შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-244 - 1949 წელი


1949 წელი

პარკი.
სიგანე 15 მეტრია - ჩვენი ტერიტორიის, 24 მეტრი - ბოკუჩავასი, 21/2 მეტრი - გენერალს.
500 მეტრი. 500 : 4 = 125.

*
21/IX-49.
ამბები ყველა ხეების უნდა დაუკავშირო ერთ ხეს: ემოცია გადატანილი იქნება კონდენსაციაში. უნდა დაგროვდეს ყველაფერი, რაც ხეებზე უწერიათ. ეს საინტერესოა მრავალი მხრით. „ატმის ყვავილები“. მაგრამ... ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?

22/IX-49.
ჩემი პორტრეტები ოპტიმისტურია:
იაკობ ნიკოლაძე, უჩა ჯაფარიძე, ვავა გაბუნია, გრ. მესხი, დ. ქუთათელაძე, დ.  გველესიანი, კ. სანაძე, გ. თოიძე, სილოვან კაკაბაძე, სიდამონ-ერისთავი, ირაკლი ტოფაძე (დეტალი), ვ. კროტკოვი ([დეტალი]), თ. ჩუდეცკი, ვასია შმ... იოსებ შარლემანი... ზანდ. (ღერბების მხატვარი), ელენესთან რომ იყო... VI ტომის ავტორი, ჭიათურელი (სად არის), დეტალი (ბერიასაგან). დ. კაკაბაძე, კაკაბაძის კნეინა, ხუციშვილის ოფორტი, ლენინგრადელი მხატვარი (წიგნში), ქავთარაძე (წიგნში), დ. წერეთელი (კარანდაში), 27. ს. სუდეიკინი (აღდგენა უნდა). ლ. გუდიაშვილი (აღდგენა უნდა).

22/IX.
სონატა ბარნაბიშვილისა სტალინზე.

22/IX-49.
გალაკტიონის ვილა. Вилла Галактиона.
კოტეჯი. Котедж.
პატარა სახლია ხუთ ოთახიანი. ორი სართული, ქვევით ქვის ან აგურის, ზევით წაბლის ხის.
ნინოს კოტეჯი.

22/IX.
ცისარტყელა სუხუმის ცაზე დასავლეთით გამოჩნდა დილის 7 საათზე - წვიმის შემდეგ. კარგის მომასწავებელია. გასაოცარია. დგას დიდხანს. მთელი საათია.

ერთი მომენტი რაიმე - სუხუმის დაბომბვის უნდა მოვაყოლო ეკატერინას.

ლენინგრადში ბლოკადის დროს ინჟინერი ეუბნება მის მუშას:
- ხომ ხედავ, ფანჯარა ჩალეწილია. ჩასვი ფანერკა.
მუშა გამობეცებული თვალებით უყურებს. ხელში ლომი უჭირავს. „არ დამარტყასო“ - ფიქრობს ინჟინერი, შიშობს.
ასე ქანდაკებასავით სდგას მუშა - ხელში ლომით, ხმას არ იღებს.
უეცრად გაისროლა ლომი და მოჰკლა უშველებელი ვირთხა. შემდეგ ინჟინერს მიუბრუნდა:
- რა მითხარით? თითქო რაღაც უნდა გავაკეთოო.

სუხუმსაც ბომბებს უშენდენ.
45 სახლი დაინგრა.
აშენებდენ  თავშესაფრებს. ერთი სახლთაგანი მეც ვნახე დანგრეული 1947 წელს. ჩემთან იყო ბღაჟბა. დავსწერე ლექსი „დანგრეული სახლი სოხუმში“.
ის პერიოდი იყო, როდესაც ომისგან მიყენებულ [იარებს] ჭრილობებს იშუშებდა ხალხი.
იყო ჩემი საღამო.
ყველა ძველი დანგრეული სახლი გაჰქრა. აღარ არის.
მათი ადგილი ახალმა სახლებმა დაიკავეს. მშვენიერმა სახლებმა. გერმანელები მაშინ ნავთსადგურს უშენდენ თითქო. გემებს უმიზნებდენ, მაგრამ ყუმბარები მიზანს ვერ სწვდებოდენ.
ყუმბარები უმთავრესად ქალაქში ანგრევდენ სახლებს.
შეიძლება ზღვაშიაც ეცემოდა, მარა ახლა რას გაიგებ, ზღვა მხოლოდ ფსკერზე ინახავს ასეთ დოკუმენტებს, ზედაპირზე კი წყალია და სხვა არაფერი.
ნაღმი რომ აფეთქდება ზღვაში, ყველა გაიგებს, მარა თვითმფრინავიდან ნასროლი ყუმბარა იმნაირ ეფექტს არ ახდენს, ალბად, ცივდება და წყალი რაც არ უნდა ანგრიო, ისეთია, რომ რაც უნდა მიანგრ-მოანგრიო, ისევე შეერთდება წუთის უმალვე, და თითქო აქ არაფერიაო.
მიწაზე კი ყუმბარა ანგრევს ყველაფერს ძირბუდიანად. ტოვებს ისეთ ნაკვალევს, რომლის გასწორებას ათეული წლები უნდა. დიდი საიდუმლოებაა ამ მხრით ზღვა.
ერთის სიტყვით: ყუმბარებს უშენდენ გემებს, ხომალდებს, ნავებს და არა ქალაქს.
შეიძლება ქალაქსაც?
გაიხსენეთ მანშტაინის პროცესი.

