და არ შესწევდა გამბედაობა აღეარებინა ეს - იდიოტების პარტია იქნებოდაო, ამბობდა ოდესმე კარლ მარქსი.
ახ. კაცი: [ვა, გიჟია ოხერი!] (დაშინებული მიდის და თან უკან იყურება).
ქმარი: აა, შეგეშინდა, შენს მაგიერ აგერ მამა ექვთიმეც მოდის. მეზობლური, ძმური, ამხანაგური, [მეგობრული] ბალშევიკური სალამი მამა ექვთიმეს...
[მღვდელი] მეორე ქალი: გაჩუმდი, შე სასიკვდილე! მამაო ექვთიმე, დამთვრალა ეს ჩემი ქმარი და...
მღვდელი: რა უშავს, შე ქალო, მერე. ვისთან იყავი სადილად ჩამომხტარი, იოველ!
ქმარი: რა ვიცი... ყველგან ჩამომხტარი არა ვარ... ხან ღობესთან მისული. ერთი რამ უნდა გკითხოთ, მამაო ექვთიმე...
მღვდელი: ბრძანეთ, ბატონო იოველ.
ქმარი: ვთქვათ, მამაო ექვთიმე, მოვიდა თქვენთან ვინმე ლაზღანდარა. დაგიდგათ, აი ასე, წინ და დაგიწყოთ: მამაო ექვთიმე, მამაო ექვთიმე, მამაო ექვთიმე, ათჯერ, ოცჯერ - სულ მამაო ექვთიმე და მამაო ექვთიმე - მეტი არაფერი. მოგეწონებოდათ?
მღვდელი: მომეწონებოდაო!! მომეწონებოდა კი არა, ისეთი გული მომივიდოდა, რომა...
ქმარი: რაო, რაო? რა ბრძანეთ?
მღვდელი: გული მომივიდოდა-მეთქი. სულ მამაო ექვთიმე და მეტი არაფერი, აბა, რაა!
ქმარი: ოოო! მადლობა მომიხსენებია. ეხლა შენ რომ შეიმოსები და ეუბნები ღმერთს: მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო, უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე. რავა, შენ თუ გული მოგივიდოდა და იმ ღმერთს გული არა აქვს თუ??? სულ მამაო ჩვენო და მეტი არაფერი.
მღვდელი: ეეე, იოველ! შენ ცოტა მეტი გადაგიკრავს. მშვიდობით გნახე. გასვენებაზე მივდივარ.
ქმარი: მამაო ექვთიმე, ჩემგან არაფერი გეწყინოსთ. ისე გეხუმრებით, ხომ იცით.
მღვდელი: ვიცი, როგორ არ ვიცი, ჩემო იოველ. [ეხლა მშვიდობით ბრძანდებოდეთ]... (მიდის).
ქმარი: გასვენებაზეო? მერე ვის ასვენებენ ნეტავი?
I ქალი: რა მოგახსენოთ, არ ვიცი სწორებით...
- არ იცით? მაშ, ეს იქნებ იცოდეთ: რა ღირს პირველი ხარისხის ბალდახინი?
- არც ეგ ვიცი სწორებით, ბატონო იოველ!
ქმარი: ოო, თეკლე ბატონო, თქვენა ხართ.. დიდი ბოდიში, ჩემო ბატონო, ცოტა ზარხოშადა ვარ, ამდენ ხანს სალამი ვერ მოგეცით. ახლა კი მშვიდობით ბრძანდებოდესთ. რაში მეკითხება ვიღაცის გასვენება (მიდის, მიიმღერის: ეფემია, შენ დაგიდგეს თვალები, ფული მოგაქვს, შენ გაგვიღე კარები). ჩემო კნეინა, სახლში მალე დაბრუნდებით?
I ქალი: იი, შენცა და შენი კნეინაცა. სულ კნეინასა მიწოდებს.
ქმარი: მავიდეს? მავიდეს, ვა! კაცი დაშხოშივით უნდა იყოს. ერთი ნაბადი მქონდა, დანასავით ბრჭყვიალებდა. ქალაქში რომ გავივლიდი ვაჰ, ვაჰ! პატარა ვარ, მაგრამ სანდრო კანდელაკის ტოლა კაცად ვჩანდი. მაშა, მაშა! ჩემმა მზემ... ხა, ხა, ხა! (მიდის).

*

- რა ღირს პირველი ხარისხის ბალდახინი?
- მიდიოდა და წინდას მიიქსოვდა, რა ვქნა, დედა, წყალში ვერ გადავვარდები, კლდიდან ვერ გადავეშვები!
- რა კაცია! გორილაა თუ ადამიანი?

