შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-260 - 1950 წელი


17 ნოემბერი. 1950.
1914.
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია, იყოს სიახლე ტეხნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისა ამ მხრივაც.
რა ლექსებია წიგნში ისეთი - რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ის მოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ. „მუსიკა უეცარი“, „გეტერა“, „ასე ხანდახან ქალაქის ხმაში“), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ, სალოცავ სახეს - იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას სახედ ტაძარში იდგმება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი. აი, რა არის ხაზგასმული. აფროდიტა თუ სიმბოლოა, ამ შემთხვევაში, მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთხვევაში - არა სიმპატიური, მაგრამ მაინც ცხოვრებიდან  აღებული? მაშასადამე, ძირითადათ როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის? (უკეთ, როგორი უნდა იყოს). ყოველი დიადი სახე უნდა აღებულ  იქნას ცხოვრებიდან. ხელოვნების დასაყრდენი ცხოვრებაა (კიდევ რამდენი ლექსია ასეთი). და ასე უნდა იქნას გარჩეული თვითეული ლექსი. აღმოჩენილი უნდა იქნას... იხ. „მე და ღამე“ - მაგალითად. ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფიცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანს გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა-განყენებული (ეს მთავარია). კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!
რატომ არის მთვარე და არა მზე? უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის  (იხ. ამის შესახებ...). მართალია, მითოლოგიაა.
წიგნში არის სონეტი. შესაძლებელია, ეს სონეტი... რომელი სონეტი?
ლექსი „ტყეში“ - ახალია თუ არა ფორმით? (სავსებით ახალი ლექსი, გამოცა გობეჩიამ?).
რეფრენი: რა მშვენიერი იყო ნამი (ელიკო ანდრონიკაშვილი).
„გურიის მთები“-ს ისტორია.
(გამოცემათა ისტორიაც: ხეთერელი, ხელის მონების ამბავი, დათეშიძე; მაგრამ ეს არაფერია).