შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-274 - 1951 წელი


მიმაჩნია რა თვით რეცენზენტის ცოდნის დონე და მიუდგომლობა, გთხოვთ, თვით გაისინჯოს რეცენზენტი ამ მხრივ, თუ რაოდენ ცოდნის მარაგის, აზროვნების სისწორის და სინიდისის პატრონია.

არ ვიცი, რა საბუთით მოითხოვს რეცენზენტი წიგნიდან სამი ნაწარმოების ამოღებას.

წინასიტყვაობა
„სინათლის ყვავილი“.
1 გვ. - ამხანაგებო! ამის შემდეგ თქვენ თვითონ განსაჯეთ, თუ რამდენად მართალია კ. ბ., როდესაც ლაპარაკობს, რომ ეპიურ ჟანრშიც უცდია მას თავის კალამი, მაგრამ [უნდა აღინიშნოს, რომ მისი ადრინდელი პოემა და აქ წარმოდგენილიც] [თუ რამდენად] [განსაჯეთ თვით თქვენ] დიდად [წამიგია] ამაოთო.
რაც შეეხება ზოგიერთთა იმ [სულიერ განწყობილებას] დიდ მადას, რომ მე საერთოდ წამერთვას უფლება ეპიურ ჟანრზე მუშაობის, საკვირველია, ან თვით საიდან მოიპოვა ამის თქმის უფლება, რადგან მასზე მონოპოლიას პ. კ. ბ. სხვისთვის, ან თავისთვის იტოვებს, ამაზე ნურას უკაცრავად და ისტორია თვით [აღნიშნავს] იტყვის თავის სიტყვას მიუდგომელს. ყოველ შემთხვევაში, კ. ბ. სხვისი [ჩოჩორი] მოციქული დარჩება მაინც და მეტი არაფერი.
[რაც შეეხება] არსებით საკითხს V ტ. მასალების შესახებ, რეცენზენტი მოითხოვს ამოღებულ იქნას სამი პოემა: „გამოგონება“, „ცხრაას ორმოცი წელი“ და „სინათლის ყვავილი“.
და [თურმე] ეს რატომ?
პოემა „გამოგონების“ კითხვას თურმე პ. რეცენზენტი დიდხანს მონდომებია და ამისათვის „ამოღებულ იქნასო“.
პოემა „ცხრაას ორმოცი წელი“, საცა გატარებულია თავიდამ ბოლომდე იდეა დიდი მსოფლიო მშვიდობის, სწორედ ამის გამო მიუღებელია პ. კ. ბ. აზრით. ეს იდეა მიუღებელია. და ბოლოს, „სინათლის ყვავილი“, რომელშიაც გატარებულია იდეა ჩვენი სოციალისტური სამშობლოს ელექტროფიკაციის... ლენინის სიტყვები: „...“ ეს ამბავი თურმე კ. ბ. დრომოჭმულ, უიდეო აბსურდად მიაჩნია.
 აქ, უკვე, როგორც ხედავთ, ამ საქმეს პროვოკაციის სუნი ასდის, პ. რეცენზენტო.
და „პირველი ენკენისთვე“, რომელსაც თვითონ უწოდებს პოემას.
1. ეხლა რაც შეეხება თვით ციტატებს ლექსებისას: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“ - ჩვენი ბრძენი რეცენზენტი უწოდებს სიმბოლისტების და ფუტურისტების ზაუმურ სიტყვათა აკრობატიკას (თვითონ ბატი). იქნებ [ჯერ] დიდ ახალ ამბათ მიაჩნია პ. რეცენზენტს ეს ირაკლის ხმალზე წარწერილი ძვირფასი სიტყვები მეომრისა.
ირაკლის ხმალზე წარწერილ ძვირფას სიტყვებს: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“ რეცენზენტი უწოდებს „სიმბოლისტებისა და ფუტურისტების ზაუმურ სიტყვათა აკრობატიკას“. მეომრის სიტყვების გაგებაც სწორედ ასეთი უნდა! მოდი და ამის შემდეგ ნუ იტყვი, რომ...
ბოლოს: სამივე ნაწარმოებში თემატიური გაშუქება - ახალია: 1. „ათასცხრაას ორმოცი წელი“ [თემატიურად ახალია] წარმოადგენს ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფს, და შეადგენს ერთ-ერთ რგოლს [ჩემი] იმ ორმოცდაათი პოემისა, რომლებიც დაბეჭდილია წინა გამოცემებში. 2. „სინათლის ყვავილიც“ რომ სხვისი ნაწარმოები იყოს და არა ჩემი, უყოყმანოდ ვიტყოდი, რომ ის ლიტერატურული შედევრია. მაგრამ რა უნდა თქვა კაცმა თავის თავზე? აგრეთვე - 3. „გამოგონება“. მართალია, იგი რევოლიუციამდელ საქართველოს ეხება, მაგრამ საგანი გაგებულია ახლებურად. სტილი...

