შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-498-21 - 1930-იანი წლები


მე ვთქვი, რომ „მნათობის“ დაარსებით ითქვა პირველი სიტყვა ჩვენს რევოლიუციონურ ლიტერატურაში - და არა უკანასკნელი სიტყვა.  სუსტი ხელმძღვანელობის ხელში მას ჰქონდა ხრონიკული ალიანსები და კომპრომისები, ეგრეთ წოდებულ „მოკავშირეებთან“, ეხლა კი დაწყებულია შინაგანი გადაფერადების ორგანიული პროცესი.
ფაქტიურად ამ ჟურნალის გარშემო იყო განუწყვეტელი ომი. მოწინააღმდეგე ბანაკი ჯიუტად იცავდა თავის დანგრეულ პოზიციებს, და ამით ხელოვნურად აკავებდა პროცესს რევოლიუციონურ ლიტერატურულ ჯგუფთა გაერთიანებისას. მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ეღიარებინათ თავიანთი სრული უძლურება მის გასანადგურებლად.