შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-275 - 1952 წელი


1952 წ. 7 მარტი. პარასკევი.
„ზარია ვოსტოკას“-ს დღევანდელ ნომერში არის სამგლოვიარო განცხადება: „გ. ლეონიძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, ა. აბაშელი, ს. ჭილაია, კ. ჭიჭინაძე, ლ. ასათიანი, ს. ყაუხჩიშვილი, ი. ლისაშვილი, ხ. ვარდოშვილი, ა. გაწერელია, გ. ნატროშვილი, ი. ვაკელი, ა. გომიაშვილი, ი. ნონეშვილი ღრმა მწუხარებით იუწყებიან ქეთევან ბაქრაძე-ინგოროყვას გარდაცვალებას“. აცხადებს სულ 16 კაცი - მწერალთა კავშირიდან (საკვირველია, რა უნდა მათში ს. ყაუხჩიშვილს?) - და წარმოადგენს აშკარა დაჯგუფებას, გარდა ორი-სამი კაცისა, რომელნიც გ. ლეონიძესთან ვერ არიან კარგ განწყობილებაში. ამ ჩვიდმეტი კაცისაგან, გარდა ორი-სამისა, მე არავისი იმედი არა მაქვს. პირიქით, ისინი აკტიურად ჩაებმიან ჩემი საღამოს ჩაშლის ცდაში. ისინი ჩემი ლიტერატურული მტრები არიან, და განაგრძობენ ჩემს წინააღმდეგ იმავე საქმეს, რაც 1917 წელში შექმნეს ჩემს გარშემო „ცისფერმა ყანწებმა“, „ცისარტყელამ“ და სხვა ლიტერატურულმა ორგანიზაციებმა. ამ სამგლოვიარო განცხადებას რომ მიემატოს გოგოლისა და ვიქტორ ჰიუგოს დღეები, ნათელი გახდება, თუ რა გზას დაადგებიან ახალი დაჯგუფების წევრები - შემდგომში. განა არ იციან რომა:
[საქართველოში]
ჩვენ არა ერთი დღეს მწერალი გვყავს,
მსგავსება კვაჭის.
[იმის] ერთის სახებას საოცრადა ჰგავს
ხატი ქიაჩის.
ბრიტტი ჰკითხულობს: „მაგრამ, აი, ის,
ვინ არის, ჯმუხი?“
- „Это, сэр, გოჭი лая, მიჰქრის...“ -
არის პასუხი.

8 მარტი.
როგორ ზუსტად მართლდება ზოგიერთი ქართული ანდაზა. მაგალითად, [ასეთი ანდაზაა] თუ მარტი წინა დგას, ზამთარს გასულად ნუ სთვლიო. გუშინ მშვენიერი მზიანი დღე იყო, დღეს დილით მთელი ქალაქი თეთრადაა მორთული თოვლით. ნამდვილი ზამთარია!
დამირეკა დილით გენადიმ. საღამოთი 7 საათზე შენთან ვარ გაჩენილიო. მოვიდა საღამოთი. ძლიერ მესიამოვნა. ვისაუბრეთ. 1900 წლიდან 1910 წლამდე ერთად ვსწავლობდით. სწერს მოგონებას. აქვს მაშინდელი ჩანაწერებიც (1. გრეკოვის შესახებ პროკლამაცია. 2. 1905 წლის ლექსები. 3. კრებები და სხვ. 1905 წ. 4. ბიოგრაფია და სხვა მასალები). მისი ტელეფონია 3-56-67. უნდა მოინახოს „გზები და ბილიკები“.
„Заря Востока“-ში მეთაურ წერილში „8 მარტი“ (ქალთა დღე) მეცა ვარ მოხსენებული, ოლღა ბარამიშვილის კანტატა „მშვიდობისათვის“ დაწერილია ჩემს სიტყვებზე. საწყალი ქალი! როგორ გაეხარდებოდა, როდესაც თავის გვარს წაიკითხავდა - მას ხომ სდევნიან!
ნუნუმ საღამოთი მომიტანა ჩემდამი მოძღვნილი ლექსი გეოლოგის, ვ. მამუკელაშვილისა - „გზაშიც გალაკტიონი“.
„ჰქუხს სიმღერა სასახელო შენზე, ტკბილო მგოსანო,
საქართველოს პოეტების მეფევ გვირგვინოსანო,
წარსულის გზა მივატოვეთ, წინ მივდივართ ჭენებით,
საქართველოს წინსვლას მისდევ შენის ლურჯა ცხენებით" და სხვ.
აი, მთელი დღის ამბავი: თოვლი, „Заря“, მოგონებების წერა, გეოლოგის ლექსი..

