შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-17 - 1940-იანი წლები


მიმიკა
რომეო შირმას იქით საწოლში წევს. მის ახლო მე ვდგევარ – მინდა გადავსცე მისი ჯამაგირი - ექვსასი მანეთი, რომელიც მისმა თანამშრომელმა ეს ეს არის მოიტანა.
მაგრამ ერთი წუთით დავიხიოთ ჩემი ბინის კარებისაკენ, რომელთანაც მადლობას ვეუბნები ქალს, რომელმაც ის ექვსასი მანეთი მოიტანა. ქალი მიდის. ის ჩადის კიბით, და კიბეზე კი ამოდის ჩემი კნეინა.
- ვინაა ის ქალი?
- რომეოს თანამოსამსახურეა. ჯამაგირი მოიტანა.
- არაფერი მსგავსი, ის ქალი შენთან იყო მოსული?
- ჩემთან? სრულებით არა. ის რომეოსთან მივიდა. აი, ვკითხოთ თვითონ რომეოს.
ამ სიტყვებით შევედით კიდეც ოთახში. და, აი...
რომეო საწოლში წევს. მის ახლო მე ვდგევარ: მინდა გადავსცე მისი ჯამაგირი, ექვსასი მანეთი - ხუთ მანეთ ნაკლებ, რომელიც მისმა თანამშრომელმა ესესარის მომიტანა. ჩემი კნეინა კარებში დგას.
ამ დროს რომეო მიმიკით მეუბნება რაღაცას, ისეთი დაჟინებით, ისეთი ხვეწნით, ისეთი მუდარით, თან ღრეჯით, ისეთი დარცხვენილი ღრეჯით.
- ვინ იყო ის ქალი, - იმეორებს ჩემი კნეინა, ე. ი. ნინო.
- როგორი იჭვიანი ყოფილხართ... - დარცხვენით ამბობს აბესალომი. და მეც, კიდევ რაღაცას მეუბნება მიმიკით.
არაფერი არ მესმის! რომეო - ჩემი ძმაა, კნეინა - ჩემი ცოლი.
ცხადია: რომეოს ჰგონია, რომ ნინო ეჭვიანობს  მასზე - რომეოზე...
მე კაბინეტში ჩავიკეტე სიბრაზისაგან. ნახევარი საათის შემდეგ რომეო საბან-მოხურული შემოვიდა ჩემს კაბინეტში... კიდევ იღრიჯებოდა, კიდევ რაღაცა ბოდიშს იხდიდა..
- ეძებ რაიმეს?
- ტელეფონის წიგნაკს (რა დროს ტელეფონია).
კოხრეიძე მინდაო და გავიდა კიდეც.