2. [რაც შეეხება მხატვრულ ხერხებს,] უდაოდ პ. რეცენზენტის დონემდე თუ ვერ ვარ ასული, [მაგრამ] ეს გასაგებია იმდენად, რამდენადაც თვითონ მისი მხატვრული სიმაღლე და გემოვნება განუზომელია და განუმეორებელი. [ერთიც კიდევ, მასზე].
რაც შეეხება მხატვრულ ხერხებს, ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძნელია, კაცმა თავის თავზე ილაპარაკოს, [მაგრამ] მხოლოდ...
ე. წ. რეცენზენტი [იმდენად გათავხედებულია, რომ ურჩევს პოემის დამწერს, ვწეროთ ლექსები.] გვირჩევს, შევცვალოთ თვით ფორმაც ნაწერებისა! ვინ მისცა მას ამის უფლება? [მე მაქვს საკუთარი სტილი, ფორმა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია]. ყოველ ავტორს აქვს ფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [მას და] მის შემოქმედებას ახასიათებს.
[მანქანაზე შეცდომით გადაბეჭდილი ერთი ანბანის გამო იგი მთელი თავისი უბადრუკი რეცენზიის ერთ მეოთხედ გვერდს...]
საბეჭდ მანქანის მიზეზით ერთი ზედმეტი ანბანის გამო მის ბნელ განზრახვებს თავი ვეღარ შეუკავებია და ფრთებშესხმული მთელ მესამედ გვერდზე ღაღადებს: რა ამბავია, როგორ ესაო.

