შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-23 - 1940 წელი


      [შეიძლება ასეთი სურათის შედგენა:]
     (ღამე პირველი, აგვისტო).
     1. მას არ სძინავდა და რაღაც ძალიან შეშფოთებული იყო. სთქვა - გარედ წვიმ­­სო. ვკითხე, ავად ხომ არა ხარ.
     2. როდესაც მარიკამ გვიან ღამით თავისი ბინის კარები გააღო და წამით თით­ქო ჩვენს კართან შეჩერდა - ოლგა იურიევნა შეკრთა! ხელი - რომელიც მე მეჭირა - შე­უკრთა, მან სთქვა - ведь дождь идет.
     3. აივნის წინა კარები - რომელსაც მე, როგორც მახსოვს, ჩვეულებრივად ვკე­ტავ: ღია დამხვდა. როდესაც ეს მე ჩავთვალე ძაღლის ეშმაკობად - ო. ი. სთქვა: არა, ძაღლები ასე არ სჩადიან.
     4. ქვაზე საწოლის გაშლის წინ მან მარიკას გაბედულად უთხრა (რა თქმა უნ­და, თით­ქო ხუმრობით): მარიკა მე აქ ვწვები, თუ მოგესურვება - ღამით შენც აქ გად­მო­მიწევიო.
     5. დილით, როდესაც აივანზე გავედი - იგი იმ ქვაზე არ იწვა. წვიმდა. ჩემი აივ­­ნის კარები გაღებული იყო.
     6. დილით ჩაიზე რომ შევიკრიბენით, მან ეს ამბავი მოჰყვა: „უცებ ვიგრძე­ნი, რომ წვიმა მოდის. რაღა ვქნა. ავკრიფე ქვეშსაგებელი და სახლისკენ გავე­ქა­ნე. იქ კა­რები დაკეტილი დამხვდა...“
     - მოხვიდოდი, შე კაცო, ჩემს ოთახში, - უთხრა სოლომანმა.
     ამაზე ვიქტორმა სოლომანს არაფერი უპასუხა.
     გერონტიმ ირონიულად შენიშნა:
     - ასე რომ, თუ ვიქტორი ვისმეს ოთახში შუაღამისას შეიჭრას, იცოდეთ, რომ გა­რედ წვიმააო (ყველამ გაიცინა).
     წვიმის შესახებ მარიკამ სთქვა:
     - რაც დავწევი, მთელი ღამის განმავლობაში მკვდარივით მეძინა - გზის­გან და­ღალულსო (სწორედ გუშინ ჩამოვიდა იგი).
     გამეფდა დუმილი: ვიქტორმა აღარა სთქვა, თუ რა საშუალებით შევიდა იგი თა­ვის ოთახში...
     მხოლოდ ამ საუბრიდან ცხადია: 1. სახლის დიდი კარებიდან ვერ შევიდო­და, და­კეტილი იყო. 2. მარიკას კარები არ გაუღია, წვიმა არ გამიგიაო, მთელი ღა­მე მე­ძინაო. 3. სოლომონთან არ ყოფილა, თვითონ სოლომონმა ჰკითხა: რა­ტომ ჩემთან არ შემოდიო. და... დარჩა ერთად-ერთი ჩვენი ოთახი...
     მე მგონია ვიქტორი ჩვენი ოთახიდან ისე ვერ გავიდოდა თავის ოთახში, რომ ეს ოლგა იურევნას არ გაეგო.
     ერთი რამ მაოცებს: ის დაწოლისას ყოველთვის სასთუმალთან ასანთს ინა­ხავს - რო­დესაც მე გამომეღვიძა, მითხრა: ასანთი ხომ არ არის? ასანთი მი­ვეცი. მაგრამ იგი მაინც ოთახიდან არ გასულა.. იყო, ალბად, გათენების ხანი (რად­გან მე არაფერი გა­მიგია, ისე ღრმად მეძინა).

     სურათი ასეთია:
     1. კაკლის ხის ქვეშ მძინარე ვიქტორმა იგრძნო წვიმის მოსვლა, არა ძლი­ე­რი წვი­მის, არამედ უბრალოს... შეხვია საბანსახურავი და სწრაფად სახლის­კენ გა­მოე­შუ­რა.
     მაგრამ აქ სახლის დიდი კარები დაკეტილი დახვდა. ღამეა. ყველას სძი­ნავს.
     მან მარიკას ფანჯარასთან უძახა, მაგრამ მას (მარიკას) ან ნამგზავრობის გა­მო ღრმად სძინავდა, ან მძინარედ თავი მოიკატუნა და კარები არ გაუღო; ვი­ნაიდან და­წოლის წინ არაორაზროვნულად უთხრა ვიქტორმა: ჩემთან გად­მო­წევიო.
    ამის შემდეგ ვიქტორს არც უფიქრია სოლომონთან მისვლა – იმის ოთახი გა­ნა­პირასაა და იქიდან თავის ოთახში ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, შეიძ­ლე­ბა, არც უნდოდა.
     შემდეგ მან გაიფიქრა: გალაკტიონის ოთახის კარი ღიაა, იქიდან შეიძლებაო და სხვ...
     მან შემოაღო აივნის კარები და აღარ მიხურა (კარები დილით ღია იყო ხომ).
     შემოვიდა ოთახში (მე ღრმად მძინავდა).
     ოლგა იურიევნამ გაიგო (შეშფოთება - რომელიც დილამდე გამოყვა).
     ვიქტორმა სთქვა: გარედ წვიმააო და იმის გამოო (თორემ საიდან ეცო­დი­ნე­ბოდა ოლ­გა იურიევნას, რომ გარედ წვიმაა).
     სთხოვა ასანთი (ოლგა იურევნას ღამით ასანთი არ აღმოაჩნდა).
     საუბარი ესმოდა მეზობლებს: გერონტის (მისი ირონიული თქმა დილით - თუ ვის­მეს შუაღამით ვიქტ. მიგადგესთო) და შეიძლება, სალომონსაც (რატომ ჩემ­თან არ შემოდიო).
     იცოდა მარიკამაც (დემონსტრატიულად განცხადება - თითქოო მთელი ღა­მე მკვდა­რივით მეძინაო).
     რა მოხდა შემდეგ? - საიდუმლოა.
     ყველაფერი საიდუმლოა - რადგან ოლგა იურიევნა არაფერს არ ამბობს.

     დასაშვებია: რომ შეიძლება მოსამსახურეები გააღვიძა. კუხარკა და უბორ­შ­ჩი­­ცა.
     გამოსარკვევია: კარები შიგნიდან იკეტება თუ გარედან?
     ყველაფერი დაკვირვებების - და არა დაკითხვის საშუალებით შეიძლება.