შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-498-17 - უთარიღო


ნეტავი შენ, ომნიბუსო,
არსად არ გეჩქარება!

დანჟღრეული ავტობუსი.
ყალიონი.
1. აგვისტო.
2. შავი ზღვის მიმართულებით, ერგეტას გზაზე, სამეგრელოში, მარიობისთვის შუადღის სიცხეში.
3. გზა ტყიანი ჭაობით მიიკლაკნება. მარჯვნივ და მარცხნივ გზის კიდეებს ლაყვებში ჩამდგარი წუმპე ლოშნის: შორიახლო, ლიანებით დახლართულ ღრუებში, თხმელის მოწითალო ფესვები და მათი გველის მსგავსი ლანდები ლაღლაღებენ. ჭორღა ზურგიანი ბაყაყების მთელი ხროვა ხავსის ზედაპირზე ყრუ ყიყინით მიმობნეულა. აქა-იქ გუბეებიდან ამოჩრილ ძელებზე კუზიანი თავწვრილა კუები უძრავად შესკუპულან.
ჰაერი შმორის სუნითა და სიცხის ბოლით გაგუდულა. ციების მთქნარებით [გაგუდულ] გაორთქლილ გარემოს ნაადრევი ზრობის ფერი გადაჰკვრია. და ზედ ძირს დაშვებული ცის გობი გადახურულა. კიდევ არ სჩანს ეს ოხერი ზღვა. რა გზა ყოფილა ეს დასაქცევი.
4. მზემ დასავლეთით გადაიხარა და მგზავრებს სინესტის სიომ შემოუქროლა.
5. შორიახლო, გზის პირად აქა-იქ გაბნეული ჯარგვლის სახლები გამოჩნდენ და შემოღობილი ეზოების წინ მაღალი ალვის ხეების რიგებმა ჩაიშრიალეს.
6. ამბაკოს მგლისფერი ძაღლები ყეფით დაესივნენ.
7. უცებ ერთი მხრით გზის ლარის გაყოლებით შორს ტყის ფარდა გადაიშალა და გამოჩნდა ზღვის უეცარი ალივლივება. ზღვის არშია.
8. ზღვაა, ქალბატონო.
9. შავი ზღვის ნელი სუნთქვა ზაფხულის მიწურულში. ლურჯი ქარგები სამეგრელოს ნაპირებისა და მიბნედილი სიმშვიდე შორეული ჰორიზონტების.  საღამოს მოახლოება.
10. შორიახლო ოციოდ გვიმრით გადახურული კარავი. აქ-იქ კარვებს წინ აყირავებულ ურმების ქვეშ მბჟუტავი ცეცხლი.
11. შევედით (მოაგარაკეები).
აქ გამოსარკვევია: არის თუ არა ამ გზაზე კოლექტივები, სოფლები.
საჭიროა წასვლა ავტომობილით.
დადის თუ არა ამ გზაზე ომნიბუსები?