შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-5 - 1956 წელი


1956 წ., 24 იანვარი.

1. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სამდივნოს გარეშე არ მოხდებოდა (აბაშიძე, ლეონიძე, ჭილაია).
2. არც მავნე ტიპების ჩაურევლობის გარეშე (თამარ ანდღულაძე, მარიჯანი, ქავჟარაძე).
3. არც კ-ს გარეშე (მჭედლიშვილი, სხვები) – ყველანი ეყრდნობიან მას.
4. გაგრძელებაა წინად დასახული მიზნის („კომუნისტი“-ს და სხვ. ოქტომბრის ლექსის ობსტრუქცია).
5. გაგრძელება პრეზიდიუმში აურჩევლობის (ეს მოხდა „მას ჟამსა შინა“).
6. თვით პრეზიდიუმის დანარჩენი წევრების ხაზის (მარგიანი, და სხვ.).
7. თვით ალიოს უსინდისობის (არ უნდა დათანხმებულიყო).
8. სექციის წევრების მიზანს (კარლო კალაძე და სხვ.).
9. სერთოდ, მწერალთა კავშირის დღევანდელ ყოვლად საზიზღარ საქმეს.
10. აგრეთვე ჩემს დაუთმობლობას, პირდაპირობას.
11. „თქვენი მუშაობა კარგად იქნა შეფასებულიო“. მაშ, რაშია საქმე?
12. საქმე იმაშია, რომ დრო შემირჩიეს (ავადმყოფობა).
13. საქმე იმაშია, რომ სურთ შემდეგაც განაგრძონ შეტევები ჩემს წინააღმდეგ.
14. აი, ეხლა კი გვმართებს სიფხიზლე და აკტივობა. სწორედ ეხლა.
15. მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, მათ გარეშე – მათთანაც თუ...
16. დროშა უფრო მაღლა აიწიოს.
17. აკადემია! აკადემია! აკადემია!
18. პოლიტიკური და მეცნ. საზოგადოება!!!
19. ყოველივე ეს მოჰყვა ირ. ა-ძის ც. კ.-ში არჩევას. მისი პირველი ნაბიჯია.
20. რას მოიტანს მაისი? (ახალი შინების პრობლემა).
21. ეხლა კი გვმართებს ენერგიის მოკრება (მხატვრებთან, კომპოზიტორებთან).
22. პირადათ ჩემთვის ეს ამბავი სასიხარულო ამბავია. წელიწადი დავკარგე!
23. შევუდგეთ აკადემიური გამოცემის ამბავს.
24. და, რაც ამჟამად მთავარია, სწრაფად დავამთავროთ წიგნი - „მშვიდობის წიგნი“.
გამოსარკვევია: სტყუის თუ არა თოფჩიშვილის ქალი. მივდიოთ შემდეგში, უსათუოდ, მივდიოთ კვალ-და-კვალ.

დასრულდა ესე ამბავი, ვითარ სიზმარი ღამისა!

„მშვიდობის წიგნი“
1956 წ.
7 თებერვალი. 1956 წ.
დავამთავრე დიდი პოემის „მშვიდობის წიგნის“ გადაწერა. გადაწერაზე ვმუშობდი მთელი თვის განმავლობაში..

