შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-4 - 1957 წელი


13 ნოემბერი. 1957.

ჰქონდა იმ დღეს ასაკის გამოვლინების ხასიათი მწერალთა გამოსვლებს. მაგალითად: სანდრო შანშიაშვილი წინა დღით აშკარად ხაზს უსვამდა თავის მოხუცებულობას, გრიშაშვილი განგებ მიკნავებული ხმით ახსენებდა დამსწრეებს მის ხანდაზმულობას, ასეთივე იყო კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე გამოსვლა, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა უსაფუძვლობას პოეზიასა და პროზას შორის განსხვავებისას. ამგვარადვე იჭერდნენ თავს ისეთი "მოხუცები", როგორც... "კარგი პროზაო - ამბობდა გამსახურდია - იგივე პოეზიააო". ამას მერამდენეჯერ ამბობს იგი - ჭილაია კი განგებ სწორედ ამ მომენტით იწყებდა თავის გამოსვლას: "ჩვენ დეკადაზე მივდივართ არა პოეზიით, არამედ პროზითო" და ამას ისეთივე გამარჯვებულის ტონით ამბობდა, თითქო, დიდად გასახარელი ამბავია, თითქო - რას მიჰქარავთ აქ თქვენ, რისი პოეზია, რისი მოეზია, საქმე პროზაა და გამარჯვებაც იქ იქნება, სადაც პროზა გაიმარჯვებსო.
ჰმ... არსად ასეთი გულახდილი გალაშქრება პოეზიის მიმართ მე არ მსმენია, არა, რა უნდათ ამით ჩვენს პრეზიდიუმის წევრებს? ქიაჩელი წაიმძღვარეს წინ დროშად? არ გამოდგება. მაგრამ ხაზი აქ აშკარაზე აშკარაა! სურთ ორ ბანაკად გაჰყონ ქართული მწერლობა დეკადის განმავლობაში და ამით სურთ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, თითქო, ორი ხაზი უპირდაპირდება ერთი მეორეს: პოეზია და პროზა! თან ეხლავე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ პროზა სჯაბნის პოეზიას!!! ძალზე საგულისხმო რამ იყო ეს კრება! კარგია, რომ ყველაფერს ინიშნავდა სტენოგრაფისტი ქალი. სტენოგრამები არის, თუ არ გაანადგურეს (სტენოგრამა დაიბეჭდება თუ არა გაზეთში?).
ამ სტენოგრაფიით დაიწყება ისტორია. საჭიროა თვალყურის დევნება. აქ მთავარ როლს თამაშობს ლეო ქიაჩელი, გამსახურდია, ჭილაია და სხვ. მხარს უჭერს სამდივნო. პრეზიდიუმიც შეიძლება. უნდა გამოვლინდეს ყველაფერი.
მაშასადამე, ქართული მხატვრული მწერლობა მიდის დეკადაზე არა მთლიანი სახით, არამედ გათიშული... (განზრახ, შეგნებულად, თორემ ნამდვილად ქართული მწერლობა მთლიანია!! თუ ხარისხზე მიდგება საქმე, ქართული პოეზია ხარისხობრივად არ ჩამორჩება პროზას, პირიქით, გაუსწრებს მას...).
აქ საჭიროა ნიღაბი აეხადოს ყველა ასეთ უსინდისობას!!!
სიმონ ჩიქოვანი, მთელი წელიწადია, რაც მოსკოვშია და უტრიალებს იმ ერთ წიგნს სადეკადო ანტოლოგიას. იგი იქ აკეთებს მხოლოდ თავის საქმეს: გარდა ამისა აფუჭებს ჩვენს საქმესაც: არ უნდა გამოაჩინოს ნამდვილი მდგომარეობა ქართული მწერლობის. ის კონტაქტშია ჭილაია-აბაშიძესთან. ეს კონტაქტი სჩანდა ჭილაიას გამოსვლაშიც პოეტების წინააღმდეგ.
მაშასადამე: არის დაჯგუფება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობს ფაკტიურად და სურს, არ სჩანდეს ჩემი სახე დეკადაზე.
რა უნდოდათ საწყალ ელიზბარ უბილავასთან?
წავსწიოთ წინ საიუბილეო საკითხები!!! დროა!!!
კულტურის მინისტრმა ქართულად ლაპარაკი იცისო - განაცხადა ვიღაცამ.
ლეონიძე რაღაცაზე სამასხროდ აიღეს: ეს, ალბად, შესავალი იყო.
წა ცუნ ცულდა თუ არა ჭილაია?

*
ათიათასია?
ვიღაცა ჰყავს მას მეგობარიიი. მეგობააააარი.
კონდენსაცია.
სად შენადა, სად შეინშენადა.