ყურადღება მღვიმეებს - თავშესაფარებს, უნდა გასუფთავდეს, განათდეს.
იგინი ქალაქის [აფხაზეთის] [ქართულს] ცხოვრების ერთი ძვირფასი ფურცელთაგანია.
ღირსშესანიშნავია თავისი წარსულით კორდი ამ მღვიმეების წინ, რომელიც ეხლა გადასახლებული ადგილია. უნდა გალამაზდეს, მოეწყოს იქ სკვერი. დასასვენებელ ადგილად უნდა გახდეს, რომ მნახველს მღვიმეების შესაძლებლობა ექნეს, ამ უაღრესად ისტორიულ ადგილზე - დაფიქრდეს, გაიხსენოს რამ.
ამ ადგილას [უნდა] შეიძლება მუზეუმიც მოეწყოს.
გვირაბები თავისთავად ხომ მუზეუმია და თუ იგი აღდგენილ იქნა ისე, როგორც იყო მაშინ, ამას არა აჯობებს რა.
სოხუმის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს მიემატება კიდევ ერთი, უაღრესად ღირსშესანიშნავი ადგილი.
მემორიალური დაფებიც უნდა იქნას აქ.
აქ Aშეიძლება მოეწყოს XX საუკუნის, ან სამამულო ომის, „ქართველი მწერლები სამამულო ომში“ გამოფენა. ეს იქნება მუდმივი გამოფენა.

