შუალედი - დან - მდე
 
 


ირაკლი აბაშიძეს


[ირაკლი, მე მინდოდა შენთან ერთად ამხანაგურად მომელაპარაკნა].
ირაკლი, მე მინდა [ერთად] ამხანაგურად მოგელაპარაკო.
უპირველეს ყოვლისა, ჩემო ირაკლი, მე მინდა, რამდენიმე შეკითხვა მოგცე: და შენ, იმედი მაქვს, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი საბჭოთა ლიტერატურის, აგრეთვე როგორც ამხანაგი, მიპასუხებ პატიოსანი და კონკრეტიული პასუხით.
უკანასკნელ ხანებში მე შემექმნა ჩემი ლიტერატურული მუშაობისათვის არახელსაყრელი პირობები.
ჩემს უკანასკნელ შრომებს – უბრალოდ რომ ვსთქვათ – კრიტიკა უარყოფითად შეხვდა. ამასთანავე მთელი რიგი დაბრკოლებებისა – შენც კარგად იცი – აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს (გამომცემლობებში).
გარდა ამისა, წავიკითხე შენი წერილი: იქ მე აღნიშნული ვარ, როგორც რევოლიუციამდელი ლიტერატურის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც საბჭოთა პოეტი, [სრულიად] ჩრდილში ვარ დაყენებული, შენი წერილიდან ყველა მიხვდება, რაში გამოიხატება ძალა და თავისებურება ალიო მაშაშვილის, გოგლა ლეონიძის, მოსაშვილის, ჩემს შესახებ კი მხოლოდ კომპლიმენტია ნათქვამი.
ამიტომ კითხვის ქვეშ ისმება ჩემი არსებობა, როგორც საბჭოთა პოეტის, და ამიტომ გთხოვ, მიპასუხო პატიოსნად: აღიარებ თუ არა შენ ჩემს დამსახურებას ხალხისა და რევოლიუციის წინაშე? ღირსი ვარ თუ არა მე სახალხო პოეტის სახელწოდებისა?
დაჯილდოვებული ვარ თუ არა მე ლენინის ორდენით – ჩემი რევოლიუციამდელი ლექსების თუ სოციალიზმის სახელით ჩემი პოეტური შრომების გამო?
თუ ჩემს ლექსებს აქვს ქმედითი ძალა, მაშინ უნდა დაამტკიცო ეს!
ეხლა შემდეგი და [უმთავრესი] ყველაზე მთავარი.
მე უნდა ვიმუშაო.
მე ვსაჭიროებ ასპარეზს, გარემოს.
მე ვსაჭიროებ საარსებო წყაროებს.
უკანასკნელ გარემოებას შენ თვითონ მიაქციე ყურადღება, რისთვისაც გულითად მადლობას მოგახსენებ.
გამოსავალი მდგომარეობიდან მე თვითონ შემიძლია მოვნახო: მხოლოდ საჭიროა შენი ამხანაგური მხარის დაჭერა.
მწერალთა კავშირში საუბარი იყო ჩემი საღამოს მოწყობის შესახებ.
ყველაზე მიზან-შეწონილი იქნება ჩემთვის, როგორც საბჭოთა პოეტისათვის, მოეწყოს ეს საღამო სახელმწიფო ოპერის თეატრში.
ჩვენ, პოეტებს, უნდა გვყავდეს აუდიტორია, მასიური აუდიტორია, რომელიც ჩვენ მიგვიღებს ან უარყოფით შეგვხვდება.
ველი გადაჭრილ პასუხს.
თეატრის მხრით არავითარი დაბრკოლებები არ [არსებობს] შეგვხვდება.

[1943 წელი]