*
თანახმად თქვენი მითითებისა, მე ხელახლა გულდასმით გადავხედე წიგნს, შევასწორე ბევრი რამ, გავითვალისწინე რეცენზენტის შენიშვნებიც.
[რეცენზენტის] [წიგნის რეცენზიაში წითელი ზოლივით გატარებულია ის აზრი]...
აქ მინდა გავიხსენო: [ერთი რამ,] როდესაც ჩვენმა სახელმწიფო გამომცემლობამ გამოსცა ჩემი პოემა „ეპოქა“, მას საქართველოს ბოლშევიკების სახელოვანმა ხელმძღვანელმა კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანმა ასეთი შეფასება მისცა: „მისი პოემა „ეპოქა“ - ჰიმნია ჩვენი სოციალისტური სამშობლოს ძლიერებისადმი, ჰიმნია ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ადამიანებისადმი, რომლებიც ს.ს.რ. კავშირის ხალხთა ბედნიერ ცხოვრებას აშენებენ“ (კ. ჩარკვიანი, „საქართველოს საბჭოთა ლიტერატურა უკანასკნელ ხუთი წლის მანძილზე“, ჟურნალი „მნათობი“, №1, 1938 წ.).
V ტ. რეცენზიაში კი წითელი ზოლივით გატარებულია აზრი, რომ პოემების წერა ჩემი საქმე არ არის. [ეს იმ დროს, როდესაც არც ერთ ნაწარმოებზე არა აქვს წარწერა - არ დამიწერია „პოემა“].
1 გვერდზე რეცენზენტი სწერს: გალაკტიონ ტაბიძე მკითხველისათვის ცნობილია, როგორც დიდი ლირიკოსი პოეტი. ეპიურ ჟანრშიაც უცდია მას თავისი კალამი. შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ადრინდელი პოემა „ჯონ-რიდი“.
[ვინაიდან] ჩემ მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გამოცემებში დაბეჭდილია არა ერთი, ან ორი, არამედ ორმოცდაათზე მეტი პოემა, რომლებიც შეფასებულნი იყვნენ სწორედ მხატვრული ხარისხის მხრივ უაღრესად დამაკმაყოფილებელ ნაწარმოებებად. [მოვითხოვთ პატივცემულ რეცენზეტისაგან]  ვერასგზით პატივცემული რეცენზენტი ოფიციალურ ქართულ საბჭოთა სალიტერატურო კრიტიკის წყაროებზე და ავტორიტეტულ ქართულ საბჭოთა სალიტერატურო კრიტიკის წყაროების საფუძველზე ვერ დაამტკიცებს, რომ: ა) ჩემი პოემები საერთოდ ჩამორჩებოდა ყოველთვის ჩემსავე ლირიკულ ნაწარმოებთ. ბ) რომ „ჯონ-რიდი“, [შემდეგ შეცვლილი სახელწოდება: „ბავშები ყიდდენ პაპიროსებს“] ადრინდელი უფრო სწორი სახელწოდება: „წინ, წინ, წინ!“ - წარმოადგენდა მხოლოდ ცდას ეპიური ნაწარმოების შექმნისათვის, და რომ იგი არ წარმოადგენდა თავისთავად რევოლიუციურ თემაზე დაწერილ პირველ ეპიურ ჟანრის პოეტურ ტილოს.
ჩვენის აზრით, პატივცემული რეცენზენტი არ ერიდება გაუფრთხილებელ, ნაჩქარევ დასკვნებს. იგი წინდაუხედავი მოსაზრებებით რატომღაც ტენდენციურად ეკიდება მე-5 ტომში არსებულ მასალებს. მარტო ის რად ღირს, რომ ირაკლი II-ს ხმალზე წარწერილ ძვირფას სიტყვებს: „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“ რეცენზენტი უწოდებს „სიმბოლისტებისა და ფუტურისტების ზაუმურ სიტყვათა აკრობატიკას“. მეომრის, თუნდაც ძველის, თუნდაც ახალის, სიტყვების გაგება [განა ასე უნდა? მოგვეჭრა თავი!] ასე არ შეიძლება.
საბეჭდი მანქანის მიზეზით ერთი ზედმეტი ანბანის გამო („ჰქმენის“ - უნდა იყოს „ჰქმენი“) თავი ვეღარ შეუკავებია, მთელ განგაშსა სტეხს [ფრთაშესხმულია აღმოჩენით] და ფურცლის ერთი მეოთხედი აღარა ჰყოფნის [პოეტის „განსაქიქებლად“, თავისი აღმოჩენით ფრთაშესხმულს] ამ ერთი ზედმეტი ანბანის აღმოჩენით აღშფოთებულს; ახლა მოითხოვს მთელი სამი პოემის წიგნიდან ამოღებას!
[რეცენზენტი ახლა რეცენზიის, სერიოზული რეცენზიის] დაახლოვებით ამ პოემებიდანო, - სწერს ის, - შეიძლება გამოყენებულ იქნას არა უმეტეს ერთი მეათედი ნაწილისაო (ხაზი მისია).
რატომ მაინცადამაინც ერთი მეათედი, და რატომ არა ერთი მეხუთედი? ჩვენ არსად გვსმენია პოემების მხატვრული ანალიზის ასეთი უცნაური მათემატიკური მეთოდი. ჩვენის აზრით, რეცენზენტს უნდა ეჩვენებინა იმ პოემების სუსტი მხარეები, რომელთა ამოღებასაც იგი წინამდებარე წიგნიდან ლამობს.
მე-2 გვერდზე რეცენზენტი კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ ამოვიღოთ შემდეგი პოემები: „გამოგონება“, „ათასცხრაას ორმოცი წელი“ და „სინათლის ყვავილი“, რაც სტრიქონთა რაოდენობის მხრივ შეადგენს მთელი წიგნის ნახევარს. ჩვენ შესაძლოა დავთანხმებულვიყავით პატივც. რეცენზენტის ასეთ რჩევაზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი კონკრეტიულად მიგვითითებდა იმ დამახასიათებელ ნაკლულევანებათ, რაც დასახელებულ პოემებს ახასიათებს. სინამდვილეში ასეთ რამეს რეცენზიაში ადგილი არა აქვს. პატივცემული რეცენზენტი, არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ გვირჩევს, ამოვიღოთ წიგნიდან ესა თუ ის პოემები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. უცნაურია.
გთხოვთ, აღნიშნული პოემები განხილულ იქნას ან რეცენზენტის ანდა პასუხისმგებელი რედაქტორის მიერ და მითითებულ კონკრეტიულად დასაბუთებულ ნაკლულოვანებათ საფუძველზე იქნას გამოტანილი დასკვნა.
რეცენზენტი აღნიშნავს, რომ პოემები „ქიტესა“ და „ამბავი ერთი ღამისა“ გასწორების შემდეგ შეიძლება დატოვებულ იქნას (რეცენზენტის სიტყვით - „იქნეს“) ტომში და გასასწორებელი ადგილები კი ჩემს მიერ აღნიშნულია გვერდებშიო. სინამდვილეში აღსანიშნავია რაღაც ორი შემთხვევა, რომელთაგან ერთი მისაღებია, მხოლოდ ერთერთი, რომელიც მემანქანის შეცდომის შედეგს წარმოადგენს.
ჩვენ არ გვესმის რეცენზენტის სიტყვები: „პოემიდან „ძველი სენი“, „დიდედას ზღაპრები“ - უნდა შერჩეულ „იქნეს“ ავტორის მიერ დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ნაწყვეტები და გაიშვას ტომში“. საჭიროა უფრო ნათლად და გარკვევით გამოსთქვას რეცენზენტმა თავისი აზრი - რას ნიშნავს სიტყვა: „დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ნაწყვეტები“?
რეცენზენტი უნებლიე შეცდომით თუ ნებით, ნებითი თუ უნებლიე შეცდომით ამახინჯებს ლექსს - „რა სიმდიდრე, რა ელვარება“ და მოჰყავს ადგილი შემდეგნაირად:
„თვალს დასავლეთის მგზნებარეს ბგერა(?!) ვერ მოღლის“.

