შუალედი - დან - მდე
 
 


პუშკინის ძეგლთან


     1. ეს ძეგლი წინად უფრო დიდი მეჩვენებოდა, ვინემ ეხლა. მარცხენა მხრით რომ სამსართულიანი სახლია, ისეთივე სახლი იდგა მარჯვენა მხრითაც, და ძეგ­ლი მათ გარემოცვაში უფრო დიდი, რელიეფურად მაღლა ამართული სჩან­და. ეხლა კი მარჯ­ვენა მხრით შვიდ-სართულიანი სახლი სდგას, რომელ­ზე­დაც კი­დევ ოთხი სარ­თუ­ლისოდენა კოშკია, კოშკის თავზე კი თითქმის ცამ­დის ხე­ლ­აღმართული ქალის ფი­გურაა გამოქანდაკებული. ეს - ძალიან ჩრდი­ლავს პო­ე­ტის ძეგლს, კონტ­რას­ტი­ულს ხდის, ძალიან  ძველის შთაბეჭ­დილებას ახ­დენს.
     2. პირველი წარწერა უცვლელადაა დატოვებული: „აღმართულია ძეგლი 1880 წელს“. ორი წარწერა კი ახალი მართლწერისაა: „Слух обо мне пройдет по всей Руси великой“ და „И долго буду я любезен тем народу“.
     3. ცხრაას ჩვიდმეტში კი ეს ძეგლი შემოსილი იყო წითელი მატერიით და ზედ ეწერა:

                                     „Товарищ, верь, взойдет она,
                                     Заря пленительного счастья,
                                     Россия встанет ото сна,
                                     И на обломках самовластья
                                     Напишут наши имена“.