9 მარტი.
დღესაც გადაუღებლად თოვს... ასე მოულოდნელად შეიცვალა ამიდი. ფანჯრიდან რომ გავხედე, ჩვენი ბაღი, მის წინ ქუჩა, სახელგამის სახურავი - სულ თოვლითაა დაფარული...
ო, ჩვენი ბაღი, ჩვენი საწყალი ბაღი. აქ ერთი აკაციაა, რომელიც 15 წლის წინად მე და გიორგიმ გადავარჩინეთ: ვიღაცას ფეხით გადაეტეხა მიწიდან ეს-ეს არის ახლად ამოსული აკაცია. ჩვენ მაშინვე ჩვარით შევხვიეთ, გავასწორეთ. და ეხლა იგი ჩვენი სახლის ოთხსართულიან შენობას ასცდა, და კიდევ იზრდება. ამ ჟამად იგი თოვლითაა დაფარული. ამ ბაღში არის ჩემმიერ დარგული ფიჭვი... რაც მას თავს გადახდა, პირდაპირ ასაწერია.
ასაწერია ის ამბავიც, რომელზედაც „Заря Востока“სწერს: Вечер поэта Г. Леонидзе (გასაოცარია, რომ არ დაემატა ჩვეული: поэта-академика, лауреата Сталинской премии, председателя Союза писателей, директора Литературного музея, директора Сагурамского музея და სხვ. და სხვ.).
Ленингори (наш кор.). На днях в районном клубе состоялась творческая встреча трудящихся района და სხვ. და სხვ.
С доклодом о творчестве Г. Леонидзе выступил кандидат филологических наук Этери Шушания. Доклод о языке произведении Г. Леонидзе сделал доцент Ш. Дзидзигури... და სხვ.
შემდეგ მიდის თვითრეკლამა. აი, როგორ ისარგებლა შ. ძიძიგურმა... მდგომარეობით.
აი, როგორი [გამყიდველი] ქალი ყოფილა ეთერი შუშანია. ეს ორი ჟღერა კიდევ შეემატა - მთელ იმ ჯგუფს. ორი ტიპი... აკადემიაში დისერტაციის დამცველი.

10 მარტი.
ნამდვილი მარტია. დღე გამოიდარა, მაგრამ გაყინული თოვლით დატვირთული ხეები, გარინდებულნი სდგანან. ისე, როგორც გუშინ.
დავსწერე რამდენიმე [სტრიქ] ტაეპი ახალი ლექსი, იგი ეხება ხიდის მშენებლობას და იწყება ასე:
ვხედავ, ვხედავ, რა დიდებით მიდის
მშენებლობა ახალთ-ახალ ხიდის.
ხშირად ისმის ნაცნობი ხმა, მწველი,
დინამიტით სანაპიროს მცველი.
აფეთქება! გესმის როგორ ჩქარა,
სხვა ბერდება, მაგრამ ის კი არა!
..........................................................

11 მარტი.
წვიმდა მთელი ღამის განმავლობაში. წვიმდა დილითაც. დღე მოღრუბლულია.
სახ. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ყველა პოეტების ლექსებზე მეტი ჩემი ყოფილა შეტანილი. მთელი 8 ლექსი (ნუნუ).
ვახტანგ გოგოლაშვილს (სტუდენტს) წაუკითხავს ლექცია „ხალხური მოტივები გ. ტაბიძის შემოქმედებაში“. დიდი ინტერესი გამოუწვევია (ნოდარი). ჩემს არქივში აღმოჩნდა იმავე ვახტანგ გოგოლაშვილის ჩემდამი მოძღვნილი ხელნაწერი ლექსი „ზღვა ზღვასთან იდგა“...