8 თებერვალი.
„მშვიდობის წიგნი“ გადასაბეჭდათ მანქანაზე გადავეცი მემანქანეების ბიუროს - ჭავჭავაძის ქუჩაზე. დამპირდნენ, რომ „მშვიდობის წიგნი“ მზად იქნება შაბათისათვის (დღეს ოთხშაბათია).
აკაკი გაწერელიას დავპირდი „მშვიდობის წიგნის“-ს ეგზემპლიარს (მან მიმიწვია დოსტოევსკის საღამოზე, სადაც ის დღეს მომხსენებელია). ეს იყო სახელგამის წიგნის მაღაზიაში.
იქვე შევიძინე ვ. გაბესქირიას წიგნი - რომელზედაც წერილია (შალვა რადიანის) „სალიტ. გაზეთში“. ზღვის მომენტები.
იქვე დამხვდა არნო ონელის წიგნი „გზა, რომელიც ბრწყინავს მარად“ წარწერით: „ქართული პოეზიის სიამაყეს - საქართველოს სახალხო პოეტს გალაქ(კ)ტიონ ტაბიძეს“ 11. 7. 55 (ჰმ. მთელი წელიწადი დევს აქ წიგნი თურმე. მე კი არ გამომივლია ამ მაღაზიაში დიდი ხანია. ვარგა ასე? მთელი წელიწადის განმავლობაში დევს თურმე აქ წიგნი და მე კი არა ვიცოდი-რა.
მაშასადამე, „მშვიდობის წიგნი“ ფრთხილად, მორიდებულად, წყნარად გავიდა ჩემი კაბინეტიდან. წყნარადვე გაიხურა დერეფნის კარები. ფეხაკრებით ჩაიარა ცემენტის კიბის საფეხურები, მიიხედ-მოიხედა, „ხომ არავინ დამინახაო“ და სწრაფად მივარდა ავტომობილს, კარებთან რომ იდგა. მიიხურა კაბინის კარები და გაეშურა მემანქანეებთან ჭავჭავაძის ქუჩაზე. რა ელის მას შემდეგში?
შესდგა პირველი პლენუმი საბჭოთა კომპოზიტორების ახლად არჩეული გამგეობისა. პრეზიდიუმი: ა. მ. ბალანჩივაძე, მდივნები: ა. დ. მაჭავარიანი, ო. ვ. თაქთაქიშვილი. გამგეობის პრეზიდიუმში არჩეულნი არიან: ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, შ. მშველიძე, ა. ბუკია, ს. ცინცაძე, ვ. დონაძე („გრუზ-ტაგი“).
მშვიდობის დაცვის რესპუბლიკანური კომიტეტი, საბჭოთა მწერლების კავშირი და უცხოეთთან კულტურის კავშირის (общество культурной связи с заграницей) ხვალ მწერალთა კავშირში აწყობს დოსტოევსკის საღამოს. შესავალი სიტყვა – დ. შენგელაია! მოხსენება ა. გაწერელიასი, სიტყვები, კითხვა ნაწყვეტებისა დოსტოევსკის ნაწარმოებებიდან (მწერლები და ხელოვნების მუშაკნი), მეორე განყოფილებაში კონცერტი. დასაწყ. 8 საათზე.
ხარკოვში ქართველი მხატვრების ნაწარმოებთა გამოფენაა. გაზეთში ასე სწერია: Эта выставка знакомит с достижениями изобразительного искусства республики за последние 15 лет. На выставке 400 экспонатов. Наряду с работами известных мастеров (У. Джапаридзе, Я. Николадзе, Т. Абакелия) представлены пoлотна молодых художников. რა არის ეს? აბა, რასა ჰგავს ეს?
ასევე კომპოზიტორები: Классики груз. музыки: М. Баланчивадзе, З. Палиашвили, Д. Аракишвили, В. Долидзе. ა? ასეთ ამბავში არიან უჩა ჯაფარიძე და ანდრო ბალანჩივაძე (ტელეფონის... ნინას. შოფ.).
ხვალ: 1. დამატებითი ქაღალდი მემანქანეებს. 2. "ქართლის ცხოვრება". 3. მარგ. წ. „ჩემი მეგობრები“. 4. დოსტოევსკის საღამო.
„მშვიდობის წიგნისთვის“ რა პერსპეკტივებია?
ორგანიზაციები: 1. საბჭოთა კომპოზიტორები. 2. საბჭოთა მხატვრები. 3. მშვიდობის დაცვის რესპუბლიკანური კომიტეტი. 4. საბჭოთა მწერლების კავშირი. 5. უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის კავშირი.
შემხვდა ოპერის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. რა კარგი კაცია! გვარი? დამავიწყდა..