გამოჩნდებიან [მიკიტნები] სირაჯები პლაკატებით:

1. სინამდისინ ჩვენ ცოცხლები ვიპოებით, ვერ ვიტყვით: ჩვენი ჭირი ეს არის.

შექსპირი


2. ჩვენ ყველანი ბედნიერებას დავეძებთ, მაგრამ ძებნაში საფლავებსა ვპოულობთ.

ბუდდა


3. სულელსა ჰგონია, რომ თვითონ ჭკუიანია, მაგრამ ჭკუიანმა იცის, რომ თავად სულელია.

შექსპირი


4. მტრისა სრულიად ნუ შეგეშინდება, მაგრამ ნათესავებს უფრთხილდი.

კონფუცი


5. ღამე დაწოლა მშიერი ბევრად სჯობია ვალით და სესხით ვახშმის ჭამას.

ფრანკლინ


6. თუნდა თოვლივით თეთრი იყო, ხალხი მაინც დაგძრახავს.

შექსპირი


7. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრსაც ნანობს, და ვინც სიჩუმეს ეჩვევა, ის ჭკვიანია.

სოკრატე


8. ძველი და ნაცადი მეგობრები რკინის ჯაჭვით გულზე მიიბი.

შექსპირი


9. ადრე დაწოლა და ადრე ადგომა კაცს მოუმატებს ჭკუას და სიმდიდრეს.

ნიუტონ


10. ქალი მუდამ სულელ საქმროს დაეძებს, რომ ადვილად მოატყუილოს.

შექსპირი


11. ბრმას რად უნდა მუზეუმში შაყვანა,
ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა,
ღორს რად უნდა ოქროს ტახტზე აყვანა,
ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა!

იეთიმ გურჯი


[ხალხი თვითე...]

დემოკრატია: თვითეულ პლაკატის წაკითხვაზე - მართალია, სწორია, ნამდვილია, ბრძნულია.
- ეჰ, საწყალი მიცვალებული. ნეტავი ვინ იყო?
- მას სახე და ხელები ექნება პერგამენტივით ყვითელი!
- ნეტავ, რა ღირს პირველი ხარისხის ბალდახინი.
აისორი ქალი ქიმერიული შესამოსელით: თანდათანობით, კამაც-კამაც, საქმე დასასრულამდე მივიდა: ყველაფერი განრიგდა, განაწილდა, ყველაფერი გარდა პატარა მიწის ნაკვეთისა სასაფლაოზე (ამოიოხრებს).
- ნიჭიერი კაცი იყოო, ამბობენ. ნიჭიერი კაცი იყო ეს ერთია და სამშობლოსათვის დახმარების გაწევა მეორე.
გამოჩნდება პლაკატი: რომელზედაც გამოხატულია გუთანი, კალამი და ხანჯალი. [გაუმარ.] წარწერა:
- გაუმარჯოს იმ მარჯვენას, რომელიც გუთნით მიწასა ხნავს, კალმით თავის ერს ეხმარება, ხანჯლით მტერს გულს გაუპობს.
- რა დიდებული სახლია, სწორედ მეფურ გემოვნებაზე აგებული: წინ ბაღი, უკან აივანი, თეთრად შელესილი კედლები.. ნეტავი, ვინ მომკვდარა?
(მთელი რაზმი უსახლკარო პატარა ბიჭებისა: ზოგი კოჭებს თამაშობს, ზოგს მზეზე მისძინებია).
- გარეგანი შეხედულებით ეს სახლი საკვირველს არას წარმოადგენს, სრულიად არაფერს, და მის აზრს რომ ჩავუკვირდებით...
- ეს ბაღი, დედამიწაზე ვერ ნახავთ ამისთანას, რა გინდა, სულო და გულო, რა სახელწოდების მცენარეები იქ არ არის.. ვინ მოსთვლის.
- რა სიმდიდრეა. გეგონება, ცხრა მთას იქით გადამაფრინა რაღაც უცნაურ ძალმაო.
- მერე რანაირად უყვარს იარაღი ამ სახლის პატრონს: თოფი, ხმალი, ხანჯალი, შუბი, ფარი, დამბაჩა!
- თქვენი მტერი! მე ეხლავე მეშინია!
- [ოო] საშიში აქ რა არის, იარაღი უყვარს, ნადირობაცა უყვარს ბაზიერით, ნადირობა მეძებრებით.
- ნეტა [რა გვარია?] როგორია?
- წარმოსადეგი კაცია. ორმოცის, ან ორმოცდახუთი წლისა. პირწითელი. მოკლე, მაგრამ სქელი წვერი აქვს, თვალები მუდამ ანთებული აქვს. პირში ხუთი ადლის სიგრძე ჩიბუხი უჭირავს.
[- რაღაც საშინელი, სისხლით გაუმაძღარი გამომეტყველება აქვს იმ კაცს].
[- მაშ, წერას აუტანია - როგორც იტყვიან].
- აბა, კაციც იმასა რქმევია, აი.
- ერთის სიტყვით, მომკვდარა რაღა.
- რა ვიცი, [ვინ] ის მომკვდარა თუ არა, მონადირე კი კარგი იყო. ძაღლიც კარგი ჰყავდა. მათი საქმეა, რომ ამ არემარეზე ნადირს ვეღარსადა ნახავთ, გინდა წამლად გინდოდესთ.
- მომკვდარა რაღა? ეჰ, ამაოება ამაოებათა - და სხვა არაფერი.
- ზედმიწევნით იცოდა ნადირობის საქმე და წესები, რადგან ძირის ძირობამდე შეესწავლა ყოველანაირი ნადირობის წიგნი.
- ოოო! ეს კარგი საქმეა. ჭაობებში დაბუდებულ გველეშაპივით ყოფილა რაღა, ზღაპარ-თქმულება რომ მოგვითხრობს „სისხლის წვიმების დროსაო, მეფე ერეკლეს დროსაო".
- ძველი ოჯახის კაცია. სულ ანდაზებით უყვარს ლაპარაკი: ანდაზა ამბობს, ანდაზად გამიგონია, ანდაზისა არ იყოს, ანდაზად ნათქვამია, ძველებს უთქვამთ, ხალხს უთქვამს, ბრძენი ანდაზა, გონიერი ანდაზა, მშვენიერი ანდაზა, ძველი ანდაზა. ამას წინად ნადირობის დროს, იხვს რომ თოფი ავაცდინე, მან მითხრა: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.

*

- მაგრამ, აჰა, გამოასვენეს. მოასვენებენ (ხალხში ჩოჩქოლი).
- წესრიგი დაიცავით... წესრიგი... წესრიგი.
- მოასვენებენ, ხუთასამდე კაცი თან მოყვება.
- რა დიდებული დასაფლავებაა!
- ეჰ, დასაფლავება კი ვიცით ქართველებმა.
- მუსიკაც [უკრ.] დაუკრავს...
- ორკესტრი, წინ! [გამოვიდა].
- ბალდახინებიც ემზადებიან.
ჭირისუფალი: გარდაიცვალა! რა ექიმები არ დავახვიე თავს, რა წამლები. [მოვლას ნუღარ იკითხავთ].
- ცოტას ხომ არ წაიგიჟიანებდა?
- მოვლა ჰქონდა, ბატონო, მოვლა?
- მოვლას ნუღარ იკითხავთ, მაინც არრა ეშველა რა, რა არსება, რა ერთგული არსება იყო. თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო ჩემი მეგობარი. ო, [როგორ] მოკვდა, როგორ დამიყრუვდა გრძნობები, როგორ დამიმუნჯდა. მე მინდა, გადაჭიმული ვიყო დოლზე, რომ მივიღო ახალი დაძაფვა. მე ისე განვიცდი ტკივილს. ო, ნეტავი შემეძლოს ვიცოცხლო აი, ამ დამბაჩის ლულაში, და ვისსამე ხელმა ამაფეთქოოს ჰაერში მე, დამწვარი შინაგანი ცეცხლით. ამიერიდან არსად არ იქნება ჩემთვის სიმშვიდე, არსად არ იქნება ჩემთვის მოსვენება, ჩემო ერთგულო პირუტყვო... ოოჰ, ოოჰ! (მიჰყავთ წინ. ორკესტრი უკრავს სამგლოვიარო მარშს. ეზოდან [გამოჰყავთ] გამოაქვთ საკაცე, ძვირფას აბრეშუმში და ყვავილებში გახვეული).
- თქვენ რა გგონიათ, ვინ არის ამ აბრეშუმსა და ყვავილებში ჩაფლული მიცვალებული?
(უეცრად [გადახდის, თავს მოახვევს] მოხსნის აბრეშუმს).
- ძაღლი!
- ძაღლი!
- ძაღლი!
(უზარმაზარი კორტეჟი მიდის. პლაკატები მიჰყვებიან. მუსიკა უკრავს).

ფარდა.

[1932 წელი]