შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-490-15 - 1931 წელი


დავით კლდიაშვილი გალაქტიონ ტაბიძის შესახებ
გარდაიცვალა უდიდესი ბელეტრისტი - დავით კლდიაშვილი.
ერთ-ერთი საკითხთაგანია, თუ რა შეხედულების იყო დავით კლდიაშვილი პოეზიაზე და მის დანიშნულებაზე.
ამ მხრით საინტერესოა უნიჭიერესი ბელეტრისტის წერილი გალაქტიონ  ტაბიძეზე, მოთავსებული პოეტის შესახებ სპეციალურ გამოცემაში.
დავით კლდიაშვილი, ეხება რა წინანდელს, ახალგაზრდობის დროინდელ შემოქმედებას პოეტისას (რომელიც სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1908 წ., რეაქციის ხანაში), აღნიშნავს პოეტის დიდ პოპულიარობას, მასის განსაკუთრებულს სიყვარულს პოეტისადმი და ცდილობს გაარკვიოს, რა იყო მიზეზი [ამ] ასეთი არაჩვეულებრივი გამოძახილისა, მაშინ, რეაქციის ხანაში?
აი, ეს ადგილი:
„...ასე დასევდიანებული იყო ახალგაზრდობისას „უხილავის მებრძოლი“ მგოსანი, მთრთოლავი, რომ მის აღელვებას არავინ გაიგებს. მაგრამ იგი შემცდარი შეიქმნა. მისი ღელვა, მისი სულის კვეთება ერთმა კი არა, მრავალმა გაიგონა, მრავალთა გულს მოხვდა და ააღელვა და მათი შვების მიმცემი შეიქმნა და შეიყვარა; ეს იმიტომ, რომ მისი აღელვება, მისი სულის მოძრაობა მხოლოდ მგოსნისა კი არ იყო, არამედ ათასი მის გარშემო მოფუსფუსე ადამიანების; ბედმა მას დააკისრა ყოფილიყო გამომსახველი, გამომთქმელი იმ ადამიანების სულის კვეთების, რომელთა შორის იგი იყო; და ადამიანებმა შეიყვარეს მათი სულიერი ცხოვრების გამომსახველი და მუდამ სიყვარულით შემოსილს იყოლიებს. ეს ბუნების ჯილდოა. ცოტას ხვდება ასეთი ბედნიერება; და ამათ შორის ჩვენს საყვარელ გალაქტიონ ტაბიძეს, ქართული ლირიულ პოეზიის შვენებას და სიამაყეს.
დიახ, გალაქტიონის განცდანი მარტო მას კი არ ეკუთვნის - იგი ჩვენია და ამიტომ გვიყვარს მგოსანი“.
დავით კლდიაშვილი
ასეთი აზრის იყო დავით კლდიაშვილი ჩვენი პოეტის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ პოეტის „აღელვება, მისი სულის მოძრაობა მგოსნისა კი არ იყო, არამედ ათასი მის გარშემო მოფუსფუსე ადამიანების“, იმ ადამიანების, რომლებიც რეაქციის სასტიკ კლანჭებში იხუთებოდენ. შემდეგში პოეტი შეიქმნა იმავე მასის, მაგრამ უკვე განთავისუფლებულის, რევოლიუციონური ენტუზიასტი, ავტორი „აღმოსავლეთი“-ს, „ჯონ-რიდი“-ს, „ეპოქი“-ს, „პაციფიზმი“-ს, „რევოლიუციონური საქართველო“-სი, და სხვ. და სხვ.
როგორც უაღრესად პატიოსან ადამიანს, დავით კლდიაშვილს არ შეეძლო გვერდი აეხვია ისეთი დიდი მოვლენისათვის, როგორც იყო და არის გალაქტიონ ტაბიძე ქართულ [პოეზიაში] ლიტერატურაში.
ნ. ნ.