შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-18 - 1926 წელი


                              საქართველოს მწერალთა [კავშირის] კრებისათვის

     და, აი, 21-2 თებერვალს მოხდება სრულიად საქართველოს მწერალთა „კრე­ბა". არ მოხდა ეს კრება შარშან, შარშანწინ, შარშანწინისწინ... არ მოხდე­ბოდა იგი დღე­საც, რომ მმართველი წრეების აზრით, გათავებული არ იყოს [ის] გამ­წვა­ვებული, ერთ­მანეთისადმი დაუნდობელი, მაგრამ არა აშკარა ბრძო­ლა – ეს ერ­თის მხრით. არ მოხდებოდა ეს კრება, რომ მწერალთა კავშირის ყოვ­ლად უნი­ჭო მმართველობას თავი არ ეგრძნო ყოველგვარ საშიშროების გარეშე. ეს მე­ორე მხრით. არ მოხდებოდა მწე­რალთა კრება, რომ ეგრეთწოდებულ „ხე­ლოვ­ნების საქმეთა მთავარ კომიტეტის“ თავმჯ­დომარეს განზრახვა არ ჰქონ­დეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედაც გახ­დეს... ეს მესამე მხრით...
     გავსინჯოთ პირველი მდგომარეობის მთავარი ხაზი: საბჭოთა მთავრობის და­მო­კიდებულება ქართველ მწერლებთან და მის ოფიციალურ ორგანოსთან: კავ­შირის საბ­ჭოსთან. ის, ვინც გულდასმით ადევნებდა თვალყურს ამ მდგო­მა­რეობას, პირ­ვე­ლი შეხედვისთანავე დაინახავს, რომ - პირველ ხანებში მთავ­რო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მწერალთა კავშირთან სავსებით ლოიალური და სიმპატიური იყო: მწერალთა კავ­შირს დაეთმო მშვენიერი სასახლე, მწე­რალ­თა კავშირს მიეცა დიდძალი ქაღალდი, მწე­რალთა კავშირს მიეცა ნება ჟურ­ნალებისა და გაზეთების გამოცემის, მწერალთა კავ­შირი აწყობდა საღა­მო­ებს, სცემდა წიგნებს და სხვ. და სხვ. მაგრამ თვით მწერალთა კავ­შირის წევ­რებში შეიქნა უთანხმოება. თავმჯდომარე გამოდგა სუსტი, წევრები ხში­რად ხულიგნური გამოსვლებით ირთობდენ თავს, ჩხუბობდენ, ერთმანეთს სკა­­მებს ესროდენ, უბრალო ლაყბობაში ათენებდენ ღამეებს. შური, გაუტან­ლობა, ინ­ცი­დენტები ყოველივე ამის გარშემო სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო: ეს პი­როვნებები ბრძანდებოდენ: მაყაშვილი, გრიშაშვილი – და სხვ. მატერია­ლურ მდგო­მარეობასთან ერთად ამნაირმა შინაგანმა მდგომარეობამ შეასუსტა მწე­რალ­თა კავშირის მორალური მხარეც. მთავრობის თვალში იგი საშინლად და­ეცა. მან მოუ­მატა რეპრესიებს: დახურა გაზეთები, და სხვ. ეხლა ეს ჯგუფი მწე­რალთა კავ­ში­რისა კიდევ ფიქრობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს თავისთავად აბ­სურდია, ძალა-უფლება ეხლა მათ ხელში არ გადავა. ნაწილი ამ ჯგუფისა უთუოდ შე­ვა მწერალთა კავშირის მომავალ საბჭოს შემადგენლო­ბა­ში, შეეცდება ახალი კურ­სის აღებას, ახალი პოლიტიკით მოქმედებას: და სწო­რედ ეს იქნება უკანასკნელი ნი­ჩაბი მიწა მათ სამარეზე! Finita la comedia. იდე­ოლოგია - გაქრა! ხელში შერჩათ ფი­ზიკურად გადარჩენაზე ოცნება: ისინი იქ­ნებიან სათამაშო ტიკინები აგიტპ­რო­პის ხელში.
     დამახასიათებელია, რომ კრების მოწვევის დღეს აცხადებს არა მწერალთა კავ­შირი, არამედ ხელოვნების კომიტეტი. უკანასკნელი შეირჩენს დირიჟორობას.
     მთელი წინასწარი მზადება და მოლაპარაკება სწარმოებდა სავსებით საი­დუმ­ლოთ, ასე რომ, ჩვენ, უმრავლესობამ, ჯერჯერობით არაფერი ვიცით.
     ფაკტები იტყვიან ყველაფერს.

     1. მიმდინარე მომენტი და ქართული მწერლობის ამოცანები (მ. ორა­ხე­ლაშ­ვი­ლი). 2. სახელმწიფო გამომცემლობა. 3. ხელოვნების მთავარი საბჭოს მუ­შაობა. 4. არჩევნები საბჭოსი. 5. ხელოვნების სასახლე. 6. ხელოვნების სა­სახ­ლის საბჭო.

     საჭიროა გამორკვევა:
     1. მოლაპარაკება ხუხუნაიშვილთან. ამ ლიგის მუშაობა ბევრნაირად იქნე­ბა და­კავშირებული...
     ამ შემთხვევაში სრულიად გულგრილად უნდა შევხვდე ყოველნაირ ჩემს წი­ნააღმ­დეგ გამოსვლას.

     1. შემადგენლობა იმ წევრებისა რომლებიც მწერალთა კავშირში ითვლე­ბი­ან.

     ოთხშაბათს. „ხელოვანთა კოლეკტივი“.

     გალაკტიონ ტაბიძე, შიო მღვიმელი, გ. ქუჩიშვილი, პ. ირეთელი, ვ. ბარნოვი, ნ. კურდღელაშვილი, ძიძიგური, იოსელიანი, გრანელი, აგარელი, პ. კაკაბაძე.