შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-11 - 1955 წელი


    1955 წ., 9 თებერვალი.

    დავესწარი მწერალთა კავშირში პრეზიდიუმის სხდომას. სხდომა ბევრნა­ირი მი­ნახავს, მაგრამ ასეთი?! პირდაპირ ბაზარი გეგონებოდათ. პრეზიდიუმის წევ­რები ერთ­მანეთს არ ინდობდენ, ყვიროდენ, ანჩხლობდენ, ერთმანეთს არ აც­ლიდენ, ლა­პა­რაკობდა ყველა ერთად, ნერვიულად, გაუგებრად, ხმამაღლა. ნაწ­ყვეტ-ნაწყვეტი სიტყ­ვები ისმოდა მხოლოდ: ყველაფერი ნათლად ამტკი­ცებ­და, რომ ერთმანეთს იოტი­სოდნავადაც პატივს არა სცემდენ, ან არ ესმო­დათ ერთმანეთისა, ან კიდევ გან­გებ განგაშებდენ. აი, მაგალითად: რაღაცაზე გა­ნაწყენებული ბესარიონ ჟღენტი აც­ხადებს პროტესტს. რამდენიმე წუთის შემ­დეგ გომიაშვილი, აღშფოთებული პრე­ზი­დიუმის წევრთა ყოფაქცევით, პირ­დაპირ ამბობს ხმამაღლა:
    - რა ხდება ეს, რა ამბავია? როცა ბესო ჟღენტი ლაპარაკობს, მისი სიტყვა გა­დის, იღებთ ერთბაშად... სხვას კი არ ალაპარაკებთ.
    - რაო, რაო? - დაიძახა ბესო ჟღენტმა.. - შენ მთვრალი ხარ, ალბად!
    - ვინ არი მთვრალი, - ფეხზე წამოდგა გომიაშვილი, - ვინ არის მთვრალი, ა? ბო­დიში მოიხადეთ მაგ სიტყვისთვის, ეხლავე...
    - მთვრალი ხართ, დიაღ, მთვრალი ხართ, ალბად, - სთქვა ბესომ.
    - გაიმეორეთ, აბა! - წამოდგა გომიაშვილი და პრეზიდიუმის მაგიდისაკენ გა­ე­შუ­რა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბესია ჟღენტი ზის, - გომიაშვილი გა­ფით­­­რე­­ბუ­­ლია, აკანკალებული მიეშურება ჟღენტისაკენ - ფაკტია, გაარტყამს...
    - შენ თვითონ მოიხადე ბოდიში! - ამბობს ჟღენტი.
    - მე შენ... - ეუბნება გომიაშვილი, - ეხლავე ბოდიში მოიხადე, თორემ.. გო­­მი­ა­შ­ვი­ლი ძალზე აღელვებულია... აჰა, საცაა...
    - შენ თვითონ მოიხადე ბოდიში, - არ უშინდება ბესია...
გომიაშვილი ხედავს, რომ საქმე ისე არ არის... სილის გარტყმასაც ვერ ბე­დავს... და ნელ-ნელა... უკან-უკან იხევს... რაღაცას თავისთვის ჩუმად ჩაი­ლა­პარაკებს და ჯდე­ბა ისევ თავის სკამზე...
    - შენ მანდ წყნარად იყავი, ხუტა, - ეუბნება ვიღაცა ნონეშვილს.
    - სულ ხუტა გაკერიათ ენაზე, - ამბობს შეურაცხყოფილი ნონეშვილი, - მე ხომ ხუტა არა ვარო...
    ამნაირ ატმოსფეროში მოხდა სავლე აბულაძეზე თავდასხმა: ს. ჩიქოვანის, აკა­კი ბე­ლიაშვილის, კარლო კალაძის, ალიო მირცხულავასი.
    ისინი თავს დაესხენ აგრეთვე თედო სახოკიასაც. მე მომიხდა მეთქვა სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი­სათ­ვის:
    - თედო სახოკიას უფლება აქვს... თქვენ ამაოდ ესხმით თავს მწერალთა ძველ გვარ­დიას-მეთქი.
    კ. ლორთქიფანიძეს „მოგონებების საღამოები“ ჩაეშალა.