შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-20 - 1940 წელი


                                                              ომი

საფრანგეთის არმიამ დაიხია პარიზის საზღვრებს იქით.
ყველა გზები გაჭედილია ლტოლვილებით.
გზებზე თავგადაკვლით აწყდება განწირულება.
გზებზე დაეხეტება - დაღუპვა.
ამაოდ კვნესენ დაჭრილნი:
არაფერი არ იპოება, რომ შეუხვიონ მათ საშინელი ჭრილობები.
ომის ველზე გამოდიან გადამდები სნეულებანი.
მათ მოელის ბრწყინვალე გამარჯვება.
შიმშილი იცქირება (იხედება) ქვეყნის ყოველი კუთხიდან.
ამაოდ მიმოდიან ღრუბლები წვიმით დატვირთული, რათა მორწყონ მინ­დვრე­ბი და ტყეები.
ამაოთ მწიფდებიან ვაშლის ხეები, მუხებისა და წიფლების ამოფარებით, - ზღვის ქარიშხალის შიშით.
ამაოდ მიდუდუნებენ მშვენიერი წყაროები - გამჭვირვალე წყალით - დაჩ­რ­დი­­ლულ ნაპირებით.
არაა სიხარული ვარდებში, რომლებიც ავსებენ ბაღებს.
არ ამსუბუქებს ნიავის ქროლა გახურებულ სხეულს.
არ ათბობს მზე სისხლს, რომელიც თანდათან ცივდება.
დეე, იყვავოს ზაფხულმა და ირონინოს სიცოცხლემ!
ჩვენ ვკვდებით!
რაში გვჭირდება, რაში გვეპრიანება, რა საქმე გვაქვს სამეტალურგიო (მე­ტა­ლურ­გიის) ქარხნები,
ქვანახშირის ბასსეინები,
რკინის მადნები;
რაში გვესაქმება, ფეხებზედაც არ გვკიდია ცივილიზაციის დიდი გზები.
სადაც დგანან: დედაქალაქები - ისეთები, როგორიც არის პარიზი.
დეილი გერალდი სწერს, რომ პარიზის დაკარგვა ეს არის [სასიკვდილო დარ­ტყ­მა] საბედისწერო დარტყმა, სამხედრო და ფსიქოლოგიური დარტყმა საფ­რანგეთზე.
მიდიან დღენი.
დამსხვრეული არმია განაგრძობს ბრძოლას, აბარებს რა ქალაქს ქალაქზე.
რუზველტი ამერიკაში აღტაცებულია საფრანგეთის ერის სიმამაცითა და მტერ­თან წინააღმდეგობის გაწევით.
იგი უკანონოდ თვლის საფრანგეთის დამოუკიდებლობისა და ტე­რი­ტო­რი­ა­ლუ­რი მთლიანობის დარღვევას.
გაუგონარი სისწრაფით იზრდება ამერიკაში თვითმფრინავთა და საარ­ტი­ლე­რიო საბრძოლო მასალის წარმოება.
შეიძლება დაიღრჩვეს კაცი მილიარდებისაგან, თუ ომი გაგრძელდა.
ევროპაში რაც სისხლი იღვრება - სულ ოქროს ნაკადებად მიმდინარეობს შე­ერ­თე­ბული შტატების ბანკებში.
ბერლინიდან იტყობინებიან: შესვლა პარიზში - ეს არისო მეორე ეტაპი უდი­დე­სი ბრძოლების.
მოტეხილია ჩრდილოეთის ფრონტის წინააღმდეგობის გაწევის ძალა.
ვრცელი ფრონტით ფორსირებულია მდინარე სენა.
აღებულია გავრი.
პარიზიდან მაჟინოს ხაზამდე - სედამთან - მტერი უკან იხევს.
უკანდახევისას სტოვებენ საჭურველს.
მონ-მედი - გასაღებით მაჟინოს ხაზის, აღებულია.
მივდივართ ფრონტალურ შეტევით მაჟინოს ხაზზე.
უკან დახევა მთელ ფრონტზე.
რკინის გზები, ხიდეები, შოსსე, აეროდრომები, დანგრეულია, აფორიაქე­ბუ­ლი, და­ლეწილი.
აფეთქებენ საჭურველით სავსე მატარებლებს.
გუგუნი, გრიალი, ცეცხლი...
გამარჯვებული მარში გამარჯვებულისა.