შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-144 - 1941 წელი


1941 წ. 1 მარტი.
მუსიკის შესახებ. სწორედ ოცი წლის წინად (1921 წ.) ჩემი ლექსის: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ სიტყვებზე დიმიტრი არაყიშვილმა დასწერა სიმღერა გუნდისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა. იგი შესრულებულ იქნა გუნდის მიერ მწერალთა სასახლეში - ტრადიციულ „პოეზიის დღის“ საღამოზე. აგრეთვე ჩემს საიუბილეო საღამოზე რუსთაველის თეატრში - 15 წლის აღსანიშნავად.. მე მხოლოდ არ მომწონდა ის გარემოება, რომ სიმღერაში მახვილი ეცემოდა ანბანს ი-ს (პოეზია უპირველეს ყოვლისა). მაგრამ ეს ადვილი გასასწორებელია - თუ ოთხმარცვლოვანი სიტყვის (პო-ე-ზი-ა) ერთი სიტყვის ნაცვლად იქნება ორი სიტყვა - ორ-ორ მარცვლოვანი. მაგალითად - „ჟღერდეს ჩანგი“, ძლიერ კარგი იქნება თუ, საზოგადოდ, მუსიკალური მახვილი შეთანაბრებული იქნება ქართული გამოთქმის მახვილთან. ქართულ ენაში - ორმარცვლოვან სიტყვაში (ჩა-ნგი) მახვილი ეცემა - პირველ მარცვალს, ოთხმარცვლოვან სიტყვაში კი (პოეზია) მეორე მარცვალს - და ეს ჰქმნის დისსონანსს. უკეთესია, რა თქმა უნდა, ჩანგი. საზოგადოთ, თუ არ ვცდები, ამ მუსიკალურ ნაწარმოებში არის სხვა სიტყვებიც, რომლებზედაც არეულია მახვილი, მაგალითად, სიტყვა „მეგობრებო“ - მუსიკალური მახვილი ეცემა 1 მარცვალს - რე; უნდა ეცემოდეს - მე-გ... საერთოდ ახლად უნდა დაიწეროს ლექსი - რომ შეეთანაბროს მუსიკას.
მეორე ჩემი ლექსი „მხარი მხარს“ ნოტებზე გადაიღო თამარ შავერზაშვილმა. იგი (მუსიკალური ტექსტი) დაიბეჭდა ჟურნალ „პიონერში“. „მხარი მხარს“ ამოღებულია წიგნიდან „რევოლიუციონური საქართველო“ - რომელიც დაიბეჭდა „მნათობში“ 1929 წელს. საინტერესოა ის გარემოება, რომ ლექსი მე კი არ გადამიცია თამარ შავერზაშვილისთვის, არამედ პეტრე მირიანაშვილს მოსწონებია და უთქვამს კომპოზიტორი ქალისთვის: ამაზე უკეთეს სიტყვებს - მუსიკისთვის ვერსად ვერ იშოვითო. მართლაც, მშვენიერი სიმღერა გამოვიდა. მაგრამ აქაც იგივე გამოვიდა მახვილის მხრივ... სიტყვა „კოლეკტივი“ მახვილი ეცემა ანბანს - კტ - უნდა იყოს ლე... ეს სიტყვაც უნდა შეიცვალოს „ერთიანად“.
მესამე ლექსი, უკანასკნელი „მშობლიურო ჩემო მიწავ“ - რომლითაც გაიხსნა მწერალთა კრებული გასაბჭოების XX წლისთვის. მუსიკაზე გადაუღია კომპოზიტორ ცაგარეიშვილს. ჯერ არ მომისმენია. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გოკიელმა სთქვა: ცაგარეიშვილის ეს ნაწარმოები იშვიათი რამე არისო.. თან სწუხდა, გუნდი არა გვყავს, ეს სიმღერა იქნებ რადიოში შესრულდესო.
მე მგონია, სამივე ეს ნაწარმოები, შესწორებული სახით, უნდა გადაეცეს რადიოს გუნდს - და განმეორებულ იქნას ჩემს დიდს საღამოზე.
მეოთხე ლექსი „Освобожденным братьям Западной Украины и Белоруссии“. რუსულად - გააკეთა კომპოზიტორმა გიორგი სვანიძემ. იგიც არსად არ შესრულებულა. ეს მეოთხე სიმღერაც გუნდისთვისაა. კომპ. ტუსკიას ეკუთვნის მუსიკა „მანონ ლესკო“ (შემდეგ გამოირკვა, რომ დიმიტრი არაყიშვილს აქვს კიდევ მუსიკალური ნომერი).

2 მარტი.
- მე წავიკითხე თქვენი წერილი გაზეთში. გთხოვთ მიპასუხოთ, რითი შეიძლება შეიცვალოს ვიტამინი C?.. აჰ, ასკილის ნაყოფით... ჯერ უნდა გასუფთავდეს, არა? ასკილში კურკებია, ისინი უნდა დარჩენ, თუ?.. აჰა... უნდა მოიხარშოს და ისე... სადილობამდე, თუ ნასადილევს - უნდა მიიღოს ავადმყოფმა? აჰა, სადილამდე... გმადლობთ, უკაცრავად, დიდი ბოდიში შეწუხებისათვის. - ვინ ლაპარაკობს? - კერძო, ბინიდან. თქვენ ვერ მიცნობთ. ბოდიში. გმადლობთ (საუბარი პრ. ნათაძესთან ტელეფონით - 3-44-98).
ასეთია ეხლა მდგომარეობა!
საღამოთი მოვიდა „Правда“-ს 25 თებერვლის ნომერი. ახალი სიხარული: შიგ ჩემი ლექსის თარგმანია.
მეორე სიხარული: ვიყავი ხალხური შემოქმედების გამოფენაზე. იქ გამეცნო ახალგაზრდა კაცი - შალვა მარადაშვილი და მისახსოვრა უზარმაზარი თავისი ნამუშევარი „კახეთი“ (ქვაზე), რომელიც გამოფენაზეა (გორის რაიონი, სოფ. ტყვიავი).
მესამე სიხარული: ეროვნულ გალერეაში არის ვეფხვაძის „სურათი“.
მთავარი არის „Правда“. ამის შესახებ რეკავდა ტელეფონით ლომინაძე, რომელსაც სურს ჩემი ლექსების „პოდსტროჩნიკები“-ს გაკეთება, მარადიშვილი კი დამპირდა, რომ გააკეთებს ექსპონანტებს ჩემი მომავალი გამოფენისთვის.
ამგვარად 8 მარტი - ქალების დღეა, 14 მარტი - კარლ მარქსის გარდაცვ. (1883), 18 მარტი - კომუნისა და რემედასის დღე.

3 მარტი.
უნივერსიტეტში. ვნახე პასუხის მგებელი რედაკტორი გაზეთის, რომელიც გამოვიდა გასაბჭოების XX წლის თავთან დაკავშირებით. მან მომცა გაზეთი, რომელმაც უდიდესი სიხარული მაგრძნობინა. იშვიათი სილამაზით გამოცემული გაზეთია - ფერადებით. მეთაურის მაგიერ - ჩემი ლექსია, „შრომა, მეცნიერებასთან მჭიდროთ დაკავშირებული“, საუცხოვო ფაქსიმილეთი. უნივერსიტეტი ჩემს მხარეზეა! უნივერსიტეტთან კავშირი მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს. აქ შემხვდნენ სიმ. ყაუხჩიშვილი, მოსე გოგიბერიძე, კ. კაპანელი. ყაუხჩიშვილი აღტაცებით ლაპარაკობდა აკადემიის სესიაზე, იქ ჩატარებულ მოხსენებებზე (აკადემიის გახსნაზე ვიყავი - მხოლოდ შემდეგ სხდომებს ვერ დავესწარი. ვნანობ).
მწერალთა კავშირში. შემხვდა გოლცევი, ჩვენი „მწერლობის“ წარმომადგენელი მოსკოვში. მითხრა, რომ „Новый Мир“-ისთვის ამზადებს ჩემს შესახებ დიდ წერილს. მთხოვა ლექსები - განსაკუთრებით პოეზიის ხელოვნების შესახებ: სთქვა, რომ მას იქ ჰყავს ხალხი, რომელიც გადაუთარგმნიან. ქართული პოეზიის ანტოლოგიის შესახებ დიდი არევ-დარევაა. წიგნი მთლიანად აწყობილია, მაგრამ არ იბეჭდება, ვინაიდან ბევრი შეცდომებიაო. ცუდათაა ვიქტორ ვიკტოროვიჩის საქმე, ეტყობა. სიმონ ჩიქოვანი და გიორგი კაჭახიძე შეთანხმდენ ჩემი პოეზიის საღამოს მოწყობაზე... ღირს კი?
მთაწმინდაზე. ავედით უკრაინის დელეგაციასთან ერთად. აკაკი წერეთლის საფლავზე ყვავილები დაადვეს უკრაინელებმა. გადაღებულ იქნა ფოტოსურათი.
პავლო ტიჩინა - დამპირდა, რომ გამომიგზავნის წიგნებს, წარწერით!
ბაჟანი - მეპატიჟება უკრაინაში... „კარგი არ იქნება, - მიმართა მან ტიჩინას  - რომ გვეწვეოდეს გალაკტიონ ვასილიევიჩი?“ „ო, ეს ძალიან კარგი იქნება - გვეწვიეთ როგორმე“. მე მადლობა გადავუხადე - მიპატიჟებისათვის. პავლომ მითხრა - რომ მას მატერიალურად ეხლა არა უშავს რა... „ვიყავი ინსტიტუტის დირეკტორად, მაგრამ გავიქეცი, ეხლა აკადემიის წევრადა ვარ, და ვიღებ ჯამაგირს, აგრეთვე წიგნების ჰონორარი. და მყოფნის...“ მისი წიგნები რეგულიარულად გამოდის.
კორნეიჩუკი გამოიყურება ძალიან ცოცხლად.
დელეგაცია დღეს საღამოთი გაემგზავრება უკრაინაში.
რაღაცა საეჭვოდ იჭერს თავს ირაკლი აბაშიძე. ორაზროვანი ყოფაქცევა ახასიათებს ამ კაცს, თორემ რას ნიშნავს, რომ არაფერს მატყობინებს, ჩუმჩუმად აკეთებს საქმეებს. ერთხელ მას სერიოზულად უნდა მოველაპარაკო. Имерл! ნამდვილი Имерл! ეს რისგანაა, რომ უკანასკნელ ხანებში მე შემექნა ჩემი ლიტერატურული მუშაობისათვის არახელსაყრელი პირობები? ჩემს უკანასკნელ შრომებს - უბრალოდ რომ ვსთქვათ, კრიტიკა უარყოფითად შეხვდა. ამასთანავე მთელი რიგი დაბრკოლებების. გარდა ამისა, რას ნიშნავდა ირაკლი აბაშიძის წერილი? იქ მე აღნიშნული ვარ რევოლიუციამდელი ლიტერატურის წარმომადგენლად, მაგრამ ჩრდილში ვარ დაყენებული, როგორც საბჭოთა პოეტი. ამ წერილიდან ყველა მიხვდება, რაში გამოიხატება ძალა და თავისებურობა ალიო მაშაშვილის, გოგლა ლეონიძის, ილო მოსაშვილის. ჩემს შესახებ კი მხოლოდ კომპლიმენტია ნათქვამი: „Крупнейший дореволюционный поэт“. ამიტომ კითხვის ქვეშ ისმება ჩემი არსებობა, როგორც საბჭოთა პოეტის. მან უნდა პატიოსნად მიპასუხოს: აღიარებს თუ არა იგი ჩემს დამსახურებას ხალხისა და რევოლიუციის წინაშე? ღირსი ვარ თუ არა მე სახალხო პოეტის სახელწოდების? ვარ დაჯილდოებული ლენინის ორდენით ჩემი რევოლიუციამდელი ლექსების თუ სოციალიზმის სახელით ჩემი პოეტური შემოქმედების გამო? თუ ჩემს ლექსებს აქვს ქმედითი ძალა, მაშინ ეს უნდა სთქვას მან. უნდა სთქვას აგრეთვე ყველაზე მთავარი: მე ხომ უნდა ვიმუშაო, მე ვსაჭიროებ ასპარეზს, გარემოს. მე ვსაჭიროებ საარსებო წყაროებს. უკანასკნელ გარემოებას მან თვითონ მიაქცია ყურადღება. მაგრამ მე თვითონ შემიძლია მოვნახო გამოსავალი მდგომარეობიდან. მხოლოდ საჭიროა მისი ამხანაგური მხარის დაჭერა.. მწერალთა კავშირში საუბარი იყო ჩემი საღამოს მოწყობის შესახებ. ყველაზე მიზანშეწონილი იქნება ჩემთვის, როგორც საბჭოთა პოეტისთვის, ეს საღამო მოეწყოს სახელმწიფო ოპერის თეატრში. ჩვენ, პოეტებს, უნდა გვყავდეს აუდიტორია, მასსა! თეატრის ადმინისტრაციის მხრით არავითარი დაბრკოლება არ იქნება! მან უნდა მომცეს გადაჭრილი პასუხი.
კიდევ: ერევნის გაზეთში „Сталинец“ - არის ჩემი ლექსი - სონეტი, XX წ. დაკავშირებით. ნათარგმნი სტეფანოვის (Степанэ) მიერ. კარგი თარგმანია.
საერთოდ „კავკასიონის ქარი“-ს დაბეჭდვა შეიძლება მოხერხდეს ცალკე ლექსებად. 1. „ლიტერატურული გაზეთი“, 2. „მნათობი“, 3. „კომუნისტი“, 4. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 5. „რემედასი“, 6. „ჩვენი თაობა“, 7. „საბჭოთა ხელოვნება“. აი - ყველაფერი, რაც საქართველოში მოიპოება და რომელთა გამოყენება აუცილებლად საჭიროა. სულ შვიდი გამოცემა.
„სალიტერატურო გაზეთში“ - „ახალი მთები“. „კომუნისტში“ - „დიდი ქალაქები“. „ახალგაზრდა კომუნისტში“ - „კომპიენის ტყე“. „რემედასში“ - „ომი“. „მნათობში“ - „ომი“. „საბჭოთა ხელოვნებაში“ - „პარიზი“ და ასე სხვ.
წიგნები: სახელგამი, საბლიტგამი, „ზარია ვოსტოკა“, ფედერაცია.
ცალკეული, თემატიური. მაგ. ქალის შესახებ („ბარიკადებზე იბრძოდა ქალი“, „იტალიელი ქალი“, „ევა“, „როსმე რვა მარტი“ და სხვ.).
ლექსები თავდაცვის შესახებ... წითელი არმია... ეს მოითხოვს გადათვ...
ლექსები - ინდუსტრიის შესახებ. კოლეკტივიზაცია. სოციალისტ. მშენებლობა.
ლექსები - სტალინზე... ხომ ბევრი ლექსები მაქვს..
ლექსები - პირველ მაისზე (ამიტომ საჭიროა: 1. მხატვრების წიგნი. 2. არტისტების წიგნი. 3. მწერალთა წიგნი). ხარისხის გაუმჯობესება -  უპირველესი საქმეა.
მაშასადამე: I. შვიდი გამოცემის აღება. II. სამი წიგნის გამოცემა. III. ოპერის თეატრი.
საბლიტგამს ჯერ ისევ 1940 წლის 6 დეკემბერს მე მივეცი ასეთი განცხადება: „გთხოვთ, 1946 წლის საგამომცემლო გეგმაში შეიტანოთ ჩემი წიგნი: „პოეზიის ხელოვნება“ (ლექსები და პოემები პოეზიის დანიშნულების შესახებ. ცალკე პოეტებზე, მაგ. აკაკის, ილიას, ვაჟას პორტრეტები. დაახლოებით 5-6 ათასი სტრიქონი. ასეთი წიგნი არ არსებობს ქართულ ენაზე და დიდ საჭიროებას წარმოადგენს ახალგაზრდობისათვის).
ამიტომ უნდა გადათვალიერებულ იქნას ყველა წიგნები - და შერჩეულ იქნას მასალები (იგინი გამოდგებიან გოლცევისთვისაც).
ყოველივე ეს უნდა მოწესრიგდეს, „მოკაცრიელდეს“...
„რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა“.
ირაკლი აბაშიძეს უთქვამს სახელგამში, როდესაც 1941 წლის გეგმა მუშავდებოდა: „გალაკტიონმა ეხლა ცოტა შეისვენოსო“. ვნახოთ, ვინ უფრო ადრე შეისვენებს. მე მგონია, ის... ვინაიდან მისი მდივნობა - აშკარა თვითრეკლამის სახეს ატარებს და... ვინ იცის, რანაირად მოტრიალდება მწერალთა კავშირის საქმეები... ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის სულ ერთია. მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ის, რომ მე მის მხარეზე ვარ... არ მინდა გავამწვავო დამოკიდებულება.
არა! მე თავი უნდა დავიცვა. ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს.. საშინელებაა, როცა ადამიანი, „წელებზე ფეხს იდგამს“. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს - ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა - ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა - ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს - ადამიანი - ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!
„რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!“

