შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-402 - 1958 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. წყნეთი. 1958 წ.

1958 წ. 9 ივლისი.
წყნეთის არქივი
ნაპოვნია მ. ვადბოლსკის წერილი, დაწერილი ხუთი წლის წინად, რომელიც არ დაბეჭდა „Заря Востока“-ს რედაქტორმა ჩხიკვიშვილმა (რისთვისაც ის როდისმე პასუხს აგებს).
ნაპოვნია შემნახველი სალაროების ორი წიგნაკი: გამოსარკვევია, რომელი შემნახველი სალაროებისა? ორი წიგნაკია.
ნაპოვნია ორი კარგი ფოტო - შვიდტომეულის. გამოდგება როგორმე.
ნაპოვნია მოწმობა, მოცემული 1908 წ. 17 ივნისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის მიერ. დაბადების წელი აღნიშნულია 1891 წ. 5 ნოემბერი. მაშასადამე, მე ეხლა ვარ 68-ში? თუ... 1961 წ. - 5 ნოემბერს ვიქნები სწორედ 70 წლისა. ჰმ, ჯერჯერობით სრულიად არა ვგრძნობ სიბერეს, თუ მხედველობაში რევმატიზმებს და სხვ. არ მივიღებთ... „მაი აფერია“-ო - იტყვიან ხოლმე... ეს მოწმობა უნდა იქნეს სულ მუდამ წყნეთში, და არასგზით - არასდროს - სხვაგან არ წაიღება.
ნაპოვნია უამრავი ღია ბარათები - სურათებით, გამოსადეგი სიუჟეტებისათვის.
ნაპოვნია ნ. კეცხოველის მიერ გადაღებული ჩვენი სოფლის სახლის ფოტოსურათი.
ნაპოვნია პარიზის აფიშის ერთი ნახევი... 1934 წლისაა, თუ...? როდის ვიყავი პარიზში? დამავიწყდა!
ნაპოვნია საჭირო წიგნი: Справочник Союза советских писателей СССР на 1950-1951 годы.
ნაპოვნია მოწმობა: „Удостоверение за доблестный и самоотверженный труд в период Великой Отечественной войны - указом президиума верховного совета СССР от 6 июня 145 года награжден медалью „За доблестный труд в Великой Отечественной войне. 1941-1945 г.г.“
ნაპოვნია Билет №1995 - для входа в чит. зал Пуб. библиотеки Союза СССР им. Ленина. 1928 г.
ნაპოვნია - 9 ძმა ხერხეულიძის ისტორია („კომუნისტი“, №198, 1945 წ.). იქვეა ბარათაშვილების ამბავიც.
ნაპოვნია - სათვალე შორს მჭვრეტელი. მშვენიერზე მშვენიერი სათვალე, იგი ჩემი მაგიდის უჯრის სადღაც კუთხეში... ჰმ!
ნაპოვნია - Шестидневка. გასაოცარია! იგი ხელახლა იწყება (1956 წლის ფურცლებიდან) 9 ივლისით. თავდება ასე: მიბინავ-ლიზი-ლიჩედი. ბეჭედი. იჭერდი. იჩენდი. მიჭედდი. მიჯენდი. განვაგრძოთ... (ელექტრო სანთელს არ შორდება და არა ერთი პეპელა. აჰა, იგი ამ რვეულზე დაეცა. შემდეგ ისევ აფრინდა. რას შვრება ნეტა ის პეპელა სოხუმის მთაზე - ელექტრო შუქზე რომ შემოფრინდა? რა უზარმაზარი პეპელა იყო).
ნაპოვნია  უამრავი-ურიცხვი ჩემი პორტრეტი - წუნდებული, დაბეჭდილი ძალიან ცუდათ... ნუ თუ არა მოეხერხება-რა? უნდა ვეცადოთ... ასე არ შეიძლება. მგონია, ათასზე მეტია... რა მოეხერხება? ვიქონიებ თან და გავიგებ, შევეკითხები მხატვრებს, რა ღონე უნდა მივიღოთ, როგორ მოვიქცეთ. ძალიან ბევრია. შევეკითხები ყველას... ჰმ... შეიძლება ხელით გაკეთდეს, ა?
ნაპოვნია ლექსი „სამგლეს და საძაღლეს - მწერალთა სასახლეს“... ამის გამო შექმნილია სპეციალური ჩასაწყობი - დანარჩენი ახლად აღმოჩენილი ლექსებისათვის... ცალკე რვეული პროზაული ნაწყვეტებისათვის.
ნაპოვნია ბუდე სათვალისათვის.. ის შესანიშნავი სათვალე ჩაიდება ამ ბუდეში... ამას დიდი ლაილაი არ უნდა (ჰმ, მაგრამ... არ გამოდგა... ესეც საქმეა...).
ნაპოვნია - დეკადის კომისსიის წევრების სია: 1. სერგი ჭილაია. 2. ბესო ჟღენტი. 3. მიხეილ მრევლიშვილი. 4. გრიგოლ აბაშიძე. 5. სიმონ ჩიქოვანი. 6. კარლო კალაძე (ჰმ... გაფუჭდებოდა საქმე, სხვა რა მოუვიდოდა!).
ნაპოვნია - საბა-სულხან ორბელიანის საიუბილეო კომისიის წევრთა სია, გამოცხადებული ჯერ ისევ 1956 წ. ენკენისთვეში (სამასი წელი გარდაცვალებიდან სრულდება წელს - 1958 წ. ჰმ. ჰმ! ჰმ...). სულ გასამათრახებელი ხალხია! არაფერს რომ არ აკეთებენ.
ნაპოვნია - ალფესი ხელაძის წერილი ილია ჭავჭავაძეზე. მშვენიერი წერილია.
ნაპოვნია - 1955 წლის აფიშა პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისა. საღამო. ვმონაწილეობ.
ნაპოვნია  გადასარევი კოვზი. მშვენიერი ხის კოვზი გეგონება, ნამდვილად კი... სოკოა კოვზისებური... რას არ იხუმრებს ბუნება. ხის კოვზი გეგონება კაცს, ნამდვილად კი სოკოა კოვზისებური.
ნაპოვნია ელენე დიდიმამიშვილის წიგნი „ვარძიის გაზაფხული“. „დიდ პოეტს, ხალხის საყვარელს, აკადემიკოს გალაკტიონ ტაბიძეს - უღრმესი პატივისცემით - ავტორი. 1956 წ., დედაქალაქი“.
ნაპოვნია გრიშა გორგაძის წერილი ჩემდამი (1 ენკენისთვე, 1923 წ.). არჩევს ჩემს ჟურნალს, გამოცემულს ბათუმში - მაშინ.
ნაპოვნია „Заря Востока“-ს №, წერილით „Альбом долголетия“ იქ დახატული ვართ მე და ვაჟა-ფშაველას ცოლი.