9 თებერვალი.
დილით რეკავს ტელეფონი. ნოდარი გვატყობინებს:
- მბეჭდავი ქალები იტყობინებიან: ციფრი ტაეპებისა ასეთიაო: 498 და შემდეგ იწყებაო 600. მაშასადამე, შეცდომა მომსვლია: კარგად ვერ დამისვამს ნომრები... ო. ეს ციფრები. მათ ამოიღეს ჩემი წელი ბავშობიდანვე. შევატყობინე, რომ განაგრძონ ბეჭდვა იმნაირადვე, როგორცა მაქვს. თანაც გავიფიქრე: დავსვამ წერტილებს გამოტოვებული თავების ნაცვლად ისე, როგორც ეს პუშკინსა აქვს „ონეგინში“.
სასწრაფოდ ჩავიცვი. ავტომობილი მზადაა. მე და ნოდარი გავექანეთ დამატებითი ქაღალდების შესაძენად მარჯანიშვილის მოედანზე (ფოტოგრაფს ამ მოედანზე ჩემი დიდი სურათი გამოფენილი აქვს აგერ სამი წელიწადია). იქიდან პირდაპირ მბეჭდავებთან უნდა წავსულიყავით, მაგრამ ვარჩიეთ ლიტფონდში გავლა ბიულეტენების გადასაცემად. გომიაშვილმა მითხრა: მგონი, მალე ახალ ბინაში ჩაგასახლოთო. დამებადა აზრი ახალი სახლის დათვალიერების, მაგრამ ჯერ მბეჭდავებთან! „მშვიდობის წიგნისკენ“. მბეჭდავები მეუბნებიან:
- ეს რამოდენა რამე პოემა დაგიწერიათ!
- ძალიან წვრილი ხელითაა ნაწერი.
- როცა დავბეჭდავთ, მაგარიჩი იქნება ხომ?
- ააა... 25 მანეთი სტრიქონში... გექნებათ.
- "პაპკები" ჩვენ დაგვრჩება, არა?
- მგონი, შაბათისთვის ვერ მოვასწროთ... ორშაბათს...
- ვეცდებით, იქნებ შაბათისთვის...
ცხადია, რა უნდათ... მე მათ ყველაფერს დავპირდი.
იმასაც, რომ როგორც კი წიგნი გამოვა, სულ წარწერებით დაგირიგებთ-მეთქი... ეეჰ...
ამის შემდეგ შევიძინეთ წიგნის მაღაზიაში „ქართლის ცხოვრება“ და „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ შ. კაშმაძის (საწყალი შალვა! რა საშინელ სიღარიბეში მოჰკვდა. ეს წიგნი კი 600 გვერდს შეიცავს... ჩემი მონოგრაფიის წერას აპირებდა).
„ქართლის ცხოვრება“ სჯობდა არ გამოეცათ სულ. ბროსსემ გამოსცა 1849 წ. და კმაროდა. შიგ, აი, რასა სწერს ლეონტი მროველი:
„აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური, და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული (რედ. შენიშვნა: MM სომხური MTMR შესწორებულია სხვა ხელით. „მხოლოდ ქართული“. „მხოლო ქართული“. 5-6 დაუტევეს ენა სომხური. MRГМ. R-ში შესწორებულია: განრყვნეს ენა თვისი. PRБ. ხ. ქართული. R-ში შესწორებულია“ (რას უწოდებს ს. ყაუხჩიშვილი შესწორებულს?). ცხადია, აქ დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე...
დოსტოევსკის საღამოს ვერ ვესწრები, ავადა ვარ რაღაც (უნდა აღვიდგინო ჯანმრთელობა).
დამავიწყდა ტელეფონის ფულის შეტანა (რაღაც არევ-დარევაა სულ).
დავათვალიერეთ მწერლების სახლის მშენებლობა გოგებაშვილის ქუჩაზე. მუშებმა შემომძახეს: „აქ ჩამონგრევა მოხდა, 300.000 მანეთი – სახლის ქვეშ მოჰყვაო“ (ე. ი. აღმოჩნდა, რომ მშენებლობაში 300.000 მანეთი გაუფლანგავთ). ჰმ! ჰმ!
(ტელეფონი. სავლეს წიგნი).
ქართლის ცხოვრებაში სწერია:
„და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. არშიაზე: „აქა მწიგნობრობა დაიწყეს (ქართველთა) ქართული ადამს აქეთ ძღიბ წელს“.
საინტერესოა.

