შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-21 - 1922 წელი


ბიბლიოგრაფია. „ლომისი“. სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული სახელოვნო-სალიტერატურო ჟურნალი. №1.

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ დღემდე მან ვერ მოახერხა - ვერავითარი სალიტერატურო გამომცემლობის წარმოება. [1922 წლიდან კი] მხოლოდ ეხლა იწყებს გამოსვლას ყოველკვირეული ჟურნალი „ლომისი“, რომელსაც სათავეში უდგას პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. როგორც ამბობენ, განზრახულია კიდევ ყოველთვიური ჟურნალის გამოცემაც. მწერალთა კავშირის გამომცემლობას, [ასე თუ ისე მოწყობაში [აკტიური მონაწილეობა] სათავეში უდგას ენერგიით სავსე ჩვენი ცნობილი პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე, და, ალბად, ამის გამოა, რომ მწერალთა კავშირი ოთხი წლის მდუმარების შემდეგ, ცოტათი გამოცოცხლდა და მოღონიერდა].
პირველი ნომერი ჟურნალისა იხსნება გალაკტიონ ტაბიძის სამი ახალი შედევრით. [გალაკტიონ ტაბიძე ყოველთვის უპირველესთა რიგში იდგა, [მას] იგი ყოველთვის ღირსეულად ატარებდა სახელს პოეტისას და მიუხედავად იმისა, რომ თავისი საშინელი და „არაადამიანური“ სიამაყის გამო] ბევრი პოეტი გადაიმტერა, ვერავინ ვერ შესძლო წაერთმია მისთვის უდიდესი და უპირველესი პოეტის სახელი. გიორგი ქუჩიშვილის სიტყვით - იგი ყოველთვის არის "გალაკტიონი, გვარად ტაბიძე და ტიტულით "მეფე მგოსანი". გალაკტიონ ტაბიძე აძლევს ტონს თანამედროვე ქართულ პოეზიას. გალაკტიონ ტაბიძე – დიდი პოეტია. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ დაიწერა უმრავლესი წერილები, მაგრამ სავსებით... ბევრი ოდნავადაც ვერ მიუახლოვდენ მას. „პოეტების მეფე“ ყოველთვის აღელვებდა ქართველ საზოგადოებას თავისი პატიოსნებით და თავდაჭერით, რომელიც გასაოცარია ჩვენი რეკლამების ხანაში. [ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, მთლიანად არ მოვიყვანოთ] „ლურჯა ცხენების“, „მთაწმინდის მთვარის“, „მერის“, „ატმის ყვავილების“ და სხვა შედევრების ავტორმა მიუმატა თავის ლექსებს ახალი შედევრი „ზამთარი“. ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ არ მოვიყვანოთ ადგილები ამ ლექსიდან. აი, ზამთარი: დგება თეთრი დღეები... და სხვ.
[აქ არის ძლიერ ახალი რითმები].
პოეტი იგონებს წარსულ დღეებს: „როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება...“ და სხვ.