შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-162 - 1944 წელი


გ. ტაბიძე.
№4. ოქრო აჭარის ლაჟვარდში (წიგნი მეორე).
მედიცინა ქართულ პოეზიაში.

დიასამი
მცხეთაში - რომ ჩავედით, დიასამი ვიკითხე. მე თქვენ გეტყვით ძნელი მისაგნებია! ბავშმაც კი იცის, ვინ არის დიასამი. იგი უბრალო ქართველია: [ერთი იმ [ქართველთაგანი] ექიმთაგანი, რომელიც ქვეყნის ყოველ სოფელში მოიპოება, რომლებითაც მოფენილია მთელი საქართველო.] XI საუკუნიდან XIX საუკუნის [დასაწყისამდე] გარიჟრაჟამდე მთელი საქართველო მოფენილი იყო დიასამის მსგავსი [პირ] მოღვაწეებით. ეს იყო კეთილშობილი, ძველი გვარდია ექიმებისა. მათი დარგი ხომ უუძველესი დარგია საქართველოში. ისევე, როგორც ეს ციხე, ის კოშკი, ის ნანგრევი ძველი ტაძრისა. როგორის დანდობით, როგორის სიყვარულით სარგებლობენ ისინი ხალხში, რა ლეგენდარული [დიდ] სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი; დიასამის მამა, პაპა, პაპის-პაპა - სულ ყველანი ექიმები იყვნენ. მაგრამ ქალები? გაიხსენეთ ძველი ქართველი ქალები, თვით თამარ მეფე - რომელიც იშვიათი ექიმი იყო ჭრილობებისა, თვით რუსუდან დედოფალი, მარიამ დედოფალი, თვით ნინო, ქართველთა განმანათლებელი, [ეხლა არ იკითხავთ] რომლის მშვენიერი ქანდაკება ვნახე ამას წინად ბათუმში, კათოლიკეთა ეკლესიის წინ. რა დიდებული რამაა ეს ქანდაკება. არასდროს არ დამავიწყდება მისი სახე, და შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქანდაკებამ ჩემზე მოახდინა, თუნდაც თამარი, ბეთანიაში რომ ფრესკაა დარჩენილი, მსგავსი ფრესკა დედამიწის ზურგზე არ მოიპოება. [და ის გარემოებაც] შემთხვევითი როდია, რომ უბრწყინვალესი ქართველი პოეტები შთაგონებულნი იყვნენ - სწორედ ამ ფრესკით. [გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის მშვენიერი ლექსი] „თამარ მეფის სახე ბეთანიაში“. [თამარი] დედოფალი აქ ევედრება ღმერთს - საქართველოსათვის. მაგრამ იგი არა მარტო ევედრებოდა ღმერთს, იგი იბრძოდა საქართველოსთვის, იგი მოღვაწეობდა სამშობლოსათვის; [არა ამაოდ წამოიძახებდა ხოლმე მამია გურიელი:] „თამარს? ვინ იტყვის, რა იყო“!
დიასამისავით [მისი] წინაპრებიც მგზნებარე პატრიოტები იყვნენ თავიანთი დარგისა-მეთქი, მათი ცოდნა და გამოცდილება - პირდაპირ [უნივერსალურია] გასაოცარია. „ჩვენ არა გვგონიაო, - მწერდა [ერთი] ერთხელ დიასამი, ჩემი მეგობარი ექიმი - ჩვენ არა გვგონია, იყოს სადმე კიდევ ისეთი ქვეყანა, სადაც ხალხური მედიცინა ისეთი მდიდარი და მრავალმხრივი იყოს, როგორც ეს ჩვენშია. ძნელად შეხვდებით ისეთ მოქალაქეს სოფლად თუ ქალაქად, რომ რამის მკურნალობა არ იცოდეს, ან და არ აინტერესებდეს ხალხური მკურნალობა; იშვიათია ისეთი სოფელი, სადაც კარაბადინების სახით ან ზეპირ-სიტყვიერად შენახული არ იყოს ხალხში ფერად-ფერადი სამკურნალო საშუალებანი და საექიმო ოსტატობა, რაც უძველეს საუკუნეებიდან მომდინარეობს. აქედანვე არის ისე სიბევრე და ნაირსახეობა კარაბადინებისა, რომლებიც ჩვენს ხალხში არის დაცული.
- ყოველივე ამას თუ დავუმატებთ, - განაგრძობდა იგივე ექიმი, - ჯერ კიდევ უძველესი წარმართული მედიცინის აშკარა კვალს თავისი ავგაროზებით, მკითხაობით, შელოცვებით, ქადაგად დაცემით, დამწყალობლობით და სხვა, მაშინ აშკარა გახდება, თუ რა დიდ ისტორიულ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე - მედიცინის დარგში“.
დიასამიც ამ აზრისაა. ისიც ამბობს, რომ „ეს მემკვიდრეობა ქართველი ხალხის კუთვნილებაა და იგი, თანამედროვე მეცნიერებით ახსნილი, შესწავლილი და შემოწმებული, ისევე ხალხს უნდა დაუბრუნდეს...“
აჰ, ხალხს... სადაც არ უნდა იარო, ისევე ხალხს უნდა დაუბრუნდე. მაშინ [მახსოვს] ძლიერ ავად ვიყავი...
დიასამს ლექსად მივწერე წერილი.
აი, ის ლექსი:

„თუმც ცოცხალი ვარ,
არა მჯერა, რომ სული მედგას;
ჩემი ცოდვა მას,
ვინც მომიხმო ასეთი მტერი;
ბედითი მტერი,
ცუდი მტერი: სიკვდილის ნატვრა!..
ექიმო, გული
ძველებურად თუმც ისევ ფეთქავს,
დაკარგული აქვს
ძველებური სიმრთელის ფერი.
ეს ყველამ იცის,
მაგრამ ამბობს: სიმღერით დათვრა!

ათასი ჭირი გავიარე,
ექიმი, ჩქარა!
უხარბო იყოს,
პირ-მართალი, მისანდობელი,
ოსტატი ჩქარი,
უნუკვარი და არა ზანტი
და უამისო
თუ იქნება, მაშინ იარამ
დეე, ძაღლივით
დაღრღნას ჩემი დღე და სოფელი,
უბრალო მუმლმა
წააქციოს მუხა გიგანტი.

ო, ჩემი გული!
ბუნება ტანის
იყო მტკიცე ციხე-ქალაქი,
იყო მისი მცველი ძლიერი.
ასაოხრებლად
მოდის მათზე ურიცხვი ჯარი.
მტერი - ეს არის
ათასგვარი ცხოვრების ჟანგი,
წამალი ჩემი
ბუნებისა, წამალი მწველი.
ცხარე ომის დღეს
სანდობარი არის აბჯარი.

ექიმი მინდა,
ვით მეაბჯრე და ამხანაგი,
რომ სიკვდილს ხელთგან
გამოსტაცოს პოეტის ჩანგი!

ამ წერილის მიღება და მისი ტფილისში ჩამოსვლა ერთი იყო.
სიკვდილს გადამარჩინა ამ კაცმა!

1944