9 თებერვალი.
ასეა თუ ისე, წიგნი უნდა ხელახლა დაიბეჭდოს, მაგრამ არა მანქანაზე, არამედ ჰეკტოგრაფზე 200-300 ცალი, და არა რვა-რვა ტაეპად, არამედ ორ-ორ სტრიქონიან ტაეპად. ეს შემატებს მას მეტ მუსიკალობას, ტევადობას, სიძლიერეს გარეგანს და შინაგანს. ხარჯებსაც ნაკლებს მოითხოვს. გასავრცელებლადაც უფრო ადვილია. 1.000 ტაეპი, მაშასადამე, იქცევა რვა სტრიქონი - ორ სტრიქონად, მაგრამ არა 8.000 სტრიქონად - არამედ 2.000-ად. თუ გადაბეჭდვისას 5 ტაეპი - 40 სტრიქონი იტევს ერთ გვერდს. ეხლა ერთი გვერდი დაიჭერს 20 ტაეპს - ისევე 40 სტრიქონს. სულ 50 გვერდი იქნება, დაე, იყოს 55 გვ. (მაგრამ ყოველივე ეს, ჩვენში იყოს, არაა საჭირო გახმიანება). უნდა თან მქონდეს სია რჩეული, ერთგული ხალხის, გავლენიანების, კულტურულის, მეცნიერულად მომზადებულების, კარგი ორატორების, ამასთანავე გამბედავების, და ქართული პოეზიის წინსვლის პატრიოტების. ისინი უნდა დაიძრან ერთ დაძახებისთანავე, მჭიდროთ შეკავშირებულნი: ვინაიდან „მშვიდობის წიგნი“ ღირსია საყოველთაო აღიარებისა და სიყვარულის. ეჭვი არაა, მოწინააღმდეგეთა ლაგერიც დაირაზმება - ჩემს დასარბევად. მაგრამ ისინი უნდა გაითიშონ... ამისთვის საჭიროა აგრეთვე, აგრეთვე კი არა, მთავარი ესაა: მტკიცე მატერიალური ბაზა.
ერთი ტაეპი შეიცავს 8 სტრიქონს:
ასე: წელსა ძღიბ-ს
ადამსა აქეთ
წერდნენ ქართულ წიგნს...
ადიდეთ, აქეთ!
ტაცებას, დასჯას,
წარღვნას გადარჩა!
აწ სდგას დარაჯად
და მოამაგეთ...
და ეს შეიძლება ასე:::
ასე: წელსა ძღიბ-ს ადამსა აქეთ, წერდნენ ქართულ წიგნს...
ადიდეთ, აქეთ!
ტაცებას, დასჯას, წარღვნას გადარჩა! აწ სდგას დარაჯად -
და მოამაგეთ!

10 თებერვალი.
აშკარად იერიშზე გადმოსვლას ჯერ ვერ, ვერ ბედავენ, მაგრამ ემზადებიან კი. ეს ცხადია. ბესო ჟღენტი დღეს აკადემიაში (იხილავდნენ – „ლიტერატურული ძიებანი-ს“) აშკარად ილაშქრებდა დ. ბენაშვილის წინააღმდეგ: პოემის საკითხებში. ბენაშვილი ილაშქრებს („მნათობში“) გია მარგველაშვილის წინააღმდეგ. მარგველაშვილი ილაშქრებს მწერალთა ძველი გვარდიის წინააღმდეგ. ეჯახებიან ერთი მეორეს სასტიკად, დაუნდობლად. ასეთი ატმოსფეროა აკადემიაში, „მნათობში“ (№12). „მშვიდობის წიგნი“ კი.. ჯერ ისევ ბეჭდვაშია, მემანქანე ქალებთან. ჯინორია ებრძვის მამია დუდუჩავას და აკაკი გაწერელიას. ჩიქოვანი ებრძვის მწერალთა ძველ გვარდიას (არ ბეჭდავს მათ), წინ სწევს თითქო „ნიჭიერ“ ახალგაზრდობას (ის ახალგაზრდები კი ყველა ჩემს მხარეზეა). ფაკტიურად მე არსად არა ვსჩანვარ. ისე მიწყობენ საქმეს. „ძღიბ“-ი ყოფილა 3712 წელი (ხა, ხა, ხა) – ახლა არ იტყვით, რატომ ვწერ ასე? ჰმ! კარანდაშ. სტეკლოგრაფიის იდეა!!!

