შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-9 - 1932 წელი


27 აპრილი, 1932 წ.

    მოსკოვი. 25 აპრილი... საკავშირო კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტი ადგენს:
    1. გაუქმდეს პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია (პროლეტარულ მწე­რალ­თა ასსოციაციების საკავშირო გაერთიანება, რუსეთი პრ. მწერალთა ასო­ცი­აცია).
    2. ყველა ის მწერლები, რომლებიც [მხარს უჭერენ] სდგანან საბჭოთა ხე­ლი­სუფ­ლების პლატფორმაზე და ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ სოცია­ლის­ტურ მშე­ნებლობაში, გაერთიანებულ იქნან საბჭოთა მწერლების მთლიან კავ­შირში, სადაც უნ­და შეიქნას კომუნისტური ფრაქცია.
    3. გატარდეს ანალოგიური ცვლილება ხელოვნების სხვა სახეთა ხაზით.
    4. დაევალოს ორგბიუროს, დაამუშაოს პრაკტიკული ღონისძიებანი ამ გა­დაწ­ყ­ვე­ტილების განსახორციელებლად. საბ. კ.პ.(ბ) ცენტრ. კ-ტი.
    ამ დეპეშამ, მოთავსებულმა 26 აპრილს „Заря В.“-ში, 27-ს კი ტფილისის ყვე­ლა გა­ზეთებში, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა - უპირვე­ლე­სად ყოვლისა, თა­ვისი მოულოდნელობით, შემდეგ იმ დიდი მნიშვნელობითა და უაღ­რესად მნიშვ­ნე­ლოვანი შედეგებით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰ­ყვე­ბა:
შედეგები, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ასეთი იქნება:
    1. პროლეტარულ მწერლობის ვიწრო ჩარჩოები, [გაფართოვდება] რომლე­ბიც აფერ­ხებდენ მხატვრული შემოქმედების სერიოზულ გაშლას, აღარ იქნება სა­ჭირო.
    2. აღარ იქნება საფრთხე, „რომ ეს ორგანიზაციები სოციალისტური მშე­ნებ­ლო­ბის ამოცანების გარშემო საბჭოთა მწერლების და მხატვრების, რაც შე­იძლება მე­ტი მობილიზაციის საშუალებიდან გადაიქცევიან ჯგუფური კარ­ჩა­კეტილობის და­ნერგვის, თანადროულობის პოლიტიკური ამოცანებისა და მწე­­რალთა და მხატ­ვარ­თა იმ საგრძნობი ჯგუფებისაგან მოწყვეტის საშუ­ალე­ბად, რომლებიც თა­ნა­უგრძ­ნობენ სოციალისტურ მშენებლობას“.
    აქ ყველაფერი ნათელია და ცხადი... ერთი წამითაც არ ნელდება პრო­ლე­ტა­რუ­ლი მწერლობის მნიშვნელობა. პირიქით, კიდევ უფრო მტკიცდება საბ­ჭო­თა მწერ­ლო­ბაში შესვლით კომუნისტური ფრაქციის სახით. ამ გარემოებით პრ. მწერლობა იშო­რებს იმ ბალასტს, რომელიც მას უხუთავდა სულს თავის გან­ვითარების მთელ პე­რიოდში. ეს იყო მთელი რიგი უპარტიო მწერლების, რომ­ლებიც გაუგებრობის წყა­ლობით ითვლებოდენ პრ. მწ. ასსოციაციის წევ­რე­ბად. იდეოლოგიურ ფონტზე საბ­ჭოთა მწერლობის კომუნისტური ფრაქცია კი­დევ უფრო გამაგრდება პარტიის დახ­მარებით. პარტიას ეყოლება საიმედო კად­რი თავისი მწერლებისა, რომელთა სა­შუალებით იგი უკეთესად შესძლებს, დას­ძლიოს მთელი რიგი დღევანდელი პო­ლი­ტიკური ამოცანების.
    რაში გამოიხატება ამ ამოცანების მთავარი სიძნელეები?
    1. უპირველესად ყოვლისა იმ მოახლოვებულ დიდ საფრთხეში, რომელმაც გა­მო­ხატულება ჰპოვა შორეულ აღმოსავლეთში (დადის ხომ ხმები, რომ იქ უკ­ვე ესხ­მი­ან თავს აღმოსავლეთ ჩინეთის რკინისგზის ხაზს, რომ თეთრგვარ­დი­­ელებმა, რიცხ­ვით 3.000 კაცმა, გადმოლახა საზღვარი, მაგრამ ყველა ერთად ამოწ­ყვეტილ იქნა გა­ზების საშუალებით. ჩვენი მხრით არც ერთი მსხვერპლი არ ჰყოფილა). ეს ამბები ჩვენ გვეუბნება მოახლოვებული ომის შესახებ. ომის დროს კი უდიდეს და გა­დამწყ­ვეტ როლს თამაშობს ზურგი.
    2. საბჭოთა მწერლობა გამოყენებულ იქნება, როგორც საუკეთესო აგი­ტა­ტორი საბ­ჭოთა კავშირის სასარგებლოდ, მას შეუძლია მედგრად ამოიღოს ხმა როგორც ში­ნაურ, ისე გარეშე მტრების წინააღმდეგ. მას შეუძლია აგიტაცია გას­წიოს ჯარისა და მუშების, აგრეთვე ჩვენს გლეხებს შორის. მხატვრული მწერ­ლობა დიდ როლს ითა­მაშებს საზოგადოებრივი აზრის საბჭოთა კავშირის სა­სარგებლოდ მო­ბი­ლი­ზა­ციი­სათვის.
    3. ეს გადაწყვეტილება აცხრობს იმ მასსიურ უკმაყოფილებას, რომელსაც პრო­ლე­ტარულ მწერალთა ასსოციაციის არსებობა იწვევდა თითქმის ყველგან. არა­ვის პრო­ლეტარული მწერლობის ორგანიზაცია არ სწამდა: არ სწამდა თვით პარ­ტიის წევ­რების უმრავლესობასაც კი. არ უყვართ მუშებს, არაფერი მისი არ სჯეროდა ინ­ტელიგენციას... ამ უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ორ­გა­ნიზაცია იბრ­ძო­და ხანდახან ისეთი მეთოდებით, რომლებიც კიდევ უფრო აუარე­­სებდენ მის მო­რა­ლურ ფიზიონომიას (გინდა, არ გინდა, ეს ფიზიონომია თა­მაშობს როლს). ეხლა კი ბოლო ეღება ამ გაუგებრობას.
    რანაირ ფორმებში მოხდება ამ გარდატეხის პროცესი, ჯერ სავსებით ცხა­დი არ არის, არის შექმნილი კომისია ამ. კავკ. ცეკასთან (რადიანი, ბუხნიკა­შვი­ლი და სხვ.), რომლებიც აგროვებენ ცნობებს ჩვენი მხატვრული ლიტერა­ტუ­­რის შესახებ. ამ ცნობებს ჯერ განიხილავენ აქ, შემდეგ წარუდგენენ მოს­კოვს, სადაც უკანასკნელი სიტყ­ვა ითქმება.
    ასეთი მდგომარეობაა.