დღიური-638-9 - 1930 წელი
მუშას - გამომგონებელს
კახეთში რომ ხნავს ინტერნაციონალი, ტრაქტორი, რომელმაც გამოვლო ამდენი გზა - ჩიკაგოდან ჭალადიდამდე.
გაძლიერებული მაჯისცემა - ტელეგრაფის აპარატისა.
ჩაფუშულ გეგმას - ფოლადის შინებით - დინჯი და მძიმე - მეომარი ინდუსტრიალიზაციის - პირველად, ათეული საუკუნეების შემდეგ.
მანქანები - გრიალებენ. მოლურჯოდ თეთრი კვამლი გლედიჩიებად იფინება მილიდან. ბამბის ქულებად იპენტება. ამოწმებენ მოტორს, არწყულებენ ძაბრებით. შოფერი - სათვალეებით - ფუსფუსებს - ტრაქტორის შიგნით - თუჯის ძარღვებში.
აი ეს ძრავი, მისი სისწრაფე. დეფერენციალები, კორბიურატორი, სადაც გააფთრებულია ველური ენერგია გაზის.
ის მალე გაეცნობა ამ მანქანას იმნაირადვე, როგორც თავის საკუთარ ჯორელას.
ახლად გადაკეთებული სოფელი.
დადიან ინტერები.
აქ ეხლა რამდენიმეა.
შემდეგში აგუგუნდებიან ასობით ეს ფოლადის ესკადრონები. გაიზრდებიან ბრიგადებად, ბრიგადები - დივიზიებად, დივიზიები - არმიად - მოტორით - მანქანით - ძრავით. აქ ჯერ არ არის პროლეტარი. აქ გლეხია. მაგრამ საზღვრები წაიშლებიან, რომელიღაც წერტილთან ერთმანეთში ხვდებიან მქუხარე ქარხანა და მშვიდი მინდორი.
მიდის ფოლადის ცხენი - აქა-იქ ღობეზე, სარზე კიდევ დარჩენილ ცხენის თავთან.
ახალი ენტუზიაზმით!
კვარის მაგივრად სანთელი „ღამურა“, [მოწყენილი] მკრთალი, ქარისაგან შეწუხებული სინათლით - მუშაობს ღამითაც საქართველო. გაჰყავს ახალი კვალი.
*
[კახელი] ჩასხმული, შავი, მზით დამწვარი, თითქო რჩეული
ერთი მეორის უკეთესი, [ჩვენი ბიჭები] ჩაითრია-რა
[ჰეკტარს ჰეკტარზე მიაწვენენ - ენტუზიაზმით]
მიწამ ჰეკტარმა, გამოცოცხლდენ ჩვენი ბიჭები,
[აჰა, მედგარი] მიაბიჯებენ, სიმღერამაც დაიგრიალა.