შუალედი - დან - მდე
 
 


კოტე მაყაშვილს


დიდად პატივცემულო ბ. კოტე!

ბოდიშს ვიხდი თქვენთან. ვიცი, რომ იმისთანა თხოვნისთვის, რომლითაც მე თქვენ მოგმართავთ, პირადათ თქვენთან მოლაპარაკება იყო საჭირო, მაგრამ ათასგვარი გარემოებები ხელს მიშლის თბილისში ჩამოსვლაზე.
საქმე ის არის, რომ მომავალი ენკენისთვიდან მოსკოვში მსურს წასვლა შანიავსკის კურსებზე. მაგრამ მე უღარიბესი მშობლების შვილი ვარ, ამიტომ მინდა, თხოვნა მივცე თბილისის სათ.-აზნ. ბანკს – სტიპენდიის დანიშვნის, ან ერთდროული დახმარების შესახებ. არ ვიცი მხოლოდ: 1. არის თუ არა თავისუფალი სტიპენდია; 2. თუ არის, ვის უნდა მივმართო დახმარებისთვის, როგორ უნდა მივმართო, და საერთოდ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ნაცნობები სრულიად არავინ არა მყავს ისეთი; 3. როდის უნდა წარმოვადგინო თხოვნა და მიიღებენ თუ არა ჩემს თხოვნას ისე, როგორც ახალგაზრდა მწერლისას; 4. თუ სტიპენდია არა, ერთდროული დახმარება ხომ მაინც მომეცემა?
ამის მიხედვით მოგმართავთ თქვენ, ბ. კოტე, უმორჩილესი თხოვნით შემატყობინოთ ყოველივე დაწვრილებით – მომცეთ რჩევა, თუ როგორ მოვიქცე. იმედია, შეხვალთ ჩემს მდგომარეობაში და წერილს არ დააგვიანებთ.
კიდევ ბოდიშს ვიხდი, რომ პირადათ ვერ გინახულეთ და გაწუხებთ თქვენთვის სრულიად უცნობი პიროვნება, მაგრამ თქვენი მარადის პატივისმცემელი

გ. ტაბიძე

1915 წ., 25 აპრილი, ქ. ქუთაისი

ჩემი მისამართი: Кутаис, III Александровская, д. Хачатурова, Галактиону Табидзе.