* * *
ნამეტანს წვალობს, ნამეტანს ჯახირობს გრიშაშვილი. „წელზე ფეხს იდგამს“. იგრიხება, იმანჭება, გრიმასებათაა გადაქცეული (გრიმასაშვილი და არა გერმესაშვილი). სახელმძღვანელოში პირდაპირაა ნათქვამი: გრიშაშვილი იმიტომა ჰქვია, რომ მამამისს გრიშა ერქვა. თითქო ამასაც ახსნა-განმარტება სჭირდება, მაგრამ  რომელი თავსატეხი პრობლემა ესაა? არაა საჭირო დიდი გამოძიება ამის შესახებ, თუ ეს ირონია არ არის სახელმძღვანელოს შემდგენელთა მხრივ.
წვალობს, ასწორებს, ოფლში იღვრება, ლამისაა წაიქცეს დაღლილობისგან.
ლამის მივარდეს ვისმეს და უმიზეზოდ მოითხოვოს მისგან რაღაც ის, რაც  არ გააჩნია თვითონ.
იტაცებს, აშინებს მას, ვისგანაც იტაცებს, დაძვრება იქ, სადაც  მლიქვნელობაა საჭირო, ეუბნება: „მაქებთ? - მაშინ მეც გაქებთ, არ მაქებთ, არც მე გაქებთ“.
ვერ ხვდებიან, რომ ეს მისი უკანასკნელი ხერხია გამოუსვლელობის წინაშე (მაქებთ - გაქებთ). ჰგონიათ, რომ ეს უბრალო ხელშეკრულების საქმეა, რომლისგანაც  მოელიან მას, რის მოცემაც გრიშაშვილს არ შეუძლია. ეს მხოლოდ ხერხია, რომ გაძვრეს როგორმე წინ. გადაუდგეს წინ მოწინავე მწერლებს, დაუმსახურებლად დაუდგეს მათ წინ წინ. „მზადა ვართ, შეგეჯიბროთო“. მაგრამ რომელ შეჯიბრებაზეა აქ ლაპარაკი? ვის უნდა შეეჯიბროს ის? გალაკტიონ ტაბიძეს, სანდრო შანშიაშვილს,  ალექსანდრე აბაშელს? რაში უნდა შეეჯიბროს? ყველას ხომ თავისი ადგილი აქვს. აჰ, მოწინავეობა უნდა, უნდა დაანახვოს მის მფარველებს, შეხედეთ, როგორ ვამართლებ თქვენს ნდობასო, მაგრამ ეს ხომ პროვოკაციაა. ეს ხომ თეთრი ძაფებით ნაკერი პოლიტიკაა. მას უნდა აყალ-მაყალი ააყენოს, არივ-დარიოს თითქოს ერთი შეხედვით ნათელი აზრი XX საუკუნის მწერლობაზე. აი, საითკენ მიისწრაფვის ის... არივ-დარიოს, საკამათოდ გახადოს ის, რაც საკამათო არ არის, რომ ამ შეხლა-შემოხლაში ვინმეს თავი მოაჩვენოს ყველაზე მოწინავე მწერლად. ესაა მისი ხეპრე იდეა. მას ფეხებზე ჰკიდია საერთო საქმე, საერთო იდეა. ის, მხოლოდ გრიშაშვილია, ყველაფერი დანარჩენი კი არაფერი, სრულიად არაფერი.
გრიშაშვილი ომში იწვევს ყველას (მე, შანშიაშვილს, აბაშელს განსაკუთრებით). ის ამას შეჯიბრებას უწოდებს, კრივი ჰგონია. თავს აწონებს... მას, ვისგანაც დახმარებას მოელის ამ დუელში. მთელ მის ფართიფურთს სხვა აზრი არა აქვს, გარდა თავის თავზე დიდი წარმოდგენისა.
იწვევს... მაგრამ ჯერ არავინ მის მიერ გადასროლილ ხელთათმანს არ იღებს.
მაყურებლები კი მოუთმენლად მოელიან შეტაკებას, რომ...
რომ შემდეგ შუაში ჩადგენ, და წარმოსთქვან: „რას მამლაყინწობთ? სოციალისტური რეალიზმის წამომადგენელი არც შენა ხარ და არც შენო!“
ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა შეტაკება. არის კიდევ მეორე შესაძლებლობა: თუ ამ შეტაკებაში მაგრად უთაქეს გრიშაშვილს, არბიტრი მას დაეხმარება უსათუოდ (ჯიბლაძე, ჟღენტი, ნატროშვილი და სხვ.).
თუ მოწინააღმდეგე სუსტი გამოდგა (შანშიაშვილი, აბაშელი), მაინცა და მაინც თავს არ შეიწუხებენ: იმას კი მიაღწია გრიშაშვილმა, რომ ზოგიერთებმა ის თავის ჩემპიონად გამოიყვანონ.
არის ერთი გარემოება. ესაა ჩემი VI ტომი.
მისი წიგნიც ახლა გამოვიდა.
ძალაუნებურად ეს ორი წიგნი უნდა დაეჯახოს ერთმანეთს.
გრიშაშვილი უკვე იწყებს: 1. ქრონიკა ზარიაში, 2. ქრონიკა ლიტგაზეთში.
ვაცალოთ.