      ო, როგორ ეხვეოდა ამ ძეგლს ხალხი იმ დღეებში.
     4. ცხრაას ჩვიდმეტში, მახსოვს, აქ იმართებოდა ფრონტიდან გამოქ­ცე­ული ჯა­რისკაცების მიტინგები. საინტერესო იყო იმათი ორატორების მოსმენა. ლა­პა­რა­კობ­დენ უბრალო, ხალხური ენით, ისმოდა „Таперича“, „Давеча“ და სხვ. ასეთები. ერთ­ხელ ძეგლის საფეხურზე ავიდა ინტელიგენტი, კარგად ჩაც­მუ­ლი, შავი წვერ-ულ­ვაშით, ოქროს სათვალეებით, თავზე ცილინდრით. მან და­იწყო თუ არა სიტყვით „Товарищи“, ყველა გაჩუმდა. კარგი ორატორი სჩანდა (შემ­დეგ აღმოჩნდა, რომ ვე­ქილი იყო). ეს იყო სწორედ ოკტომბრის პირველ დღე­ებში. ორატორი ლა­პა­რა­კობ­და რევოლიუციაზე, ხშირად ახსენებ­და პეტ­როგ­რადს. და ეს ამჟღავნებდა, რომ ის ჩამოსული იყო პეტროგრადი­დან, სა­დაც ივლისის გამოსვლები ჩახშულ იქნა. რა­ღაცა ორატორების გამოს­ვლაში არ მოეწონათ ამ უბრალო ფარაჯაში მყოფთ, წვერ­გაუპარსავ, ცხვრის ქუ­დე­ბი­ან რუხ ჯარისკაცებს. ერთმა მათგანმა დაიძახა: „Он - большевик". ამაზე მე­ორემ დაუმატა: „Нет, он не большевик“. მესამემ დაი­ძახა: „Шут гороховый“, მე­ოთხემ „Шкура“, მეხუთემ „Дуй его в гору“. და შე­იქნა მიწევ-მოწევა. შენი ორა­ტორი ძეგლის საფეხურიდან ძირს ჩამოითრიეს და ორიო­დე კარგად უთა­ვა­ზეს. გაფითრებული ინტელიგენტი იძახდა, რომ ის არც ბოლ­შევიკია, არც შპი­ონია, მაგრამ ვინ უჯერებდა. ჯარისკაცები გააფთრებულნი იყ­ვენ. „გა­ვი­გოთ, ვინ არისო“, დაიძახა ერთმა. „წავიყვანოთ საბჭოში“ და ორა­ტორი პუშ­კი­ნის ძეგლიდან კინწის კვრით გაიგდეს წინ საბჭოსაკენ, რომელიც მაშინ სკო­ბე­­ლევის ძეგლთან იყო, ტვერის ქუჩაზე. მე კვალდაკვალ მივდევდი. ეტ­ყო­ბო­და, რომ ჯარისკაცები სწორედ დაგლეჯას უპირებდენ ამ ინტელი­გენტს, და დაგ­ლეჯ­დენ კიდეც, რომ ერთი მომენტი არა: ამ ინტელიგენტს გვერდში ამო­უდგა რო­მე­ლი­ღაც იმერელი, ჩოხიანი, ეტყობოდა, ახლად ჩამო­სული სა­ქარ­თველოდან. იგი ზრდი­ლობიანი სიტყვებით აკავებდა ხალხს. „მე ვიცნობ ამ კაცსო, პატიოსანი კა­ციაო“, თან მკერდით იდგა წინ და ხელებსაც იშვე­ლი­ებ­და, რითაც ახლო არ უშვებდა ხალხს და ამით იცავდა ამ ინტელი­გენტს გა­აფთრებული ჯარისკაცების „სა­მო­სუ­დი­საგან". ასეთი ყოფით, დიდის ვაი-ვაგ­ლახით, აუწერელი ხმაურობით მიიყვანეს ინ­ტელიგენტი საბჭოში. დამ­ნა­შა­ვე შენობაში შეიყვანეს, ის იმერელიც თან შეჰყვა (არ უშვებდენ, მაგ­რამ იძა­ლა) და რაკი ყველა საბჭოში ვერ შევიდა, საბჭოს წინ მო­ედანზე დაგ­როვდა ყვე­ლა და შედეგს დაუწყეს ცდა. დიდიძალი ხალხი კი იყო. გა­ისმოდა ხმე­ბი: „პრო­ვოკატორი“, „მამაძაღლია ვიღაცა, უნდა დაიხვრიტოსო“. საბ­ჭოდან ამ დროს ერთი დარბაისელი სამხედრო გამოვიდა, ხალხს გამოუცხადა: „ეს კაცი არც პროვოკატორია, არც იუდაა, პატიოსანი პეტროგრადელი ვექილი არისო“.
     - „სტყუითო!“ - იგრიალეს ჯარისკაცებმა, - ჩვენ ვიცით, ზედვე ემჩნევა, რაც პა­ტიოსანი ვინმე ბრძანდება, „ჟულიკია“ და სხვა არაფერიო. ჯარისკაცები საბ­ჭოში შე­იჭრნენ და ვექილი გარედ გამოითრიეს. ვინ იცის, რას დაჰმართებ­დენ, რომ ის იმერელი იქვე არ ყოფილიყო, ყველას ეღრიჯებოდა, ყველას „დო­როგოი ტო­ვა­რიშჩს“ ეუბნებოდა, თან ხელებსაც მარჯვედ იშველიებდა.
     ჯარისკაცები იმ იმერელს, რატომღაც, არაფერს ეუბნებოდენ. იმერელი კი გა­უძღვა ხალხს საბჭოს წინ მოთავსებულ  შენობაში, სადაც ეხლა „მოსსო­ვე­ტია“, იქ შეიყვანეს ის ინტელიგენტი.
     ჯარისკაცები ხმაურობდენ, ელოდენ, თუ რას იტყოდენ იქიდან და აი, გა­­მო­აც­ხა­დეს:
     - ეს კაცი არც პროვოკატორია, არც ხულიგანია, პეტროგრადიდანაა ჩა­მო­­სუ­ლი და იქაური ამბები ჩამოიტანაო.
     - თუ აგრეა, რაღა გაეწყობა, - გაისმა ჯარისკაცების ხმა.
     - თუ აგრეა, დამნაშავე სრულიად არ ყოფილაო, - დაუმატა მეორემ.
     - რისი პროვოკატორი, ზედვე არ ემჩნეოდა, რომ პატიოსანი კაცი იყოო, - სთქვა მეოთხემ...
     - თუ აგრეა, კაცი მართალი ყოფილა, ჩვენ კი კინაღამ ხელში შემოგვაკ­ვდაო, კი­ნაღამ ცოდვა არ დავიდეთო, - სთქვა მეხუთემ.
     - მეც ხომ მაგას გეუბნებოდითო, - სთქვა იმერელმა, - მაგ კაცი ჩვენე­ბუ­რი კა­ცია, კავკასიელი; შორიდან ვიცნობ-მეთქი, თორემ - ჩემი არც ძმაა, არც ბი­ძაშ­ვი­ლი, არც მამიდაშვილიო. რევოლიუცია რომ არის, სინიდისი და პა­ტიოსნება კი არ უნდა დაჰკარგოთო. „დურაქები" ხართ ყველანი და მეტი არა­ფერიო.
     ჯარისკაცებმა გადიხარხარეს.
     - დავბრუნდეთ პუშკინის ძეგლთანო, - სთქვა ერთმა და ისევე დაიძრა ყვე­ლა პუშ­კინის ძეგლისაკენ.
     ბევრი რამ ახსოვს ამ ძეგლს.

                                                                                                                                                                            8 ივნისი, 1948 წელი
                                                                                                                                                            პუშკინის ძეგლთან თენდება
                                                                                                                                                                                სამის მეოთხედია