შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-435 - 1950-იანი წლები


წყნეთი და სუხუმი.
*
სინდისი, კეთილშობილება, რომელიც სიყრმიდანვე ჩანერგილია გულში, იმდენნაირად სასარგებლოა - რამდენნაირი სიუხვით იგი გვხვდება ადამიანებში, რომელთა მოქმედებაში და გმირობაში ჩვენ ვხედავთ საერთო, საქვეყნო, საკაცობრიო სიკეთესა და წინსვლას.
მაგრამ რანაირ სიკეთეს - სინიდისის გარეშე, შეუძლია იქონიოს მთლიანი თავისი ძალა, კეთილშობილების გარეშე, რაგვარად შეუძლია მას იქონიოს ძალა სრულყოფილი და უმწიკვლო?
და რაგვარ ადამიანურ ნიჭს, მღელვარე ახალგაზრდული გულის დაუმშვიდებლად, კეთილი ზეშთაგონებით, შეუძლია მიაღწიოს არსებით სიმწიფეს?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სინდისსა და კეთილშობილების გარეშე, ყოველივე სულიერი დაძაბვები არრა არის რა, გარდა გონების ამაო თამაშის და ძალდატანებითი მისწრაფება-ვნებებისა. აიღეთ პირადი თავმოყვარეობით აღსავსე მოქმედებანი ძველად, როდესაც ამაო ვითომ გონიერებანი გონებათა, ასცდნენ რა ჭეშმარიტ გზებს, რომელთაც ადამიანები კეთილშობილებისადმი მიჰყავთ, იკაფავდა გზებს, მცდარ გზებს საკუთარი დაბნეულობისაკენ, მცდარ და ყალბ გონებრივ დასკვნებისაკენ. და ანარცხებდა რა ძირს საღი გონების ჭეშმარიტ, ნამდვილ საფუძვლებს, მის ნანგრევებზე ალაგებდა ცარიელ, უსულგულო ძეგლებს ადამიანური ამაო აზროვნებისას, ცრუ აზროვნებისას.
უკვდავი სოკრატე იყო ერთი პირველი კერპთაყვანისმცემელთაგანი - ევროპაში, რომელმაც შეიცნო ამაოება ადამიანური ღრმამოაზროვნეობისა იმ საგნებში, რომლებიც მოკვდავთა გონებისათვის მიუწდომელია, არის ეს ბუნების დასაწყისისა და მოქმედების კვლევა-ძიება, თუ რაიმე კანონს დაექვემდებარება ზეციურ სხეულთა გავლენისა და სხვა ასეთი. მან პირველმა გაუკვლია გზა ზნეობრივ კეთილგონიერებას და მით ხაზი გაუსვა, საძირკველი ჩაუყარა ადამიანთა გულში კეთილ გრძნობებს. მაგრამ სიბნელე ცრუშეგნებისა ისე მძლავრად აწვა კაცობრიობას, მთელ მსოფლიოს, რომ ძებნიდენ რა ხელშესახებ ჭეშმარიტებას, გზას უხვევდნენ, ადგებოდენ არასწორ გზას, და ეგონათ რა თავიანთი თავი სიმაღლეზე მდგომად, უეცრად ვარდებოდენ გამოუსვლელი გზადაბნეულობის უფსკრულში. სანამ, ბოლოსდაბოლოს, ჭეშმარიტი ნათელი ქვეყნისა განაბნევდა ღრუბელსა და ნისლსა ამას, და გაანათებდა დაბნელებულს ხედვას ადამიანის გონებისას, წინადასახა შეუმცდარი გზა სრულყოფილი სიბრძნის მისაღწევად.
ერთმა ავტორმა (1765 წ.) არა მრავალი, მაგრამ მეტად ძლიერი სიტყვებით გვიჩვენა, რა საშუალებებია საჭირო, რომ მიღწეულ იქნას მოქალაქეთა შორის კეთილსინდისიერება. მე, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, მხედველობიდან არ გამეშვა ის მოსაზრებანი.
დამრჩენია ვაუწყო პატივცემულ მკითხველებს, რომ სუსტი ესე ჩემი ნაწარმოები, თავდაპირველად დამუშავებული მქონდა ჩემი მცირეწლოვანი შვილისათვის; არასდროს არ მომსვლია აზრად [მისი] ამ წიგნის გამოცემა ჩემი ახალგაზრდა თანამემამულეთათვის. ვინაიდან ამისათვის მაკლია მომზადება, სიტყვიერებათა მეცნიერებაში თავს ვთვლი მოუმზადებლად, სრულიად ან ძალზე უწვრთნელად. მაგრამ მეტისმეტმა, დაჟინებულმა რჩევამ ჩემთა კეთილისმყოფელთა, აგრეთვე საშუალო წრის თანამოქალაქეთა, რომელნიც სიმოკლეს ჩემის რჩევებისას ძალიან აფასებენ, მათთვის გასაგებ ენაზე დაწერილად თვლიან, მაიძულეს დამეკმაყოფილებია მათი სურვილი და გამომეცა წიგნი ესე.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველი სურვილის გარეშე, ზოგიერთთა გულში ეს მცირე თხზულება თუ ვერ მოახდენს რაიმე გავლენას, რაიმე სასურველ ზემოქმედებას, ზეგავლენას, ყოველშემთხვევაში მაინც, მათ გამხრწნელ, გამრყვნელ გზაზედ არ დააყენებს. მკითხველები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ უფრო კეთილგანზრახულ მიზანს, ვინემ სიტყვის სილამაზეს, გულწრფელად მაპატივებენ იმ შეცდომებს, რომლებიც აუცილებლად თან დასდევენ მწერლებს, რომლებიც ეს-ეს არის, ოდნავ მიახლოვებიან სიტყვიერებათა მეცნიერებას, ოდნავ ეხებიან მას. და ასეთნაირი, ასე ვთქვათ, დათმობით, შესაძლებელია ძალას შემმატებენ, მაიძულებენ, რათა ამ არაუსარგებლო წრთვნაში - გავსწიო წინ, კიდევ უფრო წინ!