* * *
მე ის გავიცანი 908 წ. პირველადვე რაღაც გაცვეთილი კაცის შთაბეჭდილება მოახდინა.
შევხვდი წ. კ. გ. საზოგადოების წიგნის მაღაზიის წინ. გამოდიოდა „ნიშადური“-ს რედაქციიდან.
უბრალოდ გავეცანით ერთმანეთს, ის მოვიდა ჩემთან (ალბად, შეამჩნია, რომ ახალგაზრდა პოეტი ვიყავი), უცერემონიოდ ამოიღო უბიდან თავისი ნაჯღაბნები, ამოჭრილი ჟურნალ-გაზეთებიდან, ქაღალდები, ლექსები, სახუმარო სცენები, სთქვა, რომ ეხმარება ვალერიან გუნიას, და მიხ. გაჩეჩილაძეს. სულ ერთთავად გამოტენილი ჰქონდა ჯიბეები, უბეები და ხელშიაც კარგი დასტა ქაღალდები ეჭირა.
მეორეჯერ 1909 წ. შევხვდი, ახალ წელს. ვიღაც ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ადიოდა ყორღანაშვილის ქუჩაზე. ეტყობოდა, „სავიზიტოდ“ დადიოდენ.
მესამეჯერ ქართული თეატრის წინ შევხვდი, ჩვეულებრივად ამოიღო უბიდან „დასტები“, სთქვა, რომ გრ. რობაქიძემ მიიწვია სალიტერატურო საღამოზე მონაწილეობის მისაღებად. საღამო ქართულ თეატრში იმართებაო. სთქვა, რომ მან უნდა წაიკითხოს „ბარაშკაჯან, არ შაგცივდეს!“ ეს ხომ ქუჩის ლექსია-მეთქი, ვუთხარი. მეც ეგ მინდა, რომ გავრცელებული ფრაზააო. თავიანთ მაღაზიების წინ უსაქმო ვაჭრები რომ ისხდენ, მანდილოსანი რომ გამოივლიდა, ერთი დაიძახებდა: „არ შაგცივდეს, ბარაშკაჯან“, მეორე მედუქნე ამასვე გაიმეორებდა, მესამე, მეოთხე და შეიქნებოდა ერთი  ძახილი: „არ შაგცივდეს, არ შაგცივდეს“. დარცხვენილი ქალი ნაბიჯს უმატებდა, თითქო არა ესმის რაო, ან იქნება მოსწონდა კიდეც ეს შეძახილები, მხოლოდ ყურადღებას კი არ აქცევდა. ქუჩა კი გრიალებდა: „არ შაგცივდეს, ბარაშკა-ჯან“ და როცა ქალი მიიმალებოდა, იყო საერთო მიკიტნური ხარხარი.
- არ მომწონს-მეთქი ეს ამბავი, - ვუთხარი გრიშაშვილს.
- ხალხს მოსწონსო, - მიპასუხა.
- ვინ მიგაჩნია ხალხად, მიკიტნები?
- ჩემთვის სუ ერთია. ტაშისცემა ხომ იქნება, ხომ მოეწონებათ, მე მეტი არა მინდა რა.
რა თქმა უნდა, ის მე არ დამეთანხმებოდა და ზედმეტ რჩევა-დარიგებას კი ვერ ითმენდა, შევატყვე. ბრიყვი მიუშვი ნებას-მეთქი, გავიფიქრე.
მეოთხეჯერ სამტრედიაში შემხვდა.
მე სოფლიდან ვიყავი ჩასული, რადგან გაზეთებს შეაგვიანდათ მოსვლა.
ვნახოთ, სადგურზე გრიშაშვილია.
- საიდან, როდის?
- სალიტერატურო საღამო მქონდაო. ხელში ქალების „ზამთრის შლიაპის“ ჩასადები ყვითელი მორგვალო ყუთი ეჭირა (ჩემოდანის მაგიერ). ამითი (ამ ქუდის კოლოფით, ეტყობოდა, დიდათ მოჰქონდა თავი, ქალივით იპრანჭებოდა, კოხტაობდა, ფოკუსნიკობდა) სადგურზე რომ იჯდა, პირველი კლასის ბუფეტში, ჩაი მოეთხოვა და მაგიდაზე დიდის მოწიწებით დადგმული ჰქონდა ეს „ზამთრის შლაპკა“.
ეხლა სულ სხვა გრიშაშვილი იყო.. ეტყობოდა, დიდად მოჰქონდა თავი. „ხალხს“ მოსწონდა ძალიან მისი „არ შაგცივდეს“ და თვითონ გრიშაშვილი „მოდაში“ იყო შესული. ამის გამო ის ძალიან იბერებოდა. როდესაც მეორე ზარმა დარეკა, გრიშაშვილი დიდის პათოსით ადგა თავისი  ადგილიდან, მე თან გავყევი. მეგონა, ჩამომდგარი მატარებლის პირველ კლასში თუ არა, მეორეში მაინც შებრძანდებოდა.
მაგრამ მან სულ აუარა გვერდი ამ მატარებელს, გაჰყვა სადგურიდან კარგა მანძილზე ცარიელ ლიანდაგს და საქონლის (საბარგო) მატარებელს მიადგა.
მე მას მივყვებოდი ჩვეულებრივად, ამხანაგურად, ქუდს, საზოგადოთ, ხელში ვიჭერდი ხოლმე, გრიშაშვილს კი თურმე წარმოედგინა, რომ მე ქუდი მის პატივსაცემად მქონდა მოხდილი და მითხრა:
- არა უშავს რა.. დაიხურეთ ქუდი.
მე პირველადვე გავიგე, რისი თქმა უნდოდა და ვუპასუხე ამ ვირისთავს:
- ძლივს არ წამოგცდათ.
- რა?
- ქუდი და არა „შლაპკა“-მეთქი.
ეწყინა ძალიან. თქვა, რომ მან სრულიად არ იცის რუსული, არ ეხერხება რუსული და სხვ...
- ამ საქონლის მატარებლით მიდიხართ?
- რას იზამ, გაცილებით იაფია.
- კი მაგრამ, შემოსავალი ხომ გქონდათ საღამოზე.
- შემოსავალი როგორ არ იყო, „პოლნი სბორი“ მქონდა, მაგრამ მე ფულს ძალიან ვუფრთხილდები. „სლუჩი“ რომ მოხდეს, ვის უნდა მივმართო, ყველა ასე მეუბნება: ვა, ამას ნახე! ფულს მე ხომ არა ვბეჭდავ, შენ გასესხოო. არაფერში ფულს არა ვხარჯავ. ღვინოს არა ვსომ, ამხანაგებში არ დავდივარ, ეს არის რომ იაფ-ფასიან წიგნებს ვყიდულობ და ჩემი „აზარტიც“ ეს არისო. მესამე კლასის ვაგონიც ფული ღირს და აი, მე ვარჩევ საბარგო მატარებლით წავიდე. გზაში დიდი-დიდი ორი-სამი შაური დამეხარჯებაო. აბა, კარგად იყავი, დამემშვიდობა.
მის ვაგონში მასთან ერთად მიემგზავრებოდენ ორი თხა და ერთი ბატი.
არ შაგცივდეს!
ცხოველებთან დიდი ნათესავური კავშირი ჰქონდა: თხებთან, ცხვრებთან, ბარაშკებთან.
საერთოთ რა?
მეზარება ციგანზე წერა.

