შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-230 - 1948 წელი


ბამბურა მურა!
„ბამბურა მურა“ - [პატარა] პოემაა, მაგრამ იგი  დაკავშირებულია ერთ [შემთხვევასთან] უცნაურ, მაგრამ ნამდვილ ამბავთან, რომელიც შემემთხვა ერთხელ, 1916 წ.
მაშინ მე ვცხოვრობდი ქუთაისში, თეთრ ხიდს გაღმა. საღამო ხანი იყო, რედაქციიდან ვბრუნდებოდი, [ქუთაისის] საგუბერნიო ციხის გასწრივ რომ ქუჩა მიდიოდა, სწორედ იმ ქუჩით.
ციხის რკინებიან სარკმელიდან, შევამჩნიე, პატიმარი რაღაცას მანიშნებდა. პატიმარი ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ ეტყობოდა [შეიძლებოდა რომ იგი], რომ მე ნამდვილად მიცნობდა, შეიძლება წიგნებით, შეიძლება ფოტოთი, შეიძლება არალეგალურ კრებიდან, ამიტომ გავჩერდი ქუჩის მეორე მხარეს, აგურის მესერთან, რომელიც საგუბერნიო სამხედრო ჰოსპიტალს ეკუთვნოდა.
ის აგურის კედელი, რომელთანაც ვიდექი, ძალიან ძველი იყო, ნესტიანი, თითქმის ინგრეოდა.
ასე მივჩერებოდი სარკმელს.
სარკმელიდან უცნობმა გადმოისროლა პურის გორგალი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამ დროს რომელიღაც ქუჩის ძაღლი,  რომელმაც მაინც ვერ დამასწრო პურის გორგალის აღება.
[მაგრამ] მეორე საქმე ის იყო, რომ აგურის კედლიდან ჩემს მხარზე შესკუპებულიყო უზარმაზარი მწვანე ხვლიკი.
- თქვენს მხარზე ხვლიკია, - მითხრა ნაცნობმა გამვლელმა და ჯოხით გადმოაგდო იგი მხრიდან. ხვლიკი ძირს დაეცა და სისწრაფით მიიმალა ისევ იმ აგურში.
მე და გამვლელი გზას გავუდექით. პატიმარს ნაცნობმა გამვლელმა რაღაც ანიშნა.
ცოტა [ხნის შემდეგ] რომ გავიარეთ, ამ ნაცნობმა გამვლელმა მითხრა:
- გალაქტიონ! მომეცით, თქვენ რომ პურის გორგალი აიღეთ. იგი მე უნდა ამეღო, მაგრამ ვშიშობდი გამოჩენასო.
გორგალი გადავეცი. [პურის] მის გულში აღმოჩნდა წერილი - პატიმარისა, რომელიც მოითხოვდა ციხეში იარაღის შეგზავნას.
- ზეგ თქვენ ქალაქში არ გამოხვიდეთ. დიდი სროლა იქნება, - მითხრა გამომშვიდობებისას ნაცნობმა გამვლელმა.
მართლაც, მესამე დღეს პატიმარმა მოახერხა ციხიდან გაქცევა შეგზავნილი იარაღის საშუალებით.
პოემაში [ეს ამბავი] მეოთხე ღამესვე დავწერე. წავუკითხე ამხანაგებს. არ მოეწონათ, [არაა ესტეტიურიო] ამიტომ არც დამიბეჭდავს. ეხლა ვბედავ დაბეჭდვას, მხოლოდ როგორც დოკუმენტს, უბრალოს, მაგრამ ნამდვილს, ცოტათი გადასხვაფერებულს.

უკაცრავად. უკაცრავად. კვანტალიანი და...

*
16 ივლისი.
I. - ამხანაგებო! წინადადებაა შემოსული, რომ პოეტებს წავაკითხოთ ლექსები - ლექსს წაიკითხავს გორგანელი (წაიკითხა, დაუკრეს ტაში).
პოეტი მარიჯანი (არა ალექსიძე).
იოსებ ნონეშვილი (შევარდენი, შევარდენი).
პოეტი ი. გრიშაშვილი (არ დაუკრეს ტაში - გამოსვლისას).
- ამხანაგებო, მსახიობებია შემოსული და ცოტა შესვენების შემდეგ... არ დაიშალოთ, ამხანაგებო (უკანასკნელ სიტყვებს ხმამაღლა, ვინაიდან საზოგადოება ცოტა...).
II. ელენე სიბილა (კითხულობს ვიღაცის ლექსს, აგრეთვე ლეონიძის. ცხარე ტაში).
მე.
დღეს 6 საათზეო.
გვაზავა - სიტყვა.
ძალიან მღეროდა.
ახალგაზრდა ყოფილა.
ზედგინიძე (ი. გრიშაშვილი. ლექსს გრიშაშვილისას).
დები თარხნიშვილები.
ოდელა-დელა-დელაო.
ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები,
ოდელა-დელა-დელაო.
გიორგი იშხნელი, გაიხსენეთ, თქვენ რომ იყავითო.
გაუვრცელებიათ ხმები.
ვარო <ლისკი> (გამომცხადებ. ფილარმონიაში).
ი. გრიშაშვილის ლექსები. სიმღერები.
„ავიაციის დღე“ - თითქო ავიაციას უნდა ჰკუთვნებოდა. გამოდიოდა კ...
„ყვავილი ისევ იყვავილებდა.
გაახარებდა მას“...

*
პლეხანოვის 105. პიონერთა ბაღი.
        17, საღამოს 7 საათზე შეხვედრა გალაკტიონ ტაბიძესთან.