შუალედი - დან - მდე
 
 


ლავრენტი ბერიას


დიდად პატივცემულო ამხ. ლავრენტი პავლეს ძევ!

ყველასათვის ნათელია (და დღეს ამას ვინ ვერ გრძნობს), რომ თქვენ უაღრესად აფასებთ ხელოვნებას და მუდმივ მზრუნველობას იჩენთ ხელოვნების მუშაკებისადმი.
პირადად მე ბევრჯერ განმიცდია თქვენი ასეთი მოპყრობა და ეს მაბედვინებს, შეგაწუხოთ თხოვნით.
მე მყავს უფროსი ძმა, რომელიც მასწავლებლად არის სამტრედიის რკ. გზის სრულ საშუალო სკოლაში. ოცდაექვსი წელია, რაც მსახურობს პროვინციაში. მეტისმეტად გულწრფელი და პატიოსანი მუშაკია: ადგილობრივი პარტიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციების დიდი ნდობით სარგებლობს.
დიდი ხანია მას განზრახვა აქვს, გადმოვიდეს ცოლშვილით თბილისში და აქ განაგრძოს მუშაობა,  მაგრამ უბინობის გამო ეს ვერ მოუხერხებია.
მისი აქ გადმოსვლა ჩემთვის პირადად დაუფასებელი იქნება, რადგან ჩემს ლიტერატურულ მუშაობაში ხელს შემიწყობს და პრაქტიკულად დამეხმარება.
გთხოვთ, მოახდინოთ განკარგულება, მისცენ მას ბინა, რომ თბილისში ცოლშვილით გადმოსვლის შესაძლებლობა ექნეს.
კიდევ ბოდიშს ვიხდი, ძვირფასო ლავრენტი პავლეს ძევ, შეწუხებისათვის.

მწერალი გალაქტიონ ტაბიძე
1938 წ., 8/I