შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-319 - 1954 წელი


სალიტერატურო წრე
სემინარიის მეორე შენობის წინ არსებობს მოედანი, საკმარისად ფართო.
იქ, სადაც არსებობს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, შენდება შენობები.
წინა ფასადები ამ შენობებისა ჯერ დაუკავებელია და დაუმთავრებელი.
აქ შეიძლება მოთავსდეს სალიტერატურო წრეც ან წრეების გაერთიანება (თბილისი, სოხუმი). მას ექნება ერთი ან რამდენიმე დიდი დარაბა. შესაძლებელია ეზოთი.
პერსპექტივები ამ წრეებისა - დიდია.
მას ექნება წიგნთსაცავი.
მოაწყობს სალიტ. საღამოებს.
მოაწყობს კითხვებს. კითხვებს ახალი წიგნებისას.
გააერთიანებს ლიტერატურისა ან ხელოვნების დარგებს.

*
1954. 29 ოქტომბერი.
გუშინ წინ საქალაქთაშორისო ტელეფონის სადგურზე ასეთ სცენას ჰქონდა ადგილი:
ერთი ხანში შესული მანდილოსანი ღელავდა: რამდენი ხანია, თითქმის წინაღამიდან დაწყებული უცდის მოსკოვთან დალაპარაკებას, დაკავშირებას. არ იქნა და არა. მანდილოსანი ნერვიულობს, ხმა მაღლა აცხადებს პროტესტს: „ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდესო. ასეთი უწესრიგობა მხოლოდ აქაა შესაძლებელიო. აბა, ასეთ რამეს მოსკოვში თუ ექნება ადგილიო“... მანდილოსნის ნერვიულობა ყურადღებას იქცევს მთელი დარბაზის. უკანასკნელმა სიტყვებმა საქართველოს შესახებ უკმაყოფილება გამოიწვია ერთ ახალგაზრდა კაცში, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა:
- საქართველო აქ არაფერ შუაშია. მოსკოვში კიდევ უფრო მეტი არეულობაა.
- არაფერი მსგავსი იქ არ შეიძლება მოხდესო, - უპასუხა მანდილოსანმა.
- უარესიც შეიძლება, დამშვიდებით ბრძანდებოდეთ. აი, ლენინგრადი სხვაა. იქ მართლაც წესრიგია.
- ეს თანდაყოლილი ბუნებაა ლენინგრადის. თვითონვე იქ წესრიგია, - ჩაერია მესამე.
- ეგ იმიტომაა, - ჩაერია კამათში ერთი სამხედრო, ორდენებიანი, ომში ნამყოფი, ცოტაოდნად კოჭლი, ნერვიული, ეროვნებით რუსი, - ეგ იმიტომ რომა, მოსკოვი ეხლა თითქმის არაა რუსული ქალაქი. იქ მთელი საბჭოთა კავშირის ეროვნებანი იყრიან თავს. მოძრაობა დიდია, ელფერი ქალაქისა შეცვლილია, თექვსმეტი რესპუბლიკა, კიდევ რამდენი ამ რესპუბლიკებში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები, ცენტრი კი მოსკოვია. აი, რაშია საქმე, - განაცხადა მან, - ლენინგრადი კი სხვაა. ის ცენტრი არაა; მაგრამ ძველი მეთაური ქალაქის შვენება შერჩა, ის სპეციფიკურად რუსული ქალაქია.
რითი დამთავრდა ეს კამათი, არ ვიცი. დაიძახეს:
- სუხუმში... შებრძანდით მეცხრე კაბინაში. სუხუმშენი - მეცხრე კაბინა.