შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-20 - 1930-იანი წლები


3000 მებრძოლი მუშა რიონჰესში
[დიდი ძალა ჰქონია, ათანასე ჩემო, კოლეკტივს..]
როგორ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი კოლეკტივი?

მატარებელი მიგვაქროლებს (ვილაპარკოთ უბრალოთ), მატარებლის ბორბლები [გრგვი] აგრიალებენ მშობლიურ ჰიმნს რიონჰესისათვის. რკინისგზა და რიონგესი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს გულწრფელი გრძნობით. „არასდროს ისე აუცილებელი არ ყოფილა ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირი, როგორც ეხლა, დღეს“, - ეუბნება რიონჰესს რკინისგზა. „დღეს ჩვენი დღეა“, - ამბობენ რიონჰესზე გადაფრენილი ჰაეროპლანები, თქვენ მშვენიერი პროზა ხართ, ამხანაგებო, ჩვენ უფრო ნათელ სინამდვილეში, ლაჟვარდებში ვართ ასროლილი, მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ. შეურაცხყოფილი რიონი ამბობს: „მე კეთილშობილურად მივიღე წინაპართა მხურვალე ოცნებები, მე სრულის შეგნებით ვამაყობ აგრეთვე დღევანდელი დღის მორალური გამარჯვებით“. მთაზე მდგარი ძველი კოშკი ჩაფიქრებულია. ის ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიტანს მემატიანე თავის ფოლიანტებში მისი გულის თანამედროვე აფორიაქებას. [ათასწლოვანი] მილიონწლიან ადგილიდან მოწყვეტილი [ერთი] უზარმაზარი კლდე გრიალებს, რომ [იმერეთ] საქართველოზე [პირველმა] სამუმი გადაიარს. რიონგესის სამი ათასი მუშა მღერის ინტერნაციონალს. ეს გიგანტიური ხმა უკარნახებს თავის ნებას ახალი საქართველოის მომავალ საუკუნეებს (მუშებში არის ერთი პოეტი: [რომელიც] იგი გარემოს ადარებს იმ ეგზოტიურ ყვავილს, რომელიც იფეთქებს მიწის გულიდან და გაშლისთანავე მარადისობაში ფანტავს თავის სურნელებას. [ეს სულია, ინტერნაციონალური სული] საჭიროა გამახვილებული ყნოსვა, რომ მან დაგათროს. და დაგათროს იმდენად, რომ გადაჭრით სთქვა: სრულის შეგნებით ვამჯობინებ – ერთი დღის განმავლობაში ვიყო თანამედროვე [პოეტი] რიონგესი, ვინემ მარადისობაში [რუსთველი] ეკლესია – მაგრამ არა თანამედროვე.
რიონგესი ეს არის უმაღლესი თავისუფლება, რიონგესის შემდეგ საქართველოსთვის ვერ იარსებებს ვერავითარი დამმონებელი ძალაუფლება, ვერავითარი ავტორიტეტი, [ვერავითარი ანტიქართული ძალა] გარდა ინტერნაციონალისა. რიონგესს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია უფრო მძლავრად გაშალოს ფრთები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ გენიალური ახალგაზრდა [ქართველი] უცხოელი მუშა, რომელიც თავისუფლად მოგზაურობდა. მტვერით შემოსილი იგი მივიდა ერთხელ უცხო და უცნობ რიონგესში და მორიდებით სთხოვა მოქალაქეებს – ნება დაერთოთ მისთვის – შენობისთვის მიემატებინა ერთი აგური. ეს არის კეთილშობილება – უმაღლესი თავისუფლების გრძნობაში. [ერთხელ რიონგესში ახალგაზრდა, უცნობი მუშა]. აი, მეც ვდგევარ აქ, უცნობი, და მხოლოდ იმიტომ, რომ ვდგევარ აქ, მე ვარ გენიალური პოეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში არა მაქვს არც ერთი სუ. მე სავსებით თავისუფალი პოეტი ვარ.
რიონჰესი თავბრუდამხვევი გაქანებაა რევოლიუციონურ ეგზალტაციით გაჭრილი საქართველოსი.
რიონჰესის ენა შეერთებულია ჩვენს გულისთქმასთან. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთივე მოძრავი - როგორც რიონგესია, თვით ცხოვრება (რიონგესს ვინ გამოჰყოფს ცხოვრებისაგან?).
საქართველო ჰქმნის ახალ ფორმებს ცხოვრებისას რიონგესის ესკვატორებით.
საქართველო ჰქმნის ახალს, მტკიცე სიტყვებს - რიონგესის მთავარი ჯებირებით.
საქართველო...
საქართველომ მონახა ახალი ხმები და სახეები რიონგესის მოცელქე ლამფებით.
საქართველო გაგიჟებით დააწაფებს სიახლეს მოწყურებულ ახალგაზრდობას ახალსა და უშრეტელ ენერგიას.
ასეთ ჯანმრთელ ბუნებაშია ჯანმრთელი რევოლიუციონური, ვულკანიური ორკესტრით მშფოთარე რიონგესი. მისი მიზანია შრომის ყიჟინით მეომარი ადამიანი, მშვენიერი და ძლიერი – ადამიანი.