14 მარტი.
ძლივს კარგი, მზიანი დღე დადგა. თოვლიც გადნა.
მივიღე საავტორო წიგნები (V ტომი). ჰონორარი ჯერ კიდევ არაა.
მივიღე ჰონორარი „ზარია ვოსტოკა“-დან (ნათარგმნი ლექსი).
მივიღე ბათომიდან წითელარმიელის ჩემდამი მოძღვნილი ლექსი.
დამირეკა ტელეფონით გრ. ცეცხლაძემ... მკითხა, როგორაა საღამოების საქმეო. მიმსახურეთო, მითხრა - როდესაც საჭირო ვიქნებიო. მესიამოვნა. ეს პირველი პოეტია, ეხლანდელ ჩემს მდგომარეობაში თვითონ რომ მეხმაურება.
დამირეკა კალემ. მან თავისი მხრით მითხრა, რომ ეს-ეს არის ჭილაიამ მკითხა, როგორ არის გალაკტიონიო? ძლიერ გამიკვირდა: ნუ თუ ჭილაიამ არ იცის ჩემი ტელეფონის ნომერი? რაღა კალეს, რომელიც ჩემთან შერცხვენილია, ეკითხება ჩემს ამბავს? რაშია საქმე? აჰ, შეიძლება სერგი იახლოვებს ჩემდამი მტრულად განწყობილ პირებს, ან, შეიძლება ჰსურს, ხელთ იგდოს ჩემი იუბილეის ინიციატივა? ბობოხიძემ დაატანა: დაურეკე ჭილაიასო. რაო? ის მე უნდა მირეკავდეს, თუ მე მას? ავადმყოფის კითხვაც ასეთი უნდა! აჰ, ის ყოველთვის ჩემით იწყებს და ლეონიძეთი ამთავრებს. გასკდეს ჭიპზე! მე მომხსენებელს უკეთესს ვიშოვი, თუ დამჭირდა! აი, ეს კი იქნება სასაცილო - ჩემს საღამოზე რომ მან წაიკითხოს მოხსენება! „კომუნისტმა“ სულ რამდენიმე დღის წინად შეაფასა მისი მონოგრაფია, როგორც ყოვლად უვარგისი და ეხლა მე გამოვიდე მის დასაცავად? ნურას უკაცრავად.
ეს ასე არ შეიძლება,
ბასილა და კვირიკაო.
ციხეს მართმევ, რიყეს მაძლევ,
დავჯდე, უნდა ვირიკავო?

19 მარტი. ოთხშაბათი. 1952.
ჩვენთან იყო ლენა ყიფშიძე; მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებს სურთ თქვენთან შეხვედრაო. ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. შევთანხმდით, საღამო მოეწყოს 5 მაისს - პრესის დღეს („პრესა“).
იყო ლეილა მაჭავარიანი, ქალიშვილი ლადოსი.
დაიძახა ტელეფონით ჩემთვის უცნობმა ახალგაზრდა სვანმა. კითხულობდა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.
ველაპარაკე კორნელი სანაძეს. იგი ხატავს ჩემს პორტრეტს. „მთელს საქართველოს დაჰყურებთო“, - ამბობდა მისი ოჯახობა.
ჩემთან იყო კოჩობა აროსია... ავადმყოფის სანახავად...
გავაგზავნე დეპეშა სუხუმში გვათუასთან: სახლის შენების საქმეზე.
ველაპარაკე ერასტის. გამამხნევა მისმა სიტყვებმა ცოტათი...
ხუთი დღის შემდეგ...
კალე ისევ წამოსკუპებულა სახელგამში, [ისე] თევზაძის ადგილას.
ტელეფონით ვესაუბრე გრიშაშვილს. მეფიცება მეგობრობას.
ვიწყებ მუშაობას „სინათლის ყვავილის“ ინსცენირებაზე.
სტალინის პრემია მეორე ხარისხის მიიღო ლეონიძემ და მისი პოემა „ბერშოულა“ დაბეჭდილია ზარიაში (5 წლ. წინად დაწ. პოემა).
დარწმუნებული ვარ, ფართო მასა ირონიით ხვდება ამ ამბავს.
„ლიტ. და ხელოვნება“ ერთ ამბავშია.. ბ. ჟღენტი დავლურს უვლის. ის სწერს: „პოემები „ბერშოულა“ და „ფორთოხალა“ ქართული საბჭოთა პოეზიის, მთელი მრავალფეროვანი საბჭოთა პოეტური კულტურის საუკეთესო შემოქმედების მიღწევათა რიცხვს მიეკუთვნება". არ გვიჯერია! მეთაურში სწერია: გამოჩენილი ქართველი საბჭოთა პოეტის გიორგი ლეონიძის ორი შესანიშნავი პოემა „ფორთოხალა“ და „ბერშოულა“, ჩვენი ლიტერატურის შვენებასა და სიამაყეს წარმოადგენენ“ (ხაზი ჩემია) (იმეორებენ დ. კ.-ს სიტყვას).
იყო ჩემთან უცნობი შოფერი კოტე ალავერდოვი. მთხოვს, ავიყვანო შოფერად. რეკომენდაციას უწევს თალიკო... არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

20 მარტი.
მჭირდება მაკრატელი. მჭირდება ჯიბის დანა. მჭირდება კარდონის ქაღალდები. და, რაც უმთავრესია - მჭირდება კოსტიუმი (ნუნუ დამპირდა ამის მოწყობას).
დავსწერე რამდენიმე ლექსი: მოგონება, აგრეთვე ეპიგრამა ბესო ჟღენტზე.
შევუდექი „სინათლის ყვავილის“ ინსცენირებისათვის გაკეთებას.
გამ. ინჟ. ჩხიკვაძე (სამხატვრო აკადემიაში). ტელ: 3-63-57.
ველაპარაკე სოხუმს დილის 12 საათზე. იქ არაფერი არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ გადახდილია 24000 მან. უნდა აეშენებიათ მეორე სართული. მელაპარაკებოდნენ, რომ ამ თანხად ღირებული სამუშაოები შესრულებულიაო. მაგრამ იგი შესრულებული იყო მაშინაც, როცა მე იქ ვიყავი.
საღამოთიც ველაპარაკე სუხუმს. სუხუმშენის მოადგილე - გაბუნიამ მითხრა, რომ აგურს მისცემენ მათ ორი აპრილისათვის. მაშინ შევუდგებითო.

24 მარტი. 1952 წ.
ასეთი საუბარი მქონდა ბ. ჟღენტთან ტელეფონით:
- ბესო, როგორ არის ჩემი წიგნის საქმე.
- მიენდო რედაკტორობა ანანიაშვილს. იგი ამზადებს და ნაწილს თვითონა თარგმნის, ნაწილს მოსკოველები. ამ მოკლე ხანში იგი მივლინებულ იქნება მოსკოვსა და იქავე ათარგმნინებს პოეტებს. რუსი პოეტები აქ გაზაფხულამდე არ ჩამოვლენ. გვინდოდა სპეციალურად ჩამოგვეყვანა აქ, თბილისში. მაგრამ შემდეგ ვამჯობინეთ ისევ იქ მივლინება ჩვენი კაცისა.
- თუ ძმა ხარ, ანანიაშვილის ნახვა უჩემოდ ნუ მოხდება.
- რა თქმა უნდა, წინასწარ შეგატყობინებთ. უნდა შეგათანხმოთ.
- კარგი. ეს ასე იყოს. ეხლა იცი თუ არა ჩემი ამბავი. დასრულდა ჩემი შვიდტომეულის გამოცემა.
- დიდი საქმეა. ეხლანდელს არავის არა აქვს შვიდი ტომი. არც წარსულ საუკუნეში სიცოცხლეში არ ღირსებიათ შვიდი ტომის გამოცემა არავის.
მე მგონიაო, ძლიერ კარგი იქნებაო. იუბილეБსთან დაკავშირებით ყველა შვიდი ტომი ერთ ტომად გამოიცემოდესო, ან და ხელახალა გამოიცემოდეს ყველა ტომი (მით უმეტეს, არსად წინად გამოცემული ტომები ეხლა აღარ მოიპოება, სულ გაყიდულიაო).
- არა,  ბესო, თქვენი წინანდელი აზრი სჯობია, ყველა ტომების ერთ ტომად გამოცემა.
- ჰო, ესეც. რა თქმა უნდა, და სხვ. ვისმენდი და გულში ვფიქრობდი:
რეტი. ცეტი. ბრეტი. კეტი.
აი, ბესოს ეტიკეტი.
რას გააწყობ: ჟღინტი, ჟღენტი,
ფუტუროა, დეკადენტი.
თანაც ყბედი მეტის-მეტი...
აი, ბესარიონ ჟღენტი.
(მაგრამ რას ვერჩი ამ კაცს?).
სუხუმიდან მივიღე გვათუას დეპეშა. იქ მშენებლობა შეჩერებულია უაგურობის გამო!.. Намекает на новые взносы... ეეჰ.

26 მარტი.
1. კოპლატაძე - 3-53-80 (სახელგამი).
2. ფლორა - არ იქნება ორის ნახევრამდე - 3-23-42.