ნახევარი საუკუნე
1950 წ.
გავიარეთ, გადავლახეთ
საუკუნის ნახევარი.
ორთქლმავალმა გადააგდო
ხრამში ხარი საყევარი.
ვინ დასთვალოს დღეთა
და ან ღამე ნათევარი.
ტყვიამფქვევმა კაჟი სძლია -
და ატომმა სატევარი.
შუა კუპრში გადავარდა
განდიდების მადევარი.

ახლა რითმა შემომაკლდა,
არც ვარ მისი მადევარი.

*
ათასცხრაას ორმოცდაათ -
წელს მიადგა [ჩვენი] დღეთ ბარაქა,
[ნახევარი საუკუნე]
ათასცხრაას ორმოცდაათ
[ჩასჭრა] კიბით ჩააკარაბაქა.
ათასცხრაას ორმოცდაათ
რითმით ამალაპარაკა.
ნახევარი საუკუნე
[განვლო] მიდის, გადაიბანაკა.

აწ სიდინჯე გვეთხოვება,
კმარა...

მოხეტიალე მონუმენტი
ირაქლი
ეს ირაკლი ვირეშმაკა
ნეტავი რამ გააშმაგა,
ორს ერთმანეთს უსისინებს
და იძახის დაკა-დაკა.
ბოლოს თვითვე დაელია
რითმის სიმხნე და ბარაქა
(და ზღაპარიც აქ თავდება:
ჭირი იქა, ლხინი აქა!).
რედაქტორობიდან მოხსნეს
მიუჩინეს ვირის ბაგა.
რედაკტორად როცა იყო,
არვინ დაალაპარაკა.
უნიჭოთა მთელი ხროვა
გარე შემოიბანაკა.
საქმე სადღაც გადისროლა,
ენა მოიამხანაგა.
ამ ზაფხულზე წყნეთში იყო,
კარგად მოიაგარაკა.
დიდხანს მაინც ვერ გასტანა,
კარაქმა ვერ იკარაქა.
ეყოფა, რაც იდურაქა.
გაზაფხულზე პოემები
მიალაგა, მოალაგა.
გომიაშვილს მიაძახა:
ვერ გიშველის აწი მაგა.
გამოიტანა კოწია,
[წაუჭირა ყელში ხელი]
და აქვე შნოდ აქიაქა.
დარჩა ღვინო და ტაბაკა,
შუაღამემ მოაწია,
კულამ ყელში ირაკრაკა
(მამალ ვირს წამოეწია
და ღობესთან მიამაკა.
რედაკტორობას ვინ ჩივა,
ერთობ საქმე გაატრაკა).
მთავრობაში რომ მივიდა,
ვეღარ იჩინიტემლაკა.
გამოელია ლექსები,
ვეღარ შემოიმარაგა.
შემოეხვიენ ქალები:
ქეთო, თამარი და მაკა.
გრიშაშვილმა ჩაუმღერა
თვისი ესტუმ და ბაკაკა.
კაჭახიძე გააშელლა,
ლადო გააზულოაგა,
ზოგი გააილიავა,
ზოგი კი გაააკაკა.
ვინ იტყვის, რომ პოეტია,
ჟანდარმია წითელფრაკა.
სამამულოში წავიდა,
იმ თავითვე დაიბრაკა.
ინდუსტრიაზე გადვიდა,
ელექტრონი გააჭრაქა.
ტაფას ცეცხლი შეუკიდა,
ზედ თვითონვე მოიხრაკა.
თავი ცეცხლიდან იძვრინა,
ისე გამოაჭახრაკა.
პოეტებად გაასაღა,
ვინც ფეხები აუპლაკა,
კრიტიკოსად მიიჩნია,
[ვინაც] ყველა გაამანიაკა.
ამ ცხოვრებამ კაცი იგი
