დღიური-638-8 - 1930 წელი
ამოვისუნთქე თავისუფლად. ვარ წარმოებაში. ქარხანაში.
გამოვექეცი რა დამპალსა და გახრწნილ საზოგადოებას, რომელიც მაგონებს ხრწნის პროცესში მყოფ ლეშს, რომელიც დამპალი ხელებით მიიწევს წინ ახალი შემოქმედების ბურჯებისაკენ - და დაღუპვას უქადის მას.
მაგრამ [გაქცევა] თავის დახწევა არ კმარა! საჭიროა ცეცხლის კალამითა და რკინით ამოიწვას ეს მტერი, აღიგავოს პირისაგან მიწისა, რომ მტვრის ნატამალიც კი არ დარჩეს იმისაგან. რამდენი, რამდენი (სამუშევარია) რამაა ჯერ კიდევ გასაკეთებელი. ხელები უნდა დაიკაპიწოს [ყველა] (ხელებდაკაპიწებით) ახალი ცხოვრების ყველა მშენებლებმა. და შეუდგნენ ახალი ცხოვრების შენებას. დავკრათ მტერს ყოველ ფეხის გადადგმაზე, სადაც არ უნდა იყოს, უშიშრად, შეუბრალებლად. კოშმარი თავში ჯერ კიდევ არ განიავებულა. მივდივარ ქარხანაში. აი, რკინისგზის სახელოსნოებიც. ისმის ხმაურობა და გუგუნი მანქანებისა. კოშმარი იბნევა, იფანტება. შევდივარ სახელოსნოებში, შევდივარ ახალ შემოქმედებით მუშაობაში: აი, სამჭედლო ამქარიც. აი, რამდენიმე ასეული მშენებელნი ახალნი ცხოვრებისა, ლურჯ მაზუთით გალიპულ ტანთსაცმელში, მძლავრად, მედგრად სცემენ უროებს, კრიალებს ლითონი საბერველთან, სცემენ და აკეთებენ ძველ მანქანებს; გააფთრებულნი იბრძვიან დანგრევის წინააღმდეგ. და ამ შეგნებულად გამოანგარიშებულ დაკვრაში, დაკვრაში, რომლებიც იფინებიან სწრაფ ტემპებად, ისმის გუგუნი და ხმაურობა ხუთწლედის: თვითეულ დარტყმაში, ჩაქსოვილია ხუთწლედები, თვითეულ დარტყმას თანა სდევს აღფრთოვანებული, სწორი, შეუცდენელი ზარისებური წკრიალ-ზრიალის ხმა. მე ნაწილი ვარ ხუთწლედის: დარტყმა დარტყმაზე, დაკვრა დაკვრაზე გულდაგულ ეფინება, ეცემა ლითონს. მხიარულად და მარჯვედ მოქნილი ლითონი ემორჩილება ახალ მშენებელს, რომელშიდაც გრძნობს დაუძლეველ ძალას, დაუმორჩილებელ ნებისყოფას.
*
დროსთან შეჯიბრებით კარგია გაქცევა.
„საყვირი“ დილით ადრე რომ ისმის,
უნდა აჯობო, ყვირილში, შეეჯიბრო, ხმით დაჰფარო, აჯობო,
თითქო ძმაკაცს აჯავრებ.
ინსტუმენტალურ ელვარებაში და ცეცხლში გაირბინო,
რომ ამ აჩქარებულ, საქმიან ხმაურობაში
მთელი დღისთვის შეიძინო მეგობრები:
1. კლეშჩები (მარწუხები).
2. ბოროდკები (სახვრეტები).
3. რუჩნიკები (სახელურები).
და როდესაც გავიგებთ საყვირით,
დაწყებას ყველა მისწრაფებული მეცნიერებისას,
დოკში მომუშავე ბრიგადებთან შეიჭრა უნდა დღეში
გაუნადგურებელი რაკუნ (стук)-ით.
დაღლილი რკინა მოარჩინო, სამისო მალამოთი,
მობრჭყვიალე ცეცხლით.
თავის საკუთარი სხეული უნდა გაახურო მათსავით...
До самого до гица.
თუ სისხლმა გამოჟურა ხელებზე...
აქ თვითეული რკინის სტრიქონი
შეეჯიბრება მსოფლიო ლექსებს.
..დაა სიზმრებისა და თოვლის მოშორებით,
ყველა ზღვებში მიდიან გემები;
უახლოვდებიან ერთმანეთს ნაპირები.
დაწყნარდა აფორიაქებული წყალი!
მფრინავები და დღეების გამცდენლები.
მუხლუხი - ლუღლუღი.
*
რამდენი, კიდევ რამდენი
საქმე გვაქვს სამუშევარი;
დავიკაპიწოთ მკლავები!
და გააფთრებით [შევუდგეთ] უდგება
ახალ ცხოვრების შენებას.
და დავკრათ
მტრის ყოველ ფეხის გადადგმას.
და სადაც არ უნდა იყოს,
უშიშრად შეუბრალებლად
დავტოვოთ ძველი კოშმარი,
მივმართოთ ისევ ქარხანას.
სად ისმის [ჩვენი] შრომის ხმაური
და მანქანების გუგუნი.
იბრძვიან გააფთრებულნი
და მედგრად სცემენ უროებს,
გრდემლთან კრიალებს ლითონი,
არ ძინავს მქშინავ საბერველს.
და შეგნებულად
ნაანგარიშევ [დაკვრაში] დარტყმაში
ისმის გუგუნი ხუთწლედის.
და მძლავრი დარტყმას დარტყმაზე,
თანა სდევს აღფრთოვანების
სწორი და შეუცდენელი
ხმა: ნაწილი ვარ ხუთწლედის.