შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-386 - 1957 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1957 წ. ნოემბერი. ქ. ტბილისი.
1957. 1 ნოემბერი.
სტამბაში მიტანილ იქნა და მაშინვე დაიბეჭდა (საოცრად სწრაფად) წარწერა საგამოფენო სტენდებისათვის, ახალი ლიტერატურული მოძრაობისათვის, დიდი მოძრაობისათვის, სახელწოდებით:
g a l a k t i o n o l o g i a.
Г А Л А К Т И О Н О Л О Г И Я.
ვაშა! დაიწყება მალე და დამკვიდრდება ისეთი დიდი მოძრაობა, რომელიც შესძრავს კაცობრიობას. სადღაცა მიიკარგა ჩემი ძველი საბერიკაცო ჯოხი, სადღაცა გამებნა გაზეთები (დღევანდელი), ცენტრში დარჩა გალაკტიონოლოგია!
- რას ნიშნავს გალაკტიონოლოგია? - მეკითხება სტამბის ზედამხედველი ქალი. ძალიან სიმპატიური ქალი.
- რას ნიშნავს გალაკტიონოლოგია? - მეკითხებიან ასოთამწყობები.
იწყება, მაშასადამე!
დიდებული დღეა!

2 ნოემბერი.
შეხვედრა სახელგამელებთან დანიშნულია 15 ამ თვისთვის. კარგია, მშვენიერია, ეს ჩემთვის უკეთესიცაა.
მივდივარ აკადემიაში. გზად შემხვდა ილია ფალიანი: მიიღეო თუ არა ჩემი ლექსიო? - მეკითხება, - შენდამი მოძღვნილიო.
რა მშვენიერი მაგიდა მაქვს აკადემიაში. უნდა ვისარგებლო - თორემ რა? აქა მაქვს ყველა ტომები, გარდა პირველი ტომისა. ვზივარ და ვფიქრობ: დამუშავდება თუ არა დიდი ერთტომეული სახელგამისთვის?... დიდი ერთტომეული „ზარიასთვის“, დიდი ტომეული აკადემიისათვის. მუშაობაა საჭირო შინ და გარედ... ოჯახის ორგანიზება... ჯანმრთელობის აღდგენა. აქ (აკადემიაში) არის საამკინძაო, მგონი, არიან მხატვრებიც! საამკინძაო გამომადგება - იმ სტენდის გაფორმებისათვის მხატვრები წარწერებისთვის (VIII ტომი). სახელგამში ყველაფერი მზად უნდა გვექნეს (იქ არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის). სახელგამში? აკადემიაში? მწერალთა კავშირში? ვარ აკადემიაში. სადაა საამკინძაო? სადაა საქმეების გამკეთებლები?

„ზარიაში“. ო, დიდებულო წიგნო! აქ... სიტყვა არ მყოფნის. იგი გზას ხსნის, ისეთ დიდებულ გზას, რის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა. იქ იყო ზლატკინი... ყველა...