ჩაასუქა, აბურვაკა.
სიბრძნეაო - მას ეტყვიან,
თუ რამ წამოიდურაქა.
აფხაზეთში ჩამოვიდა,
აქაც მიუკვირიაკა,
ხელი მიყო ყაჩაღობას,
არ ეყო, რაც იაბრაგა.
წუღამესტი არ იკადრა,
ინგლისურად ჩაიკრაგა.
მართალს ფიცი დაუწუნა,
მტყუანს გამოექომაგა.
სადაც ღვინო დაინახა,
დასტაცა და უსტომაქა.
პოეზია მოეწყინა,
პროზა ჩამოაფოლაქა,
ავჭალაში მტვერი ადგა,
მცხეთა გადააქალაქა,
სულ სახეზე მიიყარა -
რაც ერზეში იყო ლაქა.
თიანელები ქალები
იძახოდენ: უი, ქა, ქა!
ორატორი კაცი არის,
ბევრჯერ ქარში იქულბაქა.
თუ სადმე ქათმები იყო,
სულმთლად გააჩაჩანაგა.
სიბერე ვერ მოერია
და ვერ დააჩაჩანაკა.
ღვინოზე იტყვის რძეაო,
რძეზე იტყვის: არის წაქა.
ვეღარ არჩევს ერთმანეთში
ყვარელია თუ ანაგა,
წიგნსაც ხელში ვერ აიღებს,
ნეტავი  რამ შეაძაგა.
სულყველანი გადარია -
ოჰანეზა და მნაცაკა.
დინამო რომ დაინახა,
ივიშა და იფარცაგა.
ჯარობაში გაერია,
ქალებშიაც იმსუნაგა.
გათენებული არ იყო,
სადღაც გაინახუნაგა.
რატომ ჭირი არ წაიღებს,
ან ხოლერა, ან ხუნაგა.
სოფელ-სოფელ რომ ჩაივლის,
უჩხრიალებს ჯიბეს კაკა.
იზაბელაანთ შეუჩნდა,
სულ მთლად გამოახორაგა.
ხემაც ვეღარ გაიხარა,
გორაკმა ვერ იგორაკა.
სადაც გოჭი დაინახა,
შესაწვავად იზვარაკა.
სადაც ოჯახში შევიდა,
ყველა ააფორიაქა.
მოსკოვში რომ წაიყვანეს,
იქაც ბევრი იარაკა.
ლენინგრადშიაცა ჰკითხეს,
რა გინდა, სთქვი, შენა აქ, ა?
მან იმდენი ჭამა და სვა,
გაიბერა, ვით მუთაქა.
ჭიდაობაში გავიდა,
სულ უბრალოდ ბევრს უთაქა.
თვალები დააბრიალა,
სახლი სახლსა შემოსტყორცნა,
კაცი კაცსა დაატაკა.
მის სახელობის თეატრში
დაინახა სხვა ფარაგა,
მის სახელობის ქუჩაზე
ნახა მოშე და მიხაკა.
შეითანბაზარს ეწვია,
ყველა მედუქნე დახარკა.
თბილისში რომ მოეწყინა,
ქუთაისში გადიკარგა.
იქ ამოსჭრა ყველაფერი,
რაც ბუნებას მოექარგა.
გადახედა არემარეს,
გარდავქმნიო, რაც არ ვარგა.
ეს რომ იმერლებს მოესმათ,
გვერდი მიუზილეს კარგა.
წინ შემოხვდა შორაპნელი,
მოწურული როგორც ფარგა.
სარკე ჩამხედველად [იქცა] ჰპოვა,
ჩამხედველი გაისარკა.
ინახულა იმერხევი,
მერე ჩუნეში და წალკა.
უბრალო ქვა მზედ აქცია,
რიყე გაასარკოფაგა.

