შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-16 - 1940 წელი


     [აკაკის საღამოებზე - ყველას].
     ქუთაისში დიდი ხნის ჩამოსული არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთ ქართულ გაზე­თის რე­დაქციაში, [პირველადვე] მალე მომიხდა სალიტერატურო საღამოზე გა­მოსვლა, რო­მელშიდაც აკაკიც იღებდა მონაწილეობას. მე ძალიან ადრე მი­ვე­დი, [და პირ­ვე­ლად ჩამოვართვი ხელი [თანამოკალმე] შემდეგში ჩემს კარგ მე­გობ­რებს] აკაკი [ძალიან] გვიან მოვიდა... შემოვიდა დაღლილი, თავისი განსა­კუთ­რებული დაღლილი ნა­ბიჯით: და მე თითქო მხოლოდ მაშინ გავახილე თვა­ლი, თუმცა ისინი არც წინედ მქონ­და დახუჭული. ელექტრონს თითქო მეტი სიძ­ლი­ერე და ელვარება მიეცა, თით­ქო ელექტრონი კი არა, თვითონ მზე ანათებდა ჩვენს მეტისმეტად მოწყენილ სცენას. არასდ­როს შემდეგ აღარ მახსოვს ასეთი წა­მები თავბრუდამსხმელი ბედნიერების. მე ეხლა ძალიან ახლო ვიყავი მასთან. რი­გით, მე უნდა წამეკითხა აკაკის შემდეგ. აკა­კიმ დაიწყო კითხვა:

                                           [ყველასათვის კარგი მსურს,
                                           ბოროტების მტერი ვარ,
                                           არ შევუშვებ გულში]

     ყველა ჩვენგანს ახსოვს, როგორ კითხულობდა აკაკი. ყველა უგდებდა ყურს, თე­ატრში სამარისებური სიჩუმე იყო. წარმოიდგინეთ ხველა, რომელიც ასე ხშირია წარ­მოდგენის დროს [თითქო] შეწყდა, სრულიად არ ისმოდა. აკაკის ხმა ჯერ ცო­ტა­თი აკანკალდებოდა, შემდეგ ისმოდა უფრო ცხადათ, და მკვეთ­რად, თუმცა ცო­ტა­თი ნერვიულად. მახსოვს ერთი შემთხვევა და, ალბად, სხვებ­საც ბევრს ახსოვს, ერ­თი ასეთი კითხვის დროს აკაკის დაავიწყდა ლექსი. და­ა­ვიწყდა და გაჩერდა. აკა­კი გალერეამ დაიხსნა. იქიდან, აქიდან ისმოდა  შემდეგი სიტ­ყვები. მოესმა გა­ლე­რეიდან თავისი სიტყვები და აკაკიმ განაგრძო ლექსის თქმა. საღამოს გათავების შემ­დეგ აკაკიმ დაიწყო საუბარი. მახსოვს ერთი მისი აზ­რი, რომ ქართველ კაცს არასდ­როს ისე არ ეხერხება რუსულად წერა, რო­გორც ქართულად. მოიგონა დრო, რო­ცა ის და გიორგი თუმანიშვილი მუშაობდენ გაზ. „Новое Обозрeние“-ში. ვე­რასგ­ზით ისე ვერ ვახერხებდი წერას, როგორც მინ­დოდა, თუმცა სხვებს ჩემი რუსულად წე­რა ძალიან მოსწონდათო. უთხრა [მგო­სანმა] აკაკიმ [მგოსანს] ს. აბაშელს, [რადგან] ალ­ბად, გაგონილი ჰქონდა, რომ აბაშელს მშვენიერად ეხერხებოდა რუსულად წერა.