შუალედი - დან - მდე
 
 


ციცინოს ჩონგური


ჩონგური ეკიდა ტახტს ზევით, ზეწარ-გადაფარებული, სხვა ნივთებთან ერთად. [როდესაც დედაჩემმა ჩონგური გადმოიღო] დედაჩემმა ჩამოიღო იგი, მტვრისაგან გაასუფთავა. შეამჩნია, რომ ერთი სიმი გაწყვეტილი იყო. იმწამშივე ზანდუკიდან მთელი ქსანი აბრეშუმის ძაფი მივუტანე და შემდეგ ვხედავდი, როგორ გამოცვალა ძაფი სიმისათვის: დაიჭირე, მითხრა მან, და მალე ძაფი დაიგრიხა, გასანთლა და ჩონგურს სიმად გაუბა.
- ეხლა მთავარია აწყობა, - მითხრა მან, - პირველი სიმი სმენით აიწყობა, მასზეა დამოკიდებული დანარჩენი სიმების ხმოვანება.
- ჩემს ქალიშვილობაშიო, მახსოვსო, ერთი მოხუცი ქალი, გვარად პაიჭაძე, ციცინო, ხშირად დადიოდა ჩვენთან. იგი გადასარევად უკრავდა ჩონგურზე და იმიტომ მისი სტუმრობა ძალიან გვიყვარდა. ასი წელი რომ შეუსრულდა, დაყრუვდა: ჩონგურის მომართვა თვითონ აღარ შეეძლო. ჩონგურს მე ავუწყობდი და იგი თავდავიწყებით უკრავდა, [და] თუმცა სრულებით არ ესმოდა [ჩონგურის ხმა] და სავსებით დანდობილი იყო ჩემს მიერ მომართულ ჩონგურზე. „ჩონგურ-ჩონგურ კეკეჩია, შენა სჭამ და მე ქე მშია“ - ასე იწყებდა ჩვეულებრივად დამღერებას მოხუცი, ყრუ [ქალი] ციცინო.
- რა არის, დედა, კეკეჩია? - მინდოდა მეკითხა დედაჩემისთვის - მაგრამ უეცრად კიდევ ერთი სიმი გაწყდა და სანამ  დედაჩემი ახალ სიმს გაუბამდა, ჩემს წარმოდგენაში გამხიარულებულ ბუხართან იჯდა მოხუცი ქალი ციცინო, რომელიც ჩონგურს უკრავდა და არ ესმოდა კი, თუ რას უკრავდა. საბრალო, დაყრუებული მეჩონგურე, რომელსაც, შეიძლება, სიცოცხლეს ერჩია ჩონგური! (რა არის, მაინც, კეკეჩია?). შემდეგ მთელი ჩემი ყურადღება იმ სასიამოვნო არეულობაში გადავიდა, რომელსაც სახელად ჩონგურის [აწყობა] მომართვა ეწოდება: პირველი სიმი მთავარია,  მაშასადამე, სულ ოთხი სიმია. კიდევ თვალწინ ისევ მოხუცი ციცინო დამიდგა.
- მერე რა, რომ დაყრუვდა, დედა, ჩონგურს ხომ შენ აუწყობდი ხოლმე?
- ყოველთვის იგი მე მენდობოდა, მაგრამ, ერთხელ, როდესაც [მე სახლში არ ვიყავი] მეზობლიდან სახლში ვბრუნდებოდი, კარებში სიცილ-კისკისით შემომხვდა მოსამსახურე გოგო. „რა გაცინებს, გოგო“ მეთქი უნდა მეკითხა, მაგრამ აღარ მიკითხავს. ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. სახლში რომ შევედი, ბუხართან ციცინო იჯდა და ჩონგურს უკრავდა. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა ჩონგური იყო ეს? ციცინო უკრავდა აუწყობელ ჩონგურზე. ოთახში ისეთი არეულდარეული, გულისამმღვრევი ხმები ისმოდა! წარმოუდგენელი რაღაც. მოსამსახურე გოგოს თურმე განგებ აშლილი ჩონგური მიეცა ციცინოსათვის. „სულ ერთია, ხომ არაფერი ესმისო“ და იცინოდა, იცინოდა.
გოგოს გავუწყერი. ციცინოს ჩონგური გამოვართვი. ციცინომ ჯერ მე შემომხედა და მერე მოსამსახურე გოგოს: ყველაფერი იგრძნო! როდესაც აწყობილი ჩონგური მივეცი, ციცინო დიდხანს მისჩერებოდა ცეცხლს (ცეცხლი ხომ ფიქრიანია). „რატომ არ დაამღერებ, ჩონგურზე, ციცინო?“ - ვეუბნები. მაგრამ ციცინო კვლავ ცეცხლს მისჩერებოდა.
- ცეცხლი ფიქრიანია! - ჩუმად ჩაილაპარაკა [მან და თვალებზე ცრემლები [მოიწმინდა] მოადგა] თვალებზე ცრემლმორეულმა ციცინომ.

(აქ [სადმე] ბანის ამბავი: ოპერის თეატრში).

[1940-იანი წლები]