*
თვითღირებულებით გვიშენებენ, თუ...

*
არა მონური შრომა
და უამური შრომა,
არამედ [ნათელ] სპეტაკ მიზნით
შთაგონებული შრომა,
[იმ] [მხნე] მზედ კომუნიზმის წმინდა
დროშად [ასწიოს] ასწია დრომა.

ჩემი მაგიდა შოვში
მოგონებათა თოვის,
მოჰქრის ნიავი შოვის,
[მაღალ მწერვალთა] სხვა სიშორეთა შორის
აღიმართება ბუბა.

მოშორებული ტფილისს,
ნაცნობს ავყვები ბილიკს,
[გახსენებების] მოგონებების ტკბილის,
[მიაქვთ ფერადი კუბო]
[ღელავს... გუბე]
რომ გაიშალოს ქუბა.

[ასე, ასწლოვან მუხას,]
[აშრიალება] ახმოვანება უყვარს,
[ხეებს მაღალს და] შოდა-ღაბულას ჯმუხას,
ასე, ასწლოვან მუხას
შვენის მხარი და მაჯა.

ბილიკზე ნელა მწვდენი
მწერვალზე შედგა ცხენი,
ქვე გამარჯობა [თქვენი] შენი,
ქვე დაილოცოს რაჭა.

*
როგორც ასწლოვან მუხას,
ორნამენტიან ბუხარს,
ჰშვენის მხარი და მაჯა.

*
1. სამი პალმა. 2. 1940 წ. 3. იმერის დაბრუნება. 4. იგავ-არაკები. 5. წიგნები. 6. ახალი სანაპირო. 7. ასის წლისანი. 8. ჩანანინავდა.

*
1950. მოგილოცავთ ახალ წელს, ამხანაგებო!

1950 X 2 = 3,900.
ნუჟურ.

*
ჩაჰკრა, ჩააკარაბაკა. არ - სიბრძნის დარგად.
რა ბარაქა - მარგად.
აიბარგა - დაისარქა.
მარაქა.
ქარგა - ქარგა - კარგა - ეს არ ვარგა.
ამონარგა.
ივარგა - გაასაავათა, გაასასარაკა.
ქუქუნაკი და ფარაგა.
იწახნაგა.
ტან-აღნაგა.
დაიდაგა - იბადრაგა.
იბადაგა - გაილიანდაგა.
ფაფანაკა - ნიადაგა.
ცუცურაკა - ტურაქალს.
დაანაწილაკა - ასი ლაქა.
გაალაწირაკა - მოიკაკვა.
წიწაკა. პრაგა. გაავერაგა. საგა. გადაიჭალაკა. ჩიჩილაგა.  თოფრაკა.  კამილავკა. გააჩანგა. მიუჰანგა. ბანკა - გააბანგა. ბიანკა. გააბანგა. ფალანგა. ნა მკალს. ნამკალს. ჩანგალს. კანკალს. მოითანგა. მიუჭვანგა. არაგვმა. ქარაგმა. გაადალაქა. აგავს.  ნაგავს.  ლაგამს. თესვა და მკა. შეამკო. გაამანკა.  იუზანგა. სახე-ზანგა. იანკა. გააგანგა. გააფრანგა. გააფრანკა.
უმანკო - ბანქო, ტანგო, ჩანგო.
იანქო - ჩემო კარგო.
ხაფანგა - ირანგა.
გაფლანგა - ყაფლანმა.
შემოთარგა - შემოთარგმნა.
კარგა - მოარგა. დარგა.
ვირთაგვა - პირთაგან.
ფილთაქვა - წვა და დაგვა.
აგამაკა - გამაქანე.
დაიკლაკნა - დაიგრაგნა.
დახე რა ქნა - გარდაქმნა.
ხელად აქნა - ისაგნა. თუ  ისა ქნა.
აღმა-დაღმა - წაღმა, წიაღმა, ახმა.
ამიაკა - მიაკარ, აქ არ.
მოაგო - მაქო (ბაქო, ვაქო, საქო).
ბალაგანს - ალაგას, ძალა გაქვს,  მალაგა.
არხიპელაგა - მინადორა და პელაგა.
იპერანგა - ბუმერანგა - მერან-ქარს.
დაიჟანგა - წყალმანკა.
ჩარგალს - ფარგალს (ყვარელს, საჩხერეს და ჩარგალს).
მარგვლა - კარკლავს, ვარსკვლავს, არ-კვლა, მხარკლავს, ფარგლავს.
გაიბაკა - (საქონლის) აი ბაგა [აიბარგა].
აიბარგა - დაიმარგა.
იაგო - მიაგო.
ლურჯ-ციაგა - ინიანგა.
ნიაგარს - მიაკაროს, ავგაროზს.
ნიავქარს - ნაამაგარს, მაგარს, თაკარს.
გამჩაღა - სხივ-ჩახჩახა.
გააჭაღა - ფარაჯა-ღა, ჭა-ღა.
ხელ-მაჯაგა - ნაჯაგარს, ჯაგარს, ძაგარს, სანგარს.
ჩაჰკალ! - კვალდაკვალ - დახვალ, ხვალდახვალ.
წააგო - ააგო. გააგო. ააქო.
ჩააგო - შეაქო.
მაჭანკალს. ოტომანკა. ჰარიქა. მოარიგა. მონაკო. განაგო. გააჭაკა.  იჭადრაკა. იქადაგა.
შენც, დაიკო! ვინ გაიგო, მაიკო, საბალალაიკო.
კლონდაიკად.
უპატაკა. იუხიაკა.  ათრიაქა. გააპატრიარქა.
გარგარს -  ყარყარს, გარიგარს, ხარხარს, ასი. მაგარს.
ბაქანს. ქაქანს. ყაყანს. ნაგანს. საგანს. ხვითოთაგანს.  ლაგამს. მაგან. ნაგაზს.
ამონაკვნეს - დიაკვნის, მაქნისს, დაჰქნის.
აკვანს - ბრაგვანს, თაყვანს, წყალთა ნაყვას.
გეურქ-აღა. გააბაღა - დაბაღად.
მოჩმახა. ნახავს. დაისახა. დაიძახა.
ხა, ხა, ხა, ხა - ხახა. ნახა. ივაგლახა.
თაყავ. გაჰყავ.
გაყვა (გადაყვა). დაიდაყვა. ჯაყვა. ჭაყვა.
ბახვა. ნახვა. მარხვა. ფახვა. ზრახვა. ჩმახვა.
მზაკვარს.  თაკარს.  გუდამაყარს.  მაყარს. ამონაყარს.  მაგარს.  ბაქარს.  შაქარს.
გადაჰკარ - კარ-კარ, დაჰკარ, [ბაქქარ], დააკარ.
"მაგრამ"-ს. ჩაგკრას. აკრავს.  საგუშაგოს.  იმუშაკოს.  ვანცეტსა და საკოს.  დანაკას. რაღა. წაღა.  თუმცა-ღა. კაკანს. გარეკანს.  ჰააგა.  კლოაკა.  გააზამბურაკა. აგერ-აგერ.  აგარ-აგარ. ნაკერ-ნაკერ. ნაყარ-ნაყარ. ნაწილაკი.
რა ხარ; რა ხარ.

*
ლეკურ-ლეკურ [ითამაშებს] ითამაშოს,
[ჩვენც ტაშს ვუკრავთ]
წაიქცევა აგერ-აგერ.
[ჩვენ ტაში გიკარით]
[ბრიყვებს] [იმიტომ რომ ნიავს მიაქვს].
[გაზეთები ნაკერ-ნაკერ..].
ტაშისცემა [გენიას სდებს] გონს უკარგავს,
მიაქანებს აგარ-აგარ.
მსოფლიოში გაზეთები
მიმოცურავს ნაკერ-ნაკერ.
ნაყარ-ნუყარს [ნუ იკითხავთ] ეტანება,
[ნუ მოაკლებთ ნუყარ-ნაყარს]
ტკბილიაო ნუყარ-ნაყარ.

*
 [ხელთ] მე „მნათობი“ ზე [ავიღე] [ავსწიე] ავზიდე..

*
რას ისწავლიან?
პატრიოტიზმი, გმირული საქმეები, კომუნიზმი, რადიო, კინო, კეთილშობილება, კაპიტალიზმი, უკვდავება, ისტორია კაცობრიობის,  სახელმწიფო, მორალურობა, ეკონომ. კრიზისი,  წინ, ომის შემდგომ, საბჭოთა წესწყ.,  უფლება შრომის და განათლების.