შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-12 - 1955 წელი


გ. ტაბიძე. 1955.

                                                   „ქართული ბალადის საღამო“

გალაკტიონ ტაბიძე - შესავალი სიტყვა.
გიორგი კალანდაძე - მოხსენება.
ხუტა ბერულავა - კონფერანსიე.
გალაკტიონ ტაბიძე - ვად....
შალვა ამისულაშვილი, ოთარ ჭელიძე, ნოდარ შამანიძე - ბალადები.

                                                             პატივცემულო ამხანაგებო!

     დღევანდელი საღამო, რიცხვით მესამე, მიზნად ისახავს განაგრძოს ჩვენ­მი­ერ დასახული გზა - პირველი საღამო მიძღვნილი აკაკი წერეთლის ხსოვ­ნი­სად­მი, გულისხმობდა უკვდავ [გზას კალასიკოსებისას] შოთა რუსთაველის, და­ვით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წე­რეთ­ლის და ვაჟა ფშაველას [სახით] მიერ გაკაფულ გზას. [ეს საჭირო იყო] ეს იყო კლასიკოსებისადმი მიძღვნილი საღამო. მეორე საღამო „ერთი ლექსის სა­ღამოს“ სახელწოდებით ჩვენ ჩავატარეთ თანამედროვე ქართული პოეზიის ნი­მუშების მოცემით.
     ხოლო მესამე, ე. ი. დღევანდელი საღამოის მიზანია, დაწყებულ იქნას გა­შუქება ჩვენი ხელოვნების სრულიად მივიწყებული ორი მხარისა: შე­მოქ­მე­დე­ბითი და ტექნიკურის. თუ შემოქმედება, [როგორც ბევრი ამტკიცებს] ე. ი. უნა­რი მხატვრული შემოქმედებისა [იგივე თანდაყოლილი] იგივე ნიჭია, რო­გორც, მაგალითად, სილამაზე სახისა, ვთქვათ, თამარ მეფის, თინათინის, ნეს­ტა­ნის, ან ძლიერი ხმა, [(თანდაყოლილი)] როგორც ხმა ავთანდილისა, სა­რა­ჯიშ­ვილის, მაშინ ეს ნიჭი შეიძლება და კიდეც უნდა გავაფართოვოთ, და მა­შინ საჭიროა ლექსის ტექნიკის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.
     ნიჭი პოეტისა, პოეზიის ნამდვილი ოქრო შეიძლება გამოსჭვივოდეს ხში­რად მოუქნელ წყობაში, ასეთი მაგალითები ცნობილია (გრ. ორბელიანის ლექ­სე­ბი, მაგალითად), რომ პოეტმა უფრო მთლიანად გამოხატოს, გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვისი ნიჭი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სავსებით და­უფ­ლე­ბულია დიდს ტექნიკას, როდესაც მას აქვს ასეთი ფორმები და გა­მოთქ­მე­ბი, რომლებსაც მკითხველები იმახსოვრებენ ძალაუნებურად და სა­მუ­დამოდ.
     არსებობს ტექნიკა მუსიკის, ტექნიკა მხატვრობის, ტექნიკა ქანდაკების, ტექ­ნიკა ხუროთმოძღვრების, მაშასადამე, არსებობს აგრეთვე ტექნიკა პოე­ზი­ი­სა.
     და ნამდვილად მიღწევები დიდი პოეტების, გენიალური პოეტების ტეხ­ნი­კური ოსტატობისა [მიღწევებისა] ხანგრძლივი, გულმოდგინე, თავ­და­დე­ბუ­ლი მუშაობის ნაყოფია. დიდია ეს მიღწევები, მაგრამ ისინი შესწავლილნი არ არიან; [ჯერჯერობით არისტოტელიდან დღემდე [მე] არსებობს მეც­ნიე­რე­ბა პოეზიის].
     ქართული მეოცე საუკუნის პოეზია მოვიდა და დამკვიდრდა [ბევრი] სრუ­ლი­ად ახალი რითმებითა და ასსონანსებით, ახალი ლექსთა წყობით, ახალი ხმო­ვანებით, შემოტანილი იქნა ახალი ფორმები (შემოვიდა ბალლადა, გაზელა, სო­ნეტი, ოკტავა, ტერცინები, ტრიოლეტები, სექსტინა, რონდო, კანცონები და სხვ.).
     და ჩვენ მოვალენი ვართ, ვიცოდეთ კანონები ყველა ფორმებისა, კანონე­ბი, რომ­ლებიც უბრალოდ არ დამკვიდრებულან. ჩვენი პოეზიის ტექნიკას ათას­წ­ლო­ვანი ისტორია აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი და როდესაც ჩვენ კარ­გად შევისწავლით ხალხურ შემოქმედებასაც, ჩვენ შესაძლებლობა გვექ­ნე­ბა ახალი ფორმების აღმოჩენისა.
     ძიებაში განმეორება სხვათა მიერ შემოტანილი სიახლისა სავსებით და­საშ­ვებია. ცდების წარმოება - აი, ამოცანა თანამედროვე პოეტის.
     ბალადა, პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი ურთულესი, მეტად სა­ინ­ტე­რესო, მაგრამ ამასთანავე მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ შე­უს­წავ­ლელი ჟანრია.
     თავისი წარმოშობით ბალადა ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან, ხალხურ პო­ეზიასთანაა დაკავშირებული.
     დროთა ვითარებაში ბალადა გასცდა ხალხური შემოქმედების საზღვრებს და მხატვრულ-ლიტერატურულ მასალად იქცა.
     მსოფლიო პოეზიაში ბალადის ჟანრის ფართოდ შემოჭრა და გავრცელება და­კავშირებულია რომანტიზმთან.
     ბალადის ჟანრის მძლავრი აღორძინება იგრძნობა საბჭოთა პოეზიაში.
     დღემდე არ მოგვეპოება არავითარი სპეციალური გამოკვლევა ქართული ბა­ლადის შესახებ. კარგად ისიც არაა გარკვეული, თუ ხალხური შემოქმედების ან მხატვრული ლიტერატურის რომელი ნიმუში მიეკუთვნება ბალადის ჟანრს.
     ჩვენ მიზნად დავისახეთ, ერთგვარი სინათლე შევიტანოთ ქართული ბა­ლა­დის პრობლემის გამორკვევაში.
     ამ მეტად რთული პრობლემის შესახებ აქ მოხსენებას გააკეთებს გიორგი კა­ლანდაძე.
     სიტყვა მოხსენებისათვის ეძლევა ამხანაგ გიორგი კალანდაძეს.

     ოთარ ჭელიძე. არჩილ გურჯიძე.
     [ცხრის ნახევარია].