შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-219 - 1948 წელი


1915 წ.
კ. დ. ბალმონტი.
კაფელის ფიქალი, რომლითაც დაფენილია იატაკი, პერსპეკტივაში მიდის, ისე, როგორც ოთახის ორი კედელი, ლამაზად შეჩითული.
კედლის მარჯვენა მხარეზე დაკიდებულია ევროპის რუქა: როგორც ეს რუქა, ისე კედლის მარცხენა მხარეზე ჩამოკიდებული მხატვრული რეპროდუქციები - ცხადყოფენ ხანას -  პირველი იმპერიალისტური ომისას.
იქვე ჯერ რუსულ და მერე ქართულ ენაზე გაკრულია განცხადება: „Покупайте книги в пользу раненых воинов“ - „იყიდეთ წიგნაკები დაჭრილი ჯარისკაცების სასარგებლოდო“.
მესამე კედელზე წიგნების ორი თაროა. სწორედ ამ თაროებს ზევითაა გაკრული ეს განცხადებები.
განცხადებებს ზევით ამავე კედელზე სამი დიდი ლიტოგრაფიული პორტრეტია: ჩეხოვის, ტოლსტოისა და გორკის. მშვენიერი ლიტოგრაფებია, ისეთი, როგორიც შეჰფერის ბუმბერაზებს.. ორი მათგანი, ტოლსტოი და ჩეხოვი, ცოცხალი არაა. მესამე - მაქსიმ გორკი - საზღვარგარედაა. კაპრიდან ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს მოდით მისგან წერილები.
მაგრამ ძალიან საინტერესოა მესამე კედელზე მიდგმული [წიგნის თაროები] საწიგნეები თვითეულ [თაროს შვიდ-შვიდი] მათგანს რვა-რვა თარო აქვს. აი, სათაურები წიგნებისა: „История России“ - შვიდი ტომი („Русская История“). ეტყობა პატრიოტული მიზნით გამოცემულია, წარწერა სლავიანური შრიფტით, მშვენიერი, ძვირფასი ყდა, ალბად, საუკეთესო თეთრი და მაგარი ქაღალდით, ალბად, შესაფერისი ლიტოგრაფიებითა და ილიუსტრაციებით. ზედვე ეტყობა, ოფიციალური გამოცემაა, და მიუხედავად სიიაფისა, არავინ არ ჰკითხულობს. არც არავის აინტერესებს. „რობინზონ კრუზოს“ ქართული თარგმანი. კოტე მაყაშვილის „ლირიკა“, გ. ტაბიძის „ლექსები“, წიგნები კოოპერაციის შესახებ [და სხვ.], აგრეთვე „გვირგვინი“. წარწერა „გვირგვინი“ ამ წიგნზე ჩაბეჭდილია მართლაც გვირგვინივით [გაკეთებულ] მოხაზულ რგოლში.
- რისთვის არ არის აქ შოთა რუსთაველის პორტრეტი? [странно] - მკითხა კ. დ. ბალმონტმა.
- მი სოციალ-დემოკრატია! - დამასწრო პასუხი პოეტმა ვ. რუხაძემ (ვინა ჰკითხავდა? მერე არც რუსული იცოდა ხეირიანად).
- მერე რა მანდედამა? - სთქვა ბალმონტმა, - გ. ვ. პლეხანოვიც სოციალ-დემოკრატია, მაგრამ ჩინებულად ესმის ხელოვნება - სიტყვების მაგიურობა.
- მი ეტო ნე ზნაიმ. - უპასუხა ვ. რუხაძემ.

*
საიუბილეო  საღამო მოეწყობა სახელმწიფო ოპერის თეატრში 11 ოკტომბერს.
1 ნაწილი. შესავალი სიტყვა (საიუბილეო კომიტეტი).
ზაქარიაძე. ილია ბახტაძე.
„ყაზბეგი და გალაკტიონი“.

კინოში.
1. მე და აკაკი.

1. „ყაზბეგის იუბილეზე“.
2. ოპერის სეზონის გახსნაზე.
3. მარჯანიშვილის თეატრის სეზონის გახსნაზე.

*
ბუნებამ ის არ დააჯილდოვა მჭერმეტყველური ნიჭით: ბავშობიდანვე მას საამისო სარბიელიც არ გააჩნდა. წადი და იმჭერმეტყველე უფანჯრო სახლში, კერიის პირას მარტო მოღუშული დედის ამარა, კვამლით გაბურულ ოთხკედელშუა, შუაკერაზე დაშვებულ  ჭვარტლიან ნაჭასთან, გარედ როს  წვიმაა, და სახურავიდან, რომლის ყავარი აგერ-აჰა, ოცი წელია არ შეცვლილა, ღვარებად ჩამოდის გულის გამგმირავი წვიმა, რომელსაც ვერ იჭერს ვერავითარი მიშველიება, ძველი ტაშტების, ქვებებისა და გობების სახით.. აქ გულში უნდა ჩაიკლა მოზღვავებული მწუხარება გამოუსვლელობისა - და რომ ილაპარაკო, იყვირო - მაინც არა გამოვა-რა: არ მიემატება, ან არ გამოიჭრება ახალთახალი ფანჯარა რაიმე სინათლისა, არ გამხიარულდება კერიის პირად მოღუშულად მჯდარი მოხუცი დედა, არ გაირეკება ბოლი თითქმის უსინათლო სახლიდან, არ შესწყდება გულის მომკვლელი წვიმის ხმაურობა გარეთა და შიგნით. აქ გულხელდაკრეფილი, მოკუმული ბაგით, ჩუმად სდგახარ ან ზიხარ, აქ ვერავითარი მჭერმეტყველება ვერ გიშველის. არც სცდილობ ამაოდ ამოიღო ხმა. უნდა სიტყვაუთქმელად დამორჩილდე ბედს. სიმუნჯე.. და არა მჭერმეტყველობა.