შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-8 - 1954 წელი


     გ. ტაბიძე: - ამხანაგებო, მე მინდა გავიხსენო ერთი მომენტი პირველი ყრი­ლობის ამბებიდან. ე. ი. ოცი წლის წინანდელი ამბავი მინდა მოგახსენოთ. რო­ცა ჩვენი მწერლების დელეგაცია გაემგზავრა მოსკოვში, მე ამ დელეგაციაში მო­ნაწილეობას არ ვიღებდი ავადმყოფობის გამო. მოსკოვში ჩვენი დელეგაცია ეს­ტუმრა ამხანაგ სტალინს. ამხანაგები მოუთმენლად ელოდნენ დარბაზში ამ­ხანაგ სტა­ლინთან შეხვედრას, კრემლის დარბაზში გაიღო კარი, გამოვიდა ამ­ხანაგი სტალინი, მი­იხედ-მოიხედა და მისი პირველი კითხვა იყო - სად არის გა­ლაკტიონიო. რას ნიშ­ნავს ეს, ამხანაგებო? ნიშნავს თუ არა ეს უზომოდ დიდ ყუ­რადღებას ქართველი პო­ეტისადმი? რასაკვირველია, ნიშნავს! როდესაც ამ­ხანაგებმა ეს ამბავი ჩამომიტანეს მოს­კოვიდან - ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო დიდი გამხნევება ჩემ­თვის და ამ გამხნევებით ვმუშაობდი მე ამ 20 წლის განმავლობაში. მე ვმუშაობდი სიყ­ვარულით ჩვენი მწერ­ლო­ბი­სად­მი, საერთო საქმისადმი, რევოლუციისადმი. გა­ახ­სენდა ამხანაგ სტალინს ჩე­მი სახელი, ალბათ, იმის გამო, რომ 1917 წელს სმოლ­ნში, მე ჯერ კიდევ ახალ­გაზრ­და პოეტი მგზნებარედ მივესალმე მას. ამხანაგებო, ასეთ ყურადღებას დი­დი მნიშვნელობა აქვს მწერლისთვის. დიდმა ყურადღებამ და ხალ­ხის სიყ­ვა­რულმა შემაძლებინა მე გულწრფელად მემუშავნა და დამეწერა 25 ტო­მის შემც­ველი მასალა, რომლებიც გაბნეულია სხვადასხვა გამოცემებში. 7 ტო­მის გა­მოცემა დასრულდა 1950 წელს.
     ამხანაგებო! ჩვენის მხრითაც საჭიროა ერთმანეთისადმი მუდმივი ყუ­რად­ღება. ეს ძალზე წინ წასწევს ჩვენს მუშაობას.
     მეორე ყრილობიდან უზარმაზარი მასალა წამოვიღე. ჯერჯერობით მთლია­ნად არა მაქვს შესწავლილი ეს მასალა. მე გამომადგება იგი შემდგომი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუშაობისათვის. ყოველივე ეს მაიძულებს, გამოვთქვა სურ­ვი­ლი იმის შესახებ, რომ მეტი ყურადღება იყოს ჩვენდამი, თორემ, ამის გარეშე, ჩვენ ვერაფერს ვერ გა­ვაკეთებთ. აქ მნიშვნელობა აქვს ჩვენი სასახლის მოწ­ყო­ბას, ამხანაგების ერ­თმა­ნეთთან დამოკიდებულებას და სხვ. მაგალითად: მე პოეტების სექციის თავ­მჯდო­მარედ ამირჩიეს, მე ამ სამუშაოს გავუძღვები, მაგ­რამ პირობების შექმნით, ყუ­რადღების მოპყრობით, რჩევა-დახმარებით, თქვე­ნი თანამშრომლობით. ეს თი­თო­ეული სექციის მუშაობაზეც არის და­მო­კი­დებული. ჩვენ, პოეტები, მარტო პოეტები კი არა ვართ, ჩვენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ სხვა სექციებზეც, თქვენზე, პროზაიკოსებზე, კრი­ტიკოსებზე, მომხ­სე­ნებელზე. აქ დაისვა საკითხი პოემების შესახებ, როგორ შე­იძლება ნა­ხე­ვარ­მა საუკუნემ განვლოს და პოემა არ გვქონდეს? მე პირადად 50 პო­ემა მაქვს, მაგრამ გაბნეულია სხვადასხვა წიგნებში.
     ამხ. ბერულავა: 50 პოემა ქართულ ლიტერატურაში მთლად არ არის.
     ამხ. ტაბიძე: როგორ არა, არის და ამას შესწავლა უნდა, საღამოები უნდა მი­­ეძღვნას სპეციალური. თითოეული პოემა ღირსია შესწავლისა. ჩვენ გვქონ­და ამის შესახებ თათბირი, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რით მივდივართ და რა მოხ­სენებით მივდივართ. კავშირის წარმომადგენელი წარმომადგენელია მწერ­ლობისა და უნდა ვიცოდეთ, რას ლაპარაკობს. მომავალი ყრილობისათვის ეს პირობები უნ­და გავითვალისწინოთ და უკეთესად გამოვიდეთ.
     ახლო მომავალში სხვადასხვა სამუშაოები არის შესასრულებელი, სრულ­დე­ბა 40 წელი აკაკის გარდაცვალებიდან, 50 წელი 1905 წლის რევოლუციიდან. ეს ისე­თი მნიშვნელოვანი ამბებია, რომ არ შეიძლება პოეტებმა თავისი ყუ­რად­ღება არ გაამახვილონ. ჩვენ მოვალენი ვართ, გარსშემოვიკრიბოთ ძალები, გვყავს მო­ნა­წი­ლენი 1905 წლის რევოლუციისა. უნდა გამოიცეს წიგნი 1905 წლის რე­ვო­ლუ­ციის შესახებ. მოვალენი ვართ, წინ წავწიოთ კადრები რჩევა-და­რიგებით, მი­თითებებით, გამოცდილებით.
     ძირითადად ჩვენი მუშაობა უაღრესად დამოკიდებულია ხალხზე, ან­გა­რი­ში უნ­და გაეწიოს მკითხველს. რას მოითხოვს მკითხველი და თუ მაგალითად მკითხ­ველს არ მოსწონს წიგნი, ჩვენ მაინც ვაჩეჩებთ და ვაჩეჩებთ (დარბაზში სა­ერ­თო სი­ცილი). ეს არის საჭირო. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მკითხველს ისეთი წიგ­ნი, რო­გორიც მას სწყურია. მაგალითად, მე მითხრეს, რომ იქ, სარდაფებში მთე­ლი რი­გი წიგნებისა გაუსაღებელი აწყვია. უნდა გამოიცეს ის წიგნი, რო­მე­ლიც საჭიროა. ასე არ არის ამხანაგებო? (ხმები: მართალია).
     სულითა და გულით გისურვებთ, ამხანაგებო, ისეთ მუშაობას, როგორიც სა­ჭი­როა ხალხისათვის, როგორიც საჭიროა მასისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. ის დრო­შა, რომელიც ქართულ პოეზიას ეჭირა დღემდე, არ დაგვეხაროს დაბლა (დარ­ბაზ­ში მქუხარე, ხანგრძლივი ტაში).
     თავმჯდომარე: ცხადდება შესვენება ათი წუთით.