11 თებერვალი.
აკადემიის რუსთაველის სახელობის ინსტიტუტში მქონდა საუბარი რადიანთან. იგი ამზადებს მონოგრაფიას ჩემს შესახებ, მოსკოვში ქართველ მწერალთა დეკადასთან დაკავშირებით, რუსულ და ქართულ ენაზე. მთხოვა მასალები ბიოგრაფიისათვის. მე დავპირდი. მაშასადამე, მომიხდება პარალელური მუშაობა ბიოგრაფიაზე და „მშვიდობის წიგნზე“.
„მშვიდობის წიგნი“ კი დღეს უნდა ყოფილიყო მზად. მემანქანე ქალებს ვერ მოუსწრიათ. იქნება ორშაბათს – არაფერია.
მამია ემზადება გამოსასვლელად ინსტიტუტის მეორე საღამოზე. „ჯინორია მაბრალებს მას, რაც მე არ მიწერიაო“. გუშინ ბესო ჟღენტსაც ულაპარაკნია ჯინორიას წინააღმდეგ. საინტერესოა, როგორ იმართლებს თავს.
დიფტი რაღაცას ბროდიალობს გალუსტაზე და ჩიქოვანზე, „ჩიქოვანი რაზმავს ხალხს, თითქო ახალგაზრდობა სულ მაგის მხარეზეა“-ო (ის ახალგაზრდობა კი სწორედ მისი წინააღმდეგიაო ყველაო. ბესოც ხომ ლაპარაკობდა მის პოემაზე. „რა არიან ეს ფუტურისტები“).
მამია კარგი კაცია. Галактионология...
რატომღაც მახსენდებიან: ბ. ჟღენტი, მ. მრევლიშვილი, თ. ბეგიაშვილი, ია ეკალაძე. რა შუაში არიან?
ჰმ! ამ წუთში რადიო გადმოსცემს სიმღერას „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“. გადაუკეთებიათ: 1. მიგიხვდება... 2. ინუსტ. მშენებელი. ჰმ!

*
უსპეტაკესი ზეცა
ლურჯი ბროლია მინის
შიგ შლილა კეცა-კეცა
ალაჟვარდება ლხინის.
და სიხარულად მაღლა
როგორც ანკარა ფრთები
აღიმართება ახლა,
კავკასიონის მთები.
სალამი კიდევ მაღალს,
უდიდებულეს მყინვარს,
ასე [დიდებით] სიბნელით აღმდგარს,
ასე დიდებით მბრწყინავს.
მოდის „მშვიდობის წიგნი“...

1920 г. Избрание Короля поэтов.

დღეს ნინომ მითხრა, რომ სამშაბათიდან დამეხმარება ხელნაწერების გადარჩევაში, დიდებული საქმეა. კარგია მოძრაობა, საქმის კეთება, მაგრამ არა გადაქანცვით... Галактионология.
1. რუსთაველის ინსტიტუტი. 2. შალვა რადიანი. 3. მამია დუდუჩავა. 4. დ. ბენაშვილი. 5. რადიო. 6. ნინო.
ზეგ მზად იქნება "მშვიდობის წიგნის" საბეჭდ (საწერ) მანქანაზე გადაბეჭდილი 3 ეგზემპლარი.
14 - სამშაბათია, 15 - ოთხშაბათი, 16 - ხუთშაბათი, 17 - პარასკევი, 18 - შაბათი, 19 - კვირა!
წიგნი წარედგინება სახელგამს 16 ან 17 რიცხ. ხვალ და ზეგ... ციტატები „ქართლის ცხოვრებიდან“ და რუსთაველიდან.

12 თებერვალი.
ქაღალდი: 70 ფურცელი. Глянцевая.
34 სახატავი. 36 სახატავი.