დედანში ამისი მსგავსი არაფერია.
რეცენზენტს გამომუშავებული არა აქვს წერის გარკვეული, მკაფიო და ნათელი მეთოდი. იგი მე-4 გვერდზე წერს: „საკმაოდ ვრცელი ლექსი - „ჩემი მეეტლე გზად მღერის“ - იწყება ისევე „გზად მღერის“ - გამოთქმის ძველი ფორმა(ა), უნდა იყოს - გზაში მღერის“.
ჩვენთვის მაინც გასაგებია, რა სურს პატივცემულ რეცენზენტს, რომ სთქვას. მას უნდა დაასაბუთოს, რომ არქაულია გამოთქმა „გზად მღერის“.
ჩვენის აზრით, სიტყვა „არქაული“ უნდა გავიგოთ იმ აზრით, თუ დღეისთვის ასეთ ფორმათა ხმარებას დღეს ქართულში ადგილი აღარა აქვს: ისე ყოველი ფორმა ისტორიული წარმოშობისაა, თუ გნებავთ, „გზაშიც“. მაგალითად:
გზად კაცი შემომხვდა.
მინდვრად ბევრი ყვავილებია.
სოფლად ელექტროსადგური შენდება.
„წიწილას თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა“.
აქ პატივცემულმა რეცენზენტმა მონახოს ახალი ფორმა, ველად თუ ველში?

უბის წიგნიდან
საქართველოსთვის ახლა იწყება
        ახალი [ხანა] ერა.
[მარადის] ამისი გვმართებს არ დავიწყება,
        ჩემო სიმღერავ!

[მოდის] დიდი სიმშვიდე, შრომა, [გიგან] კომუნა,
        თავდავიწყება.
ამისი გვამრთებს, ჩემო ქვეყანა,
        არ დავიწყება!
გ. ტაბიძე
1917, თებერვალი

*
1 გვერდზე რეცენზენტი წერს: გალაკტიონ ტაბიძე მკითხველისათვის ცნობილია, როგორც დიდი ლირიკოსი პოეტი. ეპიურ ჟანრშიც უცდია მას თავისი კალამი. შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ადრინდელი პოემა „ჯონ-რიდი“.
1. მოვითხოვთ პატივცემულ რეცენზენტისაგან ოფიციალური ქართული საბჭოთა სალიტერატურო კრიტიკის წყაროებზე და ავტორიტეტულ სახელმძღვანელო სალიტერატურო კრიტიკის წყაროების საფუძველზე დაამტკიცოს, რომ: ა) ჩემი პოემები საერთოდ ჩამორჩებოდა ყოველთვის ჩემსავე ლირიკულ ნაწარმოებთ. ბ) რომ „ჯონ რიდი“ წარმოადგენდა მხოლოდ ცდას ეპიური ნაწარმოების შექმნისათვის. და რომ იგი არ წარმოადგენს თავისთავად რევოლიუციურ თემაზე დაწერილ პირველ ეპიურ ჟანრის პოეტურ ტილოს.
2. პატ. რეცენზენტი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ მე ოდესღაც წარმოდგენილი მქონდა გამომცემლობისათვის მომზადებული, მეხუთე ტომში შემავალი ზოგიერთი პოემები (რეცენზენტის სიტყვით ვრცელი ლექსები). ვითომც ეს პოემები წიგნის პასუხისმგებელ რედაქტორს და გამომცემლობას ჩემთვის უკან დაებრუნებინოს. ყოველივე ეს არ შეეფერება სინამდვილეს და წარმოადგენს ცილისწამებას.
[პატივცემული რეცენზენტი გაუფრთხილებელ და წინდაუხედავ ნაჩქარევ დასკვნით ძალზე] ჩვენის აზრით, პატივცემული რეცენზენტი არ ერიდება გაუფრთხილებელ, ნაჩქარევ დასკვნებს. იგი წინდაუხედავი მოსაზრებებით რატომღაც ტენდენციურად ეკიდება მე-5 ტომში არსებულ ნაწარმოებთ.

*
სახელმწიფო გამომცემლობის ხელმძღვანელობას და მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგეს ამასთან დაკავშირებით ვთხოვ ჩემი წიგნის დამუშავება და რეცენზირება წიგნში არსებულ ნაკლოვანებათა კონკრეტული გამოვლინების მიზნით მიენდოს საფუძვლიანად მომზადებულ სპეციალისტს - ლიტერატურისმცოდნეობაში. მე ძალიან კარგად ვგრძნობ ჩემი წიგნის ნაკლოვანებებს, მე არ ვერიდები ობიექტურ, დასაბუთებულ, სამართლიან კრიტიკას, დამხმარე ამხანაგურ კრიტიკას, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შედარებით მაღლა ასწიოს წიგნის იდეური და საკუთრივ მხატვრული და პოეტიკური ღირებულება.
განაგრძობს რა თავისებური განუკითხავი „ამოიღე - დარჩეს“ მეთოდით ჩემი პოემების განხილვას, პატივცემული რეცენზენტი წერს:
„პოემები: 1. „ქიტესა“ 2. „ამბავი ერთი ღამისა“ შესწორების შემდეგ შეიძლება დატოვებულ იქნეს (?!) ტომში“. როგორი მადლობელი დავრჩებოდი პატივცემული რეცენზენტისა, რომ მართლაც გაეწია მას ამხანაგური დახმარება და კონკრეტულად მიეთითებინა, თუ სახელდობრ სად, როგორ და რანაირ შესწორებას მოითხოვს წიგნი. სამწუხაროდ, დამხმარე მითითებანი რეცენზიაში არ არის. არის მხოლოდ მსჯელობა ყოველგვარი ფაქტების გარეშე.
ჩვენ ვერ გავიგეთ, რა სურს, რომ თქვას პატივცემულმა რეცენზენტმა, როდესაც წერს: „პოემიდან „ძველი სენი“ და „დიდედას ზღაპარები“ უნდა შერჩეულ იქნეს (?!) ავტორის მიერ დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ნაწყვეტები და გაიშვას ტომში“. რას ნიშნავს დამოუკიდებელი მნიშვნელობის ნაწყვეტები? არ გვესმის. ამიტომ ბოდიშს მოვიხდით და გთხოვთ, მოგვცეთ ამ წინადადების ახსნა-განმარტება.
პატივცემულ რეცენზენტს გამომუშავებული აქვს წერის კარგი თანამიმდევრული მანერა. მაგრამ დაუდევრობისა და საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იგი ასეთი უხეში წინადადების ავტორი ხდება: „საკმაოდ ვრცელი ლექსი „ჩემი მეეტლე გზად მღერის“ იწყება ასევე „გზად მღერის“ - გამოთქმის ძველი ფორმა. უნდა - გზაში მღერის“ (გვ. 11). შესაძლოა, რომ მოყვანილი წინადადება მემანქანის მიერ იყოს დამახინჯებული, მაგრამ თვით პატივცემულ რეცენზენტს როგორ გამოეპარა ასეთი უხეში წინადადება საბოლოო რედაქციის დროს?
აღნიშნული წინადადებიდან ჩვენთვის მაინც გასაგები ხდება, რომ, თურმე, სიტყვა „გზად“ თავისი ფორმით არქაული ყოფილა. ვერ გავიზიარებთ პატივცემული რეცენზენტის ამ მოსაზრებას. ყოველი ფორმა ისტორიული წარმოშობისაა და თუ გნებავთ, რეცენზენტის შემოთავაზებული „გზაში“-ც, „ში“ (გზასა შინა). არქაულია ის ფორმა, რომლებიც დღეს ნაკლებად, ანდა, სრულებით აღარ იხმარებიან ცოცხალ მეტყველებასა - სალიტერატურო ენაში. „ად“ - ფორმა დღევანდელ ცოცხალ ენაში საკმაოდ გავრცელებულია და მისი შეცვლა „ში“ ფორმას ყოველთვის როდი შეუძლია. მაგალითად:
გზად კაცი შემომხვდა;
მინდვრად ყვავილები გაშლილან;
სოფლად ელექტროსადგური შენდება;
        ველად... აქ, მე მგონია, გაუჭირდება პატივცემულ რეცენზენტს „ად“ ფორმა შესცვალოს „ში“ ფორმით („ველში“?!).