შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-621-3 - 1941 წელი


6 სეკტემბერი. 1941.

სპეცსამკურნალოს მესამე სართულის ფანჯარასთან ვდგევართ მე და კიდევ ორი ახალგაზრდა ქალი. დიდი, უზარმაზარი ფანჯარა იყურება მარის ქუჩაზე. იქნება დღის 4 საათი. ისეთი სიცხეა, ისეთნაირადაა გახურებული ასფალტი, შუადღის ტფილისი, მარის ქუჩა; მესამე სართულის ფანჯარასთან მდგომარენი ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს გამოსასვლელი დღეა. ასაფლავებენ ბევრს (რატომღაც, ახალგაზრდა ქალმა, მესაფლავე გაიხსენა). ამ დროს მე დავინახე მანქანა-კატაფალკა, რომელზედაც პატარა კუბო ესვენა, ერთად ერთი თუ ორი პატარა, უბრალო გვირგვინით. პირველად მომეჩვენა, რომ კუბოს არავინ არ მიჰყვებოდა (მართლაც, არავინ არ მიჰყვებოდა - 15-20 ნაბიჯზე უფრო ახლო).
- ალბად, პატარა ბავშს ასაფლავებენ! - ვთქვი მე.
- ალბად, - გაიმეორეს ქალებმა. სიჩუმე ჩამოვარდა.
მალე გამოჩნდა - მცირერიცხოვანი პროცესიაც - სულ 15 კაცი მიჰყვება კუბოს.
- პატარა ბავშს ასაფლავებენ... - გაიმეორა ახალგაზრდა ქალმა.
მე დავაკვირდი. არასდროს არ მინახავს, რომ 10 კაცი გაყოლოდა კუბოს.
და ამ 10 კაცში არიან: გ. ქუჩიშვილი, არნო ონელი, შალვა კაშმაძე.
გახურებული ასფალტი, შუადღის ტფილისი, ღია ბალდახინი პატარა კუბოთი და პროცესია 10 კაცისაგან შემდგარი.
და ასაფლავებდენ არა პატარა ბავშვს, არამედ მხცოვან მწერალ ქალს - დარია ახვლედიანს!
ამის შესახებ კი არა მითქვამს რამ იმ ორი ახალგაზრდა ქალისათვის: მეტის მეტად სამარცხვინო საქმე იყო [ჩემთვის].
ჩაიარა პროცესიამ.. მიჰყვება იგი ვაკის გზას - სასაფლაოსაკენ!
- საწყალი პატარა ბავში! - ამბობენ ქალები.

*
მაიამ განგრძო:
- ჩვენი სიმაური მოხუცი კაცია, დარბაისელი, კარგი ოჯახის მქონე. ღვინონასვამი როცაა, მოჰყვება ამბებს და ბევრს გვაცინებს ხოლმე.
- ახალგაზრდა რომ ვიყავიო, არ მეგონა, თუ ვინმე ქალს დამიჭერდა - საცოლედო. მოულოდნელად კი ჩემს შვამავალს ჰკითხეს: ცხენი ჰყავს როდისმე მოპარულიო?
- არაო, - უპასუხნია მაშვალს. - აბა, ის კაცი არ იქნებაო, - და უარით გამოისტუმრეს. მეორე ოჯახშიც, მესამეში, მეოთხეში, მეხუთეში, ყველა უარით ისტუმრებდენ სულ იმ მიზეზით, თუ ცხენი არ მოუპარავს, ის კაცი კაცად არ ჩაითვლებაო.
რაღა უნდა მექნა. მეტი გზა აღარ მქონდა, გავსწიე ერთ ცხენის ქურდთან: თუ ძმა ხარ, მასწავლე, როგორ უნდა ცხენს მოპარვა მეთქი.
მანაც დამარიგა და თან დაამატა: თუ ცხენს ნალები უკუღმა არ დააკარი, ნაკვალევზე მოგაგნებენო.
წარმოიდგინეთ, ყმაწვილო, რომ ძალიან მოხერხებულად მოვიპარე ცხენი. შევატყობინე სამოყვრო ოჯახს: ცხენი მოვიპარე-მეთქი. არ დაიჯერეს, სანამ ზედ კარზე არ მივიყვანე სამი ცხენი. მაშინ რავარც იქნა - მომათხოვეს ცოლად ეს ჩემი მზეთუნახავი.
ასე არაა ეს ამბავი, ჩემო კნეინა?