4 მარტი.
მივიღე ირაკლი აბაშიძის ლექსების წიგნი ასეთი წარწერით: „საქართველოს სახალხო პოეტს, საყვარელ გალაქტიონს, ძვირფას და მარად დაუვიწყარ წიგნების შემომქმედს, ვუძღვნი ამ ჩემს პატარა ნაშრომს ღრმა პატივისცემით - ირაკლი აბაშიძე. 4. IV. ტფილისი“.
„Заря Востока“-ში მოთავსებულია ფოტო აკაკის საფლავზე. კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.
ერევნის „სტალინეცში“ არის წერილი „Сталинское племя“ - საქ. კომკავშირის მდივნის ა. მირცხულავასი, არის ასეთი ადგილი: „Комсомол Грузии свои успехи имеет и на культурном фронте. Из рядов комсомола выросло немало замечательных [людей] мастеров культуры, среди них любимый поэт молодежи и всех трудящихся Грузии, дважды орденоносец Алио Машашвили“. ჩვენი მწერალთა კავშირი რას იტყვის ამის შესახებ? რატომ არ დააფასა მან „ახალგაზრდობის საყვარელი პოეტი“, როდესაც ერთხმად გააშავა ყრილობაზე? ან შეიძლება მწერალთა კავშირი არ შეიძლება ჩაითვალოს „საქართველოს ყველა მშრომელთა“ წევრად? ჰმ! საქართველოს ყველა მშრომელთა საყვარელი პოეტი! „პოეტი“, რომელსაც ხეირიანი ქართული ენით ერთი ლექსიც კი არა აქვს დაწერილი, რომელსაც მწერლები იცნობენ, როგორც ინტრიგანს, და ჭირივით ეზიზღებათ იგი. „პოეტი“, რომელიც ტიპიური გამომსახველია ყოყოჩა ადამიანის, რომელიც თვითრეკლამის მეტს არაფერს აკეთებს, რომელიც იპარავს სხვის განწყობილებებს ლექსებში, რომელიც თავის გარშემო იკრებს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ ვისმეს რაიმედ მოაჩვენოს თავი. რომელსაც უნდა ყოველთვის სათავეებში იდგეს (მაგ. „მნათობში“), და გამოიყენოს თავისი მდგომარეობა პირადი განდიდებისათვის (გამოსცეს წიგნები თავისი, აწერინოს წერილები მის შესახებ). მან, მაგალითად, დაიბარა მწერალთა კავშირში კ. კაპანელი და ეუბნება: „უმაღლეს ორგანოთა დადგენილებით თქვენ უნდა დასწეროთ ჩემს შესახებ წერილი. იგი წერილი დაიბეჭდება წიგნად და გადათარგმნილი იქნება ყველა ენებზე, თქვენ კი მოგეცემათ გაძლიერებული ჰონორარი“. „მე ვუთხარიო, - მიამბო კაპანელმა, - თუ ქართველ პოეტზე დავსწერ, დავსწერ ნამდვილ პოეტზე - და ისეთზე, რომელზედაც ღირს წერა“. როდესაც აქ ფადეევი ჩამოვიდა და მოხსენება გააკეთა, მან მაშაშვილზე სთქვა: „Единоличное управление“. „ნიანგშიაც“ კი არ დაინდეს მისი ყოყოჩობა, უკანასკნელ ყრილობაზედაც ირაკლი აბაშიძემ ცუდი შეფასება მისცა მის ზოგ ლექსებს (რატომღაც ამ სახით არ დაიბეჭდა იგი გაზეთებში). და ამნაირი კაცი გამოჰყავთ „ყველა მშრომელების საყვარელ პოეტად“. მოდი და ნუ გაგეცინება. გათიშვა საზოგადოებრივ აზრსა და ზოგიერთ კალმოსნის აზრს შორის ამაზე შორს ვერ წავა. მაშაშვილი არის ტიპიური ცინიკი! ერთხელ ერთ კომკავშირელს მან დააწერინა რუსულ გაზეთში: „Я был счастлив, я был в стране Руставели и Машашвили“. მის მიერ შედგენილ „ქართულ ანტოლოგიის“ (რუსულ ენაზე) გამო რამდენი თავის მტვრევა სჭირდება ეხლა ცეკას, რომ როგორმე საქმე გამოაკეთოს (ტყუილია, თითქო მასზე მხოლოდ გოლცევი მუშაობდა). ყოველივე ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ვიღაცას სურს დააბნელოს, ქვეყანა ჩალით დახურული ჰგონია. მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალება. სიმართლე თავის გზას არ დაჰკარგავს. იმის მაგიერ, რომ სთქვან: „В стране Руставели и Сталина“, ამბობენ: „В стране Руставели и Машашвили“. აქ რაღაცა შეცდომაა! ეს გაუგებრობა ხელს უშლის მწერლობის ნორმალურ განვითარებას.
ს. აბაშელმა წინადადება მომცა, წარვადგინო ლექსები, რომლებიც წიგნად უნდა გამოსცეს „Заря Востока“-მ. მე ვუთხარი ხელშეკრულების დადების შესახებ (მეშინია, რომ წიგნის გადათვალიერების პერიოდმა არ გააჭიანუროს ხელშეკრულების დადების ვადა). როგორი უნდა იქნეს წიგნი? ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ძველი თარგმანები თუ არა?
 
6 მარტი.
დღეს სიტყვა-სიტყვით ასეთი საუბარი მქონდა ტელეფონით ამხ. ი. თავაძესთან.
- Хочу обратиться к Вам с просьбой, надеясь на Вашу поддержку. За последнее время мне, как и всем советским гражданам, приходилось много работать и не безуспешно, о чем свидетельствуют многие газеты, где помещены мои стихотворения. Писал я на требования дня и считаю это своим прямым долгом, делом чести и совести.
Однако со стороны издательств и союза писателей, я как советский поэт не встретил того внимания, которое меня поддержало-бы в моей работе. Я работаю на поприще советской культуры, в интересах советской культуры, и хочу, чтобы работа моя была оценена советским обществом. Я хотел-бы получить разрешение на один литературный вечер более широкого масштаба. Для этого я прошу устроить этот вечер в помещении театра Оперы. Возможно это поправит мое материальное положение, отчего будет зависеть дольнейшая моя работа...
პასუხი ასეთი იყო:
- Об этом говорил мне вчера Ираклий Абашидзе. Сегодня я выезжаю в Сагареджо. А завтра я передам ему ответ.
- Хорошо. Значит я прошу - разрешения на один литературный вечер в Опере...
- Да, да. Завтра я передам ответ Ираклию Абашидзе.
ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი - ტელეფონით.
ვიყავი მწერალთა კავშირში. იქ ირაკლი აბაშიძემ მითხრა ასეთი ამბავი:
- მე გადავეცი ილია თავაძეს თქვენი თხოვნა, მან მიპასუხაო, რომ მწერალთა კავშირმა მისწეროს მას ოფიციალურად. მეც დღესვე გავუგზავნეო მას ოფიციალური ქაღალდიო.
- გაუგზავნეთ? პასუხს ელით...
- ველით პასუხს...
- მე დღეს ველაპარაკე თავაძეს...
- როგორ? ნახე? თვითონ ნახე... (რატომღაც ძლიერ დაინტერესდა ი. აბაშიძე).
- არა, ტელეფონით ველაპარაკე.
- მერე რა გითხრათ...
- რომ ხვალ მოგცემს პასუხს...
კანცელიარიაში გავიგე მწერალთა კავშირის მიმართვის ტექსტი. იგი ძლიერ მოკლეა. „გ. ტაბიძე გვთხოვს ნებართვას მოეწყოს მისი ფასიანი საღამო ოპერის თეატრში“.
ეხლავე ჰაერში დგას უარის სურნელება. მაინც, საინტერესოა, როგორი ფორმით იქნება იგი ნათქვამი.

9 მარტი.
პასუხი ჯერაც არ არის.
მხატვრობის შესახებ: მხატვარს სემიონოვს დაუხატავს ჩემი პორტრეტი - ისე, მეხსიერებით. ამბობენ, რომ საინტერესოაო.
მწერალთა კავშირში მეფობს სრული გულგრილობა ყველასა და ყველაფრისადმი: მოიშორეს, როგორც იქნა, XX წლის ამბები და დამშვიდდნენ. დადის ახალი სიტყვა „ზენიტკა“, მაშაშვილზე - ცხვირაწეული რომ დადის.
გამოვიდა წიგნი: „Поэты Советской Грузии“ სერებრიაკოვის თარგმანი. „ზარია ვოსტოკას“ გამოცემა. 1941 წ.
აქ ყველაზე მეტი ლექსი მოთავსებულია თვით რედაკტორის - გაფრინდაშვილის (6 ლექსი), შემდეგ მაშაშვილის და ჭიჭინაძის (ოთხ-ოთხი ლექსი), შემდეგ ჩვენი - აბაშელის, აფხაიძის, გრიშაშვილის, ლეონიძის, ტაბიძის, ჩიქოვანის (სამ-სამი ლექსი), მოყვება ორ-ორი ლექსი: ი. აბაშიძის, ვ. გორგაძის, მოსაშვილის, შანშიაშვილის, ეულის, და თითო ლექსით წარმოდგენილია: გრ. აბაშიძე, ბობოხიძე, ვარდოშვილი, გაბესკირია, გაჩეჩილაძე, გვეტაძე, გომიაშვილი, ჟურული, კალაძე, კაჭახიძე, ქუთათელი, ქუჩიშვილი, ლისაშვილი, მარიჯან, ნადირაძე, სოლ. თავაძე, და ცეცხლაძე.
ქართული თანამედროვე პოეზიის შესახებ, ამ წიგნით ვერავითარ აზრს ვერ გამოიტან. სათაური „Поэты Грузии“ აქ პირობითია. საეჭვოა, რომ გაფრინდაშვილი იყოს ამ წიგნის ერთად-ერთი რედაკტორი, ვიღაც დაინტერესებული პირი თავდადებით მუშაობდა მასთან ერთად და მის გარეშეც. წიგნის ალფაბეტით განრიგება უფრო მეტად აბნელებს თანამედროვე პოეზიის მდგომარეობას. ზოგიერთი პოეტის (მაგ. ქუჩიშვილის) ერთი ლექსით წარმოდგენა შეურაცხყოფას უდრის, მაგრამ აბაშელის ლექსით „ფალადაური“-თ წიგნის გახსნა - შეუძლებელია (შეუძლებელი შესძლეს!). აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ლექსს „შალვა დადიანს“ (ყალბი ლექსია). „სტალინი“ - რომ ერქვას სათაურად მხოლოდ ერთი ლექსია: დ. გაჩეჩილაძის.
საზოგადოთ, როგორ იმუშავა აქ სერებრიაკოვმაც? უნდა შემოწმდეს: იცის რამე ბ. ჟღენტმა თუ არა? აქ აბაშელი ეფერება გაფრინდაშვილსა და სერებრიაკოვს. თვითონ კი უნდა, რომ მიიმალოს. არა, ამის ნება არ უნდა მიეცეს. სერებრიაკოვი მატერიალურად არის დაინტერესებული, მაგრამ ამიტომ იარაღი ხდება ს. აბაშელის ხელში. „Заря Востока“-ს გამომცემლობა აბაშელმა რედუტად გაიხადა. და მისი პოზიცია სავსებით ჩემს წინააღმდეგაა მომართული. მან ვერაფერი გაიტანა მწერალთა კავშირის კრებულში. და ეხლა იერიში მოაქვს - სხვა, მოკლით მოსასვლელი გზით. როგორია აქ მისი პოზიციები?
1. აბაშელი რეაბილიტაციას უშვება შ. დადიანს და წინ წამოჭიმავს მას. ეს ხაზი მიმართულია მწერალთა კავშირის [საერთო] ერთი ჯგუფის პოზიციის წინააღმდეგ, რომელმაც იცის და არც იცის ვინაა შალვა დადიანი. ზოგი ამბობს, შ. დადიანი უარყოფითი ტიპიაო. მეორენი - დადებითიო. საერთოდ ლექსის ღირსი არ არის - და მთელი წიგნის ცენტრში მისი მოთავსების სიმართლე - პრობლემატიურია.
2. „Заря Востока“-ში ხშირად შეხვდებით მწერლებს, რომლებიც აბაშელთან იკრიბებიან: გამსახურდია, ინგოროყვა, ქიქოძე, გაბესკირია და სხვები. აბაშელი ცდილობს მათ შეკავშირებას - და მათი საშუალებით საკუთარი თავის წინ წაწევას.
3. ჯერჯერობით მისი დასაყრდენი უფრო ალფაბეტია.
აბაშელმა პასუხი უნდა აგოს მეორე, რუსული ანტოლოგიისათვის, რომელიც მოსკოვში გამოდის.
აქ რაღაც როლს თამაშობს წულუკიძეც: (ხაზი: აბაშელი - ჭიჭინაძე - სერებრიაკოვი - გამსახურდია - გაფრინდაშვილი - გაბესკირია - ქიქოძე და ინგოროყვა და სხვ. ეს მისი ხაზია). შემდეგ მიდის იქითაც.
საერთოდ - ეს ძლიერ სუსტი ფრონტია. ჯერჯერობით ეშმაკობით გააქვთ. მაგრამ მათ მჭიდროდ მოიკიდეს ფეხი „სალიტერატურო გაზეთშიაც“.
 
12 მარტი.
პასუხი ჯერაც არ არის...
„სალიტერატურო გაზეთში“ არის დაგვიანებული ქრონიკა. „მწერლები საარტილერიო სასწავლებელში“ (ცნობა ისე, სხვათა შორის, რომ მეც გამოვედი). ამავე ნომერში ვიღაცა „მკითხველს“ ცამდი აჰყავს ბაჟანი. კარგი წერილია გამსახურდიას წერილი: „აკადემიის“ შესახებ.
არის მზადება ლერმონტოვის საიუბილეო დღეებისათვის: „ფედერაცია“ - სცემს ჭიჭინაძის თარგმანს - „დემონს“. აგრეთვე გ. ქიქოძის თარგმანს: „ჩვენი დროის გმირები“ (თუ გმირი?) - (უნდა ვკითხო გერონტის), რომ არ უეშმაკონ, არ შეიძლება! უნივერსიტეტი ბეჭდავს რჩეულ ლექსებს და პოემებს. აქ თავშეყრილია შანტრაპა-მთარგმნელები (მიქელი, კოლაუ, დ. გაჩეჩილაძე, ბაბილინა და სხვ.). ჭიჭინაძემ სთქვა: მე მათში არ მინდა გავერიო, ჩემი თარგმანი ცალკე უნდა გამოვიდესო. გამოდის კიდეც. მასობრივი ტირაჟის გამოსაცემად შერჩეულ იქნა კომისია: კ. ჭიჭინაძე და ს. ჩიქოვანი. პოპულიარულ ბიოგრაფიას სწერს ლევან ასათიანი. „ლერმონტოვის კრებული“ - დ. ყიფშიძეს, ლეონიძეს, ჯანაშიას. მუზეუმი მოაწყობს გამოფენას: აბაშიძე და ლეონიძე. ჩატარდება მოხსენებები. უნივერსიტეტი მოაწყობს სამეცნიერო სესიას. კინოსტუდია [სცემს] უშვებს მოკლეტირაჟიან ფილმს: „ლერმონტოვი საქართველოში“ (ამ თემაზე სცენარის დაწერა მიენდო გ. ლეონიძეს). თბილისში დაიდგმება პოეტის ბიუსტი. სახლებზე გაკეთდება მემორიალური დაფები.
მაყვალა მრევლიშვილის ლექსში „აკადემია“ არის ჩემი ძველი რითმა ტეოფილ გოტიესადმი - „აკადემია - ნაკადებია“.
კარგია ბარამიძის წერილი კორნელი კეკელიძის შესახებ.
დღეს მივიღე აკადემიის გამოცემები - პუშკინის ორი ტომი. აქ გუშინ ვადარებდი „არზრუმში მოგზაურობის“ - დაბეჭდილსა და ხელნაწერ ტექსტებს. საინტერესო მუშაობაა.
ვიყავი ფილარმონიაში: გადაწყდა საღამოს მოწყობა. უნდა შედგენილ იქნას პროგრამა - 14 მარტისთვის.
ვიყავი კომპოზიტორების კავშირში - უნდა შერჩეულ იქნას ლექსები მუსიკისათვის (მე მგონია, კარგი იქნება: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, „მოდიან ლეგიონები“, „აგერ წინამძღვრიანთ-კარის“, „ვიგონებ ყრმობას“, „დაჰკა წერაქვი“, „და სისინებდენ, სისინებდენ ჩალის ღერები“, „Larix cibirica“, „მთვარის ნაამბობიდან“, „Ars longa vita brevis“, „იყოს პირველი თანასწორთ შორის“, „სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი“, „გამხიარულდი, ბუხარო“, „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“, „მე ხომ სხვა ვარ“, „მთაგორების ზემო“, „ჩანგო, ბევრი კარგი დრო“, „ულევი, უანგარიშო“.
ეს-ეს არის ოლგა იურიევნამ ტელეფონით დაუძახა რევაზიშვილს და შეატყობინა: 1. რომ იგი ძლიერ გაჭირვებულ მდგომარეობაშია - და ეძებს სამუშაოს (ის დაპირდა), 2. რომ იგი მალე ცალკე იცხოვრებს, 3. რომ მალე ჩამოვა ლაინე და იგი მასთან იცხოვრებს, 4. რომ ლაინე ბაცილიარულია და მასთან იცხოვრებს. ერთის სიტყვით, აგრძნობინა, რომ ცალკე იცხოვრებს, რომ ჩემგან მიდის... მეც ჩამცივებია, რომ ჩემგან მიდის და მთხოვს ფულს, ორი წლის განმავლობაში რაც ჰონორარი მივიღე, სულ მაგათზე დაიხარჯა, ჩემი პენსია მაგათზე დაიხარჯა, მთლიანად რამდენიმე ათი ათასი მანეთი, და ეხლა, კრიზისის მოახლოება რომ იგრძნო, გარბის. ტერორის ქვეშ მაყენებს. მაშინებს, რომ რასაც ჰონორარს ვიღებ, სულ მაგას ეკუთვნის. მაშინებს - რომ გაიქცევა. ცხადია, ეს არაა მისი პატიოსანი გზა. საბრალო ქალი. მე თავდადებით ვემსახურები, ეხლაც მზადა ვარ დავეხმარო. მაგრამ არ გრძნობს არაფერს, იმდენად უსინდისოა.. თან ორაზროვანად ეუბნება, რომ ცალკე იცხოვრებს. მიაქვს პლასტინკები.
მწერალთა კავშირის კრებული „სამშობლო“ - ამაზეც ღირს დაფიქრება.
ვრეკავ კომუნისტში - ფული იქნება 18.
ოკტომბრელისთვის უნდა დამზადდეს ლექსი 10 დღეში - გაზაფხული!!!
მატერიალურად სრულიად გაძარცული ვარ. „სბერკასაში“ რაღაც 400 მანეთი გდია. 300 მანეთი პენსია. ჯიბეზეც 300 მანეთამდე. აი, სულ... ჩემი ავლადიდება. ამ თანხით პირდაპირ უგონობაა - რაიმე საქმის წამოწყობა, თუნდაც საღამოს მოწყობა. ლაინეს 3.000 მანეთი უნდა. აქ ოლგა იურევნა მჭამს. თან ზაფხულიც მოახლოვებულია. მერგება რაღაც ორიოდე გროში კიდევ „სამშობლო“-დან და „მნათობი“-დან, შეიძლება „ოკტომბრელი“-დანაც. ჩემი ურემი მთლად გადაბრუნებულია, მაგრამ გზაც რომ არა სჩანს? მთლად რაც არ უნდა აკოწიწო 2000 მანეთი არ გამოდის. ეხლა თავის რჩენა არ გინდა? ბინის ქირა გადაუხდელია, აგრეთვე ელექტრონის.
ვფიქრობ წიგნზე „Art poetuque“ - ამ წიგნში მინდა შევიტანო ყველა ლექსები, რაც კი დამიწერია პოეზიის ხელოვნების შესახებ. წამყვან ძარღვად მინდა გადავაქციო პირველი წიგნის პირველი სტრიქონები: „ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით დაწერილი სასოებით?“
შემდეგ მიყვება ლექსები 1914 წლის წიგნიდან: 1. ბრძოლაში ვეძებ თავდავიწყებას. 2. პოეზია. 3. მუსიკა არის და სილამაზე. 4. იმ შორ გაზაფხულს. 5. პარალელი. 6. მთაწმინდის მთვარე. 7. და გავალ ქარში, როგორც მოცარტი. 8. ტ. გოტიეს. 9. დროშები ჩქარა. 10. წიგნიდან „პაციფიზმი“. 11. 1927 წ. წიგნიდან. 12. წიგნიდან ეპოქა. 12a. წიგნიდან „რევ. საქართველო“. 14. წიგნიდან I. II. III ტომი. 15. წიგნიდან „აკაკი წერეთელი“. 16. წიგნიდან „კავკასიონის ქარი“. კარგი იქნება, თუ დაიბეჭდება წიგნების ყდები... ექნება ჩემი მოკლე წინასიტყვაობა. იდეა: არა ხელოვნება ხელოვნებისათვის, არამედ - ხელოვნება ხალხისთვის. მაგრამ ხელოვნება ნამდვილი, განცდილი, გულწრფელი, „დაწერილი სისხლის წვეთით“ - აი, მთავარი იდეა... „პოეტი არის მებრძოლი, ახალი ქვეყნის მჭედელი, წინა დგას ცხარე ბრძოლებში, როგორც ქვითკირის კედელი“.
აკაკი წერეთელი, პოემა - შეიძლება გაერთიანდეს.

