შუალედი - დან - მდე
 
 


მესაფლავე


მესაფლავე:

განვაგრძოთ, თავო ჩემო, საქმე დაწყებული. ისევ საფლავი, საფლავი უკანასკნელი ბინა ადამიანის. ბედს არ ვემდური, რომ ასე ვარ და მეძახიან მესაფლავეს, რადგან სიცოცხლეში მეც საქმეს ვაკეთებ, საქმეს მადლით მოსილს. ბინას ვუმზადებ ადამიანს, მგზავრს წუთი სოფლისას, ბინას ნეტარს, თუმც სამარეთ წოდებულს. სიკვდილი უკანასკნელი სიტყვა სიცოცხლის, ჰო, ეს მჯერა, უხილავო ძლიერებავ.
ადამიანო, სიცოცხლეში მაინც ნუ მიეცემი დავიწყებას, შემდეგ კი, ვინ მოგიგონებს ან რისთვის... დარჩებით მეგობრებათ შენ და სამარე.

პოეტი:

მე ეხლა მოველ სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილათ აველი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილათ დავრეკე მთვლემარე ზარი.
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვსცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში.
რომელთაც სწამდათ ქვეყნათ სიცოცხლე
და დღეს საფლავის ფარავდა ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასო წარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი,
და ქვესკნელიდან თითქო იმავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ,
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
მაშინ ფიცრებზე ძვლების რახუნით
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი და
მკვდართა მოთქმა უკანასკნელი.
და შუაში კი სიცალიერით
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა
სამარათ ჟამოთ დაუნახავი.
და ორი ზარი საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ეს ქვეყანა და ეს სოფელი...
და დიდ ხანს, დიდ ხანს ვისმენდი გუგუნს
და დიდ ხანს, დიდ ხანს ზარი გოდებდა...
მაგრამ ამაოთ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოთ მიმოწოდებდა...

მესაფლავე
:

პირველი ზარი რეკავდა იმას,
რომ ვავიწყდებით მათ, ვინც მიწვდება.
უპასუხებდა ზარი მეორე,
რომ მათი ხსოვნაც ჩვენ გვავიწყდება.

პოეტი:

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე, ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება.
ეხ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, მომაბეზრე კიდეც თავი,
და შესწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულს საკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს, ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი - ისე აწევს.
ყვავილებით მოქარგულა არე-მარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ სტირის ობლად ქვრივი,
რა რიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი.
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი ამ სამარეს გულ-მოკლული დაქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს,
ვარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე.
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა.
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა.
მაგრამ რა ვქნა, მესაფლავე, ჩუმათ იყავ, უგდე ყური.
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური.

ქალი:

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალ არეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო.

პოეტი
:

მესაფლავევ, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება.
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს.
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი [კიდევ] სატრფოს [ასამარებს] საფლავს ცრემლს დააფრქვევს.
გულ-მოკლული ძვირფას [კუბოს] საფლავს არ სცილდება, არ შორდება.
განა როსმე სხვა ამ გვარი სიყვარული მეორდება,
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოჩქებს გულ-მოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ვაჟი
:

(ფიცით [რაღაცას] ამბობს) ოხ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემ სამარეს გაზაფხულის მზის სხივები.
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალ არეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო.

პოეტი
:

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება.
ის ქალი კი, წეღან რომ ვსთქვი, ისევ მოდის თმა გაშლილი,
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი.
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბად, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება,
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი, თვალებსაც კი დასჩენია უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა.
ეხლა, ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება.
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს სევდიანს და გულ მოსაკლავს,
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება.
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა.
მესაფლავე, ეხლაც იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება.
დღეს იმ ქალმა, გულ-მოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა, ისიც ჩემებრ სტირის ცრემლებ შეუმშრალი.
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ალერსს მოკლებული.
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბად, ვაჟსაც, ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა.
ასე იცის თანაგრძნობამ, შენ კი ისე იღიმები,
თითქო მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება.
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება,
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ, ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
(მესაფლავე ხარხარებს).
მესაფლავე, გამიგონე შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა, ჩემს თქმაზე რომ სულელურად ახარხარდი.
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარეთ წასჩურჩულა:

ვაჟი
:

შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული,
გამომყევი, ქალო, ცოლად, ძლიერი მაქვს სიყვარული.
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა, გამომყევი ცოლად, ქალო.

პოეტი
:

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა. მე მგონია, არა, არა.
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა.
კვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, კვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს.
აი, ნახავ, აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს.
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო...

ქალი
:

უსიყვარულოთ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოთ,
უსიყვარულოთ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოთ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს.
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ გზებს იგი არ უხმობს.
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა გავს,
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება,
უვნებოს, მაგრამ ძლიერ ალერსს გარემოუცავს.
ოჰ, არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოთ.
თანახმა ვარ, ერთად ერთი მომავალი მასულდგმულებს,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს.
მე შენი ვარ სამუდამოდ, წამიყვანე, სადაცა გსურს.

პოეტი
:

მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი სთქვა.
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ყოფნას სამარის ქვა.

ვაჟი
:

საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები.
ბროლის თითები მზისგან სავსე ალის-ფერ ღვინით
მე დამათრობენ: გავეგები, გავენაბები,
პოემას უვრცეს დაერქმევა: ალვა და სურო,
იქ შორეული მხარეები უნდა გამეფდეს,
ხო, ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე დამსხვრეულ ბეჭდებს.

პოეტი
:

ალბად, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვთ ბინა, ხედავ, გავა ხანი,
[არ ნახულობს] აღარ ნახავს სასაფლაოს [დღეს] ხვალ არცერთი იმათგანი.
საფლავთაგან მტვერს და ბალახს [დღეს] ხვალ არავინ [არ აცილებს] მოაცილებს.
და მოვლასთან ერთად ფერი [წართმევიათ] წაერთმევათ ვარდ-ყვავილებს.
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო.
განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი,
რაღად გინდათ, რათ სჭირია თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი.
ან რას გარგებთ, მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა.
ძილით ვეღარ გამოგარკვევს ვერა ძალა, ვერც შემთხვევა.
ასე ხდება ქვეყანაზე, ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეში ავიწყდება.
ზარსაც სცემენ...

მესაფლავე
:

ამ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
ამ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე.

პოეტი
:

სჭედს, და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად ეღიმება,
მესაფლავე:
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა, როგორც ხდება.

პოეტი
:

მაგრამ დღეს არ ღირს სიკვდილზე დარდი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები,
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა, ეხლა ამ ბაღებს
და მყინვარს მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი, შუქთა მარადი ნთებით,
მე მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე,
მშვნიერების ლექსით მქებელი.
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე,
სიკვდილთან ჩვენი შემრიგებელი.

[1912 წელი]