შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-498-13 - უთარიღო


ჭერამი აგვისტოში, შესაძლებელია, ადამის კრავივით სჩანდეს, არა? ვექილი და ადმირალი თანაბარი მადით მიირთმევდენ მას. ისინი, დაპატიჟებულნი ბანკეტზე, ადრესს უკითხავდენ, ჯოჯოხეთური ანბანით დაწერილ ადრესს უკითხავდენ მას, ვინც შორდებოდა მათ. ჰაი, ჰაი, ზრდილობიანო, კბილებდალესილო ორაგულო. ალყორანის ხეივნებიდან მოსულო ალმასის ბრჭყვიალო. ჰაი, ჰაი, გაუმაძღრობავ! სიმსუნაგევ! ალისფერი სასიმინდე ანგელოსივით მოსჩანდა შორს. ამინ! - ამბობდა ანგელოსი. მაღალი, ანტექრისტესავით ანტიპატიური [ინგლისელი] უცხოელი აპატიით ხლეჩდა ფორთოხალს. მოციქულებრივი მომთმენი მადა აპრილის შემდეგ ყვითელი აფთიაქის ურმით საზამთროებით დატვირთულიყო. მოიჯარადეს თოკჩაბმული მიყავდა ახალგაზრდა ტყვე. არითმეტიკული არმია სომხებისა გულღიათ სტკბებოდა დამსკდარი ნესვებისა და ატმების სურნელებებით. შორს მოსჩანდა ლურჯი არტერიები [მსგავსი] მდინარეების. [ქალაქში] არხიტექტორები თავს ადგენ ქვის მთლელებს; ისინი ადლობით უზომავდენ მათ ასაგები სახლების კედლებს, მეთაური ქალაქისა, ატლასის ლენტით - მიდიოდა თვითმართველობისაკენ, მაგრამ მას უეცრად უთხრეს რაღაც და იგი უეცრად მოსწყდა ადგილიდან, გაცოფებული შევარდა თვითმართველობის შენობაში იქ, სადაც ბანკეტი იყო  და დაიღრიალა: თავს უშველეთ! [რევოლიუცია!].
ატმოსფერა უეცრად შეიცვალა. მოწაფეები, რომელნიც რიგში იდგენ ატტესტატების მისაღებად, მოშორდენ ადგილს. აუქციონის დარბაზი, ხალხით სავსე, უცებ დაცალიერდა. „ახ“ - დაიძახა აუქციონისტმა. ახალგაზრდა ქალები დამფრთხალი პეპლებივით აქეთ-იქით აწყდებოდენ. მოხუცებულმა ქალებმა ვითომ ნაბიჯს უმატეს. მუშამ, რომელსაც ზურგით მიჰქონდა ტვირთი, ტვირთი ძირს გადაისროლა. ქუჩაზე ვაჭრებს ხელიდან დაუვარდათ ადლი და მეორე წამში შექნეს დარაბების მიხურვით გამოწვეული გრიალი. აღმოსავლეთის მხურვალე მზით გაწითლებული ბაზარი სოდომსა და გომორს დაემსგავსა. ბალაგანიდან გამოცვივდენ სახე-შეღებილი  არლეკინები და დამფრთხალი გარბოდენ წინ, სულ წინ.