ეს ქალი უკანასკნელი ორი კვირაა რაღაც მხეცს დაემსგავსა: მან განაცხადა, რომ გადარჩენის მიზნით არ მომშორდება ერთი წამითაც კი და მართლაც, არ მშორდება. და ეს მაშინ, როცა უამრავი საქმეები მაქვს, ბევრ ადგილს უნდა ვიყო: მისი მიზანი სხვაა (ეს მე ძალიან კარგად ვიცი). დღესაც: გამომიყვანა მოთმინებიდან! (ცდილობს გამომიყვანოს მოთმინებიდან, ვინაიდან უკვე ჩემში ძალას არ ხედავს). მთელი კვირაა, გავალ თუ არა სახლიდან - ისიც თან მომდევს. აუტანელია! თან მეჩხუბება. მეომება. რაზე? თითონაც არ იცის! როდესაც მიდის (მაგალითად ეხლა), იბანს (მერე რას?) და მიდის... მოდის. ჯერ არ წასულა თუმცა. ეხლა გამოვა და დაიწყებს დაახლოებით ასეთ საუბარს: - მე მივდივარ (ატირდება), არ მაფასებთ (ატირდება), მომეცით ეხლავე ფული (კიდევ ატირდება), მე თქვენთვის ბევრი რამ გავაკეთე. მაგრამ ყველაზე საზიზღარი რაცაა, ეს მისი ჩემს მტრებთან კავშირია, აშკარა, ჩემთან გულახდილი; იგი პროვოკაციებს მიწყობს. იგი მათ ეუბნება, თითქო მე ღვინოსა ვსომდე (სულით და გულით უნდათ, რომ ღვინის სმა დავიწყო). უნდათ, უთხრან ხალხს, რომ ღვინის სმა დავიწყე! უნდათ, ქვეყანას დღესვე აცნობონ ეს ამბავი! უნდათ! უნდათ! და აი, ეძებენ მხოლოდ მიზეზს, და სად ნახავენ უკეთეს მიზეზს, როდესაც საკუთარ სახლიდან ეუბნებიან (ო. ი.): - მე გარანტიას არ ვიძლევი, რომ შემდეგ იგი ღვინოს არ დალევსო! - მაშინო, - უპასუხებენ, - გახსოვს ჩვენი საგურამოში საუბარიო? როგორც კი გალაკტიონი ღვინის სმას დაიწყებს - იმ წამშივე ცეკა - მას საექიმოდ გაგზავნისო? ასეთი ამბავი ერთი. მეორე. ის, რომ არა მასვენებს... მე კიდევ დამრჩენია ერთი გზა!!!!! და არა მარტო ერთი გზა!!!!
მან გამოირეცხა ყველაფერი. ჩაიცვა თეთრი ტანთსაცმელი. შემოვიდა ჩემ კაბინეტში. დაჯდა. ხელები ტრაგიულად ლოყებზე შემოიწყო.
ეხლა. გამოიბანა რა...
ეგ არაფერი...
- დღეს საუბარი მქონდა ირაკლისთან. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება პასუხის ასე დაგვიანება, რომ ყოველგვარი საკითხები ახლავე გადასაწვეტია, რომ არავითარი საშუალება არა მაქვს და ამიტომ პასუხს არ უნდა დააგვიანდეს, რომ არ შეიძლება მწერალი ასეთ მდგომარეობაში იყოს: წიგნები არ გამოდის (ამოაგდეს ყველა წიგნები - აბაო? ასე უთხრა პ. კაკაბაძეს). თითქო ვიღაცა გადამთიელმა ამოაგდო ჩემი წიგნები. აღარ ეშინიათ.. ამოაგდეს. მორჩა. მაშინ კაკაბაძემ დაიწყო. „ასე არ იქნება. მწერალს უნდა ჰქონდეს თვეში 100 მანეთი, დაწერს თუ არ დაწერს, ეს მისი საქმე არაა. „მნათობში“ ასე მქონდა მოწყობილი საქმეო!“ მეტი!! ის იყო „მნათობი“ და სხვა არავინ.
მაგრამ ის მშიერია...
(მართლაც, დილიდან. იქ: პირველად: სულავა, ძიძიგური. საიდანღაც გაჩნდა ბერიკაციშვილი). ვსაუბრობდით: ლიტერატურულ გავლენაზე: რომ არ ახსენებენ... საეჭვო შეხვედრა იყო... რომ ვბრუნდებოდი იმავე ადგილს - სხვა... აგარელი. საინტერესოა! მაშ...
- საღამოთი კი ინციდენტი. ო. იუ-სთან - ტირის, ცრემლს აფრქვევს. მე მეტი აღარ შემიძლია. უკანასკნელ ჩემს ძალ-ღონეს (ვგრძნობ, რომ ყველაფერი მან ამოსწოვა...) მას ვერ შევსწირავ... მე მისთვის საწველი ფური ვარ... ეს ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას.
მაგრად წავიჩხუბეთ...
დღეს მივიღე არა ჩვეულებრივი, არამედ უვადო პასპორტი. ეს კარგია.
 
15 მარტი.
დღეს საღამოთი მქონდა შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის შკოლაში მოსწავლეებთან. იშვიათი საღამო იყო. ჩამრიცხეს საპატიო პიონერად და მომიტანეს ყვავილები, წაიკითხეს ჩემი ლექსები, იმღერეს. მოხსენებაც იყო. ფიზკულტურული ვარჯიშობაც... ბავშმა კაიშაურმა წაიკითხა ჩემი პროლოგი 500 ლექსის, და ისეთი ოსტატობით, რომლის მსგავსი მე არ მომისმენია. სხვებიც დიდებულნი იყვენ...
თავაძისაგან კი... კიდევ არ არის პასუხი! მეც რაღაც ჩავცივებივარ, აღარ ვიცი... არ მრთავენ საღამოს მოწყობის ნებას, ცხადია.
ორი დღის წინად აბესალომმა ჩამოიყვანა ბავში (ვასიკო), რომელსაც დაზიანებული აქვს თვალი ხელთოფისაგან. ბავში მოვათავსეთ რკინის გზის საავადმყოფოში - სიხარულიძესთან. აბესალომი გაბრუნდა პროვინციასა შინა, ტატიანა აქ დარჩა.
სალიტერატურო გაზეთში მოთავსებულია აბაშელზე ისეთი წერილი, როგორიც ეკუთვნის: არც გინებაა, არც ქება. უწოდებენ ცივ პოეტს „აზრი“-ს პოეტს. მაგრამ ეს სულელი რადიანი - რას მახსენებს გრიშაშვილის გვერდით, ვერ გამიგია. მას უნდა წაგვაჩხუბოს.. რადიანი თანდათან უკან იხევს - ჩემს შეფასებაში, თუ რა მოსდის, ვერ გავიგე.

17 მარტი.
შ. რადიანის წერილი ხომ სისულელეა. ეხლა მთავრობის პრემიები ურიგდებათ - ჩემს მტრებს.
თავაძის პასუხი ჯერაც არ არის.
ლექსი „პარიზის კომუნა“ მივიტანე „კომუნისტის“ რედაქციაში. და უარი მითხრეს დაბეჭდვაზე. აქაო და გაზეთის მთელი ნომერი დიმიტროვის წერილს ეკუთვნისო.
მართლაც და, ღირს დაფიქრება, რა მუშაობა ჩატარდა ჩემი დამარცხებისათვის?..
1. წიგნი განგებ დააგვიანეს... (მაშაშვილის საქმე. თავაძის).
2. IV ტომის გამოცემა გეგმაში არ შეიტანეს (მაშაშვილი არ...).
3. „კავკასიონის ქარი“-ს გამოცემისთვის ხელი შემიშალეს (არ გამოსცეს).
4. წამოიწყეს ალფაბეტი (ს. აბაშელის არმია).
5. პრემიები სხვას მისცეს (ი. თავაძე და სხვ.).
6. ირ. აბაშიძეს არ მისცეს საშუალება... (აქ დიდი საიდუმლოებაა). სულ მუდამ მარწმუნებდენ სახლში, რომ ირ. აბაშიძე ჩემი მტერია.
[ოლგა იურევნამ დღეს თავი მოიწამლა].
 
18 მარტი.
დილიდანვე რატომღაც ვფიქრობდი, ვფიქრობდი ჩემს ლექსზე: რა იდეა არის გამოხატული ლექსში „სავსე კაკლები“? სდგას ასწლოვანი კაკლის ხე. მის გარშემო ჰქუხდა მრავალი ხმოვანი ქარი. მიმავალს სდევდა მომავალი. დრონი კი მიჰქრიან მარად და მარად... კაკლის ხის ხმაურობა აქ ედრება ჩვენი შავი ზღვის ხმაურს..
„ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად აქ ხმაურია არანაკლები,
ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარად მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!“
კაკლის ხე აქ გადაქცეულია ქნარად. ბავში, რომელიც მის ახლო კისკისებს, როგორც მზით მთვრალი, არ იღებს არავითარ მჭმუნვარებას.
„როგორც იმედი, თან დააქვს მარად გული, არც მეტი და არც ნაკლები,
კაკლებს უგულოს დასწონის მარად, მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები“.
ჩვენს ყოველდღიურობას, იდეა სავსე კაკლებისა, იდეა სრულყოფის, სიუხვის, ხვავის, თან დასდევს: მასში გამოიხატება ახალი ცხოვრება, მასში მეფობს სილაღე, მისი კვალის აღება, ცხოვრების მყარად არსებობის შეგრძნობა. ასევეა სიტყვებიც: იგი უნდა იყოს სავსე, იგი უნდა იყოს მწიფე, სრულყოფილი, და არა მსგავსი ფუჭი კაკლებისა:
„მოდის სიტყვების მგზნებარე ჯარად, ლექსი, რომანი და სპეკტაკლები,
მასსა კი არჩევს: მას უნდა მარად, მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები“.
ამგვარად, ასწლოვანი კაკლის ხე, მის გარშემო მქუხარე მრავალი ხმოვანე ქარი, დროთა და ჟამთა სიავე, შავი ზღვის მსგავსი მისი ხმაურობა, აზრი მთელი კაკლის ხის არსებობისა, გამოიხატება მის სისავსეში, მის ნაყოფიერებაში, მის სრულ ღირებულებაში და არა წუნში - მის თანამედროვეობაში.
„ო, მეგობრებო, კარგთ თანაბარად ვინ სთქვა ფუჭები და საძაგლები?
სოციალისტურს სჭირდება მარაგს, მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!“
(მახსოვს, მხატვარი გველესიანი აღტაცებაში მოვიდა, როდესაც ამ ლექსის ერთ ტაეპს მოჰკრა ყური. მას ქართული არც ეგრე რიგად ეხერხება, მაგრამ იმ ტაეპმა მასზე აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა სახელდობრ, ადგილმა, სადაც კაკლის ხის ხმაურობა ედრება შავი ზღვის ხმაურობას. ამ ხმაურობაში მას მოესმა რაღაცა ახალი).
ხმაურობა - აქ უდრის მუსიკას. ამ მხრით ლექსი განმგრძობია ჩემმიერ წინად წამოყენებული - და ერთიანად პოეზიაში დაფუძნებული ხაზის - „მუსიკისა და სილამაზის“.
აქ მხოლოდ მუსიკა ფართოვდება და გადადის ხვავში („ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარად მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები“). შემდეგ იგი ფუძნდება რომანში, პიესაში, ლექსში - და მთავრდება ძირითადი იდეით: თანამედროვეობას სჭირდება სისავსე.
ასეთივე უნდა იყოს პოეზია მთლიანად: იგი უნდა ხმაურობდეს: „ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად“.
ჩვენი შავი ზღვა და ჩვენი კაკლის ხე - ეს არის ქართული კოლორიტი, იგი არ უნდა აირიოს სხვა კოლორიტში.
ეს კი ცალკე დაფიქრების საგანია: საკმარისია მხოლოდ სათაურები 1927 წელს გამოცემულ წიგნში მოთავსებული ლექსებისა.
„ლურჯა ცხენებში“ დაკვირვებული მკვლევარი აღმოაჩენს ამ კოლორიტს. თუკი აღმოჩენა დაერქმევა უკვე აღმოჩენილს... აქ მხატვარი მახარობლიძე - ხატავდა „ლურჯა ცხენებს“ ჩვენი მთების ფონზე (ეს სურათი გამოფენილი იყო მასწავლებლის სახლში).
„მთაწმინდის მთვარე“ და მთელი რიგი ლექსების - „ვიგონებ ყრმობას“. ყველაფერი ეს - ეხმაურება სტრიქონს - „ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად“.
მაგრამ რაშია აქ სიახლე? რა არის ნოვატორობა? რა არის აღმოჩენა? რა არის აღმოჩენილი ისეთი, რომლის გზით მიდის თანამედროვე პოეზია. მხოლოდ ქართული კოლორიტი? რითი განსხვავდება ჩემი კოლორიტი არსებული, წინად აღმოჩენილი კოლორიტისაგან? რა არის ქართული ილია ჭავჭავაძეში, აკაკი წერეთელში, ვაჟა ფშაველაში, რაფიელ ერისთავში, ბაჩანაში, ცახელში? რითი განსხვავდება ჩემი კოლორიტი მათ კოლორიტისაგან? აი, საკითხები, რომელსაც გამოხმაურება სჭირდება „ჩვენი შავი ზღვის ხმაურის დარად“.
ლექსიდან „სავსე კაკლები“ - მიდის მთელი რიგი თანამედროვე პოეტებისა: მრევლიშვილი, ლეონიძე, ჩიქოვანი, მაშაშვილი, განსაკუთრებით და უკეთესად მრევლიშვილის ქალი. აქედან მოდის პროზა ქიაჩელის და ლორთქიფანიძის. კრიტიკაში ქიქოძე და ინგოროყვა. ჭიჭინაძე?
 
19 მარტი.
გამოქვეყნდა დადგენილება სსრ კავშირის კომისართა საბჭოსი - სტალინური პრემიების მიკუთვნების შესახებ. ფართოდ განზრახული შეტევის დაწყება ცხადზე ცხადია. თუ ეს შეტევა ექვსი თვის წინად ჯერ კიდევ გამოურკვეველი სახით სწარმოებდა, ეხლა ამას ვეღარ ვიტყვით. მაშინ საქმე გვქონდა მომზადების პერიოდთან, საზოგადოებრივი აზრის შექმნის პერიოდთან, ერთგვარ რყევასთან, კამათთან, სჯა-ბაასთან, შეჯახებებთან. შესაფერი, ხელსაყრელი დროის მონახვისათვის ზრუნვასთან; ცდაც იქითკენ იყო მიმართული, რომ პრემიების მიკუთვნების გამოქვეყნებას ჰქონოდა ეფეკტი, მაგრამ არა ისეთი, რომ ქვეყანა ყალხზე დამდგარიყო. მით უმეტეს, რომ თავიდანვე ნათელი გახდა ერთგვარი გათიშვა საზოგადოებრივ აზრსა და ჟიურის დადგენილებებს შორის. საზოგადოებრივი აზრი - თავიდანვე წინააღმდეგი იყო ჟიურის მიერ წამოყენებული კანდიდატებისა; საზოგადოებრივობა ერთგვარ უკმაყოფილებასაც გამოსთქვამდა იმის გამო, რომ პრემიის მისაღებად წარდგენილნი იყვენ ისეთი პირები, რომლებიც ამისი ღირსი არ იყვნენ. მაგრამ ჟიური აშკარად მიდიოდა საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. აქ იყო მართლაც დიდი გათიშვა. ამ მხრით ჟიურის ზრუნვა - შეექმნა შესაფერისი საზოგადოებრივი აზრი, ან მიემხრო მაინც, სრული ფიასკოთი დამთავრდა. მაშინ ჟიურიმ გადადგა ასეთი ნაბიჯი: არავითარი ანგარიში არ გაუწია საზოგადოებრივ აზრს, რომელიც დღესავით ნათელი იყო. მაინც რა მომზადება იყო ჩატარებული ამ აზრის დასამორჩილებლად? სრულებით არავითარი! პირიქით გაიძახოდენ: - Жюри этот - оказался „жюриковатым“. ჟიურის წევრებმა თვითონ წარადგინეს თავისი თავი პრემიების მისაღებადო, თითქო ეს აზრი ისეთ წრეებში იყო ნათქვამი, სადაც უმთავრესად წყდებოდა ეს საქმე. ეს ასე არ დამტკიცდა. ეხლა მთავრობა მადლობას უხდის ჟიურის წევრებს ასეთი დიდი მუშაობის ჩატარებისთვის. ამბობდენ კიდევ: თითქო მოსკოვში ალექსეი ტოლსტოისთვის „ბარახოლშჩიკი“ ეწოდებინოსთ, გამოირკვა, რომ ეს მართალი არ არის: ტოლსტოი პრემიით დაჯილდოებულთა სიაშია; ამბობდენ, რომ თითქო ლეონიძეზე ეთქვათ: რა დასწერაო ისეთი? „ბავშობა და ყრმობა მე არც წამიკითხავსო“ - გამოირკვა, რომ არც ესაა სწორი: ლეონიძე დაჯილდოებულთა სიაშია (ეხლა მოვიდა არქიტექტორი ფიოლია და ხელი შემიშალა). ფიოლიას (?)...

20 მარტი.
6 მარტს მე ვსწერდი: „ეხლავე ჰაერში სდგას უარის სურნელება, მაინც საინტერესოა, როგორი ფორმით იქნება იგი ნათქვამი“. 3 მარტს ჩემს მიერ დასმულ წინადადებაზე - თავაძისაგან პასუხი მივიღე დღეს 20 მარტს. ირაკლი აბაშიძემ ტელეფონით მითხრა: „საქმე ცუდათაა. ილიამა სთქვა, რომ ეს საქმე ვერ მოხერხდებაო“. ჩემს შეკითხვაზე, რა სთქვა მიზეზად-მეთქი - ირაკლიმ ვერაფერი მიპასუხა. ილიამა სთქვაო: რომ „გალაქტიონს არ ვაწყენინოთ, ფედერაციას წინადადება მივსცეთ მისი წიგნის გამოცემისო“. ასე დამთავრდა ეს ამბავი. როდესაც ოპერის თეატრის ახლო გავიარე ტროლეიბუსით, გულში რაღაცა წყენამ გამიარა. არ მიშვებენ ოპერის თეატრში, ოპერის თეატრის ახლო; მათ ეშინიათ დიდი სახალხო დემონსტრაციის, განსაკუთრებით ეხლა. იწყება ისევ მიჩქმალვის პოლიტიკა. ჩემი წიგნებისა კი, როგორცა სჩანს, არ ეშინიათ. მართლაც, რა არის საშიშიო.. ყველაფრის როგორ უნდა ეშინოდეს ადამიანს? ძალიან დიდხანს მომიხდა ცდა პასუხისა... განა არ შეიძლებოდა თავიდანვე ეთქვათ მამაცხონებულებს?
წიგნების საქმე ასეა:
აბაშელი: - ველი ცეკასგან გეგმის დამტკიცებას დაახლოებით 10 დღეში და როგორც კი დაამტკიცებენ - პირველ რიგში ხელშეკრულებას შენთან დავდებთო.
გვეტაძე: - ერთ ათ დღეს მომიცადე, და ხელშეკრულებასაც დაგიდებთ - ცეკასგან გეგმის დამტკიცებას ველიო.
ჭანტურიშვილი: - მომითმინეთ ათი დღე - და ყველაფერს გავაფორმებთო... ცეკამ უნდა დაამტკიცოსო...
ათი დღე. დღეს ოცი რიცხვია. ჟურნალებისათვის მაქვს „კომპიენის ტყე“, „კაფე კორსოს ქუჩაზე“, „პარიზის კომუნა“, „პარტიული კონფერენცია საიუბილეო“.
მოლაპარაკება მაქვს „რემედასთან“. შეიძლება გამოსცენ რაიმე? ტატიანა დღეს მიდის, ვასიკო უკეთესადაა, ლაინეს საქმე წესრიგდება, პასპორტს დღეს მომცემენ სამუდამოს..
იოსელიანის პურმარილით ავალიანი შეიწყალესო, ნათქვამია. მე საქმე გავაკეთე - და პრემიები იმათ იჯიბეს. ჩალით დახურულ ქვეყანაში ვართ თუ რაშია საქმე? ჩალით შეიძლება დაიხუროს დრო? ისტორიაც ისეთი შენობაა, რომელსაც ვერავითარი ჩალით ვერ დაჰხურავ. აგერ, რუსეთში - მიდის ეხლა დიდი ბრძოლა ფოლკლორის ფალსიფიკაციის შესახებ. აგერ გუშინ ტროლეიბუსში ორი ქალი საუბრობდა: ქიაჩელი? ათიათასი მანეთი პრემიად იმ მკითხველს უნდა მისცემოდა, რომელიც ამ რომანს ბოლომდე წაიკითხავდაო... გამოვიდა ახალი სიტყვა - „ბაბუშკა“. თუ „ბაბუშკა“ გყავს - აქ, წარადგენს და მოსკოვი დაამტკიცებსო, თუ „ბაბუშკა“ არა გყავს, ნურაფერს მოელიო. თვითონ ქიაჩელიც წინედ ამბობდა: რაა ჟიური? ჟიური არც კი წაიკითხავს ჩემს წიგნს, ვინ უნდა წაიკითხოს იქ? აქედან ცეკა წარადგენს და საქმე მორჩენილიაო... აი, ესაა მართლაც ჩალით დახურული [დრო] სიტყვა: რატომ უნდა ამბობდეს ქიაჩელი ასე?
 
21 მარტი.
დღეს სელვინსკი მწერალთა სასახლეში კითხულობს თავის ახალ ტრაგედიას: „აბდალახის შვილი ბაბეკი“. მე სელვინსკის შევხვდი გასაბჭოების დღეს ოპერის თეატრში. რაღაც ისეთი კაცის შთაბეჭდილება მოახდინა, რომელიც ცხვირსა მაღლა იწევს. მის შესახებ წინად ბრიკმა სთქვა: არაფერ გამოსვლებში მონაწილეობას არ იღებსო. ყირიმში, მწერალთა სახლში ისვენებდა და... ასე დაეხეტება აქეთ-იქით. მოსკოვში, როგორც სჩანს, ნიადაგი შერყეული აქვს. და ეს ადვილი გასაგებია, თუ გავიხსენებთ მის ერთერთ წიგნს და აგრეთვე „პრავდას“ შეფასებას (გონორარის შესახებ რომ იყო), მაიაკოვსკის გარდაცვალების გამო იგი სწერდა:

Я был во главе отряда
Который с ним враждовал,
И значит глядеть на взорванный вал
Должно быть моей отрадой;

Я вел от края до края
Атаки на каждый холм:
Недаром последним его стихом
Была на меня эпиграмма. და სხვ.
არის ასეთი მშვენიერი ადგილები:
Он... неисчерпаемый, как Черное море,
Нагроможденный точно Кавказ,
Он, чей голос гудел векам
 Простуженный голос, бурей изморенный.
.......................................................
И стало в поэзии жутко просторно,
Точно вывезли широченный шкап
Из-за какой то размолвки вздорной?
Из-за неласкового ушка?
................................................
და შემდეგ თავის თავზე:
Но я твое пробитое сердце
Прижму к своему с кровавой корой,
Я принимаю твое наследство,
Как принял-бы Францию Германский король;
Я творческой линией соединю
С дредноутами эпических полчищ,
Агитки мои, набитые желчью,
Лозунги, посвященные дню.

შენიშვნაში ასე უმატებს: „Принятие мной наследства Маяковского означает для меня признание ошибки, заключающейся в недооценке роли агитки, как жанра, призванного преимущественно формулировать идеи. Ошибка Маяковского выражалась в обратном: он недооценивал роли эпоса и драматической поэзии, т. е. жанры, призванные преимущественно изображать людей в их взаимоотношениях. Расширяя плацдарм своих поэтических возможностей за счет агитационного жанра, я тем самым исправляю свою ошибку, по прежнему отстаивая огромное всевозрастающее первенствующее значение эпоса и поэтической драмы, подымающих поэзию до авторитета прозы“.
აი მთელი მისი „Art poetuque“ – ამ ლოზუნგით კითხულობს, ალბად, იგი დღეს თავის ახალ ტრაგედიას: „ბაბეკი, შვილი აბდალახისა“.

22 მარტი.
მწერალთა სასახლეში შევხვდი წყალტუბოდან დაბრუნებულთ: იანკა კუპალას და იაკუბ კოლასს; იანკა კუპალას პირველად, კოლასსკი, დიდი ხანია, რაც ვიცნობ. როდესაც მათ შევხვდი, იქ იყვნენ: ი. აბაშიძე, ი. მოსაშვილი, რ. გვეტაძე. უნდა სადილად ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ მოხერხდა. იანკამა სთქვა: „ძლიერ კარგი იქნება, შევხვდებოდეთ ერთად სადილად“. „რა თქმა უნდა, უამისობა როგორ იქნება“ - ვუპასუხე. მაგრამ არ მოხერხდა.. ამ სადილიდან ამ საღამოთი მთვრალები დაბრუნდნენ ირაკლი აბაშიძე და კარლო კალაძე. საინტერესოა, ვინ იყო კიდევ? ლაინეს ამბავი გამოვარკვიე: მას ვუშოვე აბასთუმანში ორი თვის საგზური კიდევ - შვიდი თვე ხომ არის. ნეტავი ეშველება რამე თუ არა მას?
ირაკლი აბაშიძემ - ჩემს შეკითხვაზე, თუ რისთვის მეუბნებიან უარს ოპერის თეატრზე - სთქვა: არაფერი არ ვიციო, სამაგიეროდ წიგნი არისო შეტანილი ფედერაციაშიო (5.000 სტრიქონი).
ილია სელვინსკიმ წაიკითხა თავისი „ბაბეკი, შვილი აბდალახისა“. მეტისმეტად სუსტი ნაწარმოებია - მაგრამ ცამდის აიყვანეს ბ. ჟღენტმა, შალვა სოსლანმა, სიმონ ჩიქოვანმა, ცაგარელმა. ერთად ერთმა ჩერნიავსკიმ ილაპარაკა სწორად, და პატიოსნად. ირაკლიმ რა სთქვა, არ მომისმენია. და მათ ხოტბას თვით სელვინსკიმ დასცინა თავის დასკვნაში: „გამიგონია, რომ ქართველებმა სუფრაზე თამადის არჩევა იციან და დაუსრულებელი ქება-დიდებაო. ეს სენი მგონი მეც გადამედოო, ამას წინად ერთ უკრაინელ დრამატურგს იმდენი ქება-დიდება ვუძღვენი ღვინის სმის დროს, რომ ბოლოს თვით ქართველებს ეწყინათ, რა ამბავია, სად გაგონილა მაგნაირი დრამატურგის ქებაო“ ისე თავისთავს სთვლის ნოვატორად, „საჭიროაო ჩემი პიესისათვის ახალი თეატრიო, ახალი მსახიობიო“.
პიესა ეხება აზერბეიჯანში არაბების შემოსევას. მაგრამ არა სჩანან არაბები: მხოლოდ გმირები გაიძახიან: არაბები მოდიან, არაბები, არაბები და ეს დაუსრულებლად. არის ფოლკლორის ჟანრის გამოყენება - მომაბეზრებელი „ჯან“ („ჯან“ აქ იმ შუაშია, რომ რითმას მიეწყოს „აზერბეიჯან“). ჩერნიავსკიმ სწორი თქვა: ქრონიკიორობა, წიწმატი, ტარხუნა...
სრულიად რუსულად ლაპარაკი არ სცოდნია ს. ჩიქოვანს. წამება იყო დარბაზში. ი. იმედაშვილმა მითხრა: „დიდი პატივისცემაა, რომ თქვენ დაესწარით ამ პიესის კითხვასო“.
მუსიკის შესახებ: დიმიტრი არაყიშვილს ჰქონია ჩემს სიტყვებზე არა ერთი, არამედ სამი ნაწარმოები. ჩხიკვაძე აქებდა ცაგარეიშვილის ხოროსთვის დაწერილ „მშობლიურ მიწას“-ს. თუ ასეთი კარგია, საინტერესოა, რატომ არ გამოსცემენ.
რადიოში - სულით და გულით მოწადინებულნი არიან ჩემი საღამოს მოწყობის. მაგრამ სურთ პროგრამა. არ იციან, როგორ მოაწყონ (პ. აბრამია, გ. მებუკე).
აქ ჩემთან ყოფილა ს. აბულაძე, ალბად, მასწავლებელთა სახლში საღამოს მოწყობა უნდათ.
კარგად მოვიქეცი, რომ სელვინსკის საღამოზე არ გამოვედი.
ტელეფონით დაუძახნიათ: აბესალომს და ტატიანას სამტრედიდან. რა უნდა ნეტა ბონდო კეშელავას?
ნელნელა ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს... სიბნელეში მოსჩანს რაღაცა ვარსკვლავის მსგავსი, რომელიც ხან დაიფარება, ხან კიდევ გამოჩნდება. „ისეთი ამინდია ეხლა საქართველოშიო, - სთქვა ვიღაცამ მწერალთა კავშირში, - ყოველნაირი მცენარის აღმოცენებას უნდა მოველოდეთო“.
გ. ქუჩიშვილი მთვრალი ყოფილა და აპ. წულაძეს ესაუბრებოდა თურმე და თან ხელებსა შლიდა. ამ დროს გამოუვლია ლეო ქიაჩელს, გიორგი მივარდნია და გაშმაგებით ულოცავს. აპოლონმა უთხრა გიორგის:
- მთლად არ მიულოცო, ნახევარი მიულოცეო! ამაზე გიორგი გაცეცხლებულა. შენ ვინა გკითხავს, მთელი მივულოცო თუ ნახევარიო. პრემია ნახევარიც კარგიაო. საზოგადოთო შენ რა კაცი ხარ, ვერ გამიგიაო, მე შენში ეჭვი მეპარებაო. აპოლონმა თურმე სიტყვა მოუჭრა:
- ეჭვი რომ გეპარება ეგ არაფერიაო; ჭკუა რომ გეპარება, ესაა სამწუხაროო.

23 მარტი.
მასწავლებელთა სახლთან არსებობს ორი წრე - ერთი სამხატვრო-პედაგოგიური და მეორე ახალგაზრდების. მეცადინეობა აქვთ: პირველს ორჯერ, მეორეს სამჯერ თვეში. თუ ჩემი საღამოები ჩატარდა, ორივე ეს წრეები გაერთიანდებიან. ამასთანავე შესაძლებელია შეიცვალოს გრაფიკა, ზედიზედ ჩატარდეს რამდენიმე საღამო. ეხლა საჭიროა შეთანხმება აბულაძესთან იმის შესახებ, თუ როგორ მოეწყოს საღამოები (პროგრამა, ტეხნიკური ასრულება). ერთბაშად ეს საღამოები არ მოეწყობა, საჭიროა წინასწარი თათბირები, გეგმის გამომუშავება და უმთავრესი ხაზის მონახვა. ასეთი იყო ჩემი საუბარის შინაარსი დღეს მასწავლებელთა სახლის გამგესთან.
საინტერესო ამბავს მომიყვა მხატვრების კლუბში სანდრო ციმაკურიძე. ჯერ მკითხა: რისთვის არ მილოცავო. ვკითხე: რა უნდა მოგილოცო- მეთქი. - აი, ეს გეტყვისო, - მიმითითა ჩუდეცკიზე. ჩუდეცკი ამბობს: სანდრო დააჯილდოვეს - დამსახურებული ხელოვანის სახელწოდებითო. მე გულწრფელად ხელი ჩამოვართვი და მივულოცე. ახლა სანდრომ დაიწყო: „ეს იყო 25 თებერვალს. დაღონებული ვიდექი დიდ მოედანზე ტრიბუნასთან. ფიქრებიდან გამომარკვია შაქრო ქურდიანმა, მითხრა: მომილოცავსო! - მეც ვუთხარი, - გმადლობთ-მეთქი, რადგან მეგონა მეხუმრებოდა. მაგრამ როდესაც ქურდიანი ხალხში გაერია, მე დავფიქრდი, ნეტავი რას მილოცავდა-მეთქი. ეხლა მე თვითონ დავუწყე ძებნა ქურდიანს, მოვნახე როგორც იქნა და ვკითხე: მითხარი, თუ ძმა ხარ, წეღან რა მომილოცე-მეთქი. ქურდიანმა მითხრა: ეს-ეს არის, სახლიდანა ვარ, რადიოთი გადასცეს, რომ შენ დაჯილდოებული ხარ დამსახურებული ხელოვანის სახელწოდებითო. ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, სიხარულის ფრთები გამომესხა, აღტაცებულმა არ ვიცოდი, რა მეთქვა, მაგრამ როდესაც ქურდიანს მოვშორდი, კვლავ ეჭვმა შემიპყრო: რაღაცას მეხუმრება-მეთქი, ალბად. ისევ დავღონდი. შევედი „პალასში“ და მოსე თოიძეს ტელეფონით შევეკითხე: „როგორაა ჩემი საქმე, ხომ არაფერი გაგიგია-თქო“. მოსემ მიპასუხა: არაფერიც არ გამიგია და არც არაფერი არ არისო. ეხლა კი დავრწმუნდი, რომ მეხუმრებოდა ქურდიანი. მეწყინა. მაინც ავიღე ტელეფონი და დავით კაკაბაძეს დავუძახე (იმას საუკეთესო რადიო-მიმღები აქვს და უსათუოდ ეცოდინება-მეთქი). მანაც მიპასუხა, რომ არაფერი მსგავსი არ გადმოუციათო. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგიაო. დაღონებული წავედი სახლში. მთელი ღამე ვშფოთავდი. მეორე დილით გვიან მივედი აკადემიაში. მომვარდა მთელი აკადემია და მილოცავდა - მაშინ კი დავრწმუნდი, რომ მართალი ყოფილა ეს ამბავი“.
- რა უნდა გითხრა, იცი? - დაამატა მან, - ეგ მე არაფერსა მმატებს, მაგრამ მიხარია მაინც. მიხარია, რომ დამაფასეს... რა არის ფული? ფული ყველგანაა. აი, ეს არის ყველაფერი (მიმითითა ჩემს ლენინის ორდენზე) და კიდევ - სახელი, სახელწოდება. - ასე ამბობდა სანდრო ციმაკურიძე.
იაკობ ნიკოლაძემ მითხრა - რომ იგი ჩემს ბიუსტს აკეთებს მარმარილოსაგან. „მე თვითონ ვიწყებო“, მართალია არ მაფასებთო. 25 თებერვალს რომ გეძახოდი, რატომ ოპერის თეატრში ჩემს გვერდით არ დაჯექიო. ჩემს გვერდით სერგეი მიხალკოვი იჯდა და შენზე ამბობდა: „რა შესანიშნავი ადამიანია, და როგორი დიდი პოეტი, ამასთანავე როგორი ჭკვიანიო“.
ირაკლი აბაშიძე რაღაც ბოდიშს იხდიდა. ალიოს ძმა მოუკვდაო და იქითკენ მიეშურებოდა. „საწყალი ალიო, ყოველ წელიწადში სახლიდან ვინმე უნდა გაიტანონო“.
ლადო გუდიაშვილმა სთქვა: ყველა პოეტები რომ გალაკტიონისთანა იყვნენ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო.
გიგლა ლეონიძეზე ვიღაცას რაღაც ეპიგრამა დაუწერია, მისი გაძრომ-გამოძრომის შესახებ.

24 მარტი.
„პარიზის კომუნა“ გადავეცი „მნათობს“. საღამოთი გავიგე, რომ ლექსი გადაგზავნილია ასაწყობად მე-3 ნომრისთვის.
დავესწარი ბონდო კეშელავას საღამოს მწერალთა სასახლეში. ძალიან სიმპატიური საზოგადოება იყო. იყვენ ახალგაზრდა მეგრელი ქალები. ბონდო კითხულობდა რვეულიდან... მას ხმა არც ისე კარგი აქვს. დამჯდარი კითხვა - ლექსების - კარგია - მაგრამ...
გამოითქვა „აზრები“. ადამია აქებდა, ბესო ჟღენტი ბონდოს ჯერ კიდევ სახეუქონელ პოეტად სთვლიდა ( არა აქვსო პრესა, არა აქვსო წიგნი, და მით უფრო საინტერესოა, რომ დღეს ამოდენა ხალხი შეიკრიბაო: სჩანს პრესისა და წიგნებს გარეშე არსებობდე პოპულიარობაო). საინტერესო იყო ერთი მომენტი: ალიო ადამიამ სთქვა: მე, რა თქმა უნდა, ორატორი არ ვარ, ისე ვერ ვილაპარაკებ, როგორც ბესო ჟღენტიო. ამაზე ხალხმა გადიხარხარა; ამ სიცილით გამოირკვა ხალხის დამოკიდებულება ბ. ჟღენტის ორატორობისადმი.
ხარიტონ ვარდოშვილი ამბობდა: მთლიანად ჩვენი მე-XX საუკუნე დაცემისა და დეკადანსის ხანააო (მე ამის შესახებ მქონდაო ლაპარაკი ს. აბაშელთანო და ისიც ამ აზრისა არისო). ერთად-ერთი, რომელიც ამაღლდა და მისცა სახე უფრო სხვანაირი, ეს გალაკტიონიაო.. (ხომ არ არის აქ მზადება აბაშელის მომავალი საღამოსათვის?).
ადამია: არიან „თბილი“ და „ცივი“ პოეტებიო.
კეშელავა: ეხლა მე წავიკითხავ ერთ ლექსს, 24 წელს დაწერილს, როცა ესენინი დიდ გავლენას ახდენდაო. ამ ლექსზე მე პასუხისმგებელი არა ვარო (ხალხში სიცილი და წამოძახილი: მაშ, ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხიო?).
გ. აბაშიძე: ვაი თუ გაბრაზდა კეშელავა და ერთი ფერთხა სახეში ჟღენტსო (ყასითად იმაზეა ლაპარაკი, კეშელავამ ირაკლი აბაშიძეს რა გაარტყა).
კარლო კალაძე: დღეს რაღაცა ძალიან უცნაური საღამოა.
სიმონ წვერავა: ბონდოს ლექსებს, მე მგონია, პოლიტიკური სიმახვილე აკლიაო.
დ. ბენაშვილი და ა. გომიაშვილი მეუბნებოდენ, რომ კარგი იქნება, ერთი საღამო (ჩემი საღამო) მოეწყოს კონსერვატორიაშიო.
შალვა დემეტრაძეს ვუთხარი, რომ ცეკამ უკვე გადასწყვიტა ჩემი წიგნის გამოცემა. მან სთქვა: მაისში მე ჩამოვალ (ერთი თვით ლენინგრადში მაგზავნიანო) და კარგად გამოვსცეთ წიგნიო. კარგი-მეთქი - ვუთხარი. მხოლოდ ხელშეკრულება წინდაწინვე უნდა დაიდოს-მეთქი. - ეს ასეც იქნებაო, - სთქვა. ვნახოთ.
ბონდო კეშელავამ მადლობა გადამიხადა, რომ მის საღამოს დავესწარი (ქიაჩელი, ჩიქოვანი დინჯად ისხდენ პრეზიდიუმში. საინტერესო დეტალი: ჩიქოვანმა რაღაც აგდებით დაიძახა: ჭეიშვილი! გამოვიდა ჟღენტი).
ვინახულე მიწათმოქმედების კომისარი. იგი დამპირდა კახაიას საქმის გაკეთებას.
საღამოთი ჩამოვიდა ტატიანა. ვასიკო უკეთესადაა. ტატიანამ ჩამოიტანა ქათმები, კვერცხები, ღორის ხორცი!
საერთოდ ბონდო კეშელავა აგრე ადვილად ჯერ ვერ დამკვიდრდება პოეზიაში, მაგრამ მას შეუძლია ჩვენთვის სარგებლობის მოტანა, თუ გზას არ აუხვია (გზა სწორი აქვს).
ქართული კოლორიტი! აი, რაზე ვფიქრობ (18 მარტს ამის შესახებ ვწერდი). კეშელავას ლექსი „თბილისს“, „აკაკის“, „ვაჟას“ - ეს ქართული კოლორიტია. „თოვს - ასე იწყება ლექსი“. საზოგადოთ, კეშელავა ჩემს დიდს გავლენას განიცდის. ეს მისთვის საღამოზე არ უთქვამთ. არც იყო საჭირო.
რატომ არ დამრთეს ნება ოპერის თეატრში საღამოს მოწყობისათვის?
დილით შემხვდა ლექტორი იაშვილი. ეს არის გენიალური ახალგაზრდა, ჩემი თაყვანისმცემელი (ცხოვრობს ჭავჭავაძის ქ. №52). მას ესმის, რა არის სტილი! თანამედროვე სტილი! ლაპარაკობს დაჯერებით, საქმის ცოდნით.
პოეტების სექციას უნდა მოშორდეს სიმონ ჩიქოვანი. იგი განგებ ამღვრევს წყალს.
„ოკტომბრელი“-სთვისაც რომ ლექსი დავწერე „გაზაფხული“ - სტამბისათვის გადაუციათ.
„Красная Новь“-ში მოთავსებულია ბიბლიოგრაფია ჩემი წიგნის შესახებ (მოსკოვის გამოცემა), მიხ. ზენკევიჩისა. ეს წერილი გადმობეჭდილია (თითქმის მთლიანად) „Правда“-დან, მაგრამ გარემოება აღნიშნული არ არის. 1. Галактион Табидзе один из крупнейших советских поэтов. 2. Сборник показывает весь долгий и сложный путь поэта с 1908 г. до 1937 г. По желанию самого автора, стихи разбиты на три отдела по трем периодам. ღმერთი, რჯული, არავითარი ჩემი სურვილი რედაქტორებმა არ იცოდნენ. თავიანთ განზრახვას მე მომაწერენ ხოლმე, აი სიმვოლიზმის ხანა.. რომელი სიმვოლიზმის? როდის ვაცხადებდი მე თავს სიმვოლისტად? მაგრამ ეხლა ეს სულ ერთია. გაფრინდაშვილს და გოლცევს სურდათ თავიანთი სიმვოლიზმის გამართლება. ჩემზე წერილში ნახსენებია ვერლენი, ნოვალისი და ტიუტჩევი - აგრეთვე ვალერი ბრიუსოვი („Синие кони“ - Г. Табидзе по настроению как бы перекликаются с конем смерти „Конь Блед“ Валерия Брюсова“). აჰ, ძალიან უხეიროდაა განაწილებული მასალები ამ წიგნში. შემდეგ გარდატეხის წლები და სხვ. და სხვ. და ასე თავდება: „Стихи сборника заканчиваются 1937 годом. Можно только пожалеть, что в сборник не вошли стихи народного поэта Грузии за последние три года“.
ეს უკანასკნელი ტაეპი ასე იყო „Правда“-შიც. მართლაც: წიგნი უნდა გამოსულიყო 1937 წელს და გამოვიდა 1939 წ. ორი წელიწადი დააგვიანეს! დააგვიანეს ისევე, როგორც საქართველოში მე-III ტომის. ყველაფერი ეს - ხელს უწყობდა გარემოებას, რომ მე პრემია არ მიმეღო.
ამაოდ ამბობდა ზენკევიჩის წერილზე შალვა რადიანი, რომ დიდის ტემპერამენტით დაწერილი წერილიაო (შალვა ან მე მთვლის სულელად, ან თვითონაა სულელი).

25 მარტი.
სერგო ჯინჭველაშვილის ცოლმა მომიტანა მისი ქმრის მოგონებები აკაკი წერეთელზე. მშვენიერი მოგონებებია. ერთერთ ადგილას იგი სწერს: „ამისი დახატვა მინდოდა: ხეხილიანი ეზო, ოროთახიანი ოდა მოდგმულით, წინ ჭა თონის სახურავით. დიდი ბჟოლის ქვეშ გაშლილია სანადიმო სუფრა, მაგიდის თავში ზის მგოსანი აკაკი. მას გვერდს უშვენებენ მწერლები: დავით კლდიაშვილი, ვარლამ რუხაძე, გალაქტიონ ტაბიძე და ჟურნალ-გაზეთების თანამშრომლები. იმათ მარჯვნივ და მარცხნივ სხედან რკინისგზელები, ორგანიზაციის წევრები და გლეხები თავიანთი ცოლებით. შუა ეზოში გამართულია სიმღერა და ცეკვა-თამაში, უკრავს სასულე ორკესტრი (აკაკის მოგზაურობა 1913 წ. სოფ. მუხიანაში). სერგო ჯინჭველაშვილი“. კარგი იქნება ამისი დახატვა.
მეც ძალიან კარგად მახსოვს ის დღე. განსაკუთრებით დამამახსოვნდა ცხენები, მიბმულნი ღობესთან. დიდი თაღი, ყვავილებიანი. „Арка“.

26 მარტი.
ტატიანა და აბესალომი ჩვენთან არიან. დილით აბესალომი მეუბნება მოუწყობლობის შესახებ, რომ არ იქნა და ვერ მოეწყო ვერსად: არის ერთ ოთახში ცოლით, შვილებით. როცა ვაგონებ, რომ 38 წ. მას შეეძლო მოწყობილიყო თბილისში, მისთვის ადგილი ნაშოვნი იყო და სხვ. - იგი ყველაფერს მე მაბრალებს: მე ვხედავდი, რომ შენ იღუპებოდი და ამის გულგრილად ცქერა მე არ შემეძლოო. „ჭკუა სადა გქონდა-მეთქი“. - ჭკუა აქ არაფერ შუაშიაო, აქ მთელი რიგი ფსიქოლოგიური მომენტებისა სჭრიდა საკითხსო. ერთი სიტყვით, იგი ხედავდა, რომ მე ვიღუპებოდი და ხელის გამოწოდებას, გაცლა არჩია: დეე, რაც მოუვა, მოუვიდესო. როდესაც დაინახა, რომ არ დავიღუპე და რაღაცა - გზების მსგავსი კიდევ აღმოჩნდა, ისევ ჩემსკენ გამოეშურა - და მეუბნება: აბა, ეხლა მე უნდა მომეშველოო. სახლი გაჰყიდა და თანხები უყაიდოთ გაანიავა, იმის მაგიერ, რომ მაგიერი სახლი შეეძინა. ეხლა რა? რა [თანხ] ფულით უნდა გამოაკეთოს საქმე? და კიდევ იმეორებს, „ჭკუა აქ არაფერ შუაშიაო“. თან სოფელსაც არ უნდა მოშორდეს, და მეუბნება, ვიშუამდგომლო მთავრობასთან, რათა საეზოო ადგილი, ჩვენი ძველი ეზო დაგვიტოვონ. ტატიანა ამბობს: ცოტა ხნით მოგვცენ, იმ დიდ ცაცხვს მოვჭრი, 500 მანეთი ღირს და მერე თუ უნდათო... და სხვა. ის დიდი ცაცხვი! ის დიდი ცაცხვი უნდა მოსჭრან! ის დედაჩემის მიერ დარგული ცაცხვია. ამას წინად საავადმყოფოში ვეკითხებით პატარა ვასიკოს:
- არის თუ არა ისევ დედაჩემის საფლავზე დარგული თუთის ხე?
- ის დარგული არ ყოფილა. თავისით ამოვიდა.
- მერე.
- ძალიან დიდი გაიზარდა. სულ გარეშემო ჩრდილი ჰქონდა. ვერ იზრდებოდა სწორად. მოვჭერით.
სჭრიდა აბესალომი ხეებს: ამაში იყო დიდი ბრძოლა ჩემსა და მის შორის: ნუ სჭრი-მეთქი - ამ უზარმაზარ ხეებს, ძველ ხეებს. „სულ ერთია - სხვა მოსჭრისო“. დედაჩემთან სულ ამაზე ჰქონდა აბესალომს ომი: აიღებდა ნაჯახს და მიდიოდა ხის მოსაჭრელად, დაედევნებოდა დედაჩემი, ნუ სჭრიო. გაცოფებული აბესალომი ნაჯახს უღერებდა, მაგრამ დედაჩემს არ ეშინოდა. ბოლოს იმარჯვებდა დედაჩემი, მაგრამ აბესალომი ჩუმჩუმად მაინც სჭრიდა ხეებს: რაღაც ძვალბილში ჰქონდა გამჯდარი ხეების ჭრა, რაღაც უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა ჩვენთვის უსიამოვნების მოყენებით. სანამ დედა ცოცხალი იყო, ვერაფერს ხდებოდა; გარდაიცვალა თუ არა დედაჩემი, აბესალომი პირველადვე იმ ხეებს მივარდა და სულ აკაფა: მუხა, წაბლი, თუთის ხეები, კაკლის ხეები, ვაშლები, ატმები, ბია, კოპიტი, რცხილა, ასე წარმოიდგინეთ – თხილის და ტირიფის ხეებიც კი... რაში იყენებდა? სწვავდა მხოლოდ. ეხლა ერთად-ერთი ცაცხვი დარჩა და... ეზო გადატიალებულია. რად უნდა ეს ცარიელი ეზო, არ ვიცი. სახლი მიაყიდა. მერე მისწვდა ჩემს პატარა ქოხს და მოატრიალა - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. თითქო ამითი ბევრი რამ შეიცვალა: წინანდელი, ბავშობისას რომ მახსოვს, ის სახე კი შეუცვალა სახლს.. დედაჩემი ტყვილა არ ეძახოდა მას „ლეღენთერა“-ს. რა საქმეც არ უნდა წამოეწყო, ბოლოს ვერ მოაბამდა. სახლის დაგვა რომ დაეწყო, ცოცხს შუა სახლში მიატოვებდა: ნახევარ სახლს დაგვიდა. ხის მოსაჭრელად რომ წავიდოდა, ხეს ნახევრამდე მოსჭრიდა და ისე მიატოვებდა.. ყველაფერს უკუღმა აკეთებდა და ტიციანიც მას „დეზესენტს“ უწოდებდა გიუისმანსის გმირს. ასეცაა: არაფერი ამ კაცის ცხოვრებაში დამთავრებული არ არის, არაფერს დასრულებული სახე არა აქვს. ყველაფერი თითქო დაწყებულია და მერე მიტოვებული. და აი, სიბერეც შორს არაა. მოუწყობელი სიბერე. ვისი იმედი აქვს? ჩემი? პატიოსანი კაცია, წყნარი კაცია, მაგრამ მთლად უუნარო. აი, შეხედეთ ლეონიძეს: მასზე ლექსიც გამოუთქვამთ:
ათასად [კაცი] გვარი დაფასდა, ათი ათასად რომანი -
ნახევრად ლეონიძისა გაძრომა-გამოძრომანი!
ან ქიაჩელზე:
- რა პრემიის ღირსი იყო იგი? ვინ წაიკითხავს მის რომანს? მხოლოდ იმით გაიმარჯვა, რომ მეგრელია: პაჭკორია, შალვა დადიანი, ქიაჩელი..
ეხლა მწერალთა სასახლეში ვიყავი ირაკლისთან: სელვინსკიმ გადამრიაო. როდესაც პასტერნაკს არაფერს უბეჭდავდენ, მან ასეთი ხერხი იხმარა. დაიწყოო ქართველი პოეტების თარგმნა - და სულ თავისი საუკეთესო ლექსები, რისი დაბეჭდვაც ვერ მოახერხა, შეიტანა ქართველი პოეტების თარგმანში და გამოვიდა დიდებული. ქართველ პოეტებს ეს ძალიან გაუხარდათ და თავს იწონებდენ.. შეხედეთ, როგორი პოეტები ვართო. პასტერნაკი კი ჩუმჩუმად იცინოდა: ამ ხერხით მან დაამტკიცა თავისი ოსტატობა, მაგრამ... თარგმანი საზოგადოთ კარგი გამოდის, თუ ორიგინალთან... ორიგინალი შორსაა თარგმანისაგანო. ასეთი ამბავი სთქვა ილია სელვინსკიმ. მე ვლაპარაკობდი ქართული სტილის თავისებურობაზე და ეს მიღწეულია.
30-მდე ცეკა დაამტკიცებსო ახალ გეგმებს გამომცემლობებისას.
მაყვალა მრევლიშვილი: „ვერ გავბედეო თქვენთვის წიგნის მორთმევა“. მომიტანს. ნიჭიერი ქალია.
„ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად რომანი.
ამის ნახევრად გიორგის გაძრომა-გამოძრომანი“.
ლეოს სოლომონი ეუბნებოდა: - ლეო, პირადი მდივანი ხომ არ გჭირდებაო. - რაო? - პირადი მდივანიო. - მან ხელი ჩაიქნია, რატომღაც პესსიმისტურად.
მე ყურადღება მივაქციე ერთ გარემოებას, ე. ი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა გარემოებამ: წინად ლეო პოეტების საღამოს არ ესწრებოდა. გუშინწინ კი ბონდო კეშელავას საღამოზე - პრეზიდიუმში იყო გამოჭიმული. რამ გამოიწვია ასეთი უეცარი გარდატეხა მასში, არ ვიცი. თვით ბონდო კი ძალიან ამაყად დადის, თავი ისეთნაირად დამიკრა, გეგონებოდათ, სტალინის პრემია მიიღოო - ეგ არაფერი!
იყო საუბარი ლესსინგის პიესაზე: ირაკლი მეორე რომ ნახსენებია. დიდხანს ვსაუბრობდით ომზე.
ასე უსარგებლოდ მიდის დღე.
ნეტა რას მიედ-მოედებოდა დღეს ჩემი პარიკმახერი მთავრობის სასახლეში? ვინ ავრცელებს ამ ხმებს, ან რა მიზნით?
 
27 მარტი.
„Красная Новь“-ში მიხ. ზენკევიჩი - ჩემი „მთაწმინდის მთვარის“ შესახებ სწერს: „В некоторых стихах этого периода предчувствие грядущих потрясений, близкой грозы. „Мтацминдская луна“, о которой поэт раньше писал, что она „Плавучая льдина“, что такая тихая луна еще не рождалась, вызывает в нем „дрожь грядущих потрясений“:
И свет, что так хорош
К вам льется на колени,
В том лунном свете дрожь
Грядущих потрясений.
(Пер. Н. Тихонова).
„Это чувство все растет по мере развертывания [грядущих] революционных событий“... მაგრამ აქ საინტერესოა: თვით „მთაწმინდის მთვარეში“ არ იგრძნობა - ეს მომავალი? „რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“... მაგრამ არა... ეს ხომ იქიდანაა: „სიკვდილის გზა არ-რა არის ვარდისფერ გზის გარდა“. შეხედეთ, როგორი შეუსაბამობაა: „ცისფერი ლანდები“. აქ აკაკი წერეთელი უფრო სხვაა. მეტეხიც სხვაა, მტკვარიც სხვაა. მაგრამ ისინი ერთდებიან. აზრი „მთაწმინდის მთვარისა“ არის აზრი - პოეზიის არსებობის, მისი სიდიადის, აზრი „მემკვიდრეობისა“. აზრი - უშიშროებისა სიკვდილის წინაშე.. აქ გადახლართულია დიდი, საკაცობრიო აზრი არსებობის - კულტურასთან (ამ შემთხვევაში პოეზიასთან) ძველთან და ახალთან (მეტეხი, მტკვარი), ეროვნულთან (მეტეხი, მტკვარი), რომანტიზმთან (მთვარე, ცისფერი ლანდები, სიჩუმე, სინაზე, ზამბახები), პოეტურ ვუალთან, შესამოსელთან (მსუბუქი ქნარი). „მსუბუქი ქნარის“ პრობლემა დასმულია. „მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი, ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს“ (ყდა ჩემი პირველი წიგნის. ნიცშეს წერილები „ვაგნერიანობის საკითხზე“ - სადაც ირჩევა კარმენის ავტორის - ბიზეს სიმსუბუქე). ქნარისა და ჩანგის პრობლემა. როგორ გადადის ქნარი „ჩანგში?“
შარლემანის „აწყური“ ერთი ისეთი სურათთაგანია, რომლის მსგავსი მეორე არ მოიპოება გამოფენაზე. იგი ყოველმხრივ საინტერესოა. კრიტიკა ვერ შეხვდა რიგიანად (ლექსი სხვაა „ავტო და დმანისი“). მხატვართა გამოფენაზე არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის (მხატვრის) ო. შარლემანის სურათი „აწყური“. ამ სურათის შესახებ „З. В.“ სწერდა, როგორც იშვიათ სურათზე. ამ სურათს ყველამ მიაქცია ყურადღება. იდეა იგივეა, რაც ჩემი „ვენეციის ხიდი“, „ავტო და ურემი“ (ირ. აბაშიძის „ავტო და დმანისი“). შარლემანის ეს სურათი მართლაც განირჩევა ყველა სურათებისაგან: კეთილშობილურია, დახვეწილი და სათუთი - ნამდვილი ოსტატის ნამუშევარი. ცოტაოდნად გრაფიკოსი სჩანს, მაგრამ სითბო მეტია.
გამოვიდა „მნათობის“ №1 (იანვრის ნომერი). ჟურნალი იხსენება ჩემი ლექსით: „ლენინის ხსოვნა“. მართლაც, ჟურნალი იხსნება ჩემი ლექსით: რამდენი ჟურნალი გახსნილა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ჩემი ლექსით, რამდენი კრებული, რამდენი წიგნი. ყველა ესენი რომ შეიკრიბოს და გამოიფინოს, უპირველესი დოკუმენტი იქნება - იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ არის დღეს ქართულ მწერლობაში ცენტრალური ფიგურა. მაგრამ ამას ხომ არავინ არ უარყოფს, უნდათ მხოლოდ ეშმაკობით წამართვან ეს პირველი ადგილი ჟურნალებში და კრებულებში: ს. აბაშელს - ალფაბეტით, მაშაშვილს - კომკავშირელობით, ი. გრიშაშვილს - რითი, ვერ გამიგია, მაგრამ რომ თავდადებით იბრძოდა ამ ადგილისათვის (მაგალითად, მწ. კავშ. კრებულის XX წლის თავის აღსანიშნავად), ცხადია, ჯერ-ჯერობით აქა-იქ იმარჯვებს მხოლოდ ალფაბეტი, ერთხელ გაუღიმა მაშაშვილს ბედმა (ეს იყო თხუთმეტი წლის წინად - ვალია ბახტაძემ მისი ლექსი "ჩიმჩაირა" მოათავსა ჩემზე პირველად). მაგრამ მთავარი ადგილი უდავოდ ჩემია. ეს კი უდიდესი გამარჯვებაა. აბაშელიც, გრიშაშვილიც, მაშაშვილიც დამარცხებულნი არიან. ამ ფრონტზე დღემდე გამოსვლას შეგნებულად გაურბის გ. ლეონიძე. აი, იგი ემზადება, შეიძლება.. მაგრამ რომელი მხრიდანაა მოსალოდნელი მისი გამოსვლა? აჰა, გამახსენდა... ვაჟა-ფშაველა! ეხლავე საჭიროა მზადება. ლერმონტოვიც... საჭიროა მზადება.
საღამოთი წავედით მხატვრების გამოფენაზე შარლემანის „აწყურის“ ხელახლა სანახავად, მაგრამ გალერეა აფორიაქებული დაგვხვდა: ხანძარი გაჩენილიყო გუშინ და სურათები ძლივას გადაურჩენიათ. ყველა ჩამოხსნეს თურმე სასწრაფოდ! ჩემს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მიპასუხეს: სახურავზე ღამით პაცანები ასულიყვნენ სავახშმოდ. სვამდენ იქ ღვინოს და პაპიროსსაც სწევდნენ. სახურავზე გაჩენილიყო ცეცხლი, რომელიც მეხანძრეებმა მალე ჩააქრეს, მაგრამ გმოფენა სულ არეულ-დარეულია.
საჯარო წიგნთსაცავში ვეძებდი „Украiнскi Комсомолец“-ს. სერებრიაკოვმა მითხრა, რომ 25 თებერვლის ნომერში მოთავსებულია ჩემი ლექსი.. გაზეთი აქ ჯერ არ ჩამოსულა.
სოსლანის რუსული რომანის კითხვა - ფიასკოთი დამთავრებულა. და ლეო ქიაჩელიც რაღაცა მობუზული დადის.
მე ვფიქრობ დეკადაზე - რომელიც მასწავლებლის სახლში მინდა მოეწყოს. ამ საკითხზე - ხვალ ჩემთან მოვა სავლე აბულაძე... საღამოები უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება წყნარად და საქმიანად, ვინაიდან... ჯერ კიდევ არ გამქრალა სილუეტი ოპერის თეატრისა! იგი დიდხანს არ გაჰქრება, ისეთი ატმოსფერაა.
ტელეფონით ველაპარაკე შემნახველ სალაროს (№86), სადაც გამოსაცვლელად მივიტანე ორდენის წიგნაკები, თანახმად გამოცხადებული წესისა. წიგნაკები გადავეცი 28 თებერვალს, ერთი თვის წინად. ყველა წიგნაკები - ვინც წარადგინა, დაუბრუნეს მოსკოვიდან - ახალი. ჩემი კი დღესაც არა სჩანს. შემნახველ სალაროდან ასე მიპასუხეს: „სამი დღის წინად მივიღეთ უკანასკნელი პარტია წიგნაკებისა და სხვა დოკუმენტების, თქვენი კი მათ შორის არ არის. წერილობით ასე გვატყობინებენ: „Орденская книжка и др. документы Галактиона Табидзе будут высланы дополнительно“. ასე რომ, ველით და ერთი კვირის შემდეგ დაგვირეკეთო“. რაში უნდა იყოს აქ საქმე? შესაძლებელია... ბევრი რამაა შესაძლებელი! თორემ რაღა ჩემს წიგნაკზეა დაშვებული ასეთი გამონაკლისი? ო. ი. ამბობს, ელოდე სიურპრიზსო. ეს ისეთი საქმეა, რომელშიაც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. დამიბრუნებენ - ხომ კარგი. არ დამიბრუნებენ - მათი ნებაა, მე რა უნდა გავახერხო? თუ არ დამიბრუნებენ - ეს იქნება... ის, რომა, აღარ ვიქნები ორდენოსანი. ამითი მეტყვიან, რომ წართმეული მაქვს ლენინის ორდენი. მაგრამ არა მგონია, რომ ასე მოიქცენ.
სახელმძღვანელოების ავტორები - ვინ არიან? მათი წიგნების ბეჭდვა, ალბად, მალე დაიწყება.
გუშინ კბილი ამოვაღებინე ჰეინეს - კბილის ექიმს. მას ჰყოლია შვილი, რომელიც მოსკოვში სწავლობდა. ეს შვილი გაეცნო მეორე ამხანაგს სიტყვებით - Позвольте представиться, Гейне... მეორეს უპასუხია: - Очень рад. Пушкин! (მაგონებს ჭავჭავაძისა და წერეთელის ამბავს).
„მნათობის“ მეორე ნომერი გამოვა ამ დღეებში. მესამესი კი - არ იციან. აწყობილი კია. ორივე ნომერში ჩემი ლექსებია.
ნ. ლორთქიფანიძესთვის სოსლანს წაუკითხავს თავისი რომანი. ნიკოს უთქვამს: ეგ რომანი კარგი დადგება, თუ ერთ ათ წელიწადს კიდევ იმუშავებთო... ე. ი...
გამოქვეყნდა ცნობები, რომ ვინც პრემიები მიიღო, მათ ამიერიდან ეწოდებათ ლაურეატები.
 
28 მარტი.
ვნახე აბაშელი... ის უკმაყოფილოა კრიტიკით: არავითარი იმედი მათზე არა მაქვსო, გული გამიტყდაო.
ჩემი წიგნის რედაქტორობა მინდობილი აქვს გარრი ბებუთოვს. აბაშელმა სთქვა: ამას წინად ჩემთან მოვიდა Степанэ - და შენი ლექსების თარგმნა მთხოვაო. მე მივასწავლე ბებუთოვთანო. ბებუთოვს კი გული მოსვლია, რას მიგზავნიან აქ „ხალტურშჩიკებს“, თუ რედაქტორი ვარ, მე უნდა ვიცოდე, თუ ვის მივსცემ სათარგმნელად ლექსებსო, თუ არა და არ მინდა რედაქტორობაო. მეც დავუმოწმე: ოღონდ გააკეთოს საქმე და ხელს არავინ არ შაუშლის-მეთქი.
რა მშვენიერი ხმა აქვს ბეღურას - მიკვირს, თუ რატომ არვინ აფასებს,
ისე, ბულბულსაც არა უშავს რა, მხოლოდ ცოტათი წაიკაპასებს.
ვარიანტი:
რა კარგი ხმა აქვს ბეღურას, მხოლოდ არავინ აფასებს.
ბულბულსაც არა უშავს რა - მხოლოდ მუნ წაიკაპასებს.
ან:
ბულბულსაც არა-უშავს-რა...
რა მშვენიერი ხმა აქვს ბეღურას, მხოლოდ არავინ მას არ აფასებს.
ისე ბულბულსაც არა უშავს რა, მხოლოდ ცოტათი წაიკაპასებს.
„აღარ გვინდა საქართველო - ვარდ-ბულბულის ქვეყნად“. - სწერს ლეონიძე. დიმიტრი ბენაშვილი შენიშნავს: „სრულ უგემოვნობას და პოეტურ კონტროლის გრძნობის უქონლობას რომ თავი დავანებოთ, გაუგებარია, რას ერჩის პოეტი ვარდსა და ბულბულს? რამ გამოიწვია ყოველივე ეს? უპირველეს ყოვლისა, არა სერიოზულმა დამოკიდებულებამ ამ ფრიად დიდი და საპასუხისმგებლო თემისადმი. ეს თავისთავად არასასურველი მოვლენაა, მაგრამ ფაკტია და შეუძლებელია მისი უარყოფა“. ბენაშვილი ამბობს: „მაგრამ ყოველივე ეს კერძო ხასიათის შეცდომებია“. ჰმ... პირიქით: ეს ხაზია. ლეიტმოტივია. ამგვარად ახსნა, მართლაც, „უპირველეს ყოვლისა, არის არა სერიოზული დამოკიდებულება“ კრიტიკისა - თანამედროვე პოეზიისადმი. ლეონიძის მხრით კი ეს პირველი არ არის, გაიხსენეთ - აკაკი წერეთლის გამოფენა, სადაც ლეონიძე განზრახ ჩრდილავდა დიდი პოეტის მიღწევებს (წინად იძახდა - აკაკი ვინ იყო? - უბრალო მესტვირეო). დაავიწყდა, რომ თვითონ - მესტვირეების პოზიციებზე დადგა: ფოლკლორს ართმევს ღდინს. ფოლკლორის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა.
მაგრამ რა დროს ესაა...
როგორი უნდა იქნეს ჩემი რუსული წიგნი? მე ვფიქრობ ასე: იგი წარმოდგენილი უნდა იქნას მთლიანად ახალი მასალებით, ახალი წიგნით. უმთავრესად 1937 წლის შემდეგ - „Ветер Иверии“.
საბლიტგამში - ერთი წიგნი „ვარდების“.
„ფედერაციაში“ „რჩეული ლექსები“ - 5.000 სტრიქონი. თუ მხედველობაში მივიღებთ ორის ერთ სტრიქონად ქცევას, მაშინ 10.000 სტრიქონი (ისე როგორც „ქალაქი წყალქვეშ“, „მე და ღამე“) იქნება.
მხოლოდ: ერთი წინასიტყვაობა არ კმარა.. ერთი უნდა იქნეს საერთო მიმოხილვის მსგავსი. ერთი - რადიანის, მეორე აბზიანიძის, მესამე ბენაშვილის, მეოთხე გაწერელიასი.
 
29 მარტი.
იყო ჩემთან სავლე აბულაძე, მასწავლებელთა სახლის ლიტერატურულ-პედაგოგიური წრის ხელმძღვანელი. შევთანხმდით: იგი მოაწყობს ერთს საღამოს აპრილში, ხოლო მთელ რიგს საღამოებისას წლის დამლევს. ამიტომ საჭიროა დაზუსტება თემების, რომელიც მიეცემა დასამუშავებლად მომხსენებლებს.
დამირეკეს „ოქტომბრელის“ რედაქციიდან: მთხოვენ ლექსს მაისის ნომრისთვის.
დავსწერე ახალი ლექსი „ვარდები“ - რომელიც მინდა შევუერთო ლექსს ქუთაისის შესახებ. „ვარდები“ ერთგვარი პასუხი იქნება იმ პოეტებისადმი, რომლებიც ამბობენ - „აღარ გვინდა საქართველო ვარდ-ბულბულის ქვეყნად“.
ვცდილობ დავაზუსტო გამოსაცემი წიგნების შინაარსი. მეტად საჭირო საქმეა. მაგრამ ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული გეგემები ცეკას მიერ. შეიძლება სულ ამოაგდონ ჩემი წიგნები? მაგრამ მთლად, არა მგონია. ორი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთი მაინც დარჩება.

30 მარტი.
მოსკოვიდან დამიბრუნეს ჩემი საორდენო წიგნაკი, სამგზავრო ბილეთი და ფულის კუპონები. ასე რომ, ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. წიგნაკებს მხოლოდ ერთი კვირა დააგვიანდა.
იყო ჩემთან სერებრიაკოვი. მან მთხოვა ლექსები - ლენინის შესახებ (22 აპრილისთვის) და საპირველმაისო ლექსები („Ленин был рожден для революции, он был поистине гением революционных взрывов, и величайшим мастером революционного руководства“ - (Сталин).
სერებრიაკოვი ელის ჰონორარს მოსკოვის გამოცემისაგან.
როდიონ ქორქიამ წინადადება მომცა - მოეწყოს საღამო ცეკავშირში (აპრილში). აგრეთვე ვუთხარი ხიდისთაველს (საჯარო ბიბლიოთეკაში). მიკვირს, რისთვის ვერ ვიყენებ ფოტოებს და გაზეთს - „გალაკტიონი“.
გ. აბზიანიძემ მითხრა: დიდი ბრძოლა დამჭირდა გამოფენაზე შენი სურათის გამოკიდებისთვისო (ნეტა ვისთან?).
 
31 მარტი.
დღეს დილიდანვე იგრძნობა გაზაფხულის პირველი ნამდვილად მზიანი და უხვი დღე. ცოტათი ქარი ქრის და ხანდახან იგი ძლიერდება. ამის გამო ეხლა ჩვენი ეზო წარმოადგენს დორეს ილიუსტრაციას: ქალს გაუკიდნია ზეწრები და ქარი აფრიალებს მათ, ეხლა ქალს უნდა ჩამოხსნას ზეწრები, მაგრამ ძლიერ უძნელდება (სოლომონ ყუბანეიშვილი). ველაპარაკე ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლას: ბავშები მიმზადებენ ალბომს. გიორგიმ დიდის ბოდიშით დამიბრუნა ვალი: ვუთხარი, თუ რაზედ იწუხებდა თავს. ველაპარაკე ბებუთოვს მომავალი წიგნის შესახებ. 1. წიგნში უმთავრესად უნდა იყოს ახალი ლექსები. 2. უნდა მიეცეს სათარგმნელად უკეთეს პოეტებს: ანტოკოლსკის, დერჟავინს. არიანო ისეთი პოეტები, რომელთაც ჯერ არ უცდიათ თარგმნა, მაგრამ შეუძლიანთ. 3. უარყოფილი იქნას ხალტურა (ბრიკი და სხვ.). 4. წიგნი დაიწყება ახალი ლექსებით. მაგ., 1941 წ. და მიყვება 1940, 1939 და ასე შ. 5. მასალების დალაგებაზე მე უნდა ვიმუშაო. 6. შემუშავდება მთარგმნელებისადმი მიმართვა. 7. გაკეთდება კარგი „პოდსტროჩნიკები“. ჯერ კიდევ არ არის გეგმა დამტკიცებული. დამტკიცებისთანავე შევუდგებით მუშაობას. მივიღეთ ლაინეს წერილი - რომ ის უკეთესადაა. იყო სტუდენტი ელენე რუხაძე (რადიანის მოწაფე). მან წერილობით ასეთი შეკითხვები მომცა: „პატ. გალაქტიონ! გთხოვთ ამ კითხვებზე მიპასუხოთ: 1. საერთოდ ფორმა თქვენი როგორია. 2. I-ლ პერიოდში და II-ში. 3. პოემა აკაკი წერეთელში რა გამოხატეთ. 4. გარდა ამ პოემისა სხვა კიდევ ხომ არა გაქვთ პოემა, დაწერილი 40-41 წ. ბოდიში რომ შეგაწუხეთ. სტუდენტი ელენე რუხაძე“.
ასე გავიდა მარტი. მარტი - ქალების თვეა. თვეც ქალის შეკითხვებით დამთავრდა! საღამოთი ცაზე სჩანდა ახალი მთვარე.
 
მოკლე დასკვნები:
ყველაზე ძვირფასი ამ თვის განმავლობაში ჩემთვის იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის შკოლის მოწაფეებთან შეხვედრა: ეს იყო შეხვედრა გაზაფხულთან! კიდევ ის, რომ ლექსით „გაზაფხული“ გაიხსნება ბავშების ჟურნალი! იყო ბევრი კარგი რამ, გამომდინარე წინანდელი თვიდან, თებერვლის გამოხმაურება მარტში: „Правда“ - მივიღე მარტში, ცაგარეიშვილის საგუნდო ნომერი, ვეფხვაძის სურათი, მარადაშვილის საჩუქარი, უნივერსიტეტის გაზეთი, უკრაინელებთან შეხვედრის სურათი, სტეპანეს თარგმანი, ირაკლი აბაშიძის, სანდრო ეულის წიგნები წარწერებით, სერებრიაკოვის წიგნი, ქრონიკა „ლიტ. საქ.“-ში - საარტილერიო შკოლის საღამოს შესახებ, „Красная Новь“-ის ბიბლიოგრაფია, „მნათობის“ №1 - გამოსვლა, „Комсомолец Украины“ ჩემი ლექსით, სემიონოვის პორტრეტი - ყოველივე ეს გამოხმაურებაა - წინა თვის და ყოველივე ეს ძვირფასია, საჭირო იმ დიდი მიზნისთვის, რომლისთვისაც ვმუშაობ.
მაგრამ ამავე თვეში იყო ისეთი დამარცხებები, რომელთაც უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ და ჩემმიერ მათი უგულებელყოფა დიდი სისულელე იქნებოდა: 1. ოპერის თეატრისთვის ბრძოლის წაგება, პრემიების სხვებისთვის მიცემა, ალფაბეტის ნაწილობრივი წინ-წაწევა. „პარიზის კომუნის“ ვერ დაბეჭდვა. მწერალთა კავშირში სხვისი საღამოები; აგრეთვე დაუმთავრებელი საქმეები: რემედასის, მუსიკალური პროგრამის, რადიოსი. მომავალი თვის გეგმებში პირველი ადგილი უჭირავს წიგნებს (Заря Востока, ფედერაცია, საბლიტგამი). მეორე - საღამოებს (ცეკავშირში, მასწავლებლის სახლში, საჯარო ბიბლიოთეკაში, რადიოში, ფილარმონიაში). მაინტერესებს იაკობ ნიკოლაძის მარმარილო, გაღრმავება ქართული კოლორიტის იდეის, ლექსები მაისისათვის. რაკი გადავეშვი ომში, უკან დახევა არ იქნება. ოპოზიციონური განწყობილება ჩემს წინააღმდეგ მტკიცდება - მწერალთა კავშირში (პრეზიდიუმი, ლიტ. საქართველო). იგი გამომდინარეობს დიდი ხნის წინად არსებული კონფლიკტიდან. წინად იგი ასეთ აშკარა სახეს არ ატარებდა. თუ რაიმე დარჩა კიდევ - რომელიც ასე თუ ისე მაკავშირებს მასთან, ესაა წიგნების საქმე, მაგრამ მწერალთა კავშირის დათმობა სხვებისთვის, ეს ჩემი მხრით დიდი დათმობა იქნება და არც ჩავიდენ არასოდეს. უთუოდ მალე მოხდება დიდი შეჯახება. ისინი ირაზმებიან, მტკიცდებიან - რათა... და უნაყოფო ბრძოლაც საჭირო არაა, მით უმეტეს არ იცი, ვისთანა გაქვს საქმე... ხუთეულის გამაგრება ეს უბრალო წყალის ნაყვაა, აქ ყველა თავისკენ მიითვლის! იდეოლოგიური ფრონტი რყევაშია: მე უნდა წამართვან ჩემი მიღწევები და სხვას მიაკუთვნონ - და ეს გამომჟღავნებული უნდა იქნას თანდათან, მაგრამ დაჟინებით. ამაოდ ჰგონიათ, რომ მე ჩემს მიღწევებს - სხვებს დავუთმობ.

1 აპრილი.
მოსკოვის სახელმწიფო გამომცემლობა „Художественная литература“-დან მივიღე დაზღვეული ბარათი ასეთი შინაარსის: „Дорогой товарищ Табидзе! К пятилетней годовщине со дня смерти А. М. Горького Гослитиздат выпускает большой сборник воспоминаний писателей (встречи, беседы, письма), посвященный Алексею Максимовичу. Очень просим Вас принять участие в нашей книге. Материал необходимо получить в апреле, в начале мая. Будьте любезны сообщить, можем ли мы рассчитывать на Вас. С глубоким уважением П. Чагин, И. о. директора Гослитиздата“. დატა: 27 მარტი, 1941 წ.; უნდა გავუგზავნო პასუხი, რომ მაისის პირველ რიცხვებში მე მათ მივაწოდებ მოგონებებს ა. მ. გორკის შესახებ.
გავაგზავნე წერილი კიევში „უკრაინის კომკავშირელის“ რედაქციას: მე მათ ვთხოვ, გამომიგზავნონ ორი ეგზემპლიარი გაზეთისა და...
იყვნენ ჩემთან ნაძალადევის კლუბის წარმომადგენელნი. მათ სურთ ჩემი საღამო მოაწყონ 4 აპრილისთვის. ისინი შეთანხმებულნი არიან მწერალთა კავშირთან. მეც დავეთანხმე ყველაფერში.
დილით ოლგა იურევნამ - პირველი აპრილით - შემიყვანა შეცდომაში: შეხედე, ტელეფონს რა ემართებაო. მივიხედე. „პირველი აპრილიაო“. რა სისულელეა. მეწყინა რაღაც. არ გასულა სამი წამი და... უეცრად ვიგრძენი: კბილების მაგიერ რომ „ხიდი“ მქონდა, ფოლადისა, შუა ჩატყდა. წავედი ექიმთან - გეინესთან. მან მითხრა, რომ სულ უკანასკნელი კბილი, რომელზედაც დამაგრებულია ეს „ხიდი“, შერყეულიაო. ეს სიბრძნის კბილია. თუ ის აღარა ვარგა, დაღუპულია მთელი ოთხი კბილის საქმეც. ექიმმა ყოველ შემთხვევისათვის მითხრა, მივიდე მასთან სამი დღის შემდეგ, რომ გავიგოთ, კიდევ ივარგებს რადმე ეს „სიბრძნის კბილი“ თუ არა.
კ. ჭანტურიშვილმა მითხრა, სამი დღის შემდეგ გავიარო მასთან, რათა გავაფორმო საბოლოოდ ხელშეკრულება. „ფედერაციის“ შესახებ - ირაკლიმ ჯერ კიდევ არაფერი არ იცის. „ბიუროს სხდომა ჯერ კიდევ არ ყოფლაო“.
საღამოთი კი... რეკავს ტელეფონი. ვკითხულობ: ვინ არის ტელეფონთან? პასუხი: მე. - ვინ „მე?“ - ვეკითხები. - აბესალომ ტაბიძის მოწაფე. დღეს ჩამოვედი სამტრედიიდან. აბესალომმა შემოგითვალათ, რომ ბავში კარგად არისო. - კი მაგრამ, რომელი ბავში-მეთქი, ბავში ხომ აქ არის... უცებ შემაწყვეტინეს: - რას დამაბარებთ, რომ გადავსცეთ? - გადაეცით, რომ აქ მშვიდობაა-მეთქი. - კარგიო, - იყო პასუხი და შემდეგ ქალიშვილის გულიანი კისკისი: „დღეს პირველი აპრილია, მოტყვილება ადვილია“. კიდევ ასეთი სისულელე.

2 აპრილი.
გორის პედაგოგიური ინსტიტუტი ა/წ. 12 აპრილს საღამოს 8 საათზე ინსტიტუტის შენობაში, გორის მშრომელთათვის მართავს ქართული საბჭოთა პოეზიის დიდ საღამოს. ინსტიტუტი მთხოვს, მონაწილეობა მივიღო ამ საღამოში. იწერებიან, რომ ხარჯები ანაზღაურებული იქნება.. ამ საღამოს „ნიუანსების“ შესახებ მე ველაპარაკე ვანო წულუკიძეს.
დღეს საღამოს 8 საათზე მწერალთა კლუბში სსმკ - მთარგმნელთა სექცია აწყობს მ. ლერმონტოვის პოემის „მწირის“ კითხვა-განხილვას. მინდა დავესწრო.
წიგნების შესახებ ჯერ კიდევ პასუხი არ არის არსაიდან. დღეს განვაგრძობდი პოემის „საუბარი ვარდების შესახებ“ წერას. ჯერჯერობით შესანიშნავი გამოდის. საინტერესოა სოლ. ყუბანეიშვილის წიგნი „ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“. ამგვარათვე სურს მას, დაამუშავოს წიგნი ჩემს შესახებ და ეს ძალიან კარგი იქნება.
საღამოთი ჩემთან იყო ელენე რუხაძე. მან წამიკითხა მონოგრაფია ჩემს შესახებ: იმეორებს შ. რადიანის აზრებს. მითხრა, რომ არამარტო მე, არამედ ბევრს აქვს თქვენს შესახებ - ნამუშევარიო. მაგრამ სავლე აბულაძის წერილი უკეთესი იყო, უფრო მოკლე, სხარტული, ზრდილობიანი: ეს ქალი კი სულ ჩემს წარსულს იხილავს და გაიძახის: გულგატეხილობის, უიმედობის და სხვ... ასეთების შესახებ. ო, როგორ მოსაბეზრებელია - ყოველივე ეს. საინტერესო აზრი სთქვა ჩემს შესახებ სერგო ჯავშანიძემ: საქართველოში ერთად ერთი პოეტი ხარ, რომელმაც მწერვალს მიაღწიე სხვის დაუხმარებლად, სხვას ყველას გადიები შველიანო.. სამართლიანად ამბობდა პოლიკარპე კაკაბაძე: მოღალატეს რომ მეგობრად გაიხდი, საქმე წაგებულად უნდა ჩათვალოო.
მაინც მწერალთა კავშირში კინკლაობა გრძელდება. გუშინ წინ თურმე იაკინთე ლისაშვილის რომანს „კეცხოველს“ რომ არჩევდენ, ჩიქოვანს უთქვამს: მე საზოგადოთ წინააღმდეგი ვარ ბიოგრაფიული რომანებისო, ამაზე ირაკლის შეუნიშნავს: ეს დიდი პოლიტიკური შეცდომააო. წაჩხუბებულან (რეცენზია იაკინთეს წიგნზე დასაბეჭდათ კი ჩიქოვანს ეკუთვნოდა).
ვკითხულობდი მაქს ნორდაუს წიგნს. ამ წიგნში ბევრი რამაა ისეთი, რომელიც პირადათ მე მეხება. „გენია თავისი ინტელეკტუალური ძალღონით, იმ ძალღონით, რომელიც მხოლოდ მისი თვისებაა, გადაამუშავებს გარეგან შთაბეჭდილებებს ხელოვნების ნაწარმოებად, ყველა დანარჩენ ხალხისთვის გასაგებ ნაწარმოებად. დაუყოვნებლივ, ამის შემდეგ იბადება ხროვა პარაზიტებისა. უპირველეს ყოვლისა, ჩნდებიან მიმბაძველები. ისინი იმეორებენ და ცვლიან ვარიანტებად პირველად ნაწარმოებს, ცოტად თუ ბევრად ხელოვნურად. ეს თავისებური ბუზები და ჯღიბები არიან (მაქს ნორდაუს აქ მხედველობაში აქვს დარვინის მაგალითი; დარვინი აღწერს ატლანტიის ოკეანეზე არსებულ წმ. პავლეს ხრიოკებს, სადაც პირველად ჩნდება ფრინველი. საკმარისია ამ ფრინველის გამოჩენა, რომ მასთან ერთად კუნძულზე გაჩნდენ პარაზიტები, ბუზები, ჯღიბები, მიკრობები და უნაყოფო კუნძული სიცოცხლით აფუსფუსდება). ეს თავისებური ბუზები და ჯღიბები არიან, განაგრძობს ნორდაუ, რომლებიც ფრინველების სისხლს სწოვენ. ამის შემდეგ ფუძნდებიან კრიტიკული და ესთეტიური შკოლები, რომელნიც ვერასგზით ვერ ახერხებენ რა, მიიღონ რამე შიშველი ბუნებისაგან, ამიტომ სარგებლობენ გენიისა და მისი მიმბაძველების საჭმლის მონელებით. ისინი შეიძლება შევადაროთ ობობებს, რომლებიც ბუზებს დადარაჯებიან, და ნეხვის მწერებს, რომლებიც ფრინველის ექსკრემენტებით საზრდოობენ (ისევე დარვინი). და ბოლოს გამოდიან სცენაზე ლიტერატურის ისტორიკოსები, რომლებიც დიდის გაჭირვებით ჰყვებიან, თუ როგორ მოხდა ყოველივე ეს. მათთან შესადარებლად მე ვერ ვნახულობ ცხოველ ორგანიზმებს წმ. პავლეს მწერვალებზე, ვინაიდან მე ძალიანაც არ მინდა შევადარო ისინი მიკრობებს. ამნაირად, ჩვენ უკვე გვაქვს ბედნიერება, გვქონდეს მთელი ეროვნული ლიტერატურა, მეორე ხარისხოვან მწერალთა რიგით, ესტეტიური სისტემებით, გონებამახვილი კრიტიკული ნაწარმოებებით, ლიტერატურის ისტორიით და მონოგრაფიებით - ცალკეულ თავებზე ტემებით, მსწავლული კომენტარიებით.

3 აპრილი.
მინდოდა დავსწრებოდი ბაბილინას მიერ ნათარგმნ „მწირი“-ს წაკითხვა-განხილვას. წავედი. არ შესდგა... სიმ. ჩიქოვანი (მთარგმნელთა სექციის ხელმძღვანელი) არავითარ ინტერესს არ იჩენს: მეორეჯერ გადაიდო კითხვა მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საკმაოდ შეიკრიბა. დღე ორორისა. ირონიის. ორი პოეტესა. ორი სტუდენტი ქალი (ერთი მათგანი გამაგიჟებლად ლამაზია). ორი ბავში - გოგონები: [წინ!!] თან სიმონის საკითხი სდგას მწერალთა კავშირის პარტუჯრედში (სიმონი პარტიის წევრი, კანდიდატი ყოფილა).
სიმონი ამ დღეს მიუღიათ პარტიის წევრად: აწი უნდა უყურო მას. ვარავინ ხელიდან ვერ გამოგლეჯს პოეტებისა და მთარგმნელების სექციების ხელმძღვანელობას...

4 აპრილი.
ნაძალადევში (პლეხანოვის სახელობის კლუბში) შესდგა ჩემი საღამო. აფიშა: „ლიტერატულ-მხატვრული საღამო, მიძღვნილი სახალხო პოეტის, ორდენოსანის გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი“. პროგრამა: „შესავალი სიტყვა გ. ტაბიძის შემოქმედებაზე - ბ. ჟღენტი. საღამოში მონაწილეობენ პოეტები და მწერლები: შ. დადიანი, ი. აბაშიძე, გ. ლეონიძე, ი. გრიშაშვილი, ს. ჩიქოვანი, გ. ქუჩიშვილი, რ. ქორქია, ბ. სერებრიაკოვი, მ. მრევლიშვილი, გ. კაჭახიძე, ანდრო თევზაძე და ვ. გორგაძე. 2. მხატვრული განყოფილება: მონაწილეობენ: ვასო გოძიაშვილი, თამარა ჭავჭავაძე, ს. ზაქარიაძე, ანა ვარდიაშვილი ტრიოს თანხლებით. დასაწყ. 18 საათზე. ბილეთები იყიდება წინასწარ“. ასეთი იყო აფიშა.
თეატრი გაიჭედა ხალხით. ჩემს გამოჩენასთანავე, როგორც კი აიხადა ფარდა, მთელი აუდიტორია ფეხზე ადგა. ეს კარგის მაჩვენებელი იყო (ხალხი მეორეჯერაც ადგა ფეხზე). საღამო ძლიერ კარგად ჩატარდა: ფოიეში იყო გამოფენილი ჩემი წიგნები, სცენაზე მოიტანეს ყვავილები, კითხულობდენ ჩემს ლექსებს, ამბობდენ სიტყვებს ჩემს შესახებ. ლეონიძემ წაიკითხა ლექსი „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, ქუჩიშვილმა „პროლოგი 100 ლექსის“, სოლომონ თავაძემ „მთაწმინდის მთვარე“, თ. ჭავჭავაძემ „მერი“, „მოდიან ლეგიონები“ და სხვ. მშვენიერი სიტყვა სთქვა საღამოს წამყვანმა. ბესო ჟღენტმაც დიდხანს ილაპარაკა. გ. კაჭახიძემ, მ. მრევლიშვილმა წაიკითხეს ისეთი თავისი ლექსები, რომლებიც საღამოს შეეფერებოდენ. სერებრიაკოვმა წაიკითხა ლექსის „მშობლიური მიწა“-ს თარგმანი, სტეპანემ - შესავალი „კავკასიონის ქარი“-ს, გრ. ტაბატაძემ - ლექსი - რომელიც წინად წაკითხული ჰქონდა „З. В.“-ს საღამოზე. როდიონ ქორქიას სიტყვა „წითელ არმიის“ შესახებ ახალი იყო. აგრეთვე ტემპერამენტიანი სიტყვა სიმ. წვერავასი. განსაკუთრებულად გამოვიდა ანდრო თევზაძე... და შ. ნავთლუღელი. მეტად კარგი საღამო გამოვიდა.
ახალი, რაიც ემატება საერთო ამბავს, რითაც მდიდრდება სხვა ამბავი - ეს იყო: 1. აფიშა. 2. მომწყობთა შესავალი სიტყვა. 3. თაიგულის მომრთმევის სიტყვა. 4. რ. ქორქიას სიტყვა (წითელი არმია გ. ტაბიძის შემოქმედებაში). 5. სიმონ წვერავას - მეტად მოხდენილი თქმა საქ. მე-XX საუკ. პოეზიის მწერვალზე. 6. ლეონიძის გამოსვლა. 7. ნავთლუღელის ლექსი. 8. სერებრიაკოვის თარგმანი. 9. სტენოგრაფია. 10. ფოტოების გადაღება მწერლებთან. 11. სტეპანეს თარგმანი.
არ ინებეს მობრძანება საღამოზე: შ. დადიანმა, ი. გრიშაშვილმა, ი. აბაშიძემ, ს. ჩიქოვანმა. დადიანს ეთქვა: დღეს ლიბრეტოზე ვმუშაობთო. გრიშაშვილმა - სიცხე მაქვს, თავი მიბრუისო. ჩიქოვანმა: თუ მოსკოვში არ წავედიო - (არ წასულა). ირაკლი აბაშიძემ თვითონ შეიტანა თავისი სახელი და გვარი პროგრამაში, საღამოზე კი არ გამოცხადდა... უნდა დავიმახსოვნოთ ასეთი ამბები. ლეონიძესაგან არ მოველოდი მოსვლას და მოვიდა. ესენი კი... ეს ოთხი ჟულიკი – განაგრძობენ ჟულიკობას. საღამოს დაესწრო გიორგი ჭუმბურიძე (მან აღტაცებით გადამკოცნა)….
...და მაინც... 1. რატომ ასე სწრაფად მოეწყო საღამო? (აფიშა გაიკრა წინადღით). 2. პროგრამა წინასწარ არ იყო შედგენილი და ჩვენ შევადგინეთ სცენაზე. 3. მე მგონია, მწერალთა კავშირში რაღაცა ამბავია, საღამო მწერალთა კავშირთან წინასწარ შეთანხმებით იყო მოთავსებული, მდივანი კი არ გამოცხადდა. იყო ამ საღამოს მომწყობი ქალი (წიგნთსაცავის გამგე) კავშირში და თითქოს ყველაფერი გამოარკვია. მე მას წინასწარ ვუთხარი, არამც და არამც აფიშაში გამოცხადებულნი არ ყოფილიყვენ ისეთები, რომლებიც წინასწარ ბეჯით სიტყვასა და დაპირებას არ მისცემს მათ. და მაინც გამოაცხადეს (ალბად ამის გამო არ მოვიდა ირაკლი, ეშინოდა, რომ საყვედურს ვეტყოდი). 4. აშკარადა სჩანს თეთრი ძაფებით ნაკერი პოლიტიკა – თანდათან ჩემი და სხვების საღამოების საშუალებით „გააძვრინონ“, მოუპოვონ პოპულიარობა ლეონიძეს, რომლისადმიც ხალხი ანტიპატიურადაა განწყობილი. ამ გარემოებიდან თავისთავად გამომდინარეობს დასკვნებიც. 5. ქართველი მწერლები ვერ ლაპარაკობენ ჯერ კიდევ ხმამაღლა ჩემს შესახებ ისე, როგორც საჭიროა. ღეჭავენ რაღაცას. ასე არ ვარგა. უნდა ვაიძულოთ გულწრფელად ილაპარაკონ: აქ ჩემი პირადი საქმე, მარტო ჩემი პირადი საქმე როდია.. აქ ყველაფერი დღესავით ნათელი უნდა იყოს. და ამას უნდა მივაღწიოთ თანდათანობით, მაგრამ განუხრელად. უამისოდ არ შეიძლება შეიქმნას წიგნი, უამისოდ ისევ არევ-დარევა გამეფდება მწერლობაში, უამისოდ უფრო მეტი გასაქანი ექნება ავანტიურისტულ გამოსვლებს, უამისოდ მტრები შესძლებენ შეარყიონ ჩემი მდგომარეობა. და ამის გამო ყოველ ასეთ საღამოს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი ამტკიცებს და ამაგრებს საერთო ფრონტს, იგი წინ სწევს პოეზიის საკითხს. იგი აიძულებს ანგარიში გაგვიწიონ ისე, როგორც საჭიროა. თუ ყოველივე ეს არ მოხერხდა, თუ არ იგრძნეს, რომ გალაკტიონი წარმოადგენს ძალას, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს, ასეთი საღამოები წყლის ნაყვა იქნება... უნდა გამოგონებულ იქნას ხერხი, რითაც შესაძლებელი იქნება ალაპარაკდენ ისინი, რომლებიც განგებ პირში წყალს იგუბებენ, იმ მოსაზრებით, რომ აი, ჩვენცა ვხნავდითო. უმთავრესი ყურადღება ჩვენ მოგვაქციეთო. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ყალთაბანდობა ჩვენთან არ გაუვათ.

ასეთია მდგომარეობა. საღამო ნაძალადევში შლის ჩემს წინ ახალ პერსპეკტივებს. მწერლთა კავშირის წევრთა მთელი მესამედი არა სიტყვიერად, არამედ ლიტერატურულად – სდგას ჩემს მხარეზე, ამბობს თავის კომპეტენტურ სიტყვას. ორი მესამედი ჯერჯერობით განზე სდგას. რა ეშველება ამ ორ მესამედს? მათში ბევრი სავსებით უიმედოთ უნდა ჩაითვალოს, ბევრისგან კი შეიძლება გამოვიდეს რამე (ბუხნიკაშვილი, გაბესკირია, გამსახურდია, გაჩეჩილაძე, გვეტაძე, ერთაწმინდელი, ვარდოშვილი, ვაკელი, ინგოროყვა, ლისაშვილი, მჭედლიშვილი, სულიაშვილი, ქუთათელი, შენგელაია, ცეცხლაძე, ჭეიშვილი ალ., ხახუტაშვილი, ხეჩუაშვილი, ბაბილინა, აზიანი, ახნაზაროვი, გეგეჭკორი, ერისთავი-ხოშტარიასი (თუ მანამდე...), კაპანელი, კეშელავა, მიქელაძე კატო, ნაკაშიძე ნინო, სახოკია თედო, ყანჩელი). თუ ამ 30 კაცის ხმა მიემატა წინანდელს, საქმე გამარჯვებულად უნდა იქნას ჩათვლილი. მაგრამ... რამდენი ენერგია მიაქვს მთელი ამ მთხლე საზოგადოების დაპყრობას!
ეხლა იწყება გორის ეპოპეა! (მეშინია ამ საღამოებმა არ გადამახვევინოს გზიდან: წიგნების დამზადებიდან... საცაა, შეიძლება დაამტკიცონ გეგმები – მე კი წიგნები მზად არ მექნება. ისე უნდა მოეწყოს მუშაობა, რომ ერთმა საქმემ მეორეს არ შეუშალოს ხელი).
მართლაც... ეხლა კი დაიწყება!!!

აი, სია მწერალთა კავშირის წევრებისა, რომელთაც ასე თუ ისე გამოთქმული აქვთ თავიანთი აზრი ჩემს შესახებ:
1. აბაშელი ალ., 2. ასათიანი ლევან, 3. ახვლედიანი დარია, 4. ბენაშვილი დიმიტრი, 5. ბობოხიძე კალე, 6. გაწერელია აკაკი, 7. გელოვანი მირზა, 8. გორგაძე ვასო, 9. გარიყული მარიამ, 10. დადიანი შალვა, 11. ეთიმ გურჯი, 12. თავაძე სოლომან, 12a. კასრაძე დავით, 14. ლორთქიფანიძე კონსტ., 15. მეგრელიძე ლიდია, 16. მიქელაძე მარიკა, 17. მოსაშვილი ილო, 18. ნატროშვილი გ., 19. ჟურული ვარლამ, 20. ჟღენტი ბესარიონ, 21. რადიანი შალვა, 22. სერებრიაკოვი ბორის, 23. სულავა ალკა, 24. ქორქია როდიონ, 25. ქუჩიშვილი გ., 26. შანშიაშვილი სან., 27. შენგელაია დემნა, 28. წვერავა სიმონ, 29. წულუკიძე ივ., 30. ხიდისთაველი სიო, 31. ასტვაცატუროვი, 32. მებუკე გ., 33. ლორთქიფანიძე ნ., 34. მეტრეველი ლევან, 35. აბაშიძე ირაკლი, 36. აფხაიძე შალვა, 37. გამსახურდია კ., 38. გრიშაშვილი ი., 39. კლდიაშვილი ს., 40. მაშაშვილი ალიო, 41. მრევლიშვილი მ., 42. ნადირაძე კ., 43. შენგელაია დემნა, 44. ყიფიანი ივი., 45. შანიძე ალ., 46. კეშელავა პლ., 47. შუბლაძე ვერა, 48. თევზაძე ანდრო, 49. კაშმაძე შალვა.
აი, სია იმ მწერლების, რომლებიც შეგნებულად გაურბიან სიტყვის თქმას; ან ორ-აზროვნად საუბრობენ:
1. აბაშიძე ირაკლი, 2. აბაშიძე გრიგოლ, 3. ავალიანი ვლადიმ., 4. აფხაიძე შალვა, 5. [აღლაძე] ბალიაური ლ., 6. ბუხნიკაშვილი გ., 7. გაბესკირია ვიქტ., 8. გამსახურდია კონსტ., 9. გაჩეჩილაძე დ., 10. გაჩეჩილაძე გ., 11. გვეტაძე რაჟდ., 12. გომიაშვილი ალ., 12a. გრიშაშვილი ი., 14. ერთაწმინდელი ს., 15. ეული სანდრო, 16. ვარდოშვილი ხარიტ., 17. ვაკელი იონა, 18. ინგოროყვა პავლე, 19. კალაძე კარლო, 20. კაჭახიძე გ., 21. კინწურაშვილი იას., 22. კლდიაშვილი სერგო, 23. ლეონიძე გ., 24. ლისაშვილი იაკ., 25. [ლორთქიფანიძე ნ.] მარიჯანი. 26. მარგიანი რევაზ, 27. მაშაშვილი ალიო, 28. მრევლიშვილი მაყ., 29. მჭედლიშვილი იოს., 30. ნადირაძე კ., 31. პატარიძე მიქელ., 32. პოლუმორდვინოვ, 33. სულიაშვილი დ., 34. ტატიშვილი ი., 35. ფაშალიშვილი ს., 36. ქვარიანი სიმონ, 37. ქიაჩელი ლეო, 38. ქიქოძე გერ., 39. ქუთათელი ალ., 40. შენგელაია დ., 41. ჩაჩიბაია ი., 42. შენგელია ალეკო, 43. ჩიქოვანი სიმონ, 44. ჩიქოვანი მიხ., 45. ჩხეიძე ბორის, 46. ცეცხლაძე გრ., 47. ყიფიანი ივი., 48. ჭეიშვილი ალ., 49. ჭიჭინაძე კონსტ., 50. ჯაბუშანური, 51. ხახუტაშვილი ან., 52. ხეჩუაშვილი გ., 53. ხოსიტაშვილი ბაბ., 54. ხოშტარია ილია, 55. ადამია ალიო, 56. შანიძე ალექს., 57. ბელიაშვილ აკ.
აი, სია იმ მწერლების, რომელთა სიტყვას ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ არ აქვთ საშუალება სთქვან:
1. აღლაძე ილია, 2. აზიანი ნატალია, 3. ახნაზაროვი არტემ, 4. გეგეჭკორი ლადო, 5. დანელია სერგო, 6. ერისთავი-ხოშტარიასი, 7. კაკაბაძე პოლიკ., 8. კაპანელი კ., 9. კეშელავა პლატონ, 10. მიქელაძე კატო, 11. ნაკაშიძე ნინო, 12. სახოკია თედო, 12a. ყანჩელი ალექს., 14. ჭეიშვილი ალ.

3, 4, 5 Апреля.
Слова безполезны… Сила глупости непроходима, непобедима. Память тебе изменила. Никакие предупреждения не действуют… Капли яда свое дело делают… Познаешь ли ты самого себя?
Жизнь делается противной, ненужной поблизости порока… Я чувствую усталость. Не пей, не пей! Посмотри на Попова, на Кучишвили, на Чудецкого, припомни пьяниц бродяг на улице. Кто из них счастлив?

7 აპრილი.
ვუგდე ყური რადიოს: ლეონიძე ითხოვს: ლეონიძე მუხლმოდრეკილია. იგი ითხოვს პარტიისგან: 1. მე ჩემი საკუთარი ხმა მაქვსო. 2. მე ძირითადად ქართველი ვარო. 3. მე სამშობლოს მომღერალი ვარო. 4. მე ვაჟამ დამლოცაო. 5. ახლა შენ გენაცვალეო. ეს არის ახალი ტონი. თხოვნა პარტიისადმი ლექსით, რომ ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედონ, ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდნენ. ის სთხოვს პარტიას რაღაცას: მაგრამ ის რაღაც არ გააჩნია პარტიას! ლაურეატი იბრძვის თავდადებით ორაზროვნად. რა უნდა? მისცეს პრემია? ახლა გამოშვებულია ბრძოლის ველზე სათარეშოდ.
იგი გაკვრით ამბობს, რომ მისი ბაგით ლაპარაკობს გენია, რომ ის ხმალ-ამოღებული ტამერლანია. ერთი სიტყვით, მთელი მისი ლირიკა განუწყვეტელი დიფირამბია თავისთავისადმი. კითხულობს ტიციანის ტონით – ხაზგასმით – თითქო ამღერებით – ბარიტონით, სრულიად უხეშად, უკულტუროდ; იგი საერთოდ დილეტანტია, და ერთი იმ პარაზიტთაგანი, რომელნიც ურცხვად სწოვენ სისხლს სხვებს: სარგებლობენ სხვებით და არ აღიარებენ კი ამას. ვიღაცა მოხსენებითაც კი გამოვიდა რადიოში, ეს მართლაც [...] თამარა ჭავჭავაძე ჰკითხულობს მის ლექსებს თავდავიწყებით (აჰ, ლეონიძის არისტოკრატიული განხრა: თითქო თვითონაც თავადია). საიათნოვა და ფიროსმანი - აი, მისი ფეტიშები. კიდევ ვაჟა (მაგრამ ის თვითონ მათი თანაბარია). აჰ, რა მუსიკალურად კითხულობს (ერთხელ რომ „ტოსკა“ მიდიოდა ოპერაში, მან განაცხადა გაზეთში - მიდის ოპერა „მწუხარება“-ო - ტოსკა კი სახელია). თემურლანგის მაგიერ ამბობს ტამერლანი... ყოვლად უნიჭო კაცი. თან აბეზარი, ყოყოჩა... მაგრამ დავანებოთ თავი მას.
აბზიანიძე აკეთებს მონოგრაფიას ჩემს შესახებ.
[საღამოთა ორგანიზ. მომპარა ორდენი.]

8 აპრილი.
წამოვიღე გადასათვალიერებლად „ფედერაციიდან“ აკ. გაწერელიას და შ. დემეტრაძის მიერ შერჩეული მასალები - ჩემი წიგნისა - ძირითადში წიგნი კარგადაა. უნდა დაემატოს ახალი ლექსები.

9 აპრილი.
იყო ჩემთან სავლე. მასწავლებელთა სახლში საღამო დაინიშნა 20 აპრილისათვის. შედგენილ იქნა განცხადების ტექსტი. ამასთანავე შედგენილ იქნა დაახლოვებითი სქემა თემებისა, რომელზედაც იმუშავებენ წრის წევრები.
„კომუნისტში“ ასეთი ქრონიკაა: 10 აპრილი. მუშსოფლკორთა კაბინეტში მოეწყობა სტალინური პრემიების ლაურეატების ორდენოსანი მწერლის - ლეო ქიაჩელისა და ორდენოსანი პოეტის - გიორგი ლეონიძის შეხვედრა - ძირეული პრესის მუშაკთა და მუშკორთა აკტივთან. საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პ/მგ. მდივანი ამხ. ირაკლი აბაშიძე გააკეთებს მოხსენებას ლ. ქიაჩელის და გ. ლეონიძის შემოქმედების შესახებ. რის შემდეგ ამხ. ლ. ქიაჩელი და გ. ლიონიძე დამსწრეებს გაუზიარებენ თავიანთი შემოქმედებითი მუშაობის მეთოდებს. დასაწყისი საღამოს 8 საათზე. შესვლა მოსაწვევი ბარათებით.

12 აპრილი.
საღამო გორში. გაზეთი „სტალინელი“. ქრონიკები „ლიტ. საქართველოში“ და სხვ. მოხსენება ღონღაძის ქალის. ჩემს შესახებ.

19 აპრილი.
გამოვედი რადიოთი. მოხსენება შ. რადიანის. [წაიკით] დაიწყო 21 ს. 30 მ. დამთავრდა 21 ს. 58 წ. – სულ 28 წამი. ჩემს ლექსებს კითხულობდენ დ. სპირანდი და კერესელიძის ქალი. წაკითხულ იქნა: 1. პროლოგი ასი ლექსის, 2. დროშები ჩქარა, 3. სიმღერის მინდა მე წამოწყება, 4. დღიურ პროზიდან, 5. არიან დღენი, 6. ცხრაას თვრამეტი, 7. მღვრიე ქარი, 8. რა საჭიროა სიტყვები? 9. ლენინი, მისდევს რგოლს რგოლი, 10. საღამო ხანად – მთაწმინდას რომ, 11. ჩვენ პოეტები საქართვ., 12. მშობლიურო ჩემო მიწავ!
იყო ქრ. გაზეთებში.

20 აპრილი.
საღამოს 8 საათზე – ჩატარდა ჩემი საღამო მასწავლებლის სახლში. სავლე აბულაძის მოხსენება. გრ. ჯაფარიძის წინადადება. ილია სიხარულიძის სიტყვა. ორი ახალგაზრდა პოეტის ლექსი. ქრონიკა გაზეთში „კომ.“ აფიშა. პირველად გამოცხადდა ჩემი 50 წლის შესრულების საქმე და მზადება ამის გამო.

ს. შანშიაშვილი, განდეგილი, შიო.

ასი პოეტი
1. სანდრო შანშიაშვილი, 2. დავით კლდიაშვილი, 3. ვასილ ბარნოვი, 4. ვალერიან გუნია, 5. განდეგილი, 6. შალვა დადიანი, 7. ია ეკალაძე, 8. ტრ. რამიშვილი, 9. შიო მღვიმელი, 10. გიორგი ქუჩიშვილი, 11. ვ. რუხაძე, 12. ნარკანი, 12a. ი. მოსაშვილი, 13. ლიდია მეგრელიძე, 14. დარია ახვლედიანი, 15. ლ. ძიძიგური, 16. ნაზისი, 17. ოლიმპიელი, 18. აბაშელი, 19. ბობოხიძე კალე, 20. გელოვანი მირზა, 21. გორგაძე ვასო, 22. გარიყული მარიამ, 23. ეთიმ გურჯი, 24. თავაძე სოლომონ, 25. მიქელაძე მარიკა, 26. ლორთქიფანიძე კონსტ., 27. ჟურული ვარლამ, 28. ქორქია როდიონ, 29. შენგელაია დემნა, 30. ხიდისთაველი სიო, 31. გრიშაშვილი ს., 32. მრევლიშვილი მარიკა, 33. ნადირაძე კოლაუ, 34. ყიფიანი ივი., 35. შუბლაძე ვერა, 36. თევზაძე ანდრო, 37. კაშმაძე შალვა, 38. გ. გაგუა, 39. სოსო ამაშუკელი, 40. ნ. ჭილაშვილი, 41. ექვთ. ჭანიშვილი, 42. კ. რატიშვილი, 43. დ. გაბრუაშვილი, 44. ირაკლი ტოფაძე, 45. გ. სიდოშვილი, 46. გ. შინატეხელი, 47. ქ. ქუჩუკაშვილი, 48. ვახტ. ხუციშვილი, 49. ვ. გუჯაბიძე, 50. ვ. კირვალიძე, 51. ეკ. გაბაშვილისა, 52. ნათელა ვეშაპელი, 53. ლიუვენა, 54. ვ. ციურელი, 55. გივი ორჯონიკიძე, 56. გრ. ტაბატაძე, 57. გრ. აროსია, 58. გ. ლომთათიძე, 59. სევ. ისიანი, 60. საფო მგელაძე, 61. ქნარი, 62. ი. ხინველი, 63. ი. გვანცალაძე, 64. რაუდ გოგოხია, 65. თუში, 66. აშუღ-მურადი, 67. სავლე აბულაძე, 68. ვერა კუპრაშვილი, 69. ნ. ტყეშელაშვილი, 70. ვარდენ კურტანიძე, 71. ბ. ჩოჩია, 72. ანდრო ჭავჭანიძე, 73. გ. ტუღუში, 74. კ. ბეროშვილი, 75. ვლ. სულაბერიძე, 76. შ. ნავთლუღელი, 77. მ. უზნაძე, 78. ლადო მაჭავარიანი, 79. სეო მუსერიძე, 80. გუგული ნასარიძე, 81. ვ. დარასელი, 82. გიასელი, 83. შ. შავგულიძე, 84. რუბენ აკოფოვი, 85. რიურიკ ივნევი